ას-381-361-2011 16 მაისი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ კოოპერატივი ,,...’’
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. უ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი –კოოპერატივის კრების ოქმის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. უ-შვილმა სარჩელი აღძრა კოოპერატივ ,,...ის’’ მიმართ 2010 წლის 24 თებერვლის კოოპერატივ ,,...ის’’ მეპაიეთა საერთო კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ შემდეგი დასაბუთებით: კოოპერატივი ,,...” ჩამოყალიბდა და დარეგისტრირდა 1997 წელს. დღიდან რეგისტრაციისა მონაწილეობს სასამართლო დავებში, რადგან ვერასდროს აირჩიეს ისეთი დირექტორი, ვინც კოოპერატივის სასარგებლოდ რაიმეს გააკეთებდა. ამჟამად, კოოპერატივ ,,...ს’’ დარჩა სამი ობიექტი: გურჯაანის რაიონის სოფელ ...ში მდებარე ,,სავაჭრო ცენტრი”, ქ. გურჯაანში, ...ს ქუჩაზე მდებარე გასტრონომიულ მაღაზია და ...ს გამზირზე ბავშვთა სამყარო. აღნიშნულ ობიოექტებს ეპატრონებოდნენ ყალბი საბუთითა და კრების ოქმებით. ფარულად ჩატარებული მეპაიეთა 2010 წლის 24 თებერვლის, ვითომ და, საერთო კრების მიერ არჩეული დირექტორები _ ა. ნ.შვილი და ე. ნ-შვილი, ეს ორი მეპაიე, თავიანთ თავს უწოდებენ აპარატის თანამშრომლებს, მაგრამ ვინ და როდის აირჩიეს უცნობია, რადგანაც კოოპერატივის ადმინისტრაციული შენობა სულ დაკეტილია და როდის იხსნება გაურკვეველია. ყოფილი დირექტორებიც კი ა. ა-შვილი თ. მ-შვილიც კი ვერ შევიდნენ და ვერ გაეცნენ საბუთებს. რაც შეეხება 2010 წლის 24 თებერვლის მეპაიეთა საერთო კრების ¹2 ოქმის გაუქმებას, დარღვეულია კოოპერატივის წესდების დებულება, კერძოდ კრების მოწვევა, კრების ჩატარება, რეგისტრაცია არ განხორციელებულა დებულების თანახმად.
მოპასუხე მხარემ არ ცნო სარჩელი შემდეგი დასაბუთებით: კოოპერატივ ,,...ის” მეპაიეთა საერთო კრება მოწვეულია ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის და კოოპერატივის წესდების სრული დაცვით. ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის 63.8 მუხლში მითითებულია, რომ საერთო კრება მოიწვევა 3 კვირის ვადაში, საქართველოს ერთ-ერთ ოფიციალურ ანდა წესდებით განსაზღვრულ გაზეთში გამოქვეყნებით, ხოლო კოოპერატივის წესდების 13.8 მუხლის შესაბამისად, სავალდებულო ინფორმაციას აქვეყნებს გურჯაანის რაიონულ გაზეთში. ამდენად, საერთო კრების მოწვევის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულ იქნა გაზეთ ,,...ის” 2010 წლის 15 იანვრის ნომერში, სადაც მითითებულ იქნა დღის წესრიგი. ,,მეწარმეთა შესახებ” კანონის 63.2 მუხლში და წესდების 7.3 მუხლში მითითებულია, რომ საერთო კრება გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით. იმის გამო, რომ მეპაიეთა საერთო რაოდენობა იყო 92, პირველ კრებას კი ესწრებოდა მხოლოდ 16, შედგა ოქმი და პირველი კრება გადაწყვეტილების მიღებისათვის უუნაროდ ჩათვალა და იმავე დღეს დადგინდა მეორე კრების ჩატარების საკითხი. წესდების შესაბამისად, თუ კრება არ არის გადაწყვეტილების მიღების უნარიანი, მაშინ რვა დღეში, იმავე დღის წესრიგით მოიწვევა ახალი კრება, რომელიც დამსწრე წევრთა მიუხედავად, გადაწყვეტილების მიღების უნარიანია. მეორე კრების შესახებ გამოკრულ იქნა განცხადება, იმ შენობაში, სადაც მდებარეობს კოოპერატივი ,,...”. ამდენად, მეორე კრება მოწვეულ იქნა 2010 წლის 24 თებერვალს. ოქმს ხელს აწერენ თავმჯდომარე და გამგეობის წევრები. ოქმის ნამდვილობა დადასტურებულია ნოტარიუსის მიერ, ხოლო კრებაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნა დამსწრე მეპაიეთა ხმების უმრავლესობით. ამდენად, არც ერთი პუნქტი არც ,,მეწარმეთა შესახებ” კანონისა და არც წესდებისა, მოცემულ შემთხვევაში, არ დარღვეულა, რის გამოც არ არსებობს კოოპერატივ ,,...ის” გასაჩივრებული ოქმის ბათილად ცნობის არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი საფუძველი.
თელავის რაოინული სასამართლოს 201 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით ლ. უ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი კოოპერატივ ,,...ის” 2010 წლის 24 თებერვლის მაპაიეთა საერთო კრების ოქმი _¹2, რაც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა კოოპერატივ ,,...ის « წარმომადგენლებმა ა. ნ-შვილმა, ე. ნ-იშვილმა და მ. ხ-შვილი-ღ-ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: კოოპერატივი ,,...” შექმნილია მეპაიეთა 1997 წლის საერთო კრების დადგენილების საფუძველზე რეგისტრირებული კოოპერატივ ,,...ის” წესდების თანახმად, მისი საქმიანობის საგანია: მასობრივი მოხმარების საქონლის საბითუმო წესით შეძენა და საცალო ვაჭრობაში მისი რეალიზაცია, სავაჭრო-კომერციული, საშუამავლო და სხვა საქმიანობა, რომელიც არ ეწინააღმდეგება კოოპერატივის ინტერესებსა და საქართველოს კანონმდებლობას; კოოპერატივის დამფუძნებლები არიან გურჯაანის მომხმარებელთა საზოგადოების მეპაიეები: კოოპერატივის წევრის მინიმალური პაის ოდენობა შეადგენს 100 ლარს. მოსარჩელე ლ. უ-შვილი წარმოადგენს კოოპერატივ ,,...ის” მეპაიეს. რეგისტრირებული კოოპერატივ ,,...ის” წესდების 13.2 პუნქტის შესაბამისად, კოოპერატივი კანონით განსაზღვრულ სავალდებულო ინფორმაციებს აქვეყნებს გურჯაანის რაიონის გაზეთ ,,...ში”. რეგისტრირებული კოოპერატივ ,,...ის” წესდების 7.6 მუხლის თანახმად, საერთო კრება გადაწყვეტილების უნარიანია, თუ მას ესწრება ან წარმოდგენილია ხმის უფლების მქონე წევრთა ნახევარზე მეტი, თუ არ არის გადაწყვეტილების უნარიანი, მაშინ თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სულ ცოტა რვა დღეში, იმავე დღის წესრიგით მოიწვევა ახალი კრება, რომელიც დამსწრე წევრთა რაოდენობის მიუხედავად, მაინც გადაწყვეტილებისუნარიანია. კოოპერატივ ,,...ის” დირექტორების ა. ა-შვილისა და თ. მ-შვილის მიერ მოწვეულ იქნა მეპაიეთა საერთო კრება 2010 წლის 12 თებერვალს, 12.00 საათზე, (მისამართზე: ქ. გურჯაანი, ... ქ. ¹30, მე-3 სართული) შემდეგი დღის წესრიგით: 1. კოოპერატივი ,,...ის” დირექტორების არჩევა; 2. საორგანიზაციო საკითხები. ინფორმაცია გამოქვეყნდა გაზეთ ,,...ი”-ს 2010 წლის 15 იანვრის ნომერში. კოოპერატივ ,,...ის” 2010 წლის 12 თებერვლის კრების ოქმით, კოოპერატივ ,,...ში” ირიცხებოდა 92 მეპაიე და აქედან საერთო კრებას ესწრებოდა მხოლოდ 16 მეპაიე. კრება მიჩნეული იქნა გადაწყვეტილების მიღების უუნაროდ და იმავე კრებაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ შემდეგი კრება მოწვეული უნდა ყოფილიყო სულ ცოტა 8 დღეში, იმავე დღის წესრიგით. კრების გამართვის თარიღად დადგინდა, 2010 წლის 24 თებერვალი. კოოპერატივი ,,...” სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ 2010 წლის 24 თებერვალს გასამართ მეპაიეთა კრებასთან დაკავშირებით ინფორმაცია გაზეთ ,,...ში” გამოქვეყნებული არ ყოფილა, უფრო მეტიც, აპელანტი საერთოდ უარყოფს კოოპერატივის მიერ ამგვარ ვალდებულებას და განმარტავს, რომ 2010 წლის 24 თებერვლის კრების თაობაზე განცხადება გამოკრულ იქნა კოოპერატივის შენობაში, გაზეთში ინფორმაცია ვერ გამოქვეყნდა, ვინაიდან გაზეთი ,,...ი” გამოდის სამ კვირაში ერთხელ. 2010 წლის 24 აპრილს მოწვეული მეპაიეთა საერთო კრების ოქმი ¹2-ით დასტურდება, რომ გაზეთ ,,...ის” 2010 წლის 15 იანვრის ნომერში 12.02.2010 წლის კრებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გამოქვეყნების შემდგომ დღის წესრიგი შეცვლილი იქნა კრების ჩატარებამდე სამი დღით ადრე. დღის წესრიგის ცვლილების შესახებ განცხადება გამოკრული იყო კოოპერატივის შენობაში. საბოლოოდ, 2010 წლის 24 თებერვლის საერთო კრების დღის წესრიგი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: კოოპერატივი ,,...ის” დირექტორების საანგარიშო მოხსენება. კოოპერატივი ,,...ის” დირექტორების არჩევნები. კოოპერატივი ,,...ის” სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნები. კოოპერატივი ,,...ის” ბალანსზე რიცხული ...ის სავაჭრო ცენტრის ქონებრივი შეფასების, გასხვისებისა და განკარგვის შესახებ დირექტორებისათვის უფლებამოსილებების მინიჭების საკითხი, 5. კოოპერატივ ,,...ის” მიმდინარე სააპელაციო დავებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. დადგენილია, რომ დღის წესრიგის ცვლილების შესახებ ინფორმაცია გაზეთ ,,...ში’’ გამოქვეყნებული არ ყოფილა 2010 წლის 24 აპრილს მოწვეული მეპაიეთა საერთო კრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დღის წესრიგით გათვალისწინებულ ყველა საკითხზე: კოოპერატივ ,,...ის” დირექტორების საანგარიშო მოხსენება ჩაითვალა დამაკმაყოფილებლად, არჩეულ იქნენ დირექტორები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, განისაზღვრა დირექტორების უფლებამოსილება კოოპერატივ ,,...ის” ბალანსზე რიცხული ჩულმაყის სავაჭრო ცენტრის ქონებრივი შეფასების, გასხვისებისა და განკარგვის, ასევე კოოპერატივი ,,...ის” სააპელაციო დავებთან დაკავშირებით.
ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე და ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 63.1 და 63.8 მუხლის შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ 2010 წლის 24 თებერვლის მეპაიეთა საერთო კრება მოწვეულ იქნა ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონითა და კოოპერატივის წესდებით განსაზღვრული პროცედურების დარღვევით (არა ვადების დარღვევით, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო მიუთითებს).
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ კრების მოწვევის პროცედურის მოწესრიგება განპირობებულია იმ აუცილებლობით, რომ მოხდეს მეპაიეთა მიერ თავიანთი უფლების კრებაზე რეალიზების უზრუნველყოფა და იმდაგვარად განხორციელდეს მეპაიეთა კრების მოწვევის ორგანიზაცია, რომ მეპაიეს არ წაერთვას კრების მუშაობაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. მეპაიეებს წინასწარ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე მოემზადონ. კონკრეტულ შემთხვევაში, ინფორმაცია მეპაიეთა კრებისა და დღის წესრიგის შესახებ არ იქნა გამოქვეყნებული დადგენილი წესით, რის გამოც დაირღვა კრების მოწვევის პროცედურა და მეპაიეთა საერთო კრება მოწვეულ იქნა ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონისა და კოოპერატივის წესდებით განსაზღვრული პროცედურების დარღვევით, დაირღვა კრების თაობაზე ინფორმირების შესახებ მეპაიეს უფლება.
სააპელაციო პალატამ ასევე განმარტა, რომ მეპაიეთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების მიმართ ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებული ნორმები გარიგებათა შესახებ, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია კოოპერატივ ,,...ის’’ 2010 წლის 24 თებერვლის მეპაიეთა საერთო კრების ¹2 ოქმი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კოოპერატივმა ,,...მ“ შემდეგი დასაბუთებით: პირველი ინსტანციის სასამართლომ ვადები დარღვეულად მიიჩნია, და მიუთითა, რომ საერთო კრება მოწვეული იყო ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონისა და კოოპერატივის წესდებით განსაზღვრული პროცედურების დარღვევით. სააპელაციო სასამართლომ გარდა ,,მეწარმეთა შესახებ” კანონზე და კოოპერატივის წესდებაზე, ვერ მიუთითა ვერც ერთი სამართლებრივი ნორმის დარღვევაზე. კოოპერატივის წესდება, რომელიც რეგისტრირებულია სასამართლოში არ ითვალისწინებს განმეორებითი კრების მოწვევის დროს ინფორმაციის გაზეთში გამოქვეყნებას, რადგან გაზეთი „...ი“, რომელიც მეპაიეებმა აირჩიეს, მხოლოდ ორჯერ გამოდის თვეში, შუა რიცხვებში და თვის ბოლოს, თუ თვის ბოლოს გამოქვეყნდებოდა განცხადება კრების დანიშვნის თაობაზე, ამით წესდებით განსაზღვრული ვადები დაირღვეოდა. პირველ კრებას ესწრებოდა მხოლოდ 16 მეპაიე, ხოლო მეორე კრებას _ 23 მეპაიე, რაც იმას ნიშნავს, რომ მეპაიეებს არ წართმევიათ კრების მუშაობაში მონაწილეობის უფლება მეორე კრებაზე უფრო მეტიც გამოცხადდნენ ასევე ყველა მეპაიემ იცოდა, რა პირველი კრების მოწვევის შესახებ წესდების თანახმად მათ იცოდნენ ისიც, რომ მეორე კრება სულ ცოტა 8 დღეში უნდა მოწვეულიყო და ასეც მოხდა. გაზეთ „...ში“ გამოქვეყნებულ განცხადებებში მითითებული იყო დღის წესრიგის ორი საკითხი, კოოპერატივ „...ის“ დირექტორების არჩევა და ორგანიზაციული საკითხები. დანარჩენი საკითხების შესახებ, რომლებიც დაემატა, ეს იყო კოოპერატივ „...ის“ დირექტორების საანგარიშო მოხსენება, კოოპერატივ „...ის“ სამეთვალყურეო საბჭოს არჩევნები, კოოპერატივ „...ის“ ბალანსზე რიცხული ...ის სავაჭრო ცენტრის ქონებრივი შეფასების გასხვისებისა და განკარგვის შესახებ დირექტორებისათვის უფლებამოსილების მინიჭების საკითხი და კოოპერატივ „...ის“ მიმდინარე სააპელაციო დავებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა. ინფორმაცია 5 დღით ადრე იქნა გამოკრული კოოპერატივის შენობაში, რასაც წესდება ითვალისწინებდა. თუ სააპელაციო სასამართლოს მიაჩნდა, რომ ამ საკითხების შესახებ ინფორმაცია გაზეთ „...ში“ უნდა გამოქვეყნებულიყო, რაც პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, ეს არ უნდა ყოფილიყო ოქმის ბათილობის საფუძველი, კონკრეტულად იმ ნაწილში, რომელიც ეხებოდა დირექტორების არჩევას, და რის გამოც გასაჩივრდა ოქმი, როგორც მეწარმეთა შესახებ კანონშია მითითებული ამ საკითხებზე გადაწყვეტილებები არ მიიღებოდა, თუმცა ორგანიზაციული საკითხები ფართო ცნებაა და აღნიშნულ საკითხებს ითვალისწინებს. კოოპერატივ „...ის“ დირექტორების არჩევნები გამოქვეყნებული იყო გაზეთში და საერთო კრების ძირითადი საკითხიც იყო სწორედ დირექტორების არჩევნები. დაირღვა საერთო კრების ოქმის გასაჩივრების ვადა, რაც სარჩელზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კოოპერატივ ,,...ის’’ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა)საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
მოცემული დავის საგანია ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 63.1 და 63.8 მუხლის თანახმად, კოოპერატივის მეპაიეთა საერთო კრების ბათილად ცნობა. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კოოპერატივ ,,...ს’’ უნდა დაუბრუნდეს ე. ნ-შვილის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის –300 ლარის 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კოოპერატივ ,,...ის’’ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კოოპერატივ ,,...ს’’ უნდა დაუბრუნდეს ე. ნ-შვილის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის –300 ლარის 70% _ 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
ას-381-361-2011 17 ოქტომბერი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნუნუ კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
განმცხადებელი _ კოოპერატივი ,,ს-ე” (დირექტორი ე. ნ-ი)
მოწინააღმდეგე მხარე _ლ. უ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 თებერვლის განჩინება
განმცხადებლის მოთხოვნა _ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მაისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება
დავის საგანი – კოოპერატივის კრების ოქმის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. უ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში კოოპერატივ ,,ს-ის” მიმართ 2010 წლის 24 თებერვლის კოოპერატივ ,,ს-ის” მეპაიეთა საერთო კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოპასუხე კოოპერატივმა ,,ს-ემ” სარჩელი არ ცნო.
თელავის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით ლ.უ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი კოოპერატივ ,,ს-ის” 2010 წლის 24 თებერვლის მეპაიეთა საერთო კრების ოქმი - ¹2, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა კოოპერატივ ,,ს-ის” წარმომადგენელმა ასმათ ნატროშვილმა, ე. ნ-მა და მაგული ხარატიშვილი-ღვალაძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 თებერვლის განჩინებით კოოპერატივ ,,ს-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 7 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა კოოპერატივმა ,,ს-ემ”.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მაისის განჩინებით კოოპერატივ ,,ს-ის” საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კოოპერატივ ,,ს-ის” დირექტორმა ე. ნ-მა და მოითხოვა საკასაციო პალატის 2011 წლის 16 მაისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორება და აღნიშნული განჩინების საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში კრედიტორად მისი გვარის მითითება. განმცხადებლის განმარტებით, განჩინებაში არასწორადაა მითითებული მისი გვარი, ნაცვლად ნკ-ისა, უნდა იყოს ნ-ი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ე. ნ-ის განცხადება სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მაისის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მაისის განჩინების სამოტივაციო ნაწილში სიტყვები: ,,ე. ნკ-ის მიერ” უნდა გასწორდეს სიტყვებით: ,,ე. ნ-ის მიერ”. შესაბამისად, სარეზოლუციო ნაწილის მეორე აბზაცში, ნაცვლად ,,ნკ-ის”, უნდა მიეთითოს ,,ნ-ის”.
სარეზოლუციო ნაწილის მე-2 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,კოოპერატივ ,,ს-ეს” უნდა დაუბრუნდეს ე. ნ-ის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70% - 210 ლარი.”
რაც შეეხება კოოპერატივ ,,ს-ის” წარმომადგენელ ე. ნ-ის განმარტებას, იმის შესახებ, რომ სააღსრულებო ფურცელში კრედიტორად კოოპერატივ ,,ს-ესთან” ერთად მიეთითოს ე. ნ-ი, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401 –ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ასეთ პირებში კანონმდებელი მოიაზრებს საკასაციო საჩივრის შემომტან ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს და სწორედ მათ მიმართ უნდა იქნეს მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილება ბაჟის დაბრუნების თაობაზე, მიუხედავად იმისა უშუალოდ მან გადაიხადა საბანკო დაწესებულებაში შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟი თუ სხვა პირმა, როგორც ამას მოცემულ საქმეში ჰქონდა ადგილი. შესაბამისად, ზემოთ მითითებული ნორმიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს სახელმწიფო ბაჟის კასატორის წარმომადგენლისათვის დაბრუნების შესაძლებლობას, მოცემულ საქმეზე კი კასატორს წარმოადგენს კოოპერატივი ,,ს-ე“ და არა ე. ნ-ი.
საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ე. ნ-ი არის კოოპერატივ ,,ს-ის” რწმუნებით აღჭურვილი პირი. სამოქალაქო კოდექსის 716-ე მუხლის თანახმად, მარწმუნებლის დავალების შესასრულებლად გადაცემული ქონება ითვლება მარწმუნებლის ქონებად. შესაბამისად, არსებობს პრეზუმფცია, რომ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი მარწმუნებლის _ კასატორ კოოპერატივ ,,ს-ის” საკუთრებაა და იგი მას უნდა დაუბრუნდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 260-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. ნ-ის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მაისის განჩინებაში დაშვებული შემდეგი უსწორობა: განჩინების სამოტივაციო ნაწილში სიტყვები “ე. ნკ-ის მიერ” გასწორდეს სიტყვებით: “ე. ნ-ის მიერ”. შესაბამისად, სარეზოლუციო ნაწილის მეორე აბზაცში ნაცვლად “ნკ-ის”, უნდა მიეთითოს ,,ნ-ის”.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 16 მაისის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: კოოპერატივ “ს-ეს” უნდა დაუბრუნდეს ე. ნ-ის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის 70% - 210 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.