Facebook Twitter

ას-382-362-2011 12 მაისი, 2011 წელი

¹ ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ სს «... ჯორჯია» (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «...ს» უფლებამონაცვლე შპს «...» (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვის აქტის გაუქმება, უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის დაკისრებისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს «...მ» სარჩელი აღძრა სასამართლოში სს «... ჯორჯიას» მიმართ მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვის შესახებ სს «... ჯორჯიას» ქვემო ქართლის ფილიალის 2008 წლის 26 სექტემბრის ¹510 აქტის გაუქმებისა და უსაფუძვლოდ გადახდილი თანხის _ 10 526,4 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურების დავალდებულების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით შპს ,,...ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სს ,,... ჯორჯიას» 2008 წლის 26 სექტემბრის ¹510 აქტი მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვის შესახებ, სს ,,... ჯორჯიას» შპს ,,...ს» სასარგებლოდ დაეკისრა 10 526,4 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 ნოემბრის განჩინებით შპს «...ს» უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შპს «...», ხოლო ამავე სასამართლოს 2010 წლის 25 ნოემბრის განჩინებით სს «... ჯორჯიას» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულად ჩათვალა, რომ შპს ,,...ს’’ კუთვნილი მრიცხველი სტანდარტით გათვალისწინებული დატვირთვის დროს მუშაობდა ნორმალურად და ცდომილება შეესაბამებოდა ნორმებს. აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. ამდენად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მოსარჩელის მხრიდან ელექტროენერგიის აღურიცხავად მოხმარების ფაქტის დაუდასტურებლობის თაობაზე. სასამართლო არ დაეთანხმა მოპასუხის მოსაზრებას ელექტროენერგიის აღრიცხვიანობის შემოწმების ¹0227 აქტთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ აქტი შედგენილი იყო მრიცხველის მხოლოდ ვიზუალური და ერთჯერადი დათვალიერებით და არ ითვალისწინებდა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით შედგენილ ექსპერტიზის დასკვნას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 105-ე მუხლების დანაწესის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელის მიერ მრიცხველზე ზემოქმედების ფაქტის არქონის დამადასტურებელ მტკიცებულებად მართებულად მიიჩნია საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს 2010 წლის 25 იანვრის დასკვნა და ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალისტის ¹კ-1026/12 ცნობა, სადაც მიეთითა, რომ სადავო ელექტრომრიცხველზე არსებულ ბრჯენებზე გახსნისათვის დამახასიათებელი გარეშე საგნის ზემოქმედების კვალი არ აღინიშნებოდა, ისინი იყო გაუხსნელი, ხოლო მოპასუხეს აღნიშნულის საწინააღმდეგოდ არაფერი არ წარმოუდგენია.

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,... ჯორჯიას’’ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვისას დაკარგული კვტ/სთ-ების რაოდენობა არ დადგენილა და არ შესწავლილა, ხდებოდა თუ არა ელექტროენერგიის აღურიცხავად მოხმარება.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ მოპასუხის მხრიდან მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვისას მხედველობაში საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2001 წლის 31 დეკემბრის ¹15 დადგენილებით გათვალისწინებული გარემოებები მიღებული არ ყოფილა, კერძოდ, მოსარჩელის კუთვნილი სამაცივრე დანადგარები დაილუქა 2007 წლის 26 ივლისიდან 2007 წლის 20 სექტემბრამდე, 57 დღის განმავლობაში და ბუნებრივია, რომ არსებულ პირობებში ხორცის პროდუქტების მწარმოებელი საწარმო სრული დატვირთვით ვეღარ იმუშავებდა. ასევე ამოღებულ იქნა საბუღალტრო დოკუმენტაცია და მიმდინარეობდა გამოძიება.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი და სწორად მიიჩნია, რომ შპს ,,...ს’’ ელექტროენერგია აღურიცხავად არ მოუხმარია. შესაბამისად, უსაფუძვლო გამდიდრების წესებიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელისათვის უნდა დაებრუნებინა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი თანხა 10526,4 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს «... ჯორჯიას» გენერალურმა დირექტორმა რ.დ-იმ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი, როდესაც მოახდინა მრიცხველის ჩვენებებისა და ბრჯენების ცვლილების უდავო ფაქტების იგნორირება და დაადგინა, რომ მრიცხველზე ზემოქმედება არ მომხდარა. თუ ზემოქმედების გამოსარიცხად საკმარისია მრიცხველზე არსებული ბრჯენი, ასეთ შემთხვევაში მნიშვნელობა ეკარგება ექსპერტიზაზე წარსადგენი მრიცხველების შეფუთვასა და ფუთის დალუქვას. სასამართლომ არ გაითვალისწინა ასევე ექსპერტთა განმარტებები.

სასამართლომ არასწორად მიიჩნია აღრიცხვიანობის საკითხი შეუსწავლელად, რადგან კასატორმა სადავო დარიცხვა მოახდინა სწორედ სემეკის ¹15 დადგენილების საფუძველზე, რომელიც ასეთ სიტუაციას არეგულირებს. ამასთან, პალატამ არასწორად განმარტა მითითებული დადგენილების მე-5 მუხლის მეექვსე პუნქტი.

პალატამ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი, ვინაიდან სადავო თანხა მოწინააღმდეგე მხარემ გადაიხადა რეალურად არსებული ვალდებულების დასაფარად.

სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 160-ე მუხლი, როდესაც დააკმაყოფილა შუამდგომლობა მრიცხველზე ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ და მრიცხველი დატოვა დაინტერესებულ მხარესთან.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 აპრილის განჩინებით სს «... ჯორჯიას» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს «... ჯორჯიას» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვის აქტის გაუქმებისა და ვალდებულების არსებობის გარეშე გადახდილი თანხის დაკისრებისაგან გათავისუფლების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს «... ჯორჯიას» უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2011 წლის 25 მარტს გადახდილი 526,32 ლარის 70% _ 368,42 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს «... ჯორჯიას» საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ სს «... ჯორჯიას» (საიდენტიფიკაციო კოდი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 368,42 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.