Facebook Twitter

საქმე # 330100118002576988

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №350აპ-19 ქ. თბილისი

ბ. ჯ., 350აპ-19 31 ოქტომბერი, 2019 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განაჩენზე მსჯავრდებულ ჯ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის განაჩენით ჯ. ბ., - დაბადებული ---- წელს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 5 ივლისიდან.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ. ბ-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 თებერვლისა და 2017 წლის 25 ოქტომბრის განაჩენებით ჯ. ბ. გასამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით ნასამართლევმა ჯ. ბ-მ .... წლის ......, 03:40 საათზე, ...... იძალადა ...... წლიდან მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ თ. ა-ზე, კერძოდ, ჯ. ბ-მ რამდენჯერმე დაარტყა ხელი მას სახის არეში, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი.

2. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განაჩენით დარჩა უცვლელად.

3. მსჯავრდებულ ჯ. ბ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ნ. მ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და ჯ. ბ-ს გამართლებას.

4. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

5. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.

6. საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ ობიექტურად და სამართლებრივად სწორად შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის: მოწმეების - თ. ა-ს, ბ. რ-სა და დ. ფ-ს ჩვენებები, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 თებერვლის განაჩენი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 ოქტომბრის განაჩენი, 2018 წლის 5 ივლისის N--- შემაკავებელი ორდერი და ოქმი, რომლებითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია ჯ. ბ-ს მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა.

7. მხარე თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ასევე უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის N308აპ.-18 განაჩენზე, რომლითაც მსჯავრდებული გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, იმ საფუძვლით რომ ბრალდების მხარეს დაზარალებულის ჩვენების გარდა სხვა პირდაპირი მტკიცებულება სასამართლოში არ წარუდგენია.

8. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ N308აპ.-18 განაჩენით დადგენილი გარემოებები განსხვავდება განსახილველი სისხლის სამართლის საქმისგან, კერძოდ: ჯ. ბ-ს მიერ დანაშაულის ჩადენა დაზარალებულის ჩვენების გარდა დადასტურებულია გამომძიებლების - ბ. რ-სა და დ. ფ-ს ჩვენებებით, რომლებიც შეტყობინებისთანავე გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ მათი მისვლისას ბინიდან ისმოდა ყვირილისა და ლანძღვის ხმა, დაზარალებული ტიროდა, ხოლო ნასვამი ბრალდებული დაზარალებულის მიმართ გამოხატავდა აგრესიას. ამდენად, დაცვის მხარის მიერ მითითებული არგუმენტი ვერ გახდება საკასაციო საჩივრის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე დაშვების საფუძველი.

9. საკასაციო პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა ყველა იმ ძირითად არგუმენტზე (მათ შორის იმაზეც: თ. ა. წარმოადგენს თუ არა ჯ. ბ-ს ოჯახის წევრს), რაზეც დაცვის მხარე საკასაციო საჩივარში ამახვილებს ყურადღებას. ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა დაცვის მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მსჯავრდებულ ჯ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ნ. მ-ს საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე