Facebook Twitter

¹ას-38-37-2010 15 მარტი 2010 წ.

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ლ. მურუსიძე, პ. სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ. ც-ძე, მ. ხ-ძე, ო. ზ-ძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქობულეთის სარეგისტრაციო სამსახური (მოპასუხეები)

მესამე პირი _ სს “დ. ს. ც.”

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ნოემბრის განჩინება

დავის საგანი – მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 15 სექტემბერს ქობულეთის რაიონისა და სოფელ ციხისძირის გამგეობებმა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო განცხადებით მიმართეს.

მოსარჩელეთა განმარტებით, ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების საფუძველზე დ. ც-ძე სოფელ ციხისძირში მდებარე 21 800 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ დარეგისტრირდა. 2005 წლის 31 აგვისტოს მან აღნიშნული უძრავი ქონება მ. ხ-ძეს როგორც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მიჰყიდა. ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 24 ნოემბრის განჩინებით იმავე სასამართლოს 2005 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება გაუქმდა. მოსარჩელის მტკიცებით, ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე სამართლებრივი შედეგები ასევე უნდა გაუქმებულიყო, გარდა ამისა, დ. ც-ძესა და მ. ხ-ძეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ბათილი იყო, რადგანაც მ. ხ-ძემ მიწა როგორც არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ისე შეიძინა, ამასთან მისთვის ცნობილი იყო ნაკვეთის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შესახებ, ამდენად კეთილსინდისიერ შემძენად ვერ ჩაითვლებოდა.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 6 მარტის საოქმო განჩინებით საქმეში სათანადო მოსარჩელედ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ჩაება, ხოლო მოსარჩელის მხარეს მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - დასასვენებელი სახლი “ც.”.

იმავე სასამართლოს 2009 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 ნოემბრის განჩინებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ქობულეთის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ც-ძის საკუთრებას, ქობულეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 28 აპრილის გდაწყვეტილების საფუძველზე, წარმოადგენდა სოფელ ციხისძირში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. დ. ც-ძესა და მ. ხ-ძეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე მ. ხ-ძე გახდა. გარიგების დადებისას მესამე პირების მხრიდან რეესტრის ჩანაწერის მიმართ საჩივარი არ იყო აღძრული.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. ხ-ძე კეთილსინდისიერი შემძენი იყო და ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა. გარდა ამისა, სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება, რომ მოპასუხეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება მოჩვენებითი გარიგება იყო, რადგანაც აღნიშნული გარემოება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ მ. ხ-ძე კეთილსინდისიერ შემძენად არასწორად მიიჩნია, რადგანაც საქმეში წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით საპირისპირო დასტურდებოდა, სასამართლომ კი აღნიშნული მტკიცებულებები არ შეაფასა. გარდა ამისა, სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი, არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დ. ც-ძემ და მ. ხ-ძემ კანონის მოთხოვნათა დარღვევით შეუცვალეს მიწის ნაკვეთს დანიშნულება, რის გამოც ნასყიდობის ხელშეკრულება ბათილ გარიგებას წარმოადგენდა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 იანვრის განჩინებით აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.