ას-384-357-2010 21 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ თ. ხ-ძე, თ. გ-ძე, ჯ. ლ-ძე, ჯ. მ-ძე, ა. პ-ძე, ლ. ჯ-ძე, პ. ძ-ძე, ნ. ჭ-ძე, პ. ს-ძე, ლ. გ-ძე, თ. გ-ძე, რ. კ-ძე (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს ,,ჯ. მ.” (მოპასუხე)
დავის საგანი – სამართალმემკვიდრედ ცნობა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 2 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს ლ. მ-ძემ, თ. ჯ-ძემ, ა. ჭ-ძემ, თ. ხ-ძემ, ჯ. მ-ძემ, ა. პ-ძემ, ლ. ჯ-ძემ, პ. ძ-ძემ, ნ. ჭ-ძემ, თ. გ-ძემ, ჯ. ლ-ძემ, პ. ს-ძემ, ლ. გ-ძემ, თ. გ-ძემ და რ. კ-ძემ სს ,,ჯ. მ.-ს” მიმართ სს ,,ჯ. მ.-ს” სამართალმემკვიდრედ ცნობის შესახებ.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ლ. მ-ძემ, თ. ჯ-ძემ, ა. ჭ-ძემ, თ. ხ-ძემ, თ. გ-ძემ და ჯ. ლ-ძე, ნ. ჭ-ძემ, პ. ს-ძემ, ლ. გ-ძემ, თ. გ-ძემ, რ. კ-ძემ, ჯ. მ-ძემ, ა. პ-ძემ, ლ. ჯ-ძემ და პ. ძ-ძემ.
2010 წლის 2 მარტის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ლ. მ-ძისა და სხვათა სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 30 სექტემბრის კრედიტორთა კრებაზე გაიხსნა სს ,,ზ. ფ. ქარხნის” მიმართ გაკოტრების საქმის წამოება, დაინიშნა გაკოტრების მმართველი, დამტკიცდა კრედიტორთა მოთხოვნის რეესტრი რიგითობის მიხედვით. აპელანტები წარმოადგენენ სს ,,ზ. ფ. ქარხნის” გაკოტრების კრედიტორებს. 2009 წლის 17 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, სს ,,ზ. ფ. ქარხნის” მიმართ დამთავრებულ იქნა გაკოტრების საქმის წარმოება. 2006 წლის 13 დეკემბერს ,,ფ.-სა” და შპს ,,ჯ. მ.-ს” შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, სს გ. ნ-ძის სახელობის ზ. ფ. ქარხნის უძრავ მოძრავი ქონება შეიძინა შპს ,,ჯ. მ.-მ”. ხელშეკრულებაში მითითებულია ნასყიდობის საგანი (აქტივები), კერძოდ, უძრავი ქონება, გამყიდველის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობანი და ა.შ. ხელშეკრულების 3.2 მუხლის შესაბამისად, მყიდველმა აიღო ვალდებულება გამყიდველის რიგი დავალიანებების გასტუმრებისა, აღნიშნულ მუხლში მოსარჩელეთა მიმართ დავალიანების დაფარვის ვალდებულების შესახებ მოხსენიებული არ არის. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ რაიმე სახის რეორგანიზაციას, გაყოფას, შერწყმას და შესაბამისად, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ახალი სამეწარმეო სუბიექტის წარმოქმნას სს ,,ფ.-ს” ბაზაზე ადგილი არ ჰქონია.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს თ. ჯ-ძემ, ლ. მ-აძემ და სხვებმა და მიუთითეს, რომ 2006 წლის 13 დეკემბერს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, გ. ნ-ძის სახელობის ფ. ქარხნის უძრავ-მოძრავი ქონება შეიძინა შპს ,,ჯ. მ.-მ”. ხელშეკრულების 2.2 მუხლში მითითებულია ნასყიდობის საგანი, კერძოდ, მთელი უძრავი ქონება, გამყიდველის სახელზე არსებული მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობანი. კასატორების განმარტებით, ამ პერიოდისათვის ისინი ჩვეულებრივად იღებდნენ სარჩოს 2007 წლის 1 მარტამდე. მათზე დაკისრებული სარჩო ვერ აისახებოდა ნასყიდობის ხელშეკრულებაში, რადგან მოწინააღმდეგე მხარეზე ავტომატურად გადავიდა სარჩოს გაცემის ვალდებულება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ხ-ძის, თ. გ-ძის, ჯ. ლ-ძის, ჯ. მ-ძის, ა. პ-ძის, ლ. ჯ-ძის, პ. ძ-ძის, ნ. ჭ-ძის, პ. ს-ძის, ლ. გ-ძის, თ. გ-ძისა და რ. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას თ. ხ-ძის, თ. გ-ძის, ჯ. ლ-ძის, ჯ. მ-ძის, ა. პ-ძის, ლ. ჯ-ძის, პ. ძ-ძის, ნ. ჭ-ძის, პ. ს-ძის, ლ. გ-ძის, თ. გ-ძისა და რ. კ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. ხ-ძის, თ. გ-ძის, ჯ. ლ-ძის, ჯ. მ-ძის, ა. პ-ძის, ლ. ჯ-ძის, პ. ძ-ძის, ნ. ჭ-ძის, პ. ს-ძის, ლ. გ-ძის, თ. გ-ძისა და რ. კ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.