Facebook Twitter

¹ას-385-365-2011 18 აპრილი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ი. გ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. კ-შვილი, ა- კ-ელი

მესამე პირი _ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახური

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ნასყიდობის ხელშეკრულების, საკუთრების უფლებისა და საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების ჩანაწერის ბათილად ცნობა, სამბინიანი სახლის ეზოს საერთო სარგებლობის უფლებით დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შ. ღ-ძემ (უფლებამონაცვლე ა. ღ-ძე) სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების თ. კ-შვილის, გ. ბ-ზის, ვ- ბ-ზის, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირის _ ნოტარიუს ლ. გ-შვილის მიმართ ქ.გორში, ...ის ქ.¹4-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, უნებართვო დამხმარე ნაგებობის აღების, ეზოს საერთო საკუთრებაში დატოვებისა და საცხოვრებელ სახლზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით.

სასამართლოს დამოუკიდებელი სარჩელით მომართა მესამე პირმა _ ი. გ-ძემ და მოითხოვა ქ.გორში, ...ის ქ.¹4-ში მდებარე სამბინიანი საცხოვრებელი სახლის უკან განლაგებული მიწის _ ...ის ქუჩის გასწვრივ 26,50 მ და სიღრმეში ...ის ქუჩიდან _ 21,80 მ, რ...ის ქუჩიდან _ 18,21 მ საერთო სარგებლობის ეზოდ აღიარება.

გორის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ღ-ძისა და ი. გ-ძის სასარჩელო განცხადებები ნასყიდობის ხელშეკრულების, საკუთრების უფლების მოწმობის და საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების ჩანაწერის ბათილად ცნობისა და სამბინიანი სახლის ეზოს საერთო სარგებლობის უფლებით დატოვების შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 თებერვლის განჩინებით ა. ღ-ძისა და ი. გ-ძის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. ღ-ძემ და ი. გ-ძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მარტის განჩინებით მოცემულ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა კასატორ ი. გ-ძეს საქმეში მითითებულ მისამართზე და 2011 წლის 28 მარტს ჩაბარდა პირადად.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში კასატორს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედებები არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემული საკასაციო საჩივარი ი. გ-ძის საკასაციო პრეტენზიის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნულ ვადაში მხარის მიერ საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობის შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

დასახელებული ნორმა წარმოადგენს ერთგვარ სამოქალაქოსამართლებრივ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელმაც სასამართლო განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის განმავლობაში არ განახორციელა მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მარტის განჩინებით მოცემულ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტისა და ამ ღირებულების შესაბამისად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა კასატორ ი.გ-ძეს საქმეში მითითებულ მისამართზე და 2011 წლის 28 მარტს ჩაბარდა პირადად (იხ. ტ.IV, ს.ფ.157).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

დასახელებული ნორმით კანონმდებელი სასამართლოს უდგენს ალტერნატიულ ვალდებულებას, სასამართლო შეტყობინება გაუგზავნოს უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს და ამ პირთაგან ერთ-ერთისათვის, ან ამავე მისამართზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებული სუბიექტებისათვის შეტყობინების ჩაბარება საპროცესო ვადის დენის დასაწყებად საკმარისი საფუძველია.

ამდენად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ათდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 29 მარტს და ამოიწურა 7 აპრილს.

ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში ი. გ-ძეს მისთვის დაკისრებული არც ერთი საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც მისი საკასაციო პრეტენზიის ნაწილში მოცემული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. გ-ძის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.