¹ას-385-701-09 21 იანვარი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
თ. თოდრია (მომხსენებელი), რ. ნადირიანი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს “თ” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს ... საზოგადოება (მოსარჩელე)
დავის საგანი – საავტორო უფლების დაცვა
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და
ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს ... საზოგადოებამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „თ.-ის“ მიმართ საავტორო უფლებების დაცვის, ჰონორარის შეგროვებისა და განაწილებისათვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენის კანონისმიერი ვალდებულების შესრულების, სალიცენზიო შეთანხმების გაფორმების, სალიცენზიო შეთანხმებების გარეშე მუსიკალური ნაწარმოების კაბელით გადაცემის (კაბელით ხელახალი გადაცემის) აკრძალვისა და ნებართვის გარეშე ... საზოგადოების სასარგებლოდ კომპენსაციის - 73422 ლარის, ასევე სასამართლო ხარჯების - 424 ლარის გადახდის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე გასცემს ლიცენზიებს მუსიკალური (ტექსტით ან უტექსტოდ) ნაწარმოებების საჯარო შესრულებასა და რეპროდუცირებაზე, საჯარო გადაცემაზე, კაბელით გადაცემაზე (კაბელით ხელახლა გადაცემაზე), აგროვებს და ანაწილებს საავტორო ჰონორარებს შესაბამისი უფლების მფლობელობებზე. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონის“ მე-18 მუხლის მეშვიდე პუნქტის, 65-ე მუხლის მესამე პუნქტისა და 64-ე მუხლის მეოთხე პუნქტის საფუძველზე საკაბელო მაუწყებლობის ორგანიზაცია შპს „თ-ს“ ევალებოდა, მმართველი ორგანიზაციისათვის მოსარჩელისათვის მოთხოვნისთანავე წარედგინა ყველა დოკუმენტი, რომელიც შეიცავდა საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიექტის გამოყენების შესახებ ზუსტ ცნობებს, რაც აუცილებელია ჰონორარის შეგროვებისა და განაწილებისათვის. მოსარჩელემ ამ მიზნით ორჯერ მიმართა მოპასუხეს, რასაც ადასტურებს 2007 წლის 19 თებერვლის ¹01\306 წერილი, მაგრამ დღემდე პასუხი არ მიუღია. დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა და საავტორო ჰონორარების გადაუხდელობა არღვევს საავტორო უფლებას და ზიანი ადგებათ როგორც ადგილობრივ, ისე მუსიკალური ნაწარმოებების (ტექსტით თუ უტექსტოდ) უცხოელ ავტორებს, მემკვიდრეებს. ამდენად, მოპასუხეს უნდა დაევალოს შემდეგი დოკუმენტების წარმოდგენა: კაბელით ხელახლა გადაცემული ტელეარხების ჩამონათვალი და ამ ტელეარხების რეტრანსლაციის ნებართვების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; მუსიკალური ნაწარმოებების ტრანსლირების თაობაზე უშუალოდ ავტორებთან და სხვა საავტორო უფლებების მფლობელებთან წერილობითი ფორმით დადებული სალიცენზიო ხელშეკრულებები, აგრეთვე, პროდიუსერებისაგან მიღებული წერილობითი ნებართვები ფილმების ჩვენებაზე; საავტორო ჰონორარების უშუალოდ უფლების მფლობელებისათვის გადახდის დამამტკიცებელი დოკუმენტაცია; სააბონენტო გადასახადებით მიღებული შემოსავლების შესახებ დოკუმენტები თვეების მიხედვით, 2005 წლის 1 ივლისიდან დღემდე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელის მოთხოვნა ემყარება „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ კანონს“, რომლის მე-3 მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მოქმედება შეიძლება გავრცელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე მაუწყებლობის ორგანიზაციებზე. მოპასუხე არ არის ზემოაღნიშნული ლიცენზიის მქონე ორგანიზაცია, არამედ გააჩნია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ გაცემული ავტორიზაციის მოწმობა და არის ავტორიზებული პირი, რომელიც უფლებამოსილია, აწარმოოს საკაბელო სატრანზიტო ტელემაუწყებლობა. თავისი საქმიანობის ფარგლებში მოპასუხე ხელშეკრულებას აფორმებს პროგრამის პაკეტის ტრანზიტისათვის, რა დროსაც ქსელით უზრუნველყოფისა და მომსახურებისას არ იყენებს საავტორო უფლების ობიექტს და სარგებლობს მომიჯნავე ობიექტით და მას ტრანზიტის მეშვეობით აწვდის აბონენტს. საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან გამოთხოვილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ მოსარჩელე რეესტრში შეტანილია, როგორც ორგანიზაცია, რომლის საქმიანობის მიზანია „საავტორო უფლებათა რეალიზაცია (განხორციელება), დაცვა, ავტორების ან მათი მემკვიდრეებისა და კოლექტიურ საფუძველზე მართვა კანონით დადგენილი წესით. ამდენად, მისი საქმიანობა არ მოიცავს მომიჯნავე უფლებების დაცვას“.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2008 წლის 29 აპრილის განჩინებით საქართველოს ... საზოგადოების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქართველოს ... საზოგადროებამ გაასაჩივრა საკასაციო წესით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 2 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ... საზოგადოების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 29 აპრილის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს ... საზოგადოების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილება; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა საქართველოს ... საზოგადოების სარჩელი; საკაბელო მაუწყებლობის ორგანიზაცია “ტვ -ს” აეკრძალა მუსიკალური ნაწარმოებების კაბელით გადაცემა (კაბელით ხელახლა გადაცემა) საქართველოს ... საზოგადოებასთან დადებული სალიცენზიო შეთანხმების გარეშე; საკაბელო მაუწყებლობის ორგანიზაცია “ტვ -ს” ნებართვის გარეშე მუსიკალური ნაწარმოებების კაბელით გადაცემისათვის დაეკისრათ ჩვიდმეტი ათას ხუთას ოცდაცხრამეტი ლარი და სამოცდაათი თეთრი და სამივლინებო თანხა ოთხას ოცდაოთხი ლარი, სულ ჩვიდმეტი ათას ცხრაას სამოცდასამი ლარი და სამოცდაათი თეთრი საქართველოს ... საზოგადოების სასარგებლოდ.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მოპასუხეს არა აქვს უფლება მოსარჩელის თანხმობისა და სალიცენზიო შეთანხმების გარეშე მოახდინოს მუსიკალური ნაწარმოების კაბელით გადაცემა.
საპელაციო პალატამ განმარტა “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის “ე” ქვეპუნქტი და მიუთითა, რომ საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებს უფლება აქვთ, დამრღვევისაგან მოითხოვონ ზიანის ანაზღაურებისა და შემოსავლის ჩამორთმევის ნაცვლად კომპენსაციის გადახდა, რომლის ოდენობასაც განსაზღვრავს სასამართლო. ამასთან, კომპენსაცია არ უნდა იყოს დარღვეული უფლების კანონიერად გამოყენების შემთხვევაში უფლების მფლობელის მიერ მისაღები ფულადი ანაზღაურების ათმაგ ოდენობაზე ნაკლები.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საკაბელო სატრანზიტო ოპერატორმა “ტვ--მა”. მან მიუთითა, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, ორგანიზაცია უფლებამოსილია, ქონებრივი უფლებების მართვა განახორციელოს მხოლოდ უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს მიერ მისი რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციების რეესტრის წარმოების წესი, რეესტრის ფორმულარი, ასევე რეესტრიდან ამონაწერის ფორმა მტკიცდება საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით. მოსარჩელე არ არის რეგისტრირებული ამ რეესტში, შესაბამისად, მოსარჩელეს მარტოოდენ საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციით, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის უფლება არ წარმოეშობა. სპეციალური რეესტრი იმისთვის არის გათვალისწინებული კანონით, რომ მასში რეგისტრირებული სუბიექტები გათავისუფლდნენ მტკიცების ტვირთისაგან, წარმოადგენენ ისინი თუ არა ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე არ არის სპეციალურ რეესტრში რეგისტრირებული სუბიექტი, მას უნდა ემტკიცებინა, რამდენად უფლებამოსილი იყო, წარედგინა ამ ტიპის სარჩელი სასამართლოსათვის.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 65-ე მუხლი. ამ ნორმით დადგენილია პრეზუმფცია – საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ ყველა ნაწარმოების ან მომიჯნავე უფლების ობიექტი, რომელიც საჯაროდ სრულდება, გადაიცემა კაბელით, ან საზოგადოებისათვის სხვაგვარად ხელმისაწვდომი ხდება, აგრეთვე, ჩართულია გადაცემაში, ფონოგრამასა და ვიდეოგრამაში, შედის კოლექტიური მართვის ორგანიზაციის რეპერტუარში. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარგებლეს. სასამართლოს მხრიდან დასახელებული ნორმის არასწორი განმარტება მტკიცდება იმით, რომ გადაწყვეტილების დასაბუთებისას, მან ფაქტობრივად ამ ნორმის გამოყენებით საავტორო უფლების ხელყოფის პრეზუმფცია დაადგინა, მაშინ, როდესაც პრეზუმფცია ეხება ნაწარმოების საჯარო შესრულებისას (კაბელით გადაცემისას და ა.შ) ავტორის ქონებრივი უფლების დაცვას კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაციის მიერ სანამ მოსარგებლე არ დაამტკიცებს, რომ მას უშუალოდ აქვს ...ნ მოგვარებული ეს პრობლემა. მოცემულ შემთხვევაში, როდესაც არც ერთი ავტორისა და არც ერთი ნაწარმოების საჯარო შესრულებასა და კაბელით გადაცემაზე არ არის მინიშნება, როგორ უნდა ამტკიცოს მოპასუხემ რომელ ...ნ აქვს მას ხელშეკრულება და რომელთან არა.
სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის მე-2 მუხლის „ვ“ პუნქტი, რომლის მიხედვითაც მოპასუხე წარმოადგენს ავტორიზებულ პირს, რომელიც ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მიერ გაცემული ავტორიზაციის მოწმობის და არა საკაბელო მაუწყებლობის ლიცენზიის „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მუხ.¹2 პ.პ. რ.ტ ჰ 2) საფუძველზე ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას (ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორი), შესაბამისად, მოპასუხე მაუწყებელ ორგანიზაციასთან „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ეხება მხოლოდ ამ უკანასკნელის მომიჯნავე უფლებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის განჩინება.
კასატორი აღნიშნავს, რომ ავტორიზებული პირი ახდენს სიგნალის ტრანზიტს და არა ნაწარმოების კაბელით ხელახალ გადაცემას. ქსელურ ოპერატორს უფლება არა აქვს, ტელემაყურებელს რომელიმე ტელეკომპანიის გადაცემები საკუთარი სახელით (ლოგოთი) მიაწოდოს. კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამაუწყებლო ტელეკომპანია გადაცემის ტრანსლირებას ახდენს ერთდროულად ეთერითაც და კაბელითაც, ისე რომ მას არ ემსახურება მოპასუხის მსგავსი ოპერატორი, ცალკე საეთერო გადაცემისა და ცალკე საკაბელო გადაცემისათვის უნდა გაითვალისწინოს ავტორის ქონებრივი ინტერესები.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დავას იწვევს საკითხი იმის შესახებ შესაძლებელია თუ არა “საავტორო და მომიჯნავე უფლების შესახებ” საქართველოს კანონის დაცვის ობიექტი იყოს მაუწყებლის გადაცემების (მუსიკალური ნაწარმოებები) კაბელით ტრანზიტი.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშოს, რომ ეთერით გადაცემული ნაწარმოები და გადაცემები, რომელიც ხორციელდება საყოველთაო გაცნობისათვის, საკაბელო ქსელის გამოყენებით წარმოადგენენ ნაწარმოების გამოყენების სხვადასხვა საშუალებებს. ამდენად, ნაწარმოების საეთერო მაუწყებლობის მეშვეობით გამოყენება ითვალისწინებს ცალკე თანხმობას (ლიცენზიას), ხოლო საკებელო ქსელის მეშვეობით ნაწარმოების გავრცელება, ასევე მოითხოვს თანხმობას (ლიცენზიას).
ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ ტელეპროგრამებში შეყვანილ ნაწარმოებს შეიძლება გააჩნდეს სხვადასხვა სამართლებრივი სტატუტი იმისდა მიხედვით, თუ რომელი ნაწარმოების და რა ფორმით გამოყენებაზეა გაცემული ნებართვა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ “საავტორო და მომიჯნავე უფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება.
განსახილველი ნორმა არეგულირებს ნაწარმოების ავტორის ქონებრივ უფლებებს, რომლის თანახმად საავტორო ქონებრივი უფლება ავტორის საკუთრებაა, რომლის გამოყენებაზე ამ კანონის გარდა ვრცელდება საკუთრების ინსტიტუტის მომწესრიგებელი ზოგადი ნორმები.
ავტორის ქონებრივი უფლების თავისებურების გათვალისწინებით ყურადღება უნდა გავამახვილოთ განსახილველ ნორმაში მითითებულ ტერმინზე, “ნებისმიერი სახით გამოყენება”. უპირველეს ყოვლისა, ამ ტერმინში იგულისხმება ნაწარმოების ნებისმიერი საშუალებითა და ფორმით გამოყენება. განსახილველი ნორმის მიზანია ავტორისა ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის ქონებრივი უფლებების დაცვა. ამ შემთხვევაში მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არა მარტო ის თავისებურებები, რომელიც გააჩნია ინტელექტუალურ საკუთრებას ზოგადად, არამედ ინტელექტუალური საკუთრების საჯაროდ გავრცელების ისეთ სახეს, როგორიცაა საკაბელო ტელევიზიის საშუალებით ამ ნაწარმოების გამოყენება. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა ენიჭება აღნიშნული საშუალებით ნაწარმოების საჯაროდ გაცნობის პრინციპს, რაც ითვალისწინებს გადაცემის გამოსახულების ანდა ხმის აღქმის შესაძლებლობას იმ პირთა მიერ, რომელიც არ მიეკუთვნებიან ოჯახის ან ოჯახის ახლობელთა წრეს, იმ ადგილზე (ადგილებზე), რომელიც იმდენადაა დაშორებული გადაცემის ადგილიდან, რომ ასეთი გადაცემის გარეშე გამოსახულება ანდა ხმა არ შეიძლება აღქმულ იქნეს მიღების ადგილზე (ადგილებზე), მათ შორის, გადაიცეს ისე, რომ საავტორო ან მომიჯნავე უფლების ობიქტები ხელმისაწდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროსა და ადგილიდან (საავტორო და მომიჯნავე უფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის “ჟ” ქვეპუნქტი).
ამდენად, კაბელით გადაცემა, რაც ასევე გულისხმობს სადენით ან საჰაერო გზით, სატელიტური კავშირის ჩათვლით, საზოგადოებისათვის განკუთვნილი ტელე და რადიოპროგრამების საწყისი გადაცემა ერთდროულად, შეუწვეტლად და შეუკვეცავად ხელახალი გადაცემა კაბელით ან მიკროტალღური სისტემის მეშვეობით (საავტორო და მომიჯნავე უფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის “ი¹” ქვეპუნქტი), წარმოადგენს ნაწარმოების გამოყენების ერთ-ერთ სახეს. ამ შემთხვევაში სიგნალის ტრანზიტი კაბელის მეშვეობით, რომლითაც ფაქტობრივად ხდება ნაწარმოების გადაცემა (მიწოდება ტელემაყურებლამდე), მიუთითებს ამ ნაწარმოების გამოყენების (კაბელის მეშვეობით) თავისებურ სახეზე, რაც დაცულია “საავტორო და მომიჯნავე უფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილის “ვ” ქვეპუნქტით და წარმოადგენს ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის განსაკუთრებულ უფლებას, კერძოდ, ნაწარმოების გამოყენების განსაკუთრებული უფლება ნიშნავს განახორციელოს, ნება დართოს ან აკრძალოს ნაწარმოების საჯარო გადაცემა, პირველი, ანდა ხელახალი გადაცემის ჩათვლით, აგრეთვე, ნაწარმოების გადაცემა სადენით, ანდა უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ისე, რომ ის ხელმისაწვდომი იყოს ნებისმიერი პირისათვის მის მიერ არჩეულ დროსა და ადგილიდან (საჯარო გადაცემის უფლება).
ამდენად, როგორც გამომდინარეობს განსახილველი ნორმიდან, ნაწარმოების სადენით გადაცემისა და უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით (მათ შორის ეთერით ან კაბელით) ნაწარმოების გამოყენებაზე უფლება წარმოადგენს ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ დაცვის ობიექტებს.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეში არსებული შპს “თ.-თან” დადებული ხელშეკრულებებიდან არ დასტურდება, რომ ავტორს ან უფლებამოსილ პირს სადავო ნაწარმოებთან დაკავშირებით მოპასუხის კონტრაჰენტისათვის (სამაუწყებლო ორგანიზაციისათვის) გადაცემული ჰქონდეს ნაწარმოების გამოყენების უფლებამოსილება, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ამ შემთხვევაში ამ ხელშეკრულებებით განსაზღვრულია მხოლოდ კაბელით გადაცემა. ამდენად, შეიძლება დავასკვნათ, რომ მოპასუხესა და სამაუწყებლო ორგანიზაციებს შორის დადებული ხელშეკრულებებით მოპასუხეს გადაეცა მხოლოდ კაბელით გადაცემის უფლება. ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ კაბელის მეშვეობით ხორციელდება მუსიკალური ნაწარმოების გადაცემა, რომლისთვისაც აუცილებელია ამ ნაწარნოების ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის ნებართვა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა, რადგან კასატორი ამ ფაქტების წინააღმდეგ არ უთითებს საკასაციო საჩივარში.
ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ კასატორი არ უთითებს ისეთ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლითაც დგინდება ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის მიერ ამ ხელშეკრულებების კონტრაჰენტებისათვის მათი ნაწარმოების კაბელის მეშვეობით გავრცელების შესახებ უფლების მინიჭებაზე, რაც უნდა გამოეკვლია და არ გამოიკვლია ან არასათანადოდ გამოიკვლია სააპელაციო სასამართლომ.
ამრიგად, ამ ხელშეკრულებების საფუძველზე შპს “თ.” იღებდა სატელევიზიო პროგრამებს, რომლებსაც იგი შემდგომში ავრცელებდა საკაბელო ქსელის მეშვეობით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზუსტად ეს სატელევიო პროგრამები მოიცავენ იმ საავტორო ნაწარმოებს, რომლებსაც ავრცელებდა შპს “თ” კაბელის მეშვეობით, ამდენად, ამ ნაწარმოების კაბელით გავრცელება (მათ შორის ტრანზიტით) წარმოადგენს ნაწარმოების გამოყენებას.
ის გარემოება, რომ კასატორი (შპს “თ”) ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, შეუცვლელად ახორციელებს მიღებული გადაცემების ტრანზიტს, რითაც ახორციელებს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფას, არ გამორიცხავს ამ ნაწარმოების გამოყენების ფაქტს. აღნიშნული გარემოება მიუთითებს მხოლოდ შპს “თ-ის” მიერ მიღებული პროგრამების (რომელშიც მოცემულია საავტორო ნაწარმოები) კაბელის მეშვეობით გამოყენების წესზე. როგორც უკვე აღინიშნა, ავტორს ან საავტორო უფლების სხვა მფლობელს აქვს, ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენების განსაკუთრებული უფლება. ამდენად, ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის მიერ ნაწარმოების უმავთულო კავშირგაბმულობის მეშვეობით ნაწარმოების გამოყენებაზე უფლება (აღნიშნულის არსებობის შემთხვევაში) არ ნიშნავს მისი სადენით გადაცემაზე უფლების ავტომატურად მინიჭებასაც.
კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა თვლის, რომ ყურადღება უნდა გამახვილდეს კასატორის მოსაზრებაზე, რომლითაც იგი აღნიშნავს, რომ არ შეიძლება ცალკე საკაბელო და ცალკე საეთერო გადაცემისათვის გათვალისწინებულ იქნეს ავტორის ინტერესები, როდესაც სამაუწყებლო ორგანიზაცია გადაცემების ტრანსლირებას ახდენს ერთდროულად ეთერითაც და კაბელითაც, ისე რომ მას არ ემსახურება მოპასუხის მსგავსი ოპერატორი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სამაუწყებლო ორგანიზაცია გადაცემების ტრანსლირებას არ ახდენს ერთდროულად ეთერითაც და კაბელითაც. ასეც რომ იყოს, ...ნ დადებული სალიცენზიო ხელშეკრულებით უნდა განისაზღვროს ნაწარმოების ნებისმიერი გამოყენების (მათ შორის ეთერით, კაბელით) უფლების რეალიზაცია.
შპს “თ” წარმოადგენს სხვა ორგანიზაციას (საკაბელო არხის ოპერატორი), რომელიც დამოუკიდებლად, სამაუწყებლო ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე ამ უკანასკნელისაგან იღებს საეთერო გადაცემას და შემდგომ ავრცელებს მას საკებელო ქსელით, რომელშიც ჩართული არიან აბონენტები.
აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოების დაცვის ბერნის კონვენციის 11ბის(იი) მუხლის თანახმად, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოების ავტორებს აქვთ განსაკუთრებული უფლება, ნება დართონ ეთერით გადაცემული ნაწარმოების ნებისმიერ საჯარო გადაცემაზე სადენით ან ეთერით ხელახლა გადაცემის მეშვეობით, თუ მას ახორციელებს არა პირვანდელი, არამედ სხვა ორგანიზაცია. განსახილველი ნორმა მოიცავს უფლებას ეთერით გადაცემული ნაწარმოების ნებისმიერ საჯარო გადაცემაზე სადენით ან ეთერით ხელახლა გადაცემაზე.
განსახილველი ნორმით ყურადღება გამახვილებულია, ერთი მხრივ, სადენით ან ეთერით ხელახლა გადაცემაზე, როგორც ავტორის დამოუკიდებელ უფლებებზე, ხოლო, მეორე მხრივ, ყურადღება გამახვილებულია იმაზე, რომ ავტორის აღნიშნული განსაკუთრებული უფლება ვრცელდება არა პირვანდელ, არამედ სხვა ორგანიზაციაზე, რომელიც ახორციელებს მისი ნაწარმოების საჯარო გადაცემას.
აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა კიდევ ერთხელ დასძენს, რომ შპს “თ” არის სხვა ორგანიზაცია და არა პირვანდელი, ვისაც შეიძლება ეკუთვნოდეს საკაბელო არხი, რომლითაც ხდება შემდგომი გადაცემა და ამდენად შპს “თ-ის” მიერ კაბელით ნაწარმოების გადაცემა მიუთითებს ამ ნაწარმოების გამოყენების ცალკე ფორმაზე (კაბელის მეშვეობით), რომლის დაცვის უფლება გააჩნია მოსარჩელე ორგანიზაციას.
“საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 65-ე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე ივარაუდება, რომ ყველა ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლებების ობიექტი, რომელიც საჯაროდ სრულდება, გადაიცემა ეთერით, კაბელით, ან საზოგადოებისათვის სხვაგვარად ხელმისაწვდომი ხდება, აგრეთვე, ჩართულია გადაცემაში, ფონოგრამასა და ვიდეოგრამაში, შედის შესაბამისი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის რეპერტუარში. ამ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარგებლეს. განსახილველი ნორმა ადგენს პრეზუმფციას, რომლის თანახმად ივარაუდება, რომ ყველა ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლებების ობიექტი, რომელიც საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი ხდება, შედის შესაბამისი კოლექტიური მართვის ორგანიზაციის რეპერტუარში, ე.ი. ივარაუდება, რომ აღნიშნული ორგანიზაცია უფლებამოსილია, წარმოადგინოს აღნიშნული ნაწარმოებისა ან მომიჯნავე უფლებების მფლობელები და დაიცვას მათი უფლებები. აღნიშნული პრეზუმფცია მოქმედებს იქამდე, სანამ მოსარგებლე არ დაამტკიცებს საწინააღმდეგოს, ე.ი მიუთითებს იმ ფაქტებზე, რომლითაც დასტურდება, რომ კონკრეტული ნაწარმოები ან მომიჯნავე უფლებების ობიექტი არ შედის მის რეპერტუარში.
კონკრეტულ შემთხვევაში კასატორი ვერ ადასტურებს, არ უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებმაც შესაძლებელია, გამორიცხონ მოსარჩელის უფლება სადავო მუსიკალური ნაწარმოების დაცვაზე.
კასატორი არ უთითებს 17963 ლარისა და 70 თეთრის გამოანგარიშების კანონიერებაზე; ამდენად, ამ ნაწილშიც სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის. (სსსკ-ის 407-ე მუხლი).
კასატორი საკასაციო საჩივარში, ასევე აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს მარტოოდენ საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციით, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის უფლება არ წარმოეშობა, რადგან იგი არ არის რეგისტრირებული რეესტრში.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე ორგანიზაციას არ გააჩნია რეგისტრაცია.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარის პასუხზე დართული წარმომადგენლობითი დამადასტურებელი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ საქართველოს ... საზოგადოება (შAშ) - კავშირი რეგისტრირებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ქ. თბილისის რეგიონული ცენტრის 2009 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით (საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 14 მაისის ¹19342?002-00887/12/0467 ა(ა)იპ).
აღნიშნული დოკუმენტები მიუთითებენ იმაზე, რომ მოსარჩელე ორგანიზაციამ გაიარა ხელახალი რეგისტრაცია.
ამასთან ერთად აღსანიშნავია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არ არის განსაზღვრული თუ კონკრეტულად რა უფლებების დასაკმაყოფილებლად აეკრძალა მოპასუხეს გარკვეული მოქმედებების განხორციელება. დაუშვებელია ერთ მხარეს განუსაზღვრელად მივანიჭოთ ყველაფერი და მეორეს კი - ავუკრძალოთ ყველაფერი.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო არ იკვლევს, თუ კონკრეტულად რომელი მუსიკალური ნაწარმოების აკრძალვას ითხოვს მოსარჩელე. კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მიზანია, აეკრძალოს მოპასუხეს მუსიკალური ნაწარმოების კაბელით გადაცემა სალიცენზიო ხელშეკრულების გარეშე, ე.ი სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე თანახმაა, რომ მოპასუხე ახორციელებდეს მუსიკალური ნაწარმოების კაბელით გადაცემას. ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უფლება აქვს, ჩართოს ნაწარმოები და დაცვის სხვა ობიექტები მოსარგებლეებზე გაცემულ ლიცენზიებში. ამ შემთხვევაში იგულისხმება არა ზოგადად ნაწარმოები და დაცვის სხვა ობიექტები, არამედ კონკრეტული საავტორო ან მომიჯნავე უფლებები, რომელიც სამართავად გადაცემული აქვს კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას.
ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ “საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ავტორს ან განსაკუთრებული საავტორო უფლებების სხვა მფლობელს უფლება აქვს მიიღოს საავტორო ჰონორარი მისი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის. ზუსტად ამ ნორმით გათვალისწინებული უფლების განხორციელების ერთ-ერთი დაცვის სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს ამავე კანონის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის დანაწესი, რომლის თანახმად ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციას უფლება აქვს შეაგროვოს ლიცენზიით გათვალისწინებული ჰონორარი ანდა ჰონორარი, რომელიც განსაზღვრულია ამ მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, ე.ი. ამ კანონის თანახმად ლიცენზიის გარეშე ჰონორარის შეგროვების შემთხვევაში.
აღნიშნული უფლებები წარმოადგენს არა აბსტრაქტულ, არამედ კონკრეტული ნაწარმოებისა და დაცვის სხვა ობიქტების მფლობელთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, რომლის საფუძველზე მათ ეძლევათ უფლება, მათი ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენებისათვის მიიღონ ჰონორარი, შესაბამისად, ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველი ორგანიზაცია გასცემს ლიცენზიას ამ კონკრეტული უფლებების გამოყენების შესახებ და ზუსტად ამ უფლებების მართვის უფლებამოსილება გააჩნია მას კანონით (65-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტი). შესაბამისად, ამ უფლებების მფლობელები მას შეუძლია წარმოადგინოს სასამართლოში (65-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტი).
ამასთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ, განსახილველი კანონის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ორგანიზაცია, რომელიც კოლექტიურ საფუძველზე მართავს ქონებრივ უფლებებს, უფლებამოსილია, აგრეთვე, წარმოადგინოს საავტორო და მომიჯნავე უფლებების ყველა მისთვის უცნობი მფლობელი ან მფლობელი, რომლის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება და ჩართოს მათი ნაწარმოები და დაცვის სხვა ობიექტები მოსარგებლეებზე გაცემულ ლიცენზიებში. ამდენად, განსახილველი ნორმაც ითვალისწინებს მისთვის უცნობი ან დაუდგენელი საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელთა ნაწარმოებისა და დაცვის სხვა ობიექტების მოსარგებლეებზე გაცემულ ლიცენზიებში ჩართვას, რაც შეუძლებელია უშუალოდ იმ ნაწარმოებებისა და დაცვის სხვა ობიექტების დადგენის გარეშე, რომლებიც ექვემდებარება ლიცენზირებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, კონკრეტულად რა სახის მუსიკალურ ნაწარმოებზე ავრცელებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “თ-ს” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.