Facebook Twitter

¹ბს-116-109(კ-06) 20 ივნისი, 2006 წ.

ქ.თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლალი ლაზარაშვილი, ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ ე. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ საქართველოს კონტროლის პალატა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება.

დავის საგანი _ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის, სახელფასო და სამივლინებო დავალიანების ანაზღაურება

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ე. მ-მ სარჩელი აღძრა თბილისის ისან-სამგორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხის საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ, რომლითაც მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, სახელფასო, სამივლინებო დავალიანებისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (იხ. ს.ფ.2-3).

საქმის გარემოებები:

ე. მ-ე 1992 წლის 16 ივლისიდან მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე. სამსახურიდან გათავისუფლებამდე მას ეკავა კონტროლის პალატის ... დეპარტამენტის ...-ის თანამდებობა. მუშაობის 13 წლის განმავლობაში მას არ მიუღია საყვედური და გაფრთხილება და გამოირჩეოდა მაღალი კვალიფიკაციით. მან წარმატებით გაიარა 2000 წელს ჩატარებული ატესტაცია და ... დეპარტამენტში მიიღო უმაღლესი შეფასება. აღნიშნულის გამო მასზე გაიცა ცნობა, რომ იმსახურებდა დაწინაურებას.

მიუხედავად ამისა, 2004 წლის ივლისში კოლეგებთან ერთად ე. მ-ს ხელი მოაწერინეს საქართველოს კონტროლის პალატის ¹ბ-1/01 ბრძანებაზე ,,საქართველოს კონტროლის პალატის სტრუქტურული რეორგანიზაციისა და დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების შედეგად სისტემის საჯარო მოსამსახურეთა დაკავებულ თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების გაფრთხილების შესახებ” და შეატყობინეს, რომ 2004 წლის ოქტომბერში ჩატარდებოდა საკვალიფიკაციო გამოცდები, რის შედეგადაც გაირკვეოდა რეორგანიზაციის ჩატარების შემდეგ ვინ დარჩებოდა თანამდებობაზე. 2004 წლის სექტემბრიდან მოსარჩელეს შეუწყდა ხელფასი, გამოცდა კი მრავალჯერ გადაიდო და მისი ჩატარების საბოლოო ვადად განისაზღვრა 2005 წლის მაისი. ე. მ-მ 2005 წლის 21 იანვარს მიმართა კონტროლის პალატას და შეიტყო, რომ იგი გათავისუფლებული იყო დაკლავებული თანამდებობიდან “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 97-ე მუხლის 1 ნაწილისა და 115-ე მუხლის “ა" პუნქტის თანახმად და ხელი მოაწერინეს გათავისუფლების შესახებ ბრძანებაზე.

სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

მოსარჩელეს კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, მან წარმატებით ჩააბარა ატესტაცია, აქვს მუშაობის 30 წლიანი სტაჟი, მათ შორის 13 წელი კონტროლის პალატის სამსახურში, რაც მას დარჩენის უპირატეს უფლებას ანიჭებდა. ამასთან ერთად, მოსარჩელემ მოითხოვა მის მიმართ მუშაობის პერიოდში დაგროვილი სახელფასო და სამივლინებო დავალიანების ანაზღაურება, რომელიც დასტურდება კონტროლის პალატის მიერ 2005 წლის 22 თებერვალს გაცემული ცნობით, რაც შეადგენდა 4202,74 ლარს.

სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:

მოსარჩელე სამსახურიდან არასწორად იქნა გათავისუფლებული და “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მისთვის უნდა შეეთავაზებინათ სხვა თანამდებობაზე გადაყვანა აღნიშნულ სამსახურში. მსგავს შეთავაზებას კონტროლის პალატის მხრიდან არ ჰქონია ადგილი. მისი აზრით, ასევე, გათვალისწინებული არ იქნა საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლების მქონე პირებს(იხ. ს.ფ.2-3).

საქართველოს კონტროლის პალატამ ე. მ-ის სარჩელზე წარადგინა შესაგებელი, რომლითაც ნაწილობრივ ცნო სარჩელი და მოითხოვა ე. მ-ის მოთხოვნის სამსახურზე აღდგენის შესახებ უსაფუძვლობისა და სარჩელის ხანდაზმულობის გამო დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო რაც შეეხებოდა სახელფასო და სამივლინებო დავალიანებას ანაზღაურების მოთხოვნას, მოპასუხემ მხარი დაუჭირა და მოითხოვა საქმეში მესამე პირად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩაბმა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად და დავალიანების ანაზღაურების მისთვის დაკისრება (იხ.ს.ფ.39).

თბილისის ისანი-სამგორის რაიონულომა სასამართლომ 2005 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ე. მ-ის სარჩელი, ბათილად ცნო საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 25 აგვისტოს ¹გან-139-ე ბრძანება ე. მ-ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და რეზერვში ჩარიცხვის ნაწილში; მოსარჩელე აღდგენილ იქნა დასავლეთ საქართველოს კონტროლის პალატის ...ის ტოლფას თანამდებობაზე კონტროლის პალატის ...ის დეპარტამენტში; მოპასუხეს დააკისრა ე. მ-ის სასარგებლოდ სახელფასო და სამივლინებო დავალიანების 4202,74 ლარის გადახდა, აგრეთვე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:

საქართველოს კონტროლის პალატაში მომხდარი რეორგანიზაციის შედეგად კონტროლის პალატის დასავლეთ საქართველოს დეპარტამენტში არსებული ...ის 9 საშტატო ერთეული შემცირდა 4 ერთეულამდე და ე. მ-ე გათავისუფლებულ იქნა რეორგანიზაციის შედეგად, რომელსაც თან ახლდა შტატების შემცირება.

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონტროლის პალატამ არ დაიცვა “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 34-ე და შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლების მოთხოვნები. მოპასუხემ დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის I ნაწილის მოთხოვნა, ვინაიდან ადგილი ჰქონდა სადავო ბრძანების მომზადებისა და გამოცემის კანონით დადგენილი მოთხოვნების არსებით დარღვევას. 60.2 მუხლის თანახმად, არსებით დარღვევად ჩაითვლება კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებულ იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. მოპასუხემ არ შექმნა კომისია, რომელიც იმსჯელებდა და გადაწყვეტდა, თუ ვის ჰქონდა სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლება. ასევე, მოსარჩელისათვის “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით არ შეუთავაზებიათ სხვა თანამდებობა. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს ე. მ-ის გათავისუფლების დროისათვის გააჩნდა თავისუფალი საშტატო ერთეულები და ამ თანამდებობებზე მიიღეს გარეშე პირები, მაშინ, როცა “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 97.2 მუხლის თანახმად მოსარჩელისათვის უნდა შეეთავაზებინათ აღნიშნულ სამსახურში სხვა თანამდებობა. კონტროლის პალატის ადმინისტრაციამ არ შეისწავლა შრომის კანონთა კოდექსით 36-ე მუხლის მიხედვით ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება. ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ ადმინსტრაციამ დაარღვია ასევე “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 116-ე მუხლის მოთხოვნა, როდესაც მოსარჩელის თანხმობის არქონის მიუხედავად ჩარიცხა იგი საკადრო რეზერვში.

რაიონული სასამათლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ, რომლითაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ე. მ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი მოტივით:

,,საქართველოს კონტროლის პალატის სტრუქტურული რეორგანიზაციისა და დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების შედეგად სისტემის საჯარო მომსახურეთა დაკავებული თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების თაობაზე გაფრთხილების შესახებ” საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 5 ივლისის ¹ბ-1/01 ბრძანება გაეცნო დასავლეთ საქართველოს დეპარტამენტს, მათ შორის ... ე. მ-ს, რაზედაც მან ხელი მოაწერა 2004 წლის 7 ივლისს. საქართველოს კონტროლის პალატის სტრუქტურული რეორგანიზაციის დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების შედეგად, მოსარჩელე ე. მ-ე კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 25 აგვისტოს ¹გან-139-ე ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.

საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში მოხდა საშტატო ერთეულის შემცირება და ნაცვლად 765-სა განისაზღვრა 561 ერთეულით.

კონტროლის პალატაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად გაუქმდა დასავლეთ საქართველოს დეპარტამენტი და მის ნაცვლად შეიქმნა ... დეპარტამენტი, რომელშიც შევიდა სამი სამმართველო, მათ შორის დასავლეთ სამმართველო.

2004 წლის 2 აგვისტოს საქართველოს კონტროლის პალატის საშტატო განრიგით დასავლეთ საქართველოს დეპარტამენტის ბაზაზე რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებულ დასავლეთ სამმართველოში დამტკიცდა 37 საშტატო ერთეული, ...ის შტატი განისაზღვრა 4 ერთეულით. რეორგანიზაციამდე დასავლეთ დეპარტამენტში არსებობდა 99 საშტატო ერთეული, მათ შორის ...ის 9 საშტატო ერთეული. ამდენად, მოსარჩელე თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნა რეორგანიზაციის შედეგად, რომელსაც თან ახლდა შტატების შემცირება.

აპელანტმა განმარტა, რომ ე. მ-ე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა 2004 წლის 25 აგვისტოს, რაც მისთვის ცნობილი გახდა 26 აგვისტოს, როდესაც გათავისუფლების ბრძანებები გამოქვეყნდა საჯაროდ საქართველოს კონტროლის პალატის შენობაში განცხადებებისთვის განკუთვნილ დაფაზე. ამასთან, კონტროლის პალატის საფინანსო სამმართველოდან საბოლოო ანგარიშსწორება მოსარჩელეს მიღებული ჰქონდა აგვისტოს თვეში ¹32-ე უწყებით, რაც ადასტურებს იმას, რომ მისთვის გათავისუფლების შესახებ ცნობილი უნდა ყოფილიყო აგვისტოს თვეში. “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 127.1 მუხლის თანახმად კი საჯარო მოხელემ ერთი თვის განმავლობაში უნდა გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გაცემული ბრძანება. ე. მ-მ კი სარჩელი აღძრა 2005 წლის 21 იანვარს, რითაც მან გაუშვა გასაჩივრების ერთთვიანი ვადა.

Aაპელანტმა, ასევე, მოითხოვა საქართველოს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონის 28.5 მუხლის თანახმად სახელფასო და სამივლინებო დავალიანების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრება და განმარტა, რომ “საბიუჯეტო სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად მოვალეს საბიუჯეტო ორგანიზაციასთან ერთად წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (იხ. ს.ფ.64-68).

სააპელაციო საჩივარზე ე. მ-მ წარადგინა შესაგებელი, რომლითაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება და კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა, შემდეგი მოტივით:

2004 წლის 10 აგვისტოს კონტროლის პალატაში შექმნილმა კადრების შერჩევის კომისია გაესაუბრა კონტროლის პალატის თანამშრომლებს, მათ შორის ე. მ-ს და მოახსენა, რომ მის მონაცემებს დადებითად აფასებდნენ და შედეგებს მოგვიანებით გააცნობდნენ. მიუხედავად ამისა იგი გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად და ამავე კანონის 115-ე მუხლის “ა" პუნქტით ჩარიცხულ იქნა საკადრო რეზერვში.

მოწინააღმდეგე მხარემ აღნიშნა, რომ რაიონულ სასამართლოში 2005 წლის 13 აპრილს კონტროლის პალატის მიერ წარმოდგენილი საშტატო განრიგის თანახმად დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დეპარტამენტებში საშტატო ერთეული შემცირდა 140 ერთეულით, მიუხედავად ამისა კანონის დარღევვით სტრუქტურაში მიღებულ იქნა სხვადასხვა თანამდებობაზე 8 ახალი თანამშრომელი, გარდა ამისა შეიქმნა 4 ახალი საშტატო ერთეული; კონტროლის პალატამ მოსარჩელის დათხოვნისას არ გაითვალისწინა “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა, რომლის თანახმად მისთვის უნდა შეეთავაზებინა სხვა თანამდებობა კონტროლის პალატის სამსახურში. ასევე არ გაითვალისწინა “საჯარო სამსახურის შესახებ" კანნის 93.3. მუხლის დებულება რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, დაწესებულების ხელმძღვანელს უფლება აქვს გაითვალისწინოს ატესტაციის შედეგები და “შრომის კანონთა კოდექსის" 36-ე მუხლის მოთხოვნები, სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლების შესახებ. აპელანტმა, ასევე დაარღვია მისი უფლებები, როდესაც იგი მისი თანხმობის გარეშე ჩარიცხა საკადრო რეზერვში, მაშინ როცა “საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად “რეზერვში არ ირიცხება მოხელე, რომელსაც სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ უფლება აქვს, მაგრამ არ სურს ჩაირიცხოს რეზერვში".

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი და თბილისის ისან-სამგორის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიიღო ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დააკმაყოფილა ე. მ-ის სარჩელი საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 25 აგვისტოს ¹გან-139-ე ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და იძულებით განაცდურის ანაზღაურების ნაწილში; ხოლო რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სახელფასო და სამივლინებო დავალიანების დაკისრების ნაწილში დატოვებულ იქნა უცვლელად, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სასამართლომ ჩათვალა, რომ რაიონულ სასამართლოს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 25 აგვისტოს ¹გან-139-ე ბრძანების კანონიერების დადგენამდე უნდა შეემოწმებინა ვადაში იქნა თუ არა გასაჩივრებული სადავო ბრძანება. “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 127.1-ე მუხლის თანახმად სადავო ბრძანების გამოცემის დროს საჯარო მოხელეს ერთი თვის განმავლობაში უნდა გაესაჩივრებინა სამსახურებრივ საქმეებზე გამოტანილი ბრძანება, განკარგულება, დადგენილება. დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, სადაო ბრძანების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადის ათვლა იწყება მაშინ, როცა დაინტერესებული პირისათვის ცნობილი გახდა ან ცნობილი უნდა ყოფილიყო მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ იცოდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რადგან იგი ერთი თვით ადრე გაფრთხილებული იყო კონტროლის პალატის სტრუქტურული რეორგანიზაციის და დაწესებულების შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირების შედეგად სისტემის საჯარო მოსამსახურეთა დაკავებული თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლების თაობაზე. 2004 წლის სექტემბრის თვიდან ე. მ-ე აღარ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, არ ხდებოდა სამსახურში გამოცხადების დაფიქსირება შესაბამის ჟურნალში და აღარ იღებდა ხელფასს.

აღნიშნულიდან გამოდინარე, ე. მ-ის სარჩელი საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 25 აგვისტოს ¹გან-139-ე ბრძანების ბათილად ცნობის და სამსახურში აღდგენის ნაწილში უარი უნდა ეთქვას ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. შესაბამისად, ე. მ-ის სარჩელი იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ, ასევე, არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრებას, რომ კონტროლის პალატასთან ერთად ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს სოლიდარულ მოვალეს ე. მ-სთან მიმართებაში და მიიჩნია, რომ სახელფასო და სამივლინებო დავალიანების ანაზღაურება ეკისრება იმ საბიუჯეტო ორგანიზაციას, რომელთანაც პირი შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა (იხ.ს.ფ.124)

ე. მ-მ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება - საქართველოს კონტროლის პალატის თავჯდომარის 2004 წლის 25 აგვისტოს ¹გან-139-ე ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:

კასაციის მოტივები:

ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა გამოცხადდეს, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონდმებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. კონტროლის პალატამ დაარღვია მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების გამოცემის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები, რამდენადაც კასატორის სამსახურიდან გათავისუფლების დროს არ გაითვალისწინა “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რის საფუძველზე მას უნდა შეეთავაზებინა ე. მ-ისთვის სხვა თანამდებობა აღნიშნულ სამსახურში. ასევე დარღვეულია შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული სამსახურში დარჩენის უპირატესი უფლების შესახებ. კონტროლის პალატამ დაარღვია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 115-ე მუხლის “ა" მუხლი, როცა ე. მ-ე უკანონოდ ჩარიცხა საკადრო რეზერვში, რადგან ამავე კანონის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით “რეზერვში არ ირიცხება მოხელე, რომელსაც სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ უფლება აქვს, მაგრამ არ სურს ჩაირიცხოს რეზერვში", რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა.

კასატორი მიიჩნევს, რომ კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 25 აგვისტოს ¹გან-139 ბრძანების მომზადებისა და გამოცემისას არსებითად დარღვეულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის “დ" ქვეპუნქტით და 52-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში არ არის მითითებული ის ორგანო, რომელშიც შეიძლება ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის წარდგენის ვადა, რაც ზემოაღნიშნული კანონის აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს.

კასატორს უსაფუძვლოდ მიაჩნია, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, რადგან “საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 127.1 მუხლთან ერთად მას უნდა გამოეყენებინა “შრომის კანონთა კოდექსი", რომლის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მუშა-მოსამსახურეს დათხოვნის საქმეთა გამო შეუძლია მიმართოს სასამართლოს დათხოვნის ბრძანების ჩაბარების დღიდან ერთი თვის განმავლობაში. მას კი ბრძანება 2005 წლის 21 იანვარს ჩაბარდა და განცხადება სასამართლოში იმავე დღეს შეიტანა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006 წლის 30 მაისის განჩინებით ე. მ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის 34.3 “გ” პუნქტის შესაბამისად /პროცესუალური კასაცია/ (იხ. ს.ფ. 154-157).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2005 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმების, კერძოდ, სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება არ მიეცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია არასრულად, სწორად არ იქნა საქმის მასალები გამოკვლეული და დადგენილი ფაქტები, სადავო სამართალურთიერთობას სწორად არ შეეფარდა კანონის ნორმები.

სსსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, რამდენადაც სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შეცვალა ისან-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი - უარი ეთქვა მოსარჩელე ე. მ-ს გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ დააფუძნა იმ გარემოებას, რომ სარჩელი იყო ხანდაზმული, რამდენადაც მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოიცა 2004 წლის 25 აგვისტოს, სარჩელი კი სადავო ბრძანების გაუქმების შესახებ ე. მ-მ აღძრა 2005 წლის 21 იანვარს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127.1 მუხლისა და დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად ე. მ-ის სარჩელი მიიჩნია ხანდაზმულად.

საკასაციო სასამართლო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ მოხელეს უფლება აქვს კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთი თვის განმავლობაში გაასაჩივროს სასამართლოში სამსახურებრივ საკითხებზე გამოცემული ბრძანება განკარგულება, გადაწყვეტილება ან მოქმედება, ხოლო 24.06.05წ. კანონით შეტანილი ცვლილების მიხედვით, ამავე მუხლის 2I ნაწილის თანახმად ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტების გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადის ათვლას კანონმდებელი უკავშირებს კანონმდებლობით დადგენილი წესით აქტის გადაცემას. ის გარემოება, რომ სადავო ბრძანება 24.06.05წ. კანონით “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანამდე იქნა გამოცემული, არ ადასტურებს ადმინისტრაციის ხანდაზმულობის ერთთვიანი ვადის გაცდენას, ვინაიდან უდავოა, რომ აქტის გასაჩივრებისათვის პირისათვის ცნობილი უნდა ყოფილიყო გათავისუფლების მოტივები, აქტის გამოცემის სამართლებრივი საფუძველი, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამსახურე მოკლებულია შესაძლებლობას გაასაჩივროს აქტი.

საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1. “დ” ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტავს, რომ მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე გამოცემული ბრძანება ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის საფუძველზეც წყდება შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა ადმინისტრაციასა და მუშაკს შორის. ამასთან, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22.3. მუხლის თანახმად, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან ერთი თვის ვადაში.

საკასაციო სასამართლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58.1. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ დაინტერესებული პირისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ე. მ-ს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი სამუშაოდან დათხოვნის შესახებ კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 25 აგვისტოს ¹გან-139-ე ბრძანება ჩაბარდა 2005 წლის 21 იანვარს. ამდენად, სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ე. მ-ისთვის კანონით დადგენილი წესით ცნობილი გახდა 2005 წლის 21 იანვარს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ე. მ-ის მიერ დაცულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127-ე მუხლით დადგენილი ერთთვიანი ვადა, რამდენადაც ე. მ-მ სამუშაოზე აღდგენის შესახებ სარჩელი ისან-სამგორის რაიონულ სასამართლოში შეიტანა ბრძანების გადაცემის დღესვე /იხ.ს.ფ. 2, რაიონულ სასამართლოში სასარჩელო განცხადების რეგისტრაციის ბეჭედი/. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის ხანდაზმულობაზე სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა არასწორია და არ გამომდინარეობს მოქმედი კანონმდებლობიდან.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას არსებითად უნდა იმსჯელოს სარჩელის საფუძვლიანობაზე და გამოიკვლიოს ის გარემოება, ე. მ-ე გათავისუფლებულ იქნა რა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეორგანიზაციის შედეგად, რასაც თან ახლდა შტატების შემცირება, გათავისუფლებისას ადმინისტრაციამ შესთავაზა თუ არა მას სხვა თანამდებობა, რამდენადაც, იმჟამად მოქმედი “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ,,მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე”. საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება, შესთავაზა თუ არა კონტროლის პალატის ადმინისტრაციამ მოსარჩელეს სხვა თანამდებობა, ასევე, გაითვალისწინა თუ არა მისი უპირატესი დარჩენის საკითხი.

საკასაციო სასამართლო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 97.2. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ მითითებული ნორმა ამკრძალავი ხასიათისაა და დაუშვებლად მიიჩნევს მოხელის გათავისუფლებას, თუ იგი თანახმაა სხვა თანამდებობაზე დანიშვნისა. ამგვარი თანხმობა კი თავისთავად განაპირობებს ადმინისტრაციის მხრიდან შეთავაზების აუცილებლობას, აღნიშნული პირობა საჯარო მოხელეთათვის კანონით დადგენილი გარანტიების ერთ_ერთი სახეა, რაც ადმინისტრაციის მხრიდან ექვემდებარება დაცვას.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში საქმე საჭიროებს დამატებით გამოკვლევას, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და დაადგინოს, თუ რამდენი საშტატო ერთეული შენარჩუნდა შტატების შემცირების შემდეგ კონტროლის პალატის სამმართველოში, სადაც გათავისუფლებამდე მუშაობდა კასატორი, ამასთან, დაინიშნენ თუ არა ამ საშტატო ერთეულზე სხვა პირები და იმ შემთხვევაში, თუ შტატების დაკომპლექტება მოხდა არსებული თანამშრომლების ბაზაზე, დაცულია თუ არა ადმინისტრაციის მიერ ,,შრომის კანონთა კოდექსის” 36-ე მუხლის მოთხოვნები, რომლებიც განსაზღვრავენ სამუშაოზე დარჩენის უპირატეს უფლებას და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 96.3 მუხლის დებულებები, რომლებიც, დაწესებულების რეორგანიზაციისას, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება, დაწესებულების ხელმძღვანელს ანიჭებს ატესტაციის შედეგების გათვალისწინებას.

საკასაციო სასამართლო ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127.5. მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოხელე აღდგენილ უნდა იქნეს მხოლოდ გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა დაადგინოს, შენარჩუნებულია თუ არა ე. მ-ის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებული თანამდებობა და არის თუ არა ამ თანამდებობაზე აღდგენის შესაძლებლობა.

საკასაციო სასამართლო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 115. “ა” მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სამსახურიდან გათავისუფლებისას დაწესებულების ლიკვიდაციის, შტატების შემცირების, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის თანამდებობასთან შეუსაბამობის შემთხვევაში, მოხელე ირიცხება რეზერვში, ხოლო ამავე კანონის 117.2. მუხლის თანახმად კანონმდებლობით რეზერვში ჩარიცხვა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მოხელეს გააჩნია ამგვარი სურვილი, რაც უნდა განხორციელდეს ამ უკანასკნელის მიერ განცხადების წარდგენის გზით, რეზერვში ჩარიცხვის თაობაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა გამოიკლიოს ის გარემოება, ე. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლებისას არსებობდა თუ არა მისი წერილობითი თანხმობა რეზერვში გადაყვანის თაობაზე და აღნიშნული მტკიცებულების მოპოვების და გამოკვლევის შემდეგ შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მისცეს მას.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სადავო სამართალურთიერთობის მოსაწესრიგებლად სასამართლოს უნდა გამოეყენებინა შრომის კანონთა კოდექსი და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, და განმარტავს, რომ მოცემულ სამართალურთიერთობებთან დაკავშირებით სპეციალურ კანონს წარმოადგენს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი. ,,საჯარო სასმსახურის შესახებ” კანონის მე-14 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეებზე შრომის კანონმდებლობა ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობა არ რეგულირდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი არეგულირებს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების სასამართლოში გასაჩივრების წესსა და ვადას (მუხლი 127-ე), ამდენად მოცემულ შემთხვევაში შრომის კანონთა კოდექსისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმების გამოყენება არასწორია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად შეუძლებელია საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება, რამდენადაც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას არ იქნა დადგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა განხილვას. სააპელაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე უნდა გამოიკვლიოს მითითებული გარემოებები ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილების დადგენის მიზნით.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.4. მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები უნდა გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 372-ე, 390-ე, 393-ე, 399-ე, 408.3, 411-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს; სასამართლო ხარჯები გადანაწილდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების დადგენისას; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;