Facebook Twitter

¹ას-388-368-2011 23 მაისი, 2011 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მ. სულხანიშვილი, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ 1. უ. მ. მ-ტ III, 2. ნ. ფ-ია, 3. შპს «... სერვისი», 4. შპს «ი. ს-ი»

წარმომადგენელი - კ. ბ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ სს «... ბანკი»

წარმომადგენელი – დ. ა-ი

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 იანვრის განჩინება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 13 მაისს სს «... ბანკმა» თბილისის საქალაქო სასამართლოში უ. მ. მ-ტ III-ის, ნ. ფ-იას, შპს «... სერვისისა» და შპს «ი. ს-ს» წინააღმდეგ სარჩელი აღძრა.

მოსარჩელის განმარტებით, 2007 წლის 20 თებერვალს უ. მ. მ-ტ III-სა და სს «... ბანკს» შორის საკრედიტო ხელშეკრულება გაფორმდა, რომლითაც მოპასუხის სახელზე გაიცა 150 000 აშშ დოლარის კრედიტი, 120 თვის ვადით, წლიური 10-დან 24%-მდე სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება და სოლიდარული თავდებობა, რომლის საფუძველზეც ნ. ფ-იამ და შპს «ი. ს-მა» იკისრეს პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო. 2007 წლის 28 დეკემბერს მოსარჩელეს, უ. მ. მ-ტ III-სა და ნ. ფ-იას შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც 90 000 აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო ხაზი გაიხსნა 360 თვის ვადით წლიური 10-დან 22%-მდე სარგებლის დარიცხვით. 2007 წლის 31 დეკემბერს იმავე მხარეებს შორის გაფორმდა მითითებული ხელშეკრულების შემადგენელი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გაიცა სესხი 80 000 აშშ დოლარი 120 თვის ვადით, წლიური 13,5%-ის დარიცხვით. ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება და სოლიდარული თავდებობა შპს «... სერვისთან.» იმავე წლის 29 დეკემბერს გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი შეთანხმება 360 თვის ვადით, რომელიც ითვალისწინებდა წლიური ტრანშის მაქსიმალური ოდენობად 320 აშშ დოლარს და წლიურ 18%-იან სარგებელს. მოპასუხე ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვალდებულებას არ ასრულებდა მხარეებს შორის შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, რის გამოც გაეგზავნათ დავალიანების დაფარვის შესახებ გაფრთხილების წერილი, თუმცა ვალდებულება მაინც არ შესრულებულა.

აღნიშნულის გათვალისწინებით მოსარჩელემ მოითხოვა:

1. მოპასუხეებისათვის 129 853,63 აშშ დოლარის, ასევე წლიური 14%-იანი სარგებლისა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ის ოდენობის პირგასამტეხლოს დაკისრება;

2. უ. მ. მ-ტ III კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული ქ. თბილისში, ... მე-3 შესახვევის ¹25-ში მდებარე უძრავი ქონების იძულებით რეალიზაცია;

3. მოპასუხეებისათვის 73 324 აშშ დოლარის, ასევე ძირ თანხაზე, 71282,12 აშშ დოლარზე, დარიცხული წლიური 13,5%-იანი სარგებლისა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5%-ის ოდენობის პირგასამტეხლოს დაკისრება;

4. უ. მ. მ-ტ III კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული ქ. თბილისში, ... ქუჩის ¹31-ში მდებარე უძრავი ქონების იძულებით რეალიზაცია.

მოპასუხეებმა სარჩელი არ სცნეს და მიუთითეს, რომ ვალდებულების დარღვევა განპირობებული იყო ფორსმაჟორული გარემოებით, კერძოდ, 2008 წლის კრიზისმა გავლენა მოახდინა მათ მიერ ვალდებულების შესრულებაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით სს «... ბანკის» სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს _ უ. მ. მ-ტ III-ს, ნ. ფ-იასა და შპს «ი. ს-ს» _ სს «... ბანკის» სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 129 853 აშშ დოლარის, მათ შორის, ძირითადი დავალიანების, 129 093.98 აშშ დოლარის, პროცენტის - 547.73 აშშ დოლარის, ჯარიმის - 211.92 აშშ დოლარის, ძირითადი დავალიანების - 129 093 აშშ დოლარის წლიური 14%-ის და პირგასამტეხლოს სახით 0.5%-ის გადახდა 2010 წლის 13 მაისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე. თანხის გადახდევინება დადგინდა უ. მ. მ-ტ III-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისში, ... მე-3 შესახვევის ¹25-ში იძულებით რეალიზაციის გზით; ასევე დადგინდა, რომ, თუ რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა არ იქნებოდა საკმარისი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, აღსრულება მიექცეოდა თავდებების ქონებაზე. მოპასუხეებს უ. მ. მ-ტ III-ს, ნ. ფ-იას და შპს «... სერვისს» სს «... ბანკის» სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 73 324.44 აშშ დოლარის, ძირითადი დავალიანების 71 282.12 აშშ დოლარის წლიური 13.5 %-ის და პირგასამტეხლოს სახით 0.5%-ის გადახდა 2010 წლის 13 მაისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაწყვეტილების აღსრულებამდე. მოპასუხეებს უ. მ. მ-ტ III-ს, ნ. ფ-იას და შპს «... სერვისს» მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 286.51 აშშ დოლარის გადახდა. თანხის გადახდევინება დადგინდა უ. მ. მ-ტი III-ის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ქ.თბილისში, ... ქ. ¹31-ში, იძულებით რეალიზაციის გზით, ასევე დადგინდა, რომ, თუ რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა არ იქნებოდა საკმარისი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად აღსრულება მიექცეოდა თავდებების ქონებაზე.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს თანხის გადახდისკრედიტის დაფარვის გრაფიკი, ამასთან სს «... ბანკის» მიერ მიცემულმა ორკვირიანმა ვადამ შედეგი არ გამოიღო, აღნიშნული კი, სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი იყო. სასამართლომ ასევე დასაბუთებულად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა პროცენტებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 20 იანვრის განჩინებით უ. მ. მ-ტი III-ის, ნ. ფ-იას, შპს «... სერვისის» და შპს «ი. ს-ს» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეები ვერ ადასტურებდნენ ვალდებულების ფორსმაჟორული გარემოების გამო შეუსრულებლობის ფაქტს. რაც შეეხება სამართლებრივ დასაბუთებას, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლო სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას.

სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება უ. მ. მ-ტ III-მ, ნ. ფ-იამ, შპს «... სერვისმა» და შპს «ი. ს-მა» საკასაციო წესით გაასაჩივრეს, მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.

კასატორების მტკიცებით, სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ კრედიტის დაფარვის დაგვიანება ფორსმაჟორული გარემოებებით იყო განპირობებული, კერძოდ, მოპასუხეები უცხოელი ინვესტორები არიან და 2008 წლის ეკონომიკურმა კრიზისმა გავლენა მოახდინა მათ მიერ ვალდებულების შესრულებაზე, გარდა ამისა, სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 627-ე მუხლი და არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი არ არსებობდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ უ. მ. მ-ტ III-ის, ნ. ფ-იას, შპს «... სერვისის» და შპს «ი. ს-ს» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებზე დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას უ. მ. მ-ტ III-ის, ნ. ფ-იას, შპს «... სერვისის» და შპს «ი. ს-ს» საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (6 000 ლარის) 70% - 4200 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. უ. მ. მ-ტ III-ის, ნ. ფ-იას, შპს «... სერვისის» და შპს «ი. ს-ს» საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს დაუბრუნდეთ ე. შ-ვას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (6 000 ლარის) 70% - 4200 ლარი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.