Facebook Twitter

ას-390-363-2010 30 სექტემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – თ. ხ-ავა, თ. მ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ჟ. მ-ძე

დავის საგანი – ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ჟ. მ-ძემ თ. ხ-ავას მიმართ საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლების შესახებ. შეგებებული სარჩელი აღძრა თ. მ-ძის წარმომადგენელმა თ. ხ-ავამ ჟ. მ-ძის მიმართ საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ.

2009 წლის 1 დეკემბრის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ჟ. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, თ. ხ-ავას უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული, ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში მდებარე საცხოვრებელი სახლი. დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის მქონე მესამე პირს - თ. მ-ძეს უარი ეთქვა ჟ. მ-ძის მიმართ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილებაზე და მის საცხოვრებელ ადგილად ჟ. მ-ძის საკუთრებად აღრიცხული სახლ-კარის აღიარებაზე.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს თ. ხ-ავამ და თ. მ-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში მდებარე სადავო ქონების მესაკუთრეა მოსარჩელე ჟ. მ-ძე. თ. ხ-ავა მის არასრულწლოვან შვილთან თ. მ-ძესთან ერთად ცხოვრობს ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში, ჟ. მ-ძის საცხოვრებელ სახლში. თ. მ-ძე არის ლ. მ-ძისა და თ. ხ-ავას შვილი, ხოლო ჟ. მ-ძე არის ლ. მ-ძის ბებია. ლ. მ-ძის, თ. ხ-ავას, თ. მ-ძისა და ჟ. მ-ძის ერთ ოჯახად ცხოვრების პერიოდში სადავო სახლს ჩაუტარდა გარკვეული გაუმჯობესება. მესაკუთრესა და მფლობელს შორის არსებობს კონფლიქტი, ასევე დადგენილია, რომ თ. მ-ძეს ჰყავს ბებია და პაპა, როგორც დედის, ასევე მამის მხრიდან და მათ აქვთ საცხოვრებელი სახლები. საცხოვრებელი სახლი აქვს ასევე არასრულწლოვან თ. მ-ძის მამას – ლ. მ-ძეს, რომელიც თავისი მამის ა. მ-ძის სახელზე აღრიცხული კომლის წევრი და თანამესაკუთრეა. განსახილველ შემთხვევაში, თ. ხ-ავას მიერ ვერ იქნა მითითებული ვერც ერთი სამართლებრივი საფუძველი, რაც მის მიერ სადავო ნივთის ფლობის მართლზომიერებაზე მიუთითებს.

აღნიშნულ გაადწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს თ. ხ-ავამ და თ. მ-ძემ და მიუთითეს, რომ გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, კერძოდ, სასამართლოს არ დაუდგენია ჰქონდა თუ არა თ. ხ-ავას სადავო სახლ-კარის გაუმჯობესებისა და ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება და დაკმაყოფილდა თუ არა მისი მოთხოვნები ამასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სასამართლოს არ შეუმოწმებია ხომ არ არსებობდა სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლით დადგენილი პირობა, რომელიც თ. ხ-ავას უფლებას აძლევდა უარი ეთქვა ნივთის დაბრუნებაზე. თ. ხ-ავა სადავო სახლ-კარს ფლობდა მართლზომიერად და აუმჯობესებდა მას. სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლის შესაბამისად კი, კასატორების აზრით, თ. ხ-ავას, როგორც მართლზომიერ მფლობელს არ შეიძლება მოეთხოვოს ნივთის დაბრუნება. სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის თანახმად კი, მას არ შეიძლება მოეთხოვოს ნივთის დაბრუნება, ვიდრე არ ანაზღაურდება სახლ-კარის გაუმჯობესებისა და კეთილმოწყობისათვის გაწეული ხარჯები, ასევე სასამართლომ არ გაითვალისწინა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით დადგენილი საკუთრების შინაარსი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ხ-ავასა და თ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას თ. ხ-ავასა და თ. მ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. ხ-ავასა და თ. მ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

თ. ხ-ავას დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (300 ლარის) 70% - 210 ლარი;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.