¹ას-39-34-2011 21 იანვარი, 2011 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: Pპ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შ. მ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. მ-ელი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივნისის განჩინება
დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება, იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაცია
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 11 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ელის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე შ. მ-შვილს მ. მ-ელის სასარგებლოდ დაეკისრა 7500 ევროს გადახდა, დავალიანების გახდის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა შ. მ-შვილის სახელზე რიცხული უძრავი ქონება მდებარე ქ.ბათუმი, ... ქ.¹38, ბინა ¹27.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა შ. მ-შვილმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 30 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შ. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა შ. მ-შვილმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივნისის განჩინებით შ. მ-შვილის საჩივარი ამავე სასამართლოს 2010 წლის 30 აპრილის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. მ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 ივნისის განჩინების ასლი შ. მ-შვილს მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ორჯერ, 2010 წლის 29 ივნისსა და 2010 წლის 05 ივლისს. საქმეში არსებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ 2010 წლის 30 ივნისის და 11 ივლისის შეტყობინების ბარათებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს გზავნილები ადრესატს ვერ ჩაბარდა მითითებულ მისამართზე მისი არყოფნის გამო (იხ. ტომი 2, ს.ფ. 97, 99-103). ამდენად, ვინაიდან შ. მ-შვილს მის მიერ მითითებულ მისამართზე ორჯერ გაეგზავნა და ვერ ჩაბარდა სასამართლო გზავნილი, ამიტომ კანონის ზემოთ დასახელებული ნორმების საფუძველზე, გზავნილი მისთვის ჩაბარებულად ითვლება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი საპროცესო ვადის დინება მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2010 წლის 12 ივლისს და დასრულდა 2010 წლის 12 აგვისტოს. კასატორის მიერ საკასაციო საჩივარი შეტანილია 2010 წლის 30 დეკემბერს, ანუ საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე იმ გარემოებას, რომ შ. მ-შვილს, მისივე განცხადების საფუძველზე, 2010 წლის 12 ოქტომბერს გადაეცა საქმის მასალების ასლები ორ ტომად, მათ შორის, გასაჩივრებული განჩინებაც (ტომი 2, ს.ფ. 106). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული თარიღიდანაც გასულია საკასაციო საჩივრის შტანის ერთთვიანი ვადა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.