Facebook Twitter

ას-394-367-2010 28 ივნისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ლ. ლაზარაშვილი, ვ. როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ მ. ბ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ გ. ს-შვილი, მ. ჩ-ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ბ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ჩ-ძისა და გ. ს-შვილის მიმართ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების დავალდებულების, კერძოდ, ძირითადი თანხის _ 3000 აშშ დოლარისა და სარგებლის _ 15 თვის მანძილზე დარიცხული სესხის ძირითადი თანხის 4%-ის _ 1800 აშშ დოლარის, სულ 4800 აშშ დოლარის მოპასუხეთათვის სოლიდარულად დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2008 წლის აპრილში მოსარჩელემ მოპასუხეებს აგვისტოს ბოლომდე ასესხა 3000 აშშ დოლარი, თუმცა მათ ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებიათ.

მოპასუხეებმა სარჩელი ნაწილობრივ _ მ.ჩ-ძის მიერ 2000 აშშ დოლარის სესხების ნაწილში ცნეს, ხოლო გ. ს-შვილის მიერ სესხის მიღებისა და მისთვის სარგებლის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში მოითხოვეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თერჯოლის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ.ბ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს _ მ. ჩ-ძესა და გ. ს-შვილს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ სესხად აღებული 2000 აშშ დოლარისა და მასზე დარიცხული 15 თვის პროცენტის _ 1200 აშშ დოლარის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ს-შვილმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით გ.ს-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გ.ს-შვილისათვის მ.ბ-ძის სასარგებლოდ მ.ჩ-ძესთან სოლიდარულად თანხის დაკისრების ნაწილში გაუქმდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. ბ-ძის სარჩელი გ. ს-შვილის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველი დავა უნდა მოწესრიგდეს ვალდებულებითი სამართლით გათვალისწინებული სასესხო ურთიერთობის ნორმებით, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს შორის წარმოშობილი ურთიერთობაა. პალატის მითითებით, ვალდებულებითი სამართლის მეცხრე თავი აწესრიგებს მხარეთა შორის წარმოშობილ სასესხო ურთიერთობებს. სამოქალაქო კოდექსის 623-624-ე მუხლების შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება ცალმხრივი და რეალური ხასიათის ხელშეკრულებაა. მისი მონაწილეებიდან მხოლოდ ერთი მხარე კისრულობს განსაზღვრული მოქმედების შესრულებას – სესხის დაბრუნებას, მეორე მხარე, გამსესხებელი კი უფლებამოსილია, მსესხებლისაგან მოითხოვოს ნასესხების დაბრუნება. სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.

სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ნასესხები თანხის დაკისრებას ითხოვს მოპასუხეებისათვის სოლიდარულად, მაშინ, როდესაც წერილობითი ხელშეკრულება გ. ს-შვილის ვალდებულების არსებობის შესახებ წარდგენილი არ ყოფილა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ დავის არსებობისას სესხის ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება, თუ იგი გაფორმდა წერილობითი ფორმით. საქმეში არსებული მტკიცებულებებით, სახელდობრ, წარმოდგენილი ხელწერილებით გ. ს-შვილის ვალდებულება მოსარჩელის მიმართ არ დასტურდება. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი ხელწერილების შეფასების შედეგად პალატამ დაასკვნა, რომ მ. ბ-ძისაგან თანხა ისესხა მხოლოდ მ. ჩ-ძემ. სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების თანახმად, სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მას თანხის გადახდის სოლიდარული ვალდებულება მ. ბ-ძის სასარგებლოდ არ გააჩნია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ბ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ კასატორსა და გ.ს-შვილს შორის სესხის ხელშეკრულება დაიდო ზეპირად, შესაბამისად, მოპასუხეები წარმოადგენდნენ სოლიდარულ მოვალეებს. სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ხელწერილი, რომლითაც ირკვევა, რომ თანხა კასატორს უნდა გადაუხადოს გ.ს-შვილმა. გ.ჩ-ძის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, მ.ბ-ძე მხოლოდ მას თანხას არ ასესხებდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განჩინებით მ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. ბ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემული საკასაციო საჩივრის საგანია სასესხო ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე პირებზე სოლიდარული ვალდებულების გავრცელების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველ ნაწილს, 623-624-ე, 463-464-ე მუხლებს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ მ. ბ-ძეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2010 წლის 24 მაისს გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ბ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

კასატორ მ. ბ-ძეს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი _ 210 ლარი.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.