ბს-1161-736 (კ-05) 17 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),
გ. ქაჯაია
სარჩელის საგანი: საკომპენსაციო თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
2005წ. 4 მარტს მ. მ-ემ სარჩელი შეიტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და აღნიშნა, რომ ქუთაისში, ... ქუჩაზე მდებარე ¹73 სახლი მიიღო მემკვიდრეობით მამისაგან. ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს რაიაღმასკომის 1989წ. გადაწყვეტილებით, საფიჩხიის მოედნის მოწყობის მიზნით, აღებულ იქნა მისი სახლი და უნდა მისცემოდა სანაცვლოდ კომპენსაცია. სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი შეფასდა 7307 მანეთად, რაც არ მიუღია. მოსარჩელემ დღევანდელი კურსის გათვალისწინებით მოითხოვა, ქუთაისის მერიას დაკისრებოდა მის სასარგებლოდ 12158 დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა და ასევე _ მიყენებული ზიანისათვის, რაც გამოიხატა კომპენსაციის თავის დროზე მიუღებლობის გამო, საცხოვრებელი პირობების გაუარესებასა და ზედმეტად გაწეულ ხარჯებით, 5000 ლარის ანაზღაურება.
მოპასუხე ქ. ქუთაისის მერიამ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 20 აპრილის გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2005წ. 20 აპრილის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ქუთაისის მერიას მ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 12158 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა, ხოლო, რაც შეეხება მოთხოვნას 5000 ლარის ზიანის ანაზღაურების ნაწილში, მ. მ-ის სარჩელი შემდეგი მოტივით არ დაკმაყოფილდა:
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1989წ. ¹9.26.265 გადაწყვეტილებაში მითითებული მ. ი-ე არის მ. მ-ე. სააპელაციო პალატამ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, საფიჩხიის მოედნის რეკონსტრუქციის მეორე რიგის სამუშაოების ჩატარების მიზნით, დადგინდა ... საცხოვრებელი სახლისა და შენობა-ნაგებობის აღება, აგრეთვე, ხილ-კენკროვანი ნარგავების შემფასებელ კომისიას დაევალა მოქმედ ფასებში საცხოვრებელი სახლისა და საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არსებული ხილ-კენკროვანი ნარგავების შეფასება. დადგინდა, რომ შეფასების თანხა შეტანილი უნდა ყოფილიყო საფიჩხიის მოედნის კეთილმოწყობისა და რეკონსტრუქციის მეორე რიგის სახარჯთაღრიცხვო ღირებულებაში.
სააპელაციო პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ შენობა-ნაგებობა შეფასდა 7307 მანეთად, აგრეთვე, ისიც, რომ ზემოთ აღიშნული, აღმასკომის 1989წ. აპრილის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სახლი უნდა აღებულიყო საფიჩხიის მოედნის კეთილმოწყობის გამო და ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოხდა კერძო საკუთრების ჩამორთმევა საზოგადოებრივი საჭიროებისათვის. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ქუთაისის მერიის პოზიცია, რომ თითქოს ტექბიუროს ცნობაში აღნიშნული 7307 მანეთი რეალობას მოკლებულია და ამის საფუძვლად მან მიუთითა აღმასკომის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე შემფასებელი კომისიის დასკვნაზე, რომ მ. მ-ის სახლი და ხილ-კენკროვანი ნარგავები 1989 წელსვე შეფასდა 7307 მანეთად.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა ქუთაისის მერიისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს პოზიცია, თითქოს მოცემული დავა ხანდაზმულია. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ სადავო სახლი დაინგრა 1999წ. ივლის-აგვისტოში, სარჩელი კი შეტანილია 2005წ. 4 მარტს. სასამართლომ მიუთითა კონსტიტუციის 21-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც საკუთრების ჩამორთმევა ექვემდებარება აუცილებელ კომპენსაციას. ამასთან, 1989წ. აღმასკომის გადაწყვეტილებაში არაა მითითებული, თუ რა ვადაში უნდა აღებულიყო მოსარჩელის სახლი, ასევე არაა მითითებული, თუ რა ვადაში უნდა მიცემულიყო კომპენსაცია. სასამართლომ მიუთითა სკ-ის 305-ე, 128-ე, 130-ე მუხლებზე და დაადგინა, რომ მოთხოვნა არ არის ხანდაზმული. სასამართლომ გამოიყენა სკ-ის 411-ე, 412-ე მუხლები და მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში მიიჩნია უსაფუძვლოდ.
ქ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ქუთასიის მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 129-ე, 130-ე და 365-ე მუხლები, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი, ასევე არასწორად არის განმარტებული და გამოყენებული 1964წ. სკ-ის მე-80 მუხლიც. სასამართლომ უხეშად დაარღვია სსკ-ის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები. კასატორის აზრით, მ. მ-ის სარჩელი ხანდაზმულია და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას.
მოწინააღმდეგე მხარის, მ. მ-ის, წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებულობის მოტივით არ ცნეს, მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 ივნისის გადაწყვეტილება და კომპენსაციის თანხის განსაზღვრის ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
ვინაიდან კასატორს ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო პალატისათვის სავალდებულოა წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებზე დაყრდნობით სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ. ქუთაისში, ... მდებარე კერძო სახლთმფლობელობა, კანონისმიერი მემკვიდრეობით 1985 წელს მიიღო მოწინააღმდეგე მხარემ (მოსარჩელე) მ. მ-ემ. ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1989წ. ¹9.21.265 გადაწყვეტილებით, საფიჩხიის მოედნის კეთილმოწყობისა და რეკონსტრუქციის მიზნით, სხვა საცხოვრებელ სახლებთან ერთად გადაწყდა ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის აღება (პუნქტი 1.2). ამავე გადაწყვეტილებით, მ. მ-ეს (ი-ე) ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის ბუაჩიძის ქუჩაზე გამოეყო მიწის ნაკვეთი (პუნქტი 1.5), ხოლო შენობა-ნაგებობათა და ხილ-კენკროვანი ნარგავების შემფასებელ კომისიას დაევალა მოქმედ ფასებში მ. მ-ის (ი-ის) საცხოვრებელი სახლისა და საკარმიდამო ნაკვეთში არსებული ხილ-კენკროვანი ნარგავების შეფასება (პუნქტი 2). კომისიის მიერ მ. მ-ის საცხოვრებელი სახლი და ნარგავები 1989წ. ივლისში შეფასდა 7307 მანეთად, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი შეფასების აქტითა და ქ. ქუთაისის ტექბიუროს ცნობით. სააპელაციო პალატის მიერ ასევე დადგენილია, რომ საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განთავსებული იყო ქუთაისის მუნიციპალიტეტი, მეორე სართული მ. მ-ეს გაქირავებული ჰქონდა, ხოლო სახლი დაანგრიეს 1999წ. ივლის-აგვისტოში.
საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით, საკუთრების უფლება აღიარებულია სახელმწიფოს მიერ და უზრუნველყოფილია მისი ხელშეუხებლობა, ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია საკუთრების ჩამორთმევა მხოლოდ სათანადო ანაზღაურებით, რაც ასევე დადგენილია “აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” კანონის მე-3 მუხლში. ერთ საცხოვრებელ სახლზე მოქალაქის პირადი საკუთრების უფლება აღიარებული და დაცული იყო 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 103-ე მუხლისა და 104-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს რესპუბლიკის საბინაო კოდექსით, რომლის 157-ე მუხლი აგრეთვე ითვალისწინებდა საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საცხოვრებელი სახლების აღებისას სანაცვლო ფულადი კომპენსაციის მიღების წესს. ამიტომ მ. მ-ის მოთხოვნა, საფიჩხიის მოედნის კეთილმოწყობისა და რეკონსტრუქციის მიზნით, ქუთასის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1989წ. ¹9.21.265 გადაწყვეტილებით ჩამორთმეული კერძო სახლთმფლობელობის საკომპენსაციო თანხის ანაზღაურების შესახებ კანონიერია და შეესაბამება, როგორც იმჟამად მოქმედ, ასევე ახლა მოქმედ კანონმდებლობას.
საკასაციო პალატა უსაფუძვლობის მოტივით ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას მ. მ-ის სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ და სავსებით ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დაცვით აღძვრის თაობაზე, ვინაიდან სახლთმფლობელობის ჩამორთმევის შესახებ ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1989წ. ¹9.21.265 გადაწყვეტილებაში არ არის განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის გაცემის კონკრეტული ვადა. ამასთან, მ. მ-ისათვის ჩამორთმეული სახლი დაინგრა გადაწყვეტილების მიღებიდან 10წ. შემდეგ, 1999წ. ივლის_აგვისტოში. სახლის დანგრევის დროს მოქმედი სკ-ის 365-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო, კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება. კრედიტორის მიერ ვალდებულების ნებისმიერ დროს შესრულების მოთხოვნის უფლება ასევე იყო გათვალისწინებული 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 169-ე მუხლითაც, იმ ვალდებულებების შესრულებისათვის, რომლის შესრულების ვადა მხარეთა მიერ არ იყო დადგენილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან ქუთაისის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1989წ. ¹9.21.265 გადაწყვეტილებით არ იყო გათვალისწინებული ჩამორთმეული სახლის საკომპენსაციო თანხის მ. მ-ისათვის ანაზღაურების კონკრეტული ვადა და თავად სახლი დაანგრიეს 1999 წელს, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. მ-ის მიერ სარჩელის ხანდაზმულობის ვადის დაცვით აღძვრის შესახებ და საკასაციო საჩივარს სარჩელის ხანდაზმულობის დარღვევით აღძვრისა და, შესაბამისად, მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, უსაფუძვლობის გამო, ვერ გაიზიარებს.
ქუთასის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სასამართლომ აღნიშნა, რომ შემფასებელი კომისიის მიერ სახლი და ნარგავები შეფასებულ იქნა 7307 მანეთად, რაც კურსის გათვალისწინებით არის 12158 აშშ დოლარი, ამიტომ უნდა მოხდეს ამ თანხის ანაზღაურება ლარებში. საკასაციო პალატა თვლის, რომ საკომპენსაციო თანხის განსაზღვრის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია სსკ-ის 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის დარღვევით, რადგან მასში საერთოდ არ არის მითითებული კანონი, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანისას, რაც, ამავე კოდექსის 394-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, წარმოადგენს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს, ვინაიდან ამ ნაწილში გადაწყვეტილება იურიდიულად იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კომპენსაციის თანხის განსაზღვრის ნაწილში უნდა გაუქმდეს ქუთასისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 ივნისის გადაწყვეტილება და ამ ნაწილში ხელახლა არსებითად განსახილველად საქმე უნდა დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ქუთაისის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნაწილობრივ გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 ივნისის გადაწყვეტილება და კომპენსაციის თანხის განსაზღვრის ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.