ას-394-374-2011 10 მაისი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ ჯ. ბ-ვი
მოწინააღმდეგე მხარეები _ ზ. გ-ვა, ზო. გ-ვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი _ თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 5 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ჯ. ბ-ვმა მოპასუხეების _ ზ. გ-ვასა და ზო. გ-ვას მიმართ. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა საჯარო რეესტრში ზ. გ-ვასა და ზო. გ-ვას სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, თბილისში, ... მასივის მე-3 კვარტლის მე-3 კორპუსში მდებარე ¹12 ბინის 1/2 ნაწილზე მესაკუთრედ ცნობა.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ სადავო ბინა წარმოადგენდა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას, კერძოდ, იგი შეძენილ იქნა მეუღლეთა ფაქტობრივი ცოლ-ქმრული ურთიერთობის დროს (ტომი 1, ს.ფ. 2-14, 49-51).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ჯ. ბ-ვის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება _ ყადაღა მოეხსნა თბილისში, ... მასივის მე-3 კვარტლის მე-3 კორპუსში მდებარე ¹12 ბინას, რომელიც საჯარო რეესტრის ცნობის თანახმად რეგისტრირებული იყო ზ. გ-ვასა და ზო. გ-ვას საკუთრებაში.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1970 წლის 5 თებერვალს ჯ. ბ-ვი რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდა ზ. გ-ვასთან;
ჯ. ბ-ვი და ზ. გ-ვა განქორწინდნენ 1972 წლის 29 ივნისს;
თბილისის ლენინის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, 1973 წლის 17 სექტემბერს ზ. გ-ვას სახელზე გაიცა ორდერი ¹017359, რომლითაც მას სარგებლობაში გადაეცა უძრავი ქონება, კერძოდ, თბილისში, ... მასივის მე-3 კვარტლის მე-3 კორპუსში მდებარე ¹12 ბინა. ორდერში მითითებულ იქნენ ასევე ჯ. ბ-ვი და ზო. ბ-ვი. ჯ. ბ-ვი სადავო ბინის რეგისტრაციიდან მოიხსნა 1979 წელს;
1992 წლის 25 აგვისტოს პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, ზ. გ-ვას უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაეცა სადავო ბინა;
2003 წლის 28 აგვისტოს ზ. გ-ვა გარდაიცვალა;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ზ. გ-ვას დების – ზ. და ზო. გ-ვების სარჩელი, ისინი ცნობილ იქნენ სადავო ბინის მესაკუთრეებად. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, ჯ. ბ-ვი გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, ხოლო მის საფუძველზე მოპასუხეები აღირიცხნენ სადავო ბინის მესაკუთრეებად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ქონება წარმოადგენდა მეუღლეთა თანასაკუთრებას. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეულის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.
სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 1158-ე და 1159-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ თანამესაკუთრედ ცნობის საფუძველს წარმოადგენს მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში მეუღლეთა მიერ შეძენილი ქონება, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდებოდა, ვინაიდან დგინდებოდა, რომ ჯ. ბ-ვი და ზ. გ-ვა განქორწინდნენ 1972 წლის 29 ივნისს, ხოლო ზ. გ-ვა სადავო ქონების მესაკუთრე გახდა 1973 წლის 17 სექტემბერს გაცემული ორდერისა და 1992 წლის 25 აგვისტოს პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, ანუ ზ. გ-ვამ სადავო ქონებაზე საკუთრება მოიპოვა განქორწინების შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, სადავო ქონების წილზე მესაკუთრედ ცნობასთან დაკავშირებით, მოკლებული იყო სამართლებრივ საფუძველს (ტომი 1, ს.ფ. 243-247).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჯ. ბ-ვმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (ტომი 1, ს.ფ. 265-274).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 5 იანვრის განჩინებით ჯ. ბ-ვის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქმის მასალებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ჯ.ი ბ-ვი 1970 წლის 5 თებერვალს რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდა ზ. გ-ვასთან, ხოლო განქორწინების რეგისტრაცია განხორციელდა 1972 წლის 29 ივნისს;
ჯ.ი ბ-ვის და ზ. გ-ვას განქორწინების რეგისტრაციის შემდეგ, 1973 წლის 17 სექტემბერს თბილისის ლენინის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, ზ. გ-ვას სახელზე გაიცა ორდერი ¹017359, რომლითაც მას სარგებლობაში გადაეცა უძრავი ქონება, კერძოდ, თბილისში, ... მასივის მე-3 კვარტლის მე-3 კორპუსში მდებარე ¹12 ბინა. ორდერში მითითებულ იქნენ ასევე ჯ.ი ბ-ვი და ზო. ბ-ვი. ჯ.ი ბ-ვი სადავო ბინის რეგისტრაციიდან მოიხსნა 1979 წელს, ხოლო ზ. გ-ვას, სადავო ბინა საკუთრებაში უსასყიდლოდ გადეცა 1992 წლის 25 აგვისტოს, პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე;
2003 წლის 28 აგვისტოს ზ. გ-ვა გარდაიცვალა;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ზ. გ-ვას დების – ზ. და ზო. გ-ვების სარჩელი, ისინი ცნობილ იქნენ სადავო ბინის მესაკუთრეებად. ამავე გადაწყვეტილების თანახმად, ჯ.ი ბ-ვი გამოსახლებულ იქნა სადავო ბინიდან. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. გადაწყვეტილების საფუძველზე, მოპასუხეები აღრიცხულნი არიან სადავო ბინის მესაკუთრეებად.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ორდერში, რომლის საფუძველზეც გადაეცა ბინა ზ. გ-ვას, ჯ. ბ-ვი მითითებული იყო, როგორც აღრიცხვაზე მყოფი და აპელანტი და ზ. გ-ვა იმყოფებოდნენ ფაქტობრივ ქორწინებაში, ვინაიდან, თანამესაკუთრედ ცნობის საფუძველს წარმოადგენს მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში მეუღლეთა მიერ შეძენილი ქონება. ამდენად, თანასაკუთრების უფლების მოპოვებისათვის აუცილებელია, რომ ქონება შეძენილ იქნეს მეუღლეთა მიერ, რომელთა ქორწინებაც რეგისტრირებულია სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1151-ე მუხლების შესაბამისად. მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ ზ. გ-ვამ სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება მოიპოვა ჯ. ბ-ვთან განქორწინების შემდგომ, რის გამოც არ არსებობდა მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობისათვის აუცილებელი საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმის ფაქტობრვი გარემოებები დაადგინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმების დაცვით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში სწორად გამოიყენა სამართლის ნორმები და კანონის დაცვით მიიღო გადაწყვეტილება ჯ. ბ-ვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (ტომი 2, ს.ფ. 32-38).
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 5 იანვრის განჩინება ჯ. ბ-ვმა საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
საკასაციო საჩივრის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ თბილისში, ... მასივის მე-3 კვარტლის მე-3 კორპუსში მდებარე ¹12 ბინის მიღების საფუძველს ჯ. ბ-ვის, ზ. გ-ვასა და ლამარა გ-ვას მიერ, წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ჯ. ბ-ვი თავის დასთან ზო. (ლამარა) ბ-ვასთან ერთად იმყოფებოდა საბინაო ფართის მიღების აღრიცხვაზე კიროვის სახელობის ჩარხმშენებელ ქარხანაში და თბილისის ყოფილი ლენინის რაიონის აღმასკომში. თბილისის ლენინის რაისაბჭოს აღმსაკომმა სადავო ბინაზე გასცა შესაბამისი ორდერი ჯ. ბ-ვის, ზო. (ლ.) ბ-ვასა და ზ. გ-ვასა სახელზე, რამდენადაც ეს უკანასკნელი განქორწინების მიუხედავად ფაქტობრივ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში იმყოფებოდა ჯ. ბ-ვთან, ისინი აწარმოებდნენ ერთობლივ საოჯახო საქმიანობას, რაც ცნობილი იყო შრომით კოლექტივში. საქმის განმხილველმა სასამართლოებმა ასევე ყურადღება არ მიაქციეს იმ გარემოებაზე, რომ თბილისში, ... მასივის მე-3 კვარტლის მე-3 კორპუსში მდებარე ¹12 ბინაში, მისი მიღების შემდგომ, იმთავითვე დარეგისტრირდა ჯ. ბ-ვი, ხოლო ბინიდან ამოწერის მიუხედავად მასში უწყვეტად ცხოვრობდა თითქმის 40 წლის განმავლობაში. ამდენად, მოსარჩელე ფაქტობრივად წარმოადგენს ამ ბინის თანამესაკუთრეს.
კასატორი განმარტავს, რომ მართალია განქორწინება ფორმალურად მოხდა, თუმცა იგი და ზ. გ-ვა ფაქტობრივად კვლავ ერთად ეწეოდნენ ერთობლივ სამეურნეო საქმიანობას. სადავო ბინა მათ მიიღეს თანსაკუთრებაში, ამის შემდეგ ბინაში ჯ. ბ-ვმა შეასრულა გარკვეული შიდა სამუშაოები, გაიყვანა გაზი, დენი და სხვა კომუნიკაციები, რასაც სასამართლოებმა ყურადღება არ მიაქციეს (ტომი 2, ს.ფ. 43-50).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 მარტის განჩინებით ჯ. ბ-ვის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ბ-ვის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჯ. ბ-ვის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.