Facebook Twitter

ას-395-368-2010 7 ივნისი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ თ. ა-ძე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ რ. ხ-შვილი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინება

დავის საგანი _ ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 2 ოქტომბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა თ. ა-ძემ მოპასუხე რ. ხ-შვილის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე რ. ხ-შვილზე მათი მცირეწლოვანი შვილის _ ლ. ხ-შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის დაკისრება, სრულწლოვანების მიღწევამდე.

მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2006 წლის 10 აპრილიდან იმყოფებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში რ. ხ-შვილთან, 2007 წლის 17 იანვარს შეეძინათ შვილი ლ. ხ-შვილი. შემდგომ მეუღლეები დაშორდნენ. 2008 წლის 29 ივლისიდან მოსარჩელე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება თ. მ-შვილთან, რომელთანაც 2009 წლის 11 სექტემბერს შეეძინა შვილი ნ. მ-შვილი. არასრულწლოვანი ლუ. ხ-შვილი ცხოვრობს დედასთან, მოსარჩელე თ. ა-ძესთან, რომელიც ამჟამად არსად არ მუშაობს, უვლის ორ შვილს და არ გააჩნია საარსებო წყარო, რ. ხ-შვილი კი მცირეწლოვანი ლ. ხ-შვილს არანაირ მატერიალურ დახმარებას არ უწევს (ს.ფ. 2-4).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ა-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რ. ხ-შვილს დაეკისრა მისი შვილის, 2007 წლის 17 იანვარს დაბადებული ლ. ხ-შვილის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა 2009 წლის 02 ოქტომბრიდან ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით მისი სრულწლოვანების მიღწევამდე (ს.ფ. 59-63).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ა-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება. აპელანტი მიუთითებდა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელი ხდება მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, კერძოდ, გადაწყვეტილებით ვერ საბუთდება, თუ რატომ უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს 100 ლარის ოდენობის ალიმენტი და არა მის მიერ სარჩელში მითითებული თანხის ოდენობა, ასევე სასამართლომ არ გამოიკვლია, მუშაობდა თუ არა მოპასუხე და გააჩნდა თუ არა მას რაიმე სახის შემოსავალი და არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ რ. ხ-შვილი ტაქსის მძღოლად მუშაობს (ს.ფ. 73-81).

მოპასუხე რ. ხ-შვილმა ასევე შეიტანა სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე. მან აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ალიმენტის 50 ლარამდე შემცირება მოითხოვა (ს.ფ. 110-118).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინებით რ. ხ-შვილის სააპელაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ რ. ხ-შვილის სააპელაციო საჩივრის ღირებულება არ აღემატებოდა 1000 ლარს, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივარი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ღირებულება აღემატება 1000 ლარს (ს.ფ. 133-136).

ქუთაისის საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინებით თ. ა-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ რ. ხ-შვილი ტაქსის მძღოლად მუშაობს, რადგან ამის დამადასტურებელი რაიმე წერილობითი მტკიცებულება მხარეს საქმეში არ წარმოუდგენია (ს.ფ. 137-141).

ქუთაისის საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ა-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორმა მიუთითა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ შეუძლებელი ხდება მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება, კერძოდ გადაწყვეტილებით ვერ საბუთდება, თუ რატომ უნდა დაეკისროს მოპასუხეს 100 ლარის ოდენობის ალიმენტი და არა მის მიერ სარჩელში მითითებული თანხის ოდენობა, ასევე სასამართლომ არ გამოიკვლია ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, მუშაობდა თუ არა მოპასუხე და გააჩნდა თუ არა მას რაიმე სახის შემოსავალი (ს.ფ. 148-154).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ა-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ. გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, თ. ა-ძის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება განსახილველად დაშვებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ა-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.