Facebook Twitter

ას-395-375-2011 16 მაისი, 2011 წელი

¹ ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ვ. ა-იანი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ფ. ტ-იანი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი _ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ფ. ტ-იანმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. ა-იანის მიმართ სესხად მიცემული თანხის _ 4000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 7320 ლარის დაბრუნების მოთხოვნით შემდეგი გარემოებების გამო:

2007 წლის 25 ივნისსს მოსარჩელემ ერთი წლის ვადით ვ. ა-იანს სასხად გადასცა 4000 აშშ დოლარი, რის თაობაზეც სანოტარო წესით შედგა სესხის ხელშეკრულება, ხოლო მოპასუხეს ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებია.

მოპასუხე ვ. ა-იანმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

2007 წლის ივნისში ვ.ა-იანმა 4000 აშშ დოლარი ისესხა არა ფ. ტ-იანის, არამედ მისი შვილის _ ს. ტ-იანისაგან. შეთანხმების თანახმად, მოვალეს სესხი ნაწილ-ნაწილ უნდა დაებრუნებინა ერთი წლის ვადაში, რასაც ახორციელებდა კიდეც კეთილსინდისიერად და თანხას ლ. და ა. ტ-იანებს გადასცემდა ს. ტ-იანთან შეთანხმების შესაბამისად. მოპასუხემ ვალი სრულად გადაუხადა გამსესხებელს. თანხის სრულად დაბრუნების შემდეგ მოპასუხეს მოსთხოვეს პროცენტის გადახდა, რაზეც უარი განაცხადა, ვინაიდან მხარეები სარგებელზე არ შეთანხმებულან და სწორედ აღნიშნული გახდა სასამართლოსათვის მომართვის საფუძველი. მოპასუხის განმარტებით, ს. ტ-იანი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა და მისი თხოვნით ვალის აღიარების თაობაზე განცხადებაში ამიტომაცაა მითითებული განსესხებლად ფ. ტ-იანი.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ფ. ტ-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით ფ. ტ-იანის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ფ. ტ-იანის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე ვ. არუთიუნიანს ფ. ტ-იანის სასარგებლოდ დაეკისრა 3400 აშშ დოლარის გადახდა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ ვ. ა-იანთანი სესხის ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენდა არა ფ. ტ-იანი, არამედ ტ-იანების ოჯახი, კერძოდ, ს. ტ-იანი, ხოლო ვალი ფორმალურად გაფორმდა სანოტარო წესით ფ. ტ-იანის სახელზე. სასამართლომ მიუთითა საქმეში არსებულ 2007 წლის 25 ივნისის ვალის აღიარების ხელწერილზე და დადგენილად მიიჩნია, რომ ვ. ა-იანმა სწორედ ფ. ტ-იანისგან ისესხა 4000 აშშ დოლარი. სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლზე და განმარტა, რომ ვ. ა-იანსა და ს. ტ-იანს შორის სესხის ურთიერთობის არსებობის დასადასტურებლად მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები ვერ გამოდგება. აპელანტისათვის 600 აშშ დოლარის დაბრუნების ფაქტობრივი გარემოება დასტურდება თვით აპელანტის აღიარებით, რაც პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას დადასტურდა მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მიერ. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოება, რომ მხარეებს შორის სესხის პროცენტზე შეთანხმება არ დასტურდება და მოპასუხის მიერ გადახდილი 600 აშშ დოლარი უნდა გამოაკლდეს სესხის ძირითად თანხას.

სასამართლომ დაუსაბუთებლობის გამო არ გაიზიარა მოპასუხის მიერ სესხის დაბრუნების ფაქტი, ამასთან პალატის მითითებით, ის გარემოება, რომ ნებადართული იყო თანხის გადაცემა ა. ტ-იანის მეშვეობით მ. ტ-იანისათვის გადასაცემად, ფ. ტ-იანის მიმართ სასესხო ვალდებულების შესრულების დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ გამოდგება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება სესხის სარგებელთან დაკავშირებით მხარეთა შორის შეთანხმების არარსებობის თაობაზე, შესაბამისად, აპელანტის მიერ დადასტურებული ფაქტობრივი გარემოება _ 600 აშშ დოლარის მიღების თაობაზე წარმოადგენს სესხის ძირითადი თანხიდან 4000 აშშ დოლარიდან 600 აშშ დოლარის ვ. ა-იანის მიერ დაფარვის მტკიცებულებას.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით და განმარტა, რომ ფაქტობრივი გარემოება ვალის გადახდის შესახებ წარმოადგენს მოვალის (მოპასუხე მხარის) მტკიცების ტვირთს, რაც განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ ვერ იქნა დადასტურებული. კერძოდ, საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება ფ. ტ-იანისათვის 3400 (4000-600) აშშ დოლარის გადახდის დასადასტურებლად, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის 3400 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანი, დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ა-იანმა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ფ.ტ-იანისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ საქმის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ვ.ა-იანს დააკისრა თანხის _ 3400 აშშ დოლარის გადახდა ფ.ტ-იანის სასარგებლოდ ისე, რომ სასამართლოს არ გამოურკვევია ვალდებულების წარმოშობის დროისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი აშშ დოლარის ლართან მიმართებაში, კასატორის მითითებით, სასამართლო ვალდებული იყო თანხის გადახდა დაეკისრებინა ეროვნულ ვალუტაში, რადგანაც კურსის სხვაობის გამო, მას დაუსაბუთებლად ადგება ზიანი, რაც სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლის დარღვევაა.

სასამართლომ არასწორად დაადგინა სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი, რადგანაც კასატორს არ დაუდასტურებია სესხის აღება, აღნიშნული ასევე დასტურდება ვალის აღიარების შესახებ ხელწერილით. თანხა ვ.ა-იანს გადასცა ს. ტ-იანმა და თანხის გადაცემას ფ. ტ-იანი არ ესწრებოდა. ს. ტ-იანთან შეთანხმებით, კასატორი 140 აშშ დოლარს ყოველთვიურად გადასცემდა ს.ტ-იანის ახლო ნათესავს _ ა. ტ-იანს, რომელიც, თავის მხრივ, თანხას გადასცემდა ს. ტ-იანის მამას _ მ. ტ-იანს. კასატორმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლზე და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმით დადგენილია სესხის ხელშეკრულების ფორმა, თუმცა კანონი ზეპირი ფორმით დადებული სესხის დაბრუნებისათვის რაიმე ფორმას არ აწესებს და აღნიშნული მთლიანადაა დამოკიდებული მხარეთა ურთიერთნდობასა და შეთანხმებაზე, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით.

სააპელაციო პალატამ არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მ. და ს. ტ-იანების განმარტებას და დადგენილად მიიჩნია კასატორის მიერ მხოლოდ 600 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი, სასამართლომ არასრულყოფილად გამოიკვლია თანხის გადაცემის თაობაზე მხარეთა განმარტებები.

სააპელაციო სასამართლომ ერთ შემთხვევაში მტკიცებულებად მიიჩნია მოწმეების: მ. და ს. ტ-იანების ჩვენება ფ. ტ-იანისათვის 600 აშშ დოლარის გადაცემის თაობაზე, ხოლო სესხის დარჩენილი თანხის დაბრუნების დადასტურებულად მიჩნევისათვის არასწორად არ გაიზიარა ა. ტ-იანის, ს. პ-იანისა და გ. ჩ-იანის ჩვენებები და განმარტა, რომ, რადგანაც სესხის ხელშეკრულების მხარე ფ. ტ-იანია, ვალდებულებაც მის მიმართ უნდა შესრულებულიყო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 13 აპრილის განჩინებით ვ. ა-იანის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ვ. ა-იანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ვ. ა-იანის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ვ. ა-იანს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. ა-იანის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ვ. ა-იანს (პირადი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» 2011 წლის 21 თებერვალს გადახდილი 285 ლარისა და 2011 წლის 6 აპრილს გადახდილი 15 ლარის, სულ 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.