Facebook Twitter

ას-396-369-10 15 ივლისი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ი. მ-იავა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. და ც. დ-შვილები (მოსარჩელეები)

დავის საგანი – შვილიშვილებთან ურთიერთობის დღეების განსაზღვრა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

2010 წლის 11 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2009 წლის 6 აგვისტოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს ა. და ც. დ-შვილებმა მოპასუხე ი. მ-იავას მიმართ და მოითხოვეს, რომ სასამართლოს მეშვეობით კვირაში ორი დღე ურთიერთობა ჰქონოდათ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან _ მ. და ა. დ-შვილებთან.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. და ც. დ-შვილების სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელეებს ნება მიეცათ ინახულონ მათი არასრულწლოვანი შვილიშვილები კვირაში 2 დღე, კერძოდ პარასკევს 18:00_ საათიდან შაბათს 18:00_ საათამდე თავიანთ საცხოვრებელ სახლში წაყვანის უფლებით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. მ-იავამ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

ქუთიაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 მარტის განჩინებით ი. მ-იავას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სასამართლომ მიუთითა, რომ ი. მ-იავა და გ. დ-შვილი 2001 წლის 21 ივლისიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში და ჰყავთ ორი შვილი _ მ. და ა. დ-შვილები.

ა.ი და ც. დ-შვილები არიან გ. დ-შვილის მშობლები და მ. და ა. დ-შვილების ბებია და ბაბუა. მ. და ა. დ-შვილები ცხოვრობენ დედასთან _ ი. მ-იავასთან. ი. მ-იავა იმყოფებოდა საბერძნეთში მის მეუღლესთან ერთად და ამ დროს ბავშვები ბებიასთან და ბაბუასთან იყვნენ დატოვებულები და მათთან იზრდებოდნენ.

სააპელაციო პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა. და ც. დ-შვილები წარმოადგენენ მ. და ა. დ-შვილების ბებიას და ბაბუას, ბავშვები გარკვეული დროით იზრდებოდნენ ბებიასთან და ბაბუასთან.

სასამართლო აღნიშნავს, რომ შვილების აღზრდაში მონაწილეობის უფლება-მოვალეობა ერთნაირად გააჩნია, როგორც მშობლებს, ისე ბებიას და ბაბუას, ცალკე მცხოვრებ ბებიას და ბაბუას უფლება აქვთ ურთიერთობა ჰქონდეთ თავის შვილიშვილებთან და მონაწილეობა მიიღონ მათ აღზრდაში. ხოლო მშობლებს უფლება არა აქვთ ხელი შეუშალონ მათ უფლება-მოვალეობათა განხორციელებაში.

სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ეთანხმება პირიველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც ბებიას და ბაბუას მიეცათ უფლება პარასკევს 18:00 _ საათიდან შაბათს 18:00 _საათამდე მათან ჰყავდეთ ბავშვები, რადგან ბებიას და ბაბუას ურთიერთობა შვილიშვილებთან ზიანს არ აყენებს ბავშვებს.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. მ-იავამ და მოითხოვა განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვტილების მიღება.

კასატორმა განმარტა, რომ სააპელაციო სასასმართლომ არასწორად მიიჩნია ის გარემოება, რომ ი. მ-იავა იმყოფებოდა საბერძნეთში მეუღლესთან ერთად და ამ დროს ბავშვები ბებიასთან ც. დ-შვილთან და ბაბუასთან ა. დ-შვილთან იყვნენ დატოვებულები. მართალია იგი იმყოფებოდა მეუღლესთან საბერძნეთში მაგრამ, იმის გამო, რომ შვილები არ გაჩერდნენ ბებიასთან და ბაბუასთან დედის გარეშე, იძულებული შეიქმნა დაბრუნებულიყო საქართველოში. ამრიგად ი. მ-იავას მცირეწლოვანი შვილები ბებიასთან არ იზრდებოდნენ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. მ-იავას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ი. მ-იავას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. მ-იავას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

ი. მ-იავას დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (150 ლარის) 70% - 105 ლარი;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.