Facebook Twitter

ას-397-377-2011 5 მაისი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ თ. ა-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ «.... .... სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი» (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინებები – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 იანვრის, 2010 წლის 22 დეკემბრის, 2010 წლის 29 დეკემბრის, 2011 წლის 10 იანვრისა და 2011 წლის 21 იანვრის განჩინებები

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება

დავის საგანი _ ვალდებულების შესრულება, ხელშეკრულების დადება, ხელშეკრულების პირობების განსაზღვრა, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ა-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ «.... .... სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის» მიმართ და მოითხოვა ..... .... სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ვალდებულების შესრულება, ხელშეკრულების დადება, ხელშეკრულების პირობების განსაზღვრა, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლებით:

2007 წლის 14 მარტს მოსარჩელეს, როგორც თბილისის ......... სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროს ლაბორანტს ზოგადი არაორგანული და მეტალორგანული ქიმიის მიმართულების კომისიის გადაწყვეტილებით დაევალა უნივერსიტეტისათვის წარედგინა სახელმძღვანელო «ზოგადი ქიმიის ლაბორატორიული პრაქტიკუმი». მოსარჩელემ დადგენილ ვადაში დავალება შეასრულა. სახელმძღვანელოს გამოცემა უნდა დაეფინანსებინა მოპასუხეს, თუმცა ვალდებულება დღემდე არ შესრულებულა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს არ შეუქმნია ისეთი ნაწარმოები, რომელიც «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად, შეიძლება მიჩნეულ იქნას სამსახურებრივ ნაწარმოებად, შესაბამისად, მასზე არ შეიძლება გავრცელდეს აღნიშნული კანონით გათვალისწინებული დაცვის მექანიზმი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე თ. ა-ძის სარჩელი მოპასუხე ..... .... სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 17 იანვრის განჩინებით თ. ა-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:

2007 წლის მარტის მდგომარეობით მოსარჩელე წარმოადგენდა ... .... სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი არაორგანული და მეტალორგანული ქიმიის მიმართულების უფროს ლაბორანტს. 2007 წლის 14 მარტს ჩატარდა ..... .... სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი არაორგანული და მეტალორგანული ქიმიის მიმართულების სხდომა, რის თაობაზეც შედგა ¹7 კრების ოქმი და სხდომის თაობაზე ინფორმაცია გადმოცემულია 2007 წლის 14 მარტის ¹7 კრების ოქმში, ასევე ოქმის ამონაწერში.

მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა შედარების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულებები შინაარსობრივად არ წარმოადგენს იდენტურ დოკუმენტებს, კერძოდ, ოქმის ამონაწერში მითითებული გარემოებები არ შეესაბამება 2007 წლის 14 მარტის ¹7 კრების ოქმში მითითებულ გარემოებებს.

2007 წლის 14 მარტის ¹7 სხდომის ოქმით დადგენილია, რომ ზოგადი, არაორგანული და მეტალორგანული ქიმიის მიმართულების საერთო კრებამ მოუსმინა თ. ა-ძეს, რომელმაც წარადგინა პროექტი საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ქიმიის სპეციალობის სტუდენტებისათვის ლაბორატორიული პრაქტიკული სახელმძღვანელოს შესახებ. საერთო კრებამ მხარი დაუჭირა პროექტს და გამოუყო რედაქტორები: ზ. მ-ძე, ქ.გ-ძე. წერილობითი ხელშეკრულება მხარეებს შორის სამსახურებრივი ნაწარმოების შექმნის თაობაზე არ გაფორმებულა.

სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ დავა უნდა გადაწყდეს ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე. პალატამ გამოიყენა აღნიშნული კანონის მე-5 მუხლი, მე-6 მუხლის პირველი ნაწილის «ა” ქვეპუნქტი, მე-9 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები მე-16 მუხლის პირველი ნაწილი და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ სახელმძღვანელოს შექმნის შეკვეთას (დავალებას) უკავშირებს 2007 წლის 14 მარტის ¹7 კრების ოქმის ამონაწერს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2007 წლის 14 მარტს ჩატარებული კრების თაობაზე ინფორმაცია გადმოცემულია 2007 წლის 14 მარტის ¹7 კრების ოქმში, ასევე ოქმის ამონაწერში. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კრების ოქმის ამონაწერში მითითებული გარემოებები არ შეესაბამება 2007 წლის 14 მარტის ¹7 ოქმში მითითებულ გარემოებებს, სასამართლო დაეყრდნო ძირითად დოკუმენტს, 2007 წლის 14 მაისის კრების ¹7 ოქმს. ამასთან, საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პირის, უშუალოდ კრების მდივნის _ მ. კ-შვილის მიერ დადასტურდა ის გარემოება, რომ მის მიერ კრების ოქმის ამონაწერში, 2007 წლის 14 მარტის ¹7 კრების ოქმისაგან განსახვავებით, დამატებით მიეთითა ფრაზები: ,,წარმოადგინოს დასრულებული სახელმძღვანელო სასწავლო წლის ბოლომდე.”

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმეში 2007 წლის 14 მარტის ¹7 კრების ოქმის სახით წარმოდგენილი ძირითადი დოკუმენტი არსებითად ცვლის საქმის არსს.

,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ თბილისის ..... .... სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოგადი არაორგანული და მეტალორგანული ქიმიის მიმართულების უფროსი ლაბორანტის, თ. ა-ძის მიერ შექმნილი სახელმძღვანელო «ზოგადი ქიმიის ლაბორატორიული პრაქტიკუმი» არ წარმოადგენს სამსახურებრივ ნაწარმოებს.

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 17 იანვრის განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ა-ძემ. კასატორმა მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლზე და მოითხოვა ასევე სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 დეკემბრის, 2010 წლის 29 დეკემბრის, 2011 წლის 10 იანვრისა და 2011 წლის 21 იანვრის განჩინებების გაუქმება.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს კასატორისათვის მოწინააღმდეგე მხარის მიერ დავალების მიცემის ფაქტის დასადასტურებლად ¹7 ამონაწერში მითითებული სიტყვები «დაადგინეს» და «წარმოადგნეს» უნდა განემარტა სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნულის ნაცვლად, სასამართლომ იხელმძღვანელა მხოლოდ ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონით და არასწორად განმარტა ამ კანონის მე-16 მუხლი.

სააპელაციო პალატას ასევე უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 152-ე მუხლი, 154-ე მუხლის მეორე, მეოთხე ნაწილები, 317-317-ე მუხლების, 325-ე, 334-ე, 355-ე, 361-ე, 316-ე, 394-ე, 402-ე, 405-ე, 409-ე, 411-412-ე, 414-ე და 709-ე მუხლები.

სასამართლოს უნდა გაეზიარებინა სარჩელზე დართული მტკიცებულებები, რომლითაც დგინდება, რომ მოპასუხე მზად იყო, დაეფინანსებინა სამსახურებრივი ნაწარმოების სახით შექმნილი სადავო წიგნის გამოცემა. პალატამ არასწორად მიუთითა ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ” საქართველოს კანონის 42-ე მუხლზე, ნაცვლად იმისა, რომ გადაწყვეტილება დაეფუძნებინა ამავე კანონის უფრო სპეციალურ მე-16 მუხლზე.

სასამართლომ დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი, როდესაც წინადადება მისცა მოპასუხეს, წარედგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. პალატამ არასწორად დაურთო საქმეს მტკიცებულებები, არ დანიშნა საქმეზე ექსპერტიზა და არ გაიზიარა აპელანტის შენიშვნები სასამართლო სხდომის ოქმში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 მარტის განჩინებით თ. ა-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ თ.ა-ძე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა თ. ა-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

მოცემული დავის საგანია ვალდებულების შესრულების, ხელშეკრულების დადების, ხელშეკრულების პირობების განსაზღვრისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.

კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ა-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.