ბს-1161-990-კ-04 11 მარტი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),
გ. ქაჯაია
დავის საგანი: საერთო საცხოვრებლიდან გამოსახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 10 მაისს სსიპ “ფოთის საზღვაო ნავსადგურმა” სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების: ბ. ბ.-ს, ვ. მ.-ს, მ. ქ.-ს, მ. ხ.-ს, რ. ბ.-ს და თ. გ.-ს მიმართ ამ უკანასკნელთა ნავსადგურის საერთო საცხოვრებლიდან გამოსახლების თაობაზე.
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ ნავსადგურის საბინაო _ საყოფაცხოვრებო კომისიის 16.05.2000წ. ¹3 ოქმის თანახმად, ქ. ფოთში, ... მდებარე საცხოვრებელ სახლში ბინები გამოეყოთ ნავსადგურის საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ ვ. მ.-ს, ბ. ბ.-ს, მ. ქ.-ს, მ. ხ.-ს, მ. ბ.-სა და თ. გ.-ს ოჯახებს. 24.05.2000 წელს, ერთი მხრივ, ნავსადგურის საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის თავმჯდომარე ბ. ბ.-ს, საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის წევრ ჟ. შ.-ს და მეორე მხრივ, ქ. ფოთში, ... სახლში ბინების მიმღებ პირებს შორის გაფორმდა შეთანხმება იმის შესახებ, რომ ისინი გაეცნენ ახლად აშენებული ¹... სახლის ტექმდგომარეობას, ხელმოწერით თანხმობა განაცხადეს საბინაო ორდერების მიღებასა და საკუთარი ძალებით დაუმთავრებელი სამუშაოების შესრულებაზე. აღნიშნული შეთანხმება 25.05.2000წ. დამტკიცდა ნავსადგურის უფროსის მოადგილის მიერ და შეთანხმდა ნავსადგურის პროფკომიტეტის თავმჯდომარესთან. ამასთან, მოპასუხეებმა ივალდებულეს, საერთო საცხოვრებელში დაკავებული ბინები გაეთავისუფლებინათ 2001წ. 1 იანვრამდე. საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის თავმჯდომარის არაერთი წერილობითი შეტყობინების მიუხედავად, მოპასუხეები დღემდე იკავებენ ნავსადგურის საერთო საცხოვრებელში ბინებს, კერძოდ, თ. გ.-ა _ ერთოთახიან ¹... ბინას, მ. ხ.-ა - ერთოთახიან _ ¹... ბინას, ვ. მ. – ოროთახიან ¹... ბინას, ნ. ბ.-ა _ ერთოთახიან ¹... ბინას, ბ. ბ.-ა - ¹... ოროთახიან ბინას, მ ქ.-ა - ოროთახიან ¹... ბინას, მაშინ, როდესაც საერთო საცხოვრებელში ბინების დაცლას წლების განმავლობაში ელოდებიან ბინის მიღების რიგში მდგომი ნავსადგურის თანამშრომლების ოჯახები.
ერთ-ერთი მოპასუხის, მ. ბ.-ს, გამოსახლება მოითხოვა აგრეთვე დამოუკიდებელი სარჩელის შეტანით საქმეში მესამე პირად ჩართულმა ი. კ.-მ, რომელიც სარჩელში მიუთითებდა, რომ ბინების გამოყოფის მიუხედავად, მოპასუხე არ ათავისუფლებდა საერთო საცხოვრებელში დაკავებულ ბინას, რომელიც კომისიის გადაწყვეტილებით მას გადაეცა.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 24 ივლისის გადაწყვეტილებით ფოთის საზღვაო ნავსადგურისა და ი. კ.-ის სარჩელები არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ “ფოთის საზღვაო ნავსადგურმა”. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 დეკემბრის განჩინებით ფოთის საზღვაო ნავსადგურისა და ი. კ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 24 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ განჩინებაში მიუთითა, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმების მიხედვით, ... სახლის მცხოვრებლები გაცნობილი იყვნენ ახლად აშენებული სახლის ტექმდგომარეობას, კერძოდ, იმას, რომ გამოყოფილ ბინებს არ აქვს შიდა ტექნიკური და ელექტროგაყვანილობები, ხის იატაკი, კარები, არ არის ჩატარებული შეღებვითი სამუშაოები, მიუხედავად ამისა, მათ თანხმობა განაცხადეს მიეღოთ საბინაო ორდერები და თავიანთი ძალებით შეესრულებინათ დაუმთავრებელი სამუშაოები. შეთანხმების საფუძველზე მხარეებს გამოეწერათ ბინის ორდერები. პალატამ მიიჩნია, რომ 25.05.2000წ. შეთანხმება არ წარმოადგენდა საერთო საცხოვრებლიდან მოპასუხეთა გამოსახლების საფუძველს, ვინაიდან მათ განაცხადეს თანხმობა დაუმთავრებელ ბინებზე ორდერის გამოწერაზე, შეთანხმება არ შეიცავს მითითებას ბინის ორდერის გამოწერის შემდეგ საერთო საცხოვრებლის განთავისუფლებაზე. ვინაიდან გამოყოფილი ბინები არის დაუმთავრებელი და არ არის შექმნილი საცხოვრებელი პირობები, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობს მოპასუხეთა საერთო საცხოვრებლიდან გამოსახლების სამართლებრივი საფუძველი, შესაბამისად სააპელაციო პალატამ ვერ ჰპოვა მოპასუხეებთან საერთო საცხოვრებელში ცხოვრების გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი. პალატამ აღნიშნა, რომ საერთო საცხოვრებელი ეძლევა მუშა-მოსამსახურეებს მუშაობის პერიოდში. საბინაო კოდექსის 118-ე მუხლის თანახმად, მუშათა მოსამსახურეთა მუშაობის პერიოდში ბინადრობისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს საერთო საცხოვრებლები. ამავე კოდექსის 119-ე მუხლის მიხედვით, საერთო საცხოვრებელში ფართობი ეძლევათ მუშებს, მოსამსახურეებს მათი მუშაობის პერიოდისათვის. სსკ-ის 172.1 მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, თუ მფლობელს არა აქვს ამ ნივთის ფლობის უფლება. მოპასუხეებს საერთო საცხოვრებლის ფლობის უფლება მანამ აქვთ, სანამ მათზე გამოყოფილი ბინები საცხოვრებლად ვარგისი არ იქნება. ამდენად, მოპასუხეები საერთო საცხოვრებლის მართლზომიერ მფლობელებად იქნენ მიჩნეულნი, ხოლო სსკ-ის 162.1 მუხლის თანახმად, დაუშვებელია მართლზომიერი მფლობელისათვის ნივთის დაბრუნების მოთხოვნის წარდგენა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ “ფოთის საზღვაო ნავსადგურმა”. კასატორი მიუთითებდა, რომ 24.05.2000წ. შეთანხმებით თითოეული მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას, 2001წ. 1 იანვრამდე გაეთავისუფლებინათ საერთო საცხოვრებელი და გადასულიყვნენ მათთვის გამოყოფილ ბინებში. აღნიშნული ხელწერილები წარმოადგენს სსკ-ის 50-ე მუხლით გათვალისწინებულ ცალმხრივ გარიგებას, რაზედაც სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა. სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 316.1 მუხლი, რომლის თანახმად, ნავსადგური უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოპასუხეებს მათი ხელწერილების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ანუ საერთო საცხოვრებლის გამონთავისუფლება. კასატორი არ ეთანხმებოდა სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოპასუხეები იყვნენ მართლზომიერი მფლობელები. კასატორის აზრით, ისინი მართლზომიერ მფლობელებად მიიჩნეოდნენ 2001წ. 1 იანვრემდე, ანუ ხელწერილში მითითებული ვადის დადგომამდე. კასატორი ყურადღებას ამახვილებდა იმ გარემოებაზე, რომ იგი მოითხოვდა მოპასუხეთა გამოსახლებას საერთო საცხოვრებლიდან სხვა საცხოვრებელი სადგომის მიცემის გამო. მოპასუხეები არ წარმოადგენდნენ საერთო საცხოვრებელში სადავო ბინების მართლზომიერ მფლობელებს, ვინაიდან მათ მიერვე ხელმოწერილი შეთანხმებით და ხელწერილებით თანხმობა განაცხადეს ორდერის მიღებასა და საერთო საცხოვრებელში დაკავებული ფართის გამოთავისუფლებაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა სააპელაციო პალატის 03.12.02წ. განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2003წ. 24 ივლისის განჩინებით სსიპ “ფოთის საზღვაო ნავსადგურის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 ნოემბრის განჩინებით სსიპ “ფოთის საზღვაო ნავსადგურის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 24 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 4 მაისის გადაწყვეტილებით სსიპ “ფოთის საზღვაო ნავსადგურის” სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა: ბ. ბ.-ა, ვ. მ.-ა, მ. ქ.-ა, მ. ხ.-ა, მ. ბ.-ა, რ. ბ.-ა და თ. გ.-ა ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებულ იქნენ ქ. ფოთში, ... მდებარე ფოთის საზღვაო ნავსადგურის საერთო საცხოვრებლის ¹..., ..., ..., ..., ... ოთახებიდან, მოპასუხეთა შეგებებულ სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება მათ მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ბ. ბ.-მ, ვ. მ.-მ, მ. ქ.-მ, მ. ხ.-მ, მ. ბ.-მ, რ. ბ.-მ და თ. გ.-მ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, ფოთის საზღვაო ნავსადგურისათვის მათ სასარგებლოდ წარმოდგენილი აუდიტის დასკვნაში მითითებული თანხების დაკისრება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 ივლისის გადაწყვეტილებით ვ. მ.-სა და სხვათა სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ფოთის საქალქო სასამართლოს 2004წ. 4 მაისის გადაწყვეტილება საქმის შეწყვეტის ნაწილში; გაუქმდა ფოთის საქალქო სასამართლოს 2004წ. 28 მაისის განჩინება; ბ. ბ.-ს, ვ. მ.-ს, მ. ქ.-ს, მ. ხ.-ს, მ. ბ.-ს, რ. ბ.-სა და თ. გ.-ს შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; ფოთის ნავსადგურს მ. ქ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა – 4443 ლარის, ბ. ბ.-ს – 4992 ლარის, ვ. მ.-ს – 4443 ლარის, თ. გ.-ს – 4992 ლარის და მ. ხ.-ს – 4333 ლარის ანაზღაურების ვალდებულება.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა უნდა დარეგულირებულიყო სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნასყიდობის ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმებით, კერძოდ, სკ-ის 487-ე მუხლის საფუძველზე გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივად და უფლებრივად ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. სკ-ის 490-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში, იმავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, გამყიდველს ეკისრება ნაკლის გამოსწორებისათვის აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება, მათ შორის, ტრანსპორტირება, გზის სამუშაოს შესრულების და მასალების ღირებულების ხარჯები.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მართალია, წარმოდგენილი შეთანხმებით ფოთის საზღვაო ნავსადგურმა აცნობა აპელანტებს ნივთის ნაკლის შესახებ, მაგრამ ამ შეთანხმებით მოქალაქეებს არ აუღიათ პასუხისმგებლობა ნაკლის თავიანთი ხარჯით გამოსწორების შესახებ, ასევე არ შეთანხმებულან საზღვაო ნავსადგურის პასუხისმგებლობის გამორიცხვაზე, მით უმეტეს, რომ შეთანხმების მიხედვით, მოქალაქეებმა თანხმობა განაცხადეს მხოლოდ ორდერების მიღებასა და დაუმთავრებელი სამუშაოების თავიანთი ძალებით შესრულებაზე, შეთანხმებაში არ არის საუბარი ნაკლის გამოსწორების კანონიერ უზრუნველყოფაზე.
სააპელაციო პალატის განმარტებით, ნავსადგურსა და აპელანტებს შორის 2000წ. 24 მაისს დადებული შეთანხმება წარმოადგენს მხარეებს შორის დადებულ ადმინისტრაციულ გარგებას.
სკ-ის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულებების შესახებ ასევე გამოიყენება სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომიდნარეობს. 325-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, თუ მხარე ხელშეკრულების პირობებს არ მიიჩნევს სამართლიანად ან მათი განსაზღვრა ჭიანურდება _ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო. მოცემულ შემთხვევაში, პალატის მოსაზრებით, მხარეთა შორის 2000წ. 24 მაისის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები საზღვაო ნავსადგურის მხრიდან უსამართლოა.
საგარანტიო წერილის საფუძველზე ნავსადგურმა იკისრა ვალდებულება აპელანტების ბინით დაკმაყოფილების შესახებ. ამ გარიგებით მხარეები არ შეთანხმებულან გადასაცემი ნივთის (ბინის) ხარისხზე, ასეთ შემთხვევაში შესრულების ხარისხს განსაზღვრავს კანონი, კერძოდ, სკ-ის 380-ე მუხლის თანახმად, თუ შესრულების ხარისხი დაწვრილებით არ არის ხელშეკრულებაში განსაზღვრული, მაშინ მოვალე ვალდებულია, შეასრულოს სულ ცოტა საშუალო ხარისხის სამუშაო და გადასცეს საშუალო ხარისხის ნივთი.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ფოთის საზღვაო ნავსადგური ვალდებული იყო, გადაეცა მოქალაქეებისათვის საშუალო ხარისხის ნივთი, რაც ჩვეულებრივი სარგებლობისათვის გამოსადეგი იქნებოდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ “ფოთის საზღვაო ნავსადგურმა”.
საოლქო სასამართლოს მხრიდან საგარანტიო წერილებით აპელირება იყო უსაფუძვლო, ვინაიდან მოპასუხეებს ფოთის საზღვაო ნავსადგურის საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის წევრებთან ერთად 2000წ. 25 მაისს გაფორმებული ჰქონდათ შეთანხმება, რომ გაცნობილ იყვნენ ... მდებარე ახლად აშენებული სახლის ტექნიკურ მდგომარეობას, თანახმა იყვნენ მიეღოთ საბინაო ორდერები და თავისი ძალებით შეესრულებინათ დაუმთავრებელი სამუშაოები.
აღნიშნული შეთანხმების გაფორმების D დღესვე მ. ბ.-ს, ვ. მ.-ს, მ. ქ.-ს, მ. ხ.-ს, რ. ბ.-ს, თ. გ.-ს გაფორმებული აქვთ ხელწერილები იმის შესახებ, რომ 2001წ. 1 იანვრამდე გამოათავისუფლებდნენ ნავსადგურის საერთო საცხოვრებელში დაკავებულ ბინებს.
კასატორის მოსაზრებით, არამართებულია ქუთაისის საოლქო სასამართლოს მსჯელობა, რომ ფოთის საზღვაო ნავსადგურმა მოპასუხეებს გადასცა ნაკლის მქონე ნივთი და აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა სკ-ის 490-ე მუხლზე მითითება.
სკ-ის 488-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. ის გარემოება, რომ მოპასუხეები გაცნობილი იყვნენ მათთვის გადასაცემი ბინების ტექნიკურ მდგომარეობას, ეჭვს არ იწვევს. უფრო მეტიც, ნავსადგურის ადმინისტრაციასთან გაფორმებული შეთანხმებით მათ თანხმობა განაცხადეს ბინების ასეთ მდგომარეობაში მიღებასა და დაუმთავრებელი სამუშაოების საკუთარი ძალებით შესრულებაზე, რაც გამორიცხავს ფოთის საზღვაო ნავსადგურის ფინანსურ პასუხისმგებლობას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მითითებით, ფოთის საზღვაო ნავსადგურმა მოპასუხეებს გადასცა შეთანხმებული ხარისხის ნივთი.
ამასთან, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ საგარანტიო წერილებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხარისხი განსაზღვრა სკ-ის 380-ე მუხლით (1997წ. 25 ნოემბრის რედაქციით), რაც ეწინააღმდეგება ამავე კოდექსის 1507-ე მუხლის მე-2 ნაწილს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეთა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოწინააღმდეგე მხარეები: ფ. მ.-ა, ბ. ბ.-ა, მ. ქ.-ა, მ. ხ.-ა, მ. ბ.-ა და თ. გ.-ა არიან ფოთის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლები, რომლებიც ამჟამად ცხოვრობენ ფოთის საზღვაო ნავსადგურის საერთო საცხოვრებელში.
მითითებულ პირებზე 1988-1992 წლებში გაიცა საგარანტიო წერილები, რომლებითაც ფოთის ნავსადგურმა იკისრა მათი ბინებით უზრუნველყოფის გარანტია.
ფოთის ნავსადგურის საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის 2000წ. 16 მაისის ¹3 ოქმით, ... ქუჩაზე აშენებულ ¹... საცხოვრებელ სახლში მითითებულ პირებზე მოხდა ბინების განაწილება.
ზემოაღნიშნული ოქმი დამტკიცდა ქ. ფოთის მერიის 2000წ. 22 მაისის ¹35 ბრძანებით, რომლის შესაბამისადაც, მოწინააღმდეგე მხარეებზე გაიცა საბინაო ორდერები.
2000წ. 24 მაისს ფოთის ნავსადგურის საბინაო-საყოფაცხოვრებო კომისიის თავმჯდომარესა და ¹41 სახლში ბინების მიმღებ პირებს შორის შედგა შეთანხმება, რომლის შესაბამისადაც, განისაზღვრა, რომ სახლის საცხოვრებლად არავარგისი მდგომარეობის მიუხედავად, ფიზიკური პირები თანახმა იყვნენ, საკუთარი ხარჯებით უზრუნველეყოთ სარემონტო სამუშაოების დასრულება.
მითითებული შეთანხმების საფუძველზე ფიზიკურმა პირებმა იკისრეს ვალდებულება, 2001წ. 1 იანვრამდე დაეცალათ საერთო საცხოვრებელში მათ მიერ დაკავებული ფართი. რაც, თავის მხრივ, იქცა მათი გამოსახლების ნაწილში ფოთის საზღვაო ნავსადგურის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად. საყურადღებოა, რომ ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
მოცემულ ეტაპზე კასატორის პრეტენზია ძირითადად ემყარება სააპელაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებებისათვის არასწორი სამართლებრივი კვალიფიკაციის მიცემის ფაქტს. კასატორი მიიჩნევს, რომ მას არ უვალდებულია ბინების საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობამდე მიყვანა, მხარეები ნებაყოფლობით დათანხმდნენ არსებულ პირობებზე და შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ის 490-ე მუხლი.
საკასაციო პრეტენზიის ანალიზი საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, დაადასტუროს სკ-ის 490-ე მუხლის გამოყენების არამართებულობა და თვლის, რომ არასწორია სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების გამოყენება.
როგორც აღინიშნა, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოწინააღმდეგე მხარეებზე მოხდა ორდერების გაცემა. ორდერი წარმოადგენს საცხოვრებელ სახლში შესახლების საფუძველს და, როგორც წესი, მხარეთა შორის წარმოშობს ქირავნობით-ვალდებულებით ურთიერთობას. რაც შეეხება უძრავი ქონების ნასყიდობას, უძრავი ქონების ნასყიდობის არსებობისათვის სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების, საკუთრების უფლების გადაცემის სანოტარო დამოწმებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციის სავალდებულობას.
სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებაში ვერ უთითებს ვერც ერთ სამართლებრივ საფუძველზე, რომელიც დაადასტურებდა მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის ფაქტს.
სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, მიიჩნიოს, რომ სახეზეა ქირავნობითი ურთიერთობა, რის გამოც დავის გადაწყვეტა უნდა მოხდეს ამ ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმების შესაბამისად.
სკ-ის 533-ე მუხლის თანახმად, გამქირავებელმა უნდა გადასცეს დამქირავებელს ნივთობრივად უნაკლო ნივთი, ხოლო ამავე კოდექსის 536-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საცხოვრებელი სადგომის დამქირავებლისათვის აშკარად საზიანო ხელშეკრულება ბათილია.
აღნიშნული მუხლი და გადასაცემი ბინების ფაქტობრივი მდგომარეობა საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს, მიიჩნიოს, რომ მხარეთა შორის 2000წ. 24 მაისს დადებული შეთანხმება საზიანოა ფიზიკური პირებისათვის და აშკარად ცვლის იმ პირობებს, რომლებიც უზრუნველყოფილი იყო საგარანტიო წერილებისა და ამ წერილების გაცემის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობით.
სკ-ის 537-ე მუხლის შესაბანისად, თუ ნაკლი, რომელიც ნივთის ვარგისიანობას ამცირებს, ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებობს ან შემდგომში აღმოჩნდება იმ გარემოებათა გამო, რაზედაც გამქირავებელი პასუხს აგებს, ან თუ გამქირავებელი ნაკლის გამოსწორებას დააყოვნებს, დამქირავებელს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ისე, რომ არ ეკარგება ქირის შემცირების მოთხოვნის უფლება; თუ გამქირავებელი აყოვნებს ნივთის ნაკლის გამოსწორებას, დამქირავებელს შუძლია თვითონ აღმოფხვრას იგი და მოითხოვოს ხარჯების ანაზღაურება.
მიუხედავად იმისა, რომ საკასაციო სასამართლო გარკვეულწილად არ ეთამხმება იმ სამართლებრივ კვალიფიკაციას, რაც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშია წარმოდგენილი, სკ-ის ზემოაღნიშნული მუხლების საფუძველზე სრულად ადასტურებს ფოთის საზღვაო ნავსადგურისთვის ზიანის ანაზღაურების მიზნით, თანხის დაკისრების კანონიერი საფუძვლების არსებობის ფაქტს და თვლის, იმის გათვალისწინებით, რომ გადაწყვეტილებით არსებითად სწორად მოხდა თანხის დაკისრება, არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ “ფოთის საზღვაო ნავსადგურის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 23 ივლისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.