ას-400-373-2010 21 ივნისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ.კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლ. ლაზარაშვილი, ვ. როინიშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ გ. კ-ია, კ. ჩ-ავა, ო. გ-ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სსიპ “შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი” (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. კ-იამ, კ. ჩ-ავამ და ო. გ-იამ სარჩელი აღძრეს სასამართლოში სსიპ “შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის” მიმართ იძულებითი განაცდურის _ თითოეულის სასარგებლოდ 8081,92 ლარის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2006 წლის 16 ოქტომბერს კონკურსის შედეგების საფუძველზე მოსარჩელეებთან გაფორმდა შრომითი ხელშეკრულებები, რომელთა თანახმად ისინი 3 წლის ვადით, 2009 წლის 15 ოქტომბრამდე დაინიშნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობებზე.
2007 წლის 20 ოქტომბრის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის უფლებამონაცვლე სსიპ ზუგდიდის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ¹01\02\26 ბრძანებით მოსარჩელეები გათავისუფლდნენ აკადემიური თანამდებობებიდან სპეციალობებისა და მიმართულებების გაუქმებასთან დაკავშირებით.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ მოსარჩელეები სამსახურიდან დათხოვნილ იქნენ უკანონოდ და მათ აუნაზღაურდათ ხელფასის იძულებითი განაცდური სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე პერიოდში.
2008 წლის 28 იანვრის სასამართლო სხდომაზე მოსარჩელეებმა ხელფასის სახით მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით მოითხოვეს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება სამსახურში აღდგენამდე, ხოლო მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულებების მოქმედების მთელი ვადით არ მოუთხოვიათ. მოსარჩელეებს აღნიშნულ პროცესზე ასევე არ მოუთხოვიათ ვადიანი ხელშეკრულების შესრულების შემთხვევაში ხელფასის სახით მისაღები შემოსავლის კონკრეტული ოდენობა, არამედ მათი მიზანი იყო სამსახურში აღდგენა და აღდგენამდე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: 2008 წლის 1 აგვისტოს სსიპ “შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტს” ჩაბარდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გზავნილი, კ. ჩ-ავას, გ. კ-იასა და ო. გ-იას სასარჩელო განცხადება თანდართული დოკუმენტების ასლებით, სასამართლოში აღძრული სარჩელის გამო, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ სსიპ “შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტის” მიერ გამოცემული 2007 წლის 20 ოქტომბრის ¹01-02\26 ბრძანება მათი აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ უკანონოა. მოსარჩელეები აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლდნენ კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არა ცალმხრივად, როგორც თავად მიუთითებენ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელეებმა და მათთან ერთად აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლებულმა რ. გ-უამ ერთხელ უკვე მიმართეს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც 2008 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, თუმცა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა მოსარჩელეების კ.ჩ-ავას, ო.გ-იას და გ.კ-იას მიმართ შეუძლებელი იყო აკადემიური თანამდებობების არარსებობის გამო, რაც შეეხება რ.გ-უას ის უნდა აღდგენილიყო მოპასუხე დაწესებულებაში პედაგოგიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე. იძულებითი განაცდურის ნაწილში მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 2007 წლის 20 ოქტომბრიდან 2008 წლის 28 იანვრის ჩათვლით, თითოეული მოსარჩელისათვის 1120 ლარის ანაზღაურების ნაწილში. აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება დაუყოვნებლივი აღსრულდა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს წარმოდგენილი სარჩელის განხილვაზე უარი უნდა ეთქვას უსაფუძვლობის გამო.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე სსიპ “შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტს” კ.ჩ-ავას სასარგებლოდ დაეკისრა 6888 ლარის, გ.კ-იას სასარგებლოდ _ 6888 ლარის, ხოლო ო.გ-იას სასარგებლოდ ასევე 6888 ლარის ანაზღაურება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სსიპ “შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო ინსტიტუტმა” გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებით სსიპ “შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და გ. კ-იას, კ. ჩ-ავასა და ო. გ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2006 წლის 16 ოქტომბრის შრომითი ხელშეკრულებით სსიპ „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ ზუგდიდის ფილიალსა და მოსარჩელეებს შორის კონკურსის შედეგების საფუძველზე დაიდო შრომითი ხელშეკრულებები სამი წლის ვადით და მათ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დაიკავეს აკადემიური თანამდებობები.
საქართველოს მთავრობის 2007 წლის 13 ივლისის ¹145 დადგენილების შესაბამისად, განხორციელდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაცია, მას გამოეყო ზუგდიდის ფილიალი, რომლის ბაზაზე დაფუძნდა სსიპ “ზუგდიდის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება”. აღნიშნულის შემდეგ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის მხოლოდ მე-4 კურსის 350 სტუდენტმა განაგრძო სწავლა. დანარჩენი 857 სტუდენტი კი გადავიდა სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. სტუდენტთა ოდენობის შემცირებამ გამოიწვია ინსტიტუტში სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა. მოსარჩელეებთან ხელშეკრულების დადების დროს შეუძლებელი იყო აღნიშნული გარემოებების წინასწარ განსაზღვრა. დამსაქმებელს არ შეიძლება სცოდნოდა ამის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულებები არ დაიდებოდა, ან დაიდებოდა სხვა შინაარსით.
დამსაქმებელმა მოსარჩელეებს შესთავაზა საათობრივი ანაზღაურება, რასაც ისინი არ დაეთანხმნენ და ითხოვდნენ დაკავებულ თანამდებობებზე აღდგენას, აღნიშნული კი შეუძლებელი იყო მიმართულებების გაუქმების გამო.
მოსარჩელეთა აკადემიური თანამდებობებიდან გათავისუფლებას საფუძვლად დაედო „სპეციალობების გაერთიანებისა და მიმართულებების გაუქმების შესახებ“ სსიპ “ზუგდიდის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების” რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2007 წლის 19 ოქტომბრის ¹01-01\04 ბრძანება.
მოსარჩელეების მიერ ზემოაღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, რომლის 2008 წლის 22 მაისის ¹467 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ზემოაღნიშნული ბრძანება ძალაშია. უნივერსიტეტში გაუქმდა ფიზიკის, ფსიქოლოგიისა და ფილოლოგიის მიმართულებები, სადაც მოსარჩელეები იყვნენ დასაქმებული. სასამართლოს მითითებით, საქმეში არსებობს კანონიერ ძალაში შესული ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილება მოსარჩელეთა სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების თაობაზე. ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს სამუშაოზე აღდგენაზე უარი ეთქვათ და აუნაზღაურდათ 2007 წლის 20 ოქტომბრიდან 2008 წლის 28 იანვრამდე იძულებითი განაცდური თითოეულს 1120 ლარის ოდენობით.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა შრომის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილით, მე-2 მუხლის მეორე ნაწილით, მე-6 მუხლის პირველი ნაწილით და დაადგინა, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებობდა შრომითი ხელშეკრულება 3 წლის ვადით. სტუდენტთა ოდენობის შემცირების გამო სსიპ ზუგდიდის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2007 წლის 19 ოქტომბრის ¹01-01\04 ბრძანებით გაუქმდა ფიზიკის, სოციალურ-პოლიტიკური, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიისა და გეოგრაფიის, ანუ ის მიმართულებები, რაზეც მოსარჩელეები მუშაობდნენ.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 ივნისის ¹473 ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით და მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ბრძანებით სსიპ “შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში” განხორციელდა სწორედ სტრუქტურული ცვლილებები მიმართულებებისა და სპეციალობების გაუქმებასთან დაკავშირებით, რაც, პალატის მოსაზრებით, მოხდა უფლებამოსილი პირის მიერ, კანონიერად და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ სადავო ბრძანებაშიც მოსარჩელეთა სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლად აღნიშნული გარემოებაა მითითებული. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, დამსაქმებლის მხრიდან პირვანდელი მდგომარეობა ვერ აღდგება, რადგან მოსარჩელეთა დასაქმების მიმართულებები აღარ არსებობს.
სააპელაციო პალატამ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებისამებრ გამოარკვია, რომ მოსარჩელეთა თანამდებობები 2009 წლის 15 ოქტომბრამდე არ იარსებებდა და მოსარჩელეთა მიერ დაკავებული მიმართულებები კანონიერ ძალაში არსებული ბრძანების საფუძველზე გაუქმებულია. შესაბამისად ვერ მოხდებოდა მოსარჩელეთათვის დამსაქმებლის მხრიდან ხელშეკრულების პირობების ჯეროვანი შესრულება ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე.
სასამართლომ დაადგინა, რომ 2008 წლის 28 იანვრის შემდეგ მოსარჩელეთა მოცდენა გამოწვეული იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მხარეთათვის სამუშაოზე დაშვების მოთხოვაზე უარის თქმით, ხოლო 2008 წლის 28 იანვრამდე მათ აუნაზღაურდათ განაცდური, რაც კანონიერ ძალაშია შესული. პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მოცდენა დამსაქმებლის ბრალით არ იყო გამოწვეული, ამდენად, შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იგი ვერ ანაზღაურდება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გ.კ-იამ, კ.ჩ-ავამ და ო.გ-იამ გაასაჩივრეს საკასაციო წესით და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ ფაქტობრივი გარემოებები იმდენად შეუსაბამოდ დაადგინა, რომ მათი სამართლებრივი შეფასება შეუძლებელია, კერძოდ: თუ დამსაქმებელმა მოსარჩელეებს საათობრივი ანაზღაურება შესთავაზა და ჩასატარებელი საათები რეალურად არსებობდა, დამსაქმებელს შეეძლო სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულებაც. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მოსარჩელეები იყვნენ პროფესორები და მათ ხელშეკრულებით სწორედ ლექცია-სემინარები უნდა ჩაეტარებინათ. წინააღმდეგობრივია სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელეთა გათავისუფლება უკანონოდ მოხდა, თუმცა მათი გათავისუფლება დამსაქმებლის ბრალით არ იყო გამოწვეული.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში ძირითადად გადმოცემულია დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და საკუთრივ სამართლებრივი დასაბუთება შემოიფარგლება შრომის კოდექსის პირველი მუხლის პირველ ნაწილზე, 32-ე მუხლის პირველ ნაწილზე, მე-2 მუხლის მეორე ნაწილისა და მე-6 მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე სასამართლოს რაიმე გარემოების სამართლებრივი შეფასება არ მოუხდენია. შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლომ გამოიყენა არასწორად დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიმართ, ვინაიდან მოცდენა სწორედ დამსაქმებლის ბრალით იყო გამოწვეული.
სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი ნაწილი, “ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის” 23-ე მუხლის პირველი ნაწილი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი. მითითებული ნორმების გამოყენების შედეგად სააპელაციო სასამართლოს უნდა დაედგინა, რომ დამსაქმებელმა შრომის ხელშეკრულების დადებით იკისრა ვალდებულებები, რომელთა დარღვევით მან დასაქმებულს მიაყენა ზიანი. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტით დამსაქმებელმა დაარღვია დასაქმებულთა შრომის თავისუფლება, შრომის, უმუშევრობისაგან დაცვის უფლებები. შრომის სამართლიანი პირობების უფლებების დარღვევისათვის დამსაქმებელს უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა დაზარალებულის მიერ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებით.
სააპელაციო სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა შრომის კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით, 409-ე, 411-ე და 412-ე მუხლებით, რადგან დასაქმებულებთან ვადიანი შრომითი ხელშეკრულებების უკანონოდ შეწყვეტის გამო დამსაქმებელი ვალდებულია, აანაზღაუროს დასაქმებულთა ის ქონებრივი დანაკლისი და მიუღებელი შემოსავალი, რომელსაც ისინი მიიღებდნენ და რომელიც წინასწარ იყო სავარაუდო, დამსაქმებელს ხელშეკრულებები ჯეროვნად რომ შეესრულებინა.
სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ პუნქტი, რომლის საფუძველზე დამტკიცებას არ საჭიროებდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტი, რომ დასაქმებულები სამუშაოდან უკანონოდ გათავისუფლდნენ და დამსაქმებლის ბრალით იძულებითი მოცდენის გამო დასაქმებულებს უნდა ანაზღაურებოდათ იძულებითი განაცდური. დაუსაბუთებელია სასამართლოს მოსაზრება, რომ მოსარჩელეთა მოცდენა გამოწვეული იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით მხარეთათვის სამუშაოზე დაშვებაზე უარის თქმით. რეალურად მათი მოცდენა განაპირობა სამუშაოდან უკანონო დათხოვნამ ანუ დამსაქმებლის ბრალმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 მაისის განჩინებით გ.კ-იას, კ.ჩ-ავას და ო.გ-იას საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა გ.კ-იას, კ.ჩ-ავას და ო.გ-იას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია შრომით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე მუშაკის სამუშაოდან უკანონოდ გათავისუფლების გამო განაცდურის ანაზღაურების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ეფუძნება შრომის კოდექსის პირველი მუხლის პირველ ნაწილს, მე-2 მუხლის მეორე ნაწილს, მე-6 მუხლის პირველ ნაწილსა და 32-ე მუხლის პირველ ნაწილს. აღნიშნული პრაქტიკა ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ.კ-იას, კ.ჩ-ავას და ო.გ-იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.