საქმე # 330100118002328672
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №443აპ-19 ქ. თბილისი
ლ. დ., 443აპ-19 29 ნოემბერი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 აპრილის განაჩენზე მსჯავრდებულ დ. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით დ. ლ., - - - ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა (2018 წლის 26 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა (2018 წლის 26 ივნისამდე მოქმედი რედაქცია). საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოოდ, მას სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. დ. ლ-ეს სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 22 იანვრიდან.
2. სასამართლომ დაადგინა, რომ:
დ. ლ-მ დაუდგენელ დროსა და ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა კუსტარული წესით დამზადებული, 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრიანი ვაზნების გასასროლად განკუთვნილი რევოლვერი, ასევე – 9 ცალი, 1951 წლის ნიმუშის 9 მმ კალიბრიანი ვაზნა, განკუთვნილი ამავე კალიბრიანი სხვადასხვა პისტოლეტისა და ავტომატური პისტოლეტისათვის, რომლებსაც უკანონოდ ატარებდა პირადად. ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2018 წლის 22 იანვარს თ-ში, ა. უ-ის დ-ის ს. – ს. მ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ. ლ-ის პირადი ჩხრეკის შედეგად.
3. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2019 წლის 19 აპრილის განაჩენით დარჩა უცვლელად.
4. მსჯავრდებულ დ. ლ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ტ. ჩ. საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და დ. ლ-ის გამართლებას. კასატორის მითითებით, სასამართლომ დ. ლ-ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი დაადგინა იმ პოლიციელების ჩვენებებით, რომლებიც მის დაკავებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ და რომლებმაც ის დანაშაულის ჩადენაში ამხილეს. ჩხრეკის შემდეგ მსჯავრდებული იარაღის კუთვნილებას უარყოფდა. ამასთან, პოლიციელებმა ვერ ახსნეს, თუ რატომ არ გაიჩხრიკა ასევე დ. ლ-ის საცხოვრებელი სახლი (თავის დაზღვევის მიზნით). იარაღზე აღმოჩნდა ერთზე მეტი ადამიანის ბიოლოგიური პროფილი, რომელიც არ გამოიკვლიეს.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. პალატა აღნიშნავს, რომ მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (მაგ. იხილეთ №455აპ-16 გადაწყვეტილება), რომელსაც შეესაბამება სააპელაციო სასამართლოს განაჩენი.
8. მოწმეების - დ. ბ-ის, თ. რ-სა და გ. მ-ის ჩვენებებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ექსპერტიზის დასკვნებითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება დ. ლ-ის მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა იმ საკითხებზე, რომლებზეც საკასაციო საჩივარში დაცვის მხარე აპელირებს (მათ შორის: პოლიციელი მოწმეების ჩვენებების სანდოობასთან დაკავშირებით), რასაც საკასაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს.
10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ დ. ლ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ. ჩ-ის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე