ას-402-375-2010 5 ივლისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე თ. თოდრია
საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ე. ლ-აიას (წარმომადგენელი მ. ა-შვილი) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის განჩინებაზე, საქმეზე, ნ. მ-შვილის სარჩელის გამო გ. პ-იანისა და ე. ლ-აიას მიმართ თანხის დაკისრების შესახებ. საკასაციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 მაისის განჩინებით კასატორს განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დაევალა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2010 წლის 25 მაისს კასატორმა საკასაციო სასამართლოს წარმოუდგინა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითარი, ამასთან განცხადებით მოითხოვა შეუმცირდეს სახელმწიფო ბაჟის ოდენობა იმ საფუძვლით, რომ იგი იმყოფება მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში, არის დროებით უმუშევარი და იმყოფება შვილის კმაყოფაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მაისის განჩინებით კასატორის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ე. ლ-აიას გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა და დაევალა მას ამ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 800 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა მის მიერ გადახდილი 300 ლარის გათვალისწინებით. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა (ს.ფ. 315-316).
მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ე. ლ-აიას წარმომადგენელს მ. ა-შვილს, რომელსაც განჩინების ასლი პირადად ჩაჰბარდა 2010 წლის 4 ივნისს, თუმცა კასატორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს ( ს.ფ. 318).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო ვალდებულია საპროცესო მოქმედების შესახებ წერილობითი ფორმით აცნობოს როგორც მხარეს, ისე მის წარმომადგენელს, თუმცა სასამართლო უწყება თუ გზავნილი ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ჩაბარდა მხოლოდ მხარეს, ან მხოლოდ მის წარმომადგენელს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს წარმომადგენლის ვალდებულებას, აცნობოს მხარეს მის მიერ სასამართლოდან მიღებული ინფორმაცია. ამდენად, სასამართლო უწყებისა თუ გზავნილის მხარისათვის ჩაუბარებლობის შემთხვევაში მისი კანონიერი ინტერესები არ იზღუდება, თუ მითითებული დოკუმენტები მის წარმომადგენელს ჩაბარდება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე. ლ-აიას საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. ლ-აიას საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;
ე. ლ-აიას დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.