¹ას-40-39-10 29 აპრილი, 2010წ.
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
რ. ნადირიანი (მომხსენებელი), თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – თ. მ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე – გ. მ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით თ. მ-შვილის სარჩელი გ. მ-შვილის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა; გ. მ-შვილი, ოჯახის წევრებთან ერთად, გამოსახლებულ იქნა ქ. ქუთაისში, ..... ქ. 51/20-ში მდებარე, თ. მ-შვილის კუთვნილი საცხოვრებელი ბინიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 3 აპრილის ¹221/34-2621 ცნობის თანახმად, ქ. ქუთაისში, ..... ქ. 51/20-ში მდებარე მთლიანი საცხოვრებელი სახლი, ტექინვენტარიზაციის საარქივო დოკუმენტების შესაბამისად, ეკუთვნის თ. მ-შვილს (საფუძველი: 1973 წლის 21 თებერვლის მიმღები კომისიის აქტი);
გ. მ-შვილი, ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. ქუთაისში .... ქ. 51/20-ში მდებარე სადავო საცხოვრებელ სახლში;
მხარეთა განმარტებებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. მ-შვილმა გ. მ-შვილს აჩუქა ორი ბინა ავტოქარხნის დასახლებაში;
საქმეში განთავსებული ხელწერილით დადგენილ იქნა, რომ გ. მ-შვილმა, რომელიც ცხოვრობდა ......ს ქ. 51-ში, თ. მ-შვილის სახელზე გაფორმებულ ბინაში, აიღო ვალდებულება 12 აგვისტოს დაეცალა ბინა და ოჯახთან ერთად გადავიდოდა სხვა ბინაში.
იმაზე მითითებით, რომ თ. მ-შვილი წარმოადგენდა ქ. ქუთაისში, ...... ქ. 51/20-ში მდებარე, მთლიანი საცხოვრებელი სახლის მესაკუთრეს, ამასთან, არ არსებობდა ამ ჩანაწერის უზუსტობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, სასამართლომ, სამოქალაქო კოდექსის 312-ე და 170-ე მუხლების შესაბამისად, მესაკუთრის მოთხოვნა უკანონო ხელშეშლისა და მოპასუხის გამოსახლების თაობაზე საფუძვლიანად მიიჩნია.
სასამართლომ იმავდროულად აღნიშნა, რომ ვინაიდან სადავო არ იყო მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის ორი ბინის ჩუქების ფაქტი, აგრეთვე საქმეში არსებობდა მოპასუხის დაუთარიღებელი წერილი საცხოვრებელი ბინის დაცლაზე, მესაკუთრის პრეტენზია არ წარმოადგენდა უფლების ბოროტად გამოყენებას, რის გამოც სარჩელი დააკმაყოფილა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. მ-შვლის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. მ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა ქ. ქუთაისში, ...... ქ.¹51/20-ში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან გ. მ-შვილის გამოსახლების თაოაბზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შედეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 3 აპრილის ¹221/34-2621 ცნობის თანახმად, ქ. ქუთაისში, ....... ქ. 51/20-ში მდებარე მთლიანი საცხოვრებელი სახლი, ტექინვენტარიზაციის საარქივო დოკუმენტების შესაბამისად, ეკუთვნის თ. მ-შვილს (საფუძველი: 1973 წლის 21 თებერვლის მიმღები კომისიის აქტი);
გ. მ-შვილი, ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. ქუთაისში ...... ქ. 51/20-ში მდებარე სადავო საცხოვრებელ სახლში;
ამასთან, პალატამ დამატებით განმარტა, რომ სასარჩელო განცხადებით, საჯარო რეესტრის ცნობით, მოწმე ლ. ტ-ძის ჩვენებითა და სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ თ. მ-შვილი 1960 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ. პ-შვილთან, ერთად ცხოვრების პერიოდში, 1973 წელს ააშენეს სადავო საცხოვრებელი სახლი; 1965 წელს შეეძინათ შვილი გ. მ-შვილი; 2003 წელს გარდაიცვალა ნ. პ-შვილი; დედის გარდაცვალების დროისათვის და მას შემდეგ, მხარეები ცხრვობდნენ ქუთაისში ...... ქ. 51/20-ში მდებარე სადავო საცხოვრებელ სახლში.
ვინაიდან, სასარჩელო განცხადებით, საჯარო რეესტრის ცნობითა და სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის აღიარებით დადგენილ იქნა, რომ თ. მ-შვილი 1960 წლიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ნ. პ-შვილთან, ერთად ცხოვრების პერიოდში, 1973 წელს ააშენეს სადავო საცხოვრებელი სახლი, სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ქ. ქუთაისში, ...... ქ. 51/20-ში მდებარე სადავო უძრავი ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენდა.
ამ გარემოების გათვალისწინებით, სასამართლომ არ გაიზიარა მითითება რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმპციის თაობაზე, ასევე არ გაიზიარა სასამართლოს მსჯელობა, რომლითაც მიჩნეულ იქნა, რომ თ. მ-შვილი წარმოადგენდა ერთადერთ მესაკუთრეს სადავო საცხოვრებელი სახლისა.
სასარჩელო განცხადებით, მოწმე ლ. ტ-ძის ჩვენებითა და მხარეთა განმარტებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებითა და სამოქალაქო კოდექსის 1334-ე მუხლის 1-ლი ნაწილის, 1336-ე მუხლის, 1424-ე და 1421-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ ნ. პ-შვილის გარდაცვალების შემდეგ, მის წილ ქონებას, კერძოდ, ქ. ქუთაისში, ..... ქ. 51/20-ში მდებარე სადავო საცხოვერბელ სახლის½ ნაწილს, ფაქტობრივი ფლობით დაეუფლნენ მეუღლე თ. მ-შვილი და შვილი გ. მ-შვილი.
მის საკუთრებაში უკვე არსებული ქონების (მთელის ½1/2 ნაწილი) გათვალისწინებით, თ. მ-შვილი გახდა სადავო საცხოვრებელი სახლის 3/4¾ ნაწილის მესაკუთრე, ხოლო გ. მ-შვილი ¼1/4 ნაწილის მესაკუთრე.
ვინაიდან, თითოეული მესაკუთრის წილი თანასაკუთრებაში განსაზღვრულია იდეალური სახით, ვიდრე სადავო ქონებაზე გაუქმებული არ იქნება საზიარო უფლება, სასამართლომ განმარტა, რომ დაუშვებელი იყო ერთ-ერთ მოწილეს, გ. მ-შვილს აკრძალვოდა საზიარო საგნით სარგებლობა, შესაბამისად, თ. მ-შვილის სასარჩელო მოთხოვნა გ. მ-შვილი გამოსახლებულ იქნას ქ. ქუთაისში, ...... ქ. 351/20-ში მდებარე სადავო საცხოვრებელი სახლიდან, სააპელაციო პალატამ უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.
ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში თავდაპირველი სარჩელი წარდგენილი იყო გ. მ-შვილის მიმართ და მხოლოდ საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას მოსარჩელეს ახსნა-განმარტებაში იქნა დაყენებული მოთხოვნა გ. მ-შვილის ოჯახის წევრების გამოსახლების თაობაზე, პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა ისეთ მოთხოვანზე, რაც საქმის მომზადების ეტაპზე გაცხადებული არ ყოფილა და იმ პირთა მიმართ, რომლებიც საქმეში მხარეებად ჩართულნი არ ყოფილან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. მ-შვილის გამოსახლებასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება გამოიტანა, ხოლო გ. მ-შვილის ოჯახის წევრების გამოსახლების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საპროცესო ნორმა, რაც სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 394-ე მუხლის “ე” პუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი იყო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. მ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ განჩინების გამოტანისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ამასთან, არასწორად განმარტა იგი. ფაქტობრივი და იურიდიული გარემოებების გათვალისწინებით არ შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და საქმე არ გამოიკვლია ობიექტურად და სამართლიანად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2010 წლის 22 იანვრის განჩინებით თ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად. მოწინააღმდეგე მხარეს განესაზღვრა 5 დღის ვადა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად.
თ. მ-შვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხზე, საკასაციო სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარეს მოსაზრება არ წარმოუდგენია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.