Facebook Twitter

ას-404-377-2010 27 სექტემბერი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ 1. ქ. დ-ძე (მოსარჩელე);

2. სს “... ბანკი”, სს “... ბანკის” ბათუმის

ფილიალი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ზეგანაკვეთური სამუშაო საათების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 13 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ქ. დ-ძემ მოპასუხეების _ სს “... ბანკისა” და სს “... ბანკის” ბათუმის ფილიალის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:

ა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ნამუშევარი საათების ანაზღაურება 15 000 ლარის ოდენობით;

ბ. უქმე დღეებში (9 შაბათი) ნამუშევარი საათების ანაზღაურება 780 ლარის ოდენობით;

გ. ყოველი დაყოვნებული დღისათვის მისაღები თანხის 0.07%-ის (სავარაუდოდ 5 230 ლარი) ანაზღაურება.

სარჩელის თანახმად, ქ. დ-ძე 2001 წლის 19 მარტიდან 2008 წლის 15 ივლისამდე მუშაობდა სს “... ბანკის” ბათუმის ფილიალში სალაროს გამგედ. 2008 წლის 15 ივლისიდან იგი გადაიყვანეს სს “... ბანკის” ბონის განყოფილებაში სალაროს გამგედ, ხოლო 2009 წლის 7 აპრილს პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. სამუშაოზე დასაქმებიდან გათავისუფლებამდე მასა და დამსაქმებელს შორის ხდებოდა სამუშაო კონტრაქტების გაფორმება შესაბამისი უფლება-მოვალეობებისა და სახელფასო ცვლილებების გათვალისწინებით. სამუშაო კონტრაქტით ასევე გათვალისწინებული იყო ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება. გარდა ამისა, უნდა მომხდარიყო უქმე დღეებში (შაბათობით) შესრულებული შრომის ანაზღაურებაც. სამუშაო კონტრაქტითა და შიდა ბრძანებით ოფიციალურად სამუშაო დღის ხანგრძლივობა განისაზღვრებოდა 9.00 საათიდან 18.00 საათამდე ერთსაათიანი შესვენების ჩათვლით. რაც შეეხებოდა შაბათი დღის სამუშაო დროის ხანგრძლივობას, იგი განისაზღვრებოდა 9.30 საათიდან 15.30 საათამდე შესვენების გარეშე. ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებაზე არსებობდა ბანკის შიდა ბრძანება, რომლის მიხედვითაც შაბათს ნამუშევარი საათები ნაზღაურდებოდა ფორმულით: პირველი ერთი საათი ერთმაგი ოდენობით, შემდეგი ორი საათი ერთნახევარი ოდენობით და დარჩენილი საათები ორმაგად. დამსაქმებელი საზოგადოების მიერ სხვა წესი არ იყო განსაზღვრული.

მოსარჩელის მითითებით, მისი სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, ყოველდღიურად მუშაობას იწყებდა 9.00 საათზე და ასრულებდა საშუალოდ 20.00 საათზე, რიგ შემთხვევაში 20.30 საათზე. ამდენად, სამუშაოს ხანგრძლივობა 18.00 საათის შემდეგ საშუალოდ ყოველდღიურად შეადგენდა 2-2.5 საათს. ამ პერიოდში ხდებოდა მოლარეებისაგან ფულადი ნაშთის მიღება ყველა ვალუტაში, თანხის გადათვლა, სიყალბეზე შემოწმება, მათი ნაშთების პროგრამულ ნაშთებთან შედარება, სხვაობის შემთხვევაში საკონტროლო გადათვლების განხორციელება, შესაბამისი აქტების შედგენა, მიზეზის დადგენა, შესაბამისი გატარებების განხორციელება, საერთო თანხის ფორმირება, საერთო ნაშთის პროგრამულ ნაშთთან შედარება, სალაროს ნაშთისა და მკაცრი აღრიცხვის ჟურნალში ჩანაწერების გაკეთება, კუპიურული აღრიცხვის ჟურნალის შევსება და ა.შ. საცავის გახსნა-დახურვის ჟურნალში სათანადო ჩანაწერების შემდეგ პასუხისმგებელი პირების ხელმოწერით დასტურდებოდა საცავის დაკეტვის დრო, რის შემდეგაც საცავი ბარდებოდა დაცვაზე შესაბამის ორგანოს.

მიუხედავად იმისა, რომ ქ. დ-ძეს ზემოაღნიშნული სამუშაოს შესრულება უწევდა არასამუშაო დროს, მოპასუხე ბანკისაგან არ ხდებოდა ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება. მოსარჩელეს ამაზე პრეტენზია თავის დროზე არ განუცხადებია იმ მიზეზით, რომ კონტრაქტი ფორმდებოდა ყოველ 6 თვეში და მისი ვადის გასვლის შემდეგ შესაძლებელი იყო კონტრაქტი აღარ გაეგრძელებინათ.

რამდენადაც შრომის კონტრაქტით ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებაზე განსაზღვრული ოდენობა მოსარჩელისათვის ცნობილი არ იყო, ამიტომ იგი მიიჩნევდა, რომ მისთვის ყველა ზეგანაკვეთური საათის ასანაზღაურებელი თანხა უნდა განსაზღვრულიყო მისივე ყოველთვიური ხელფასის გათვალისწინებით შესაბამი პერიოდში, რაც შეადგენდა 1 000 ლარს, 1 100 ლარს, 1 200 ლარს, 1 300 ლარს და ბოლოს 1 380 ლარსაც.

ქ. დ-ძის მტკიცებით, საშუალოდ ზეგანაკვეთური საათების რაოდენობა ბოლო 3 წლის განმავლობაში შეადგენდა 2 160 საათს, საიდანაც ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა იყო 15 000 ლარი. უქმე დღეებში ნამუშევარი საათების (9 შაბათი) ასანაზღაურებელი თანხა შეადგენდა 780 ლარს. ყოველ დაყოვნებულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის 0.07% სამი წლის განმავლობაში სავარაუდოდ შეადგენდა 5 230 ლარს. საბოლოოდ, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის 21 010 ლარის დაკისრება (ტომი I, ს.ფ. 2-12).

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 სექტემბრის წინასწარი გადაწყვეტილებით ქ. დ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სს “... ბანკს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მის მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში, კერძოდ, 2006 წლის 7 აპრილიდან 2009 წლის 7 აპრილამდე ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას ნამუშევარი საათების ანაზღაურების ვალდებულება; ამავე განჩინებით დადგინდა აღნიშნული ვალდებულების შესრულების დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07 პროცენტის გადახდის ვალდებულების არსებობის ფაქტობრივი საფუძვლები.

საქალაქო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ქ. დ-ძე 2001 წლის 19 მარტიდან 2008 წლის 15 ივლისამდე მუშაობდა სს “... ბანკის” ბათუმის ფილიალში სალაროს გამგედ. 2008 წლის 15 ივლისიდან მოსარჩელე გადაყვანილ იქნა სს “... ბანკის” ბათუმის ფილიალის ბონის განყოფილებაში სალაროს გამგედ, ხოლო 2009 წლის 7 აპრილს პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მოპასუხე ორგანიზაციაში სამუშაო კვირა შედგებოდა ექვსი სამუშაო დღისგან, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, სამუშაო დღე იწყებოდა 9.30 საათზე და მთავრდებოდა 18.00 საათზე. ამასთან, სამუშაო კვირა ჯამში შეადგენდა 41 საათს.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელეს, რომელიც მუშაობდა სალაროს გამგედ, უწევდა მოლარეებისაგან ფულადი ნაშთის მიღება ყველა ვალუტაში, თანხის გადათვლა, სიყალბეზე შემოწმება, მათი ნაშთების პროგრამულ ნაშთებთან შედარება, სხვაობის შემთხვევაში საკონტროლო გადათვლების განხორციელება, შესაბამისი აქტების შედგენა, მიზეზის დადგენა, შესაბამისი გატარებების გაკეთება, საერთო თანხის ფორმირება, საერთო ნაშთის პროგრამულ ნაშთთან შედარება, სალაროს ნაშთისა და მკაცრი აღრიცხვის ჟურნალში ჩანაწერების გაკეთება, კუპიურული აღრიცხვის ჟურნალის შევსება და სხვა. დღის ბოლოს, საცავის გახსნა-დახურვის ჟურნალში შესაბამისი ჩანაწერების გაკეთების შემდგომ, პასუხისმგებელი პირების ხელმოწერით დასტურდებოდა საცავის დაკეტვის დრო და საცავი დასაცავად ბარდებოდა შესაბამის ორგანოს.

საცავის გახსნა-დახურვის შესახებ ჟურნალების საფუძველზე საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული სამუშაოს შესრულება მოსარჩელეს სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე უწევდა არასამუშაო საათებშიც, ვინაიდან საცავის გახსნა-დახურვა, რაც დასტურდებოდა რამდენიმე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, რიგ შემთხვევაში ხდებოდა როგორც 9.30 საათამდე, ისე 18.00 საათის შემდეგაც.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეზე ასევე დგინდებოდა, რომ მოსარჩელე ქ. დ-ძესა და მოპასუხე ბანკს შორის შრომითი ურთიერთობა არსებობდა 2001 წლიდან, რა დროსაც მათ შორის გაფორმდა სამუშაო კონტრაქტი. მართალია, აღნიშნული ხელშეკრულება მხარეთა შორის იდებოდა ექვსი თვის ვადით, მაგრამ შემდგომში იგი მხარეთა შეთანხმებით კვლავ გრძელდებოდა, ხოლო 2008 წლის 1 იანვრიდან მხარეებს შორის დაიდო ახალი შრომის ხელშეკრულება.

საქალაქო სასამართლოს განმარტებით, შრომის კოდექსის მე-14 მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 41 საათს. სამუშაო დროში არ ითვლება შესვენების და დასვენების დრო. მოქმედი შრომის კოდექსის მე-17 მუხლის მე-3 ნაწილი ასევე კონკრეტულად განსაზღვრავს, თუ რა ითვლება ზეგანაკვეთურ სამუშაოდ, კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაო დროს. თუ შრომითი ხელშეკრულებით სამუშაო დრო არ არის განსაზღვრული, ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 41 საათს ან ამ კოდექსის მე-14 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ 41 საათის ფარგლებში განსაზღვრულ სამუშაო დროს. შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილია, რომ წინა შრომის ხელშეკრულება ძალას ინარჩუნებს იმდენად, რამდენადაც მისი დებულებები შეცვლილი არ არის შემდგომი ხელშეკრულებით.

საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებაზე, კერძოდ, მხარეთა შორის 2008 წლის 1 იანვრამდე მოქმედი შრომითი კონტრაქტის 2.2.7 მუხლის თანახმად, კონტრაქტორი ვალდებული იყო პროფესიონალური მოთხოვნის ფარგლებში შეესრულებინა დამქირავებლის ყველა ბრძანება, ისეთი ვალდებულების ჩათვლით, რომლებიც უნდა შეესრულებინა არასამუშაო საათებში. ამავე კონტრაქტის 4.2 მუხლის მიხედვით, მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება, რომ კონტრაქტორს აუნაზღაურდებოდა ნებისმიერი დამატებითი სამუშაო საათები დამქირავებლის მიერ დადგენილი წესების მიხედვით. ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების თაობაზე შეთანხმებას შეიცავდა მხარეთა შორის 2008 წლის 1 იანვრიდან მოქმედი ხელშეკრულებაც, კერძოდ, ხელშეკრულების 3.8, 5.6 მუხლები.

საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამუშაო დრო, რომლის შესრულებაც მოსარჩელეს უხდებოდა არასამუშაო საათებში (რაც დგინდებოდა საკონტროლო ჟურნალებით), სრულდებოდა სწორედ დამსაქმებლის მიერ დადგენილი წესით და ამას ითვალისწინებდა სამსახურის სპეციფიკა. შესაბამისად, არასამუშაო საათებში ქ. დ-ძის სამსახურში ყოფნა არ იყო გამოწვეული მისი მიზეზით. ამ პერიოდში იგი იმყოფებოდა მოპასუხესთან შრომით ურთიერთობაში და ახორციელებდა მხარეთა შეთანხმებით ანუ კონტრაქტით გათვალისწინებულ დამატებით სამუშაოს, იგივე ზეგანაკვეთურ სამუშაოს, რომლისთვისაც გათვალისწინებულია ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლომ ასევე საფუძვლიანად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა თანხის ანაზღაურების ყოველი დაყოვნების დღისათვის მოპასუხეზე ასანაზღაურებელი თანხის 0.07%-ის დაკისრების შესახებ. ამასთან დაკავშირებით სასამართლომ მიუთითა შრომის კოდექსის 31.3 მუხლზე, რომლითაც იმპერატიულადაა განსაზღვრული, რომ დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნების თანხის 0.07 პროცენტი. ამავე კანონის 34-ე მუხლით დადგენილია, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულთან მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება არა უგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა შრომის კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კოდექსი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებული არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. ამავე კოდექსის მე-3 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. კანონის დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, დამსაქმებელი ვალდებულია კეთილსინდისიერად შეასრულოს მის მიერ დასაქმებულის წინაშე ნაკისრი ვალდებულება, მათ შორის, მთლიანი მოცულობით აუნაზღაუროს მას შესრულებული სამუშაო. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვალდებულება დამსაქმებელმა შეასრულა არაჯეროვნად, კერძოდ, მოპასუხეს ქ. დ-ძისათვის არ აუნაზღაურებია მის მიერ გათავისუფლებამდე ბოლო სამი წლის განმავლობაში ზეგანაკვეთური მუშაობის პერიოდში ნამუშევარი საათები. შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07 პროცენტის გადახდის ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენდა ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნება.

იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე არ იყო წარდგენილი საკმარისი მტკიცებულებები, თუ რას შეადგენდა ქ. დ-ძის მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების პერიოდში ნამუშევარი საათები და რა რაოდენობით უნდა ანაზღაურებულიყო იგი, ასევე, სპეციალურ ცოდნას და დამატებით მტკიცებულებებს მოითხოვდა იმ თანხის გამოანგარიშება, თუ რამდენს შეადგენდა აღნიშნული თანხის დაყოვნების ყოველი დღისათვის გადასახდელი 0.07%, ამიტომ საქალაქო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მოცემულ დავაზე წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნულთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 246-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სადავოა სასარჩელო მოთხოვნის როგორც ფაქტობრივი საფუძველი, ისე მოთხოვნის მოცულობა (ოდენობა), სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს წინასწარი (შუალედური) გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლის შესახებ. ასეთი წინასწარი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს აპელაციის წესით. კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ კი მას ექნება პრეიუდიციული ძალა სასამართლოს მეორე გადაწყვეტილებისათვის, რომელიც მოთხოვნის მოცულობას განსაზღვრავს (ტომი I, ს.ფ. 225-234).

პირველი ინსტანციის სასამართლოს წინასწარი გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სს “... ბანკმა” და სს “... ბანკის” ბათუმის ფილიალმა (წარმომადგენელი გიორგი ყავლაშვილი), რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ტომი I, ს.ფ. 239-247).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით სს “... ბანკის” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 8 სექტემბრის წინასწარი გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ქ. დ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: სს “... ბანკს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ ბოლო სამი წლის განმავლობაში, კერძოდ, 2005 წლის 7 აპრილიდან 2008 წლის 7 აპრილამდე, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას შაბათ დღეს ნამუშევარი საათების ანაზღაურების ვალდებულება, ამასთან, დადგინდა აღნიშნული ვალდებულების შესრულებით დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07 პროცენტის გადახდის ვალდებულების არსებობის ფაქტობრივი საფუძვლები.

საქმეში არსებული საცავის გახსნა-დახურვის ჟურნალების მიხედვით, ასევე აპელანტის მიერ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაფიქსირებული განმარტებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ. დ-ძე შაბათ დღეს მუშაობდა ზეგანაკვეთურად; აპელანტის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ქ. დ-ძეს ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ შაბათ დღეებში შესრულებული სამუშაოს გამო თანხა აუნაზღაურა; ქ. დ-ძე რჩებოდა სამსახურში სამუშაო საათების დასრულების შემდგომ; არასამუშაო დღეებში სამუშაოს შესრულებისათვის მოსარჩელეს ზეგანაკვეთური ანაზღაურება ეკუთვნოდა; სს “... ბანკში” ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი არსებობდა.

გარდა ამისა, მხარეთა განმარტებების მოსმენისა და საქმეში არსებული კონტრაქტების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ ქ. დ-ძე ყველა შაბათ დღეს სამსახურში იყო, ანუ იგი ასრულებდა ზეგანაკვეთურ სამუშაოს უქმე დღეებში, რაც არ ანაზღაურებია და რისი ანაზღაურების ვალდებულებაც კონტრაქტის თანახმად მხარეს გააჩნდა. მასთან მიმართებით არ ანაზღაურებულა 9 შაბათი ანუ 780 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელეს არ ანაზღაურებია ამ თანხის ყოველი გადაცილებული დღისათვის 0.07 პროცენტი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების თაობაზე, კერძოდ, მხარეთა შორის 2008 წლის 1 იანვრამდე მოქმედი შრომითი კონტრაქტის 2.2.7 მუხლის თანახმად, კონტრაქტორი ვალდებული იყო პროფესიონალური მოთხოვნის ფარგლებში შეესრულებინა დამქირავებლის ყველა ბრძანება ისეთი ვალდებულების ჩათვლით, რომელიც უნდა შეესრულებინა არასამუშაო საათებში. ამავე კონტრაქტის 4.2 მუხლის მიხედვით, მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება, რომ კონტრაქტორს აუნაზღაურდებოდა ნებისმიერი დამატებითი სამუშაო საათები დამქირავებლის მიერ დადგენილი წესების მიხედვით. უქმე დღეებში მუშაობის დროს შესაბამისი ანაზღაურება ასევე დგინდებოდა 2001 წლის 19 მარტის შრომითი კონტრაქტის 4.3 პუნქტითაც, სადაც ნათქვამია, რომ მუშაობა საქართველოში დადგენილ უქმე დღეებში ანაზღაურდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კონტრაქტორი შეიძლება გამოწვეულ იქნეს სამუშაოდ ოფიციალურ უქმე დღეს. იმ შემთხვევაში თუ კონტრაქტორი ამაზე დათანხმდება, უქმე დღეებში მუშაობა ანაზღაურდება არსებული კანონმდებლობის მიხედვით.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამუშაო, რომლის შესრულებაც მოსარჩელეს უხდებოდა არასამუშაო საათებში (რაც დგინდებოდა საკონტროლო ჟურნალებით), სრულდებოდა სწორედ დამქირავებლის მიერ დადგენილი წესით და ამას ითვალისწინებდა სამსახურის სპეციფიკა. შესაბამისად, არასამუშაო საათებში ქ. დ-ძის სამსახურში ყოფნა არ იყო გამოწვეული მისი მიზეზით. ამ პერიოდში იგი იმყოფებოდა მოპასუხესთან შრომით ურთიერთობაში და ახორციელებდა მხარეთა შეთანხმებით (კონტრაქტით) გათვალისწინებულ დამატებით სამუშაოს, იგივე ზეგანაკვეთურ სამუშაოს, რომლისთვისაც შრომის კოდექსის თანახმად გათვალისწინებულია ანაზღაურება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სს “... ბანკი” ვალდებული იყო ქ. დ-ძისათვის აენაზღაურებინა შაბათ დღეს ნამუშევარი ზეგანაკვეთური საათები. ამასთან, შრომის კოდექსის 31.3 მუხლის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებული იყო ქ. დ-ძისათვის გადაეხადა აღნიშნული თანხის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისათვის 0.07 პროცენტი (ტომი I, ს.ფ. 305-314).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის სამუშაო დღეებში ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. დ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.

კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ქ. დ-ძე, როგორც ბანკის სალაროს გამგე, სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე სამუშაო დღეებში მუშაობდა სამუშაო საათების შემდეგ, 20.00-21.00 საათამდე, ასევე, შაბათ დღეებში მოკლე სამუშაო დღეს. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ანაზღაურებას ექვემდებარებოდა მხოლოდ შაბათ დღეებში ნამუშევარი საათები.

კასატორი აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებული მოსაზრება არ გამომდინარეობს შრომის კოდექსის მე-17 მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან, სადაც განმარტებულია ზეგანაკვეთური სამუშაოს არსი (ტომი I, ს.ფ. 324-333).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრეს სს “... ბანკმა” და სს “... ბანკის” ბათუმის ფილიალმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ქ. დ-ძის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორები არ იზიარებენ სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის შესახებ, რომ შაბათ დღეს ქ. დ-ძე ასრულებდა ზეგანაკვეთურ სამუშაოს და მოპასუხეებს ქ. დ-ძის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ შაბათ დღეს ნამუშევარი საათების, როგორც ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება. კასატორები განმარტავენ, რომ კანონის თანახმად ზეგანაკვეთურ სამუშაოდ ითვლება ისეთი სამუშაო, როდესაც არასამუშაო საათებში დასაქმებული ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობას, რისი შესრულებაც მას დავალებული აქვს დამსაქმებლის მიერ. სადავო შემთხვევაში დამსაქმებლის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ქ. დ-ძის მიმართ მოთხოვნას, ემუშავა არასამუშაო საათებში, კერძოდ, შაბათ დღეს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში უკანონოა, იგი უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით ქ. დ-ძის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს (ტომი I, ს.ფ. 334-342).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “... ბანკისა” და სს “... ბანკის” ბათუმის ფილიალის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქ. დ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის _ სს “... ბანკისა” და სს “... ბანკის” ბათუმის ფილიალის მსჯელობას იმის შესახებ, რომ არ არსებობს ქ. დ-ძისათვის ამ უკანასკნელის მიერ შაბათ დღეს ნამუშევარი საათების, როგორც ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ფაქტობრივი საფუძველი, ვინაიდან მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია ქ. დ-ძის მიმართ მოთხოვნას, ემუშავა შაბათ დღეს.

კასატორის ზემოაღნიშნული მსჯელობის სისწორის დასადგენად მნიშვნელოვანია გაირკვეს: ა. საქმეზე დგინდება თუ არა ქ. დ-ძის მიერ შაბათ დღეს მუშაობის ფაქტი; ბ. არსებობდა თუ არა მხარეებს შორის შეთანხმება ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილადაა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მოპასუხე ორგანიზაციაში სამუშაო კვირა შედგებოდა 6 სამუშაო დღისგან; სამუშაო დღე იწყებოდა 9.30 საათზე და მთავრდებოდა 18.00 საათზე; სამუშაო კვირა მოიცავდა 41 საათს; საქმეში არსებული საცავის გახსნა-დახურვის ჟურნალების მიხედვით, სამუშაოს შესრულება ქ. დ-ძეს სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე რიგ შემთხვევაში უწევდა არასამუშაო საათებშიც; ქ. დ-ძე ყველა შაბათ დღეს სამსახურში იყო, იგი ასრულებდა ზეგანაკვეთურ სამუშაოს უქმე დღეებში, რაც არ ანაზღაურებია; მასთან მიმართებით არ ანაზღაურებულა 9 შაბათი, რაც თანხობრივად შეადგენს 780 ლარს; მოპასუხე ორგანიზაციაში არსებობს შაბათ დღეს მუშაობის ანაზღაურების პრაქტიკა; მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების თაობაზე, რასაც ადასტურებს 2001 წლის 19 მარტის შრომითი კონტრაქტის 4.3 პუნქტი, 2008 წლის 1 იანვრამდე მოქმედი შრომითი კონტრაქტის 2.2.7 მუხლი.

სს “... ბანკსა” და სს “... ბანკის” ბათუმის ფილიალს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის სისწორესთან მიმართებით საკასაციო სასამართლოში არ წარმოუდგენიათ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მათ დამტკიცებულად მიიჩნევს.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს შრომის კოდექსის მე-17 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ. ამ მუხლის თანახმად, ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაო დროს. თუ შრომითი ხელშეკრულებით სამუშაო დრო არ არის განსაზღვრული, ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა აღემატება კვირაში 41 საათს ან ამ კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დამსაქმებლის მიერ 41 საათის ფარგლებში განსაზღვრულ სამუშაო დროს.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ასევე დადგენილადაა მიჩნეული ის გარემოება, რომ სამუშაო, რომლის შესრულებაც მოსარჩელეს უხდებოდა შაბათ დღეს არასამუშაო საათებში, სრულდებოდა სწორედ დამსაქმებლის მიერ დადგენილი წესით და აღნიშნულს ითვალისწინებდა სამსახურის სპეციფიკა. ამიტომ, არასამუშაო საათებში ქ. დ-ძის სამსახურში ყოფნა არ იყო გამოწვეული მისი მიზეზით. ამ პერიოდში იგი იმყოფებოდა მოპასუხესთან შრომით ურთიერთობაში და ახორციელებდა მხარეთა შეთანხმებით (კონტრაქტით) გათვალისწინებულ დამატებით სამუშაოს.

ამდენად, საქმეზე დგინდება, რომ ქ. დ-ძე შაბათ დღეს მუშაობდა ზეგანაკვეთურად. ამასთან, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ვალდებულება კონტრაქტის თანახმად მოპასუხეს გააჩნდა. ასეთ ვითარებაში, შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სახეზეა ასანაზღაურებელი თანხის ყოველი გადაცილებული დღისათვის 0.07 პროცენტის მოსარჩელისათვის ანაზღაურების საფუძველიც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც დადგინდა ქ. დ-ძისათვის ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას შაბათ დღეს ნამუშევარი საათების ანაზღაურება და აღნიშნული ვალდებულების შესრულების დაყოვნების ყოველი დღისათვის პროცენტის გადახდის ვალდებულების არსებობის ფაქტობრივი საფუძვლები.

რაც შეეხება კასატორ ქ. დ-ძის მოთხოვნას სამუშაო დღეებში ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას ნამუშევარი საათების ანაზღაურების შესახებ, დასახელებულ ნაწილში გადაწყვეტილება საერთოდ არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის საუბარი მითითებულ მოთხოვნაზე უარის თქმის მოტივებზე, რის გამოც საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერება.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამუშაო დღეებში ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას ნამუშევარი საათების ანაზღაურებისა და დაყოვნებისათვის ამ თანხის 0.7%-ის მოთხოვნის ნაწილში საქმე სააპელაციო სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს ხელახლა განსახილველად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად. დასახელებული მოთხოვნის მართლზომიერების გასარკვევად სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ უნდა დაადგინოს სამუშაო საათების დასრულების შემდგომ ქ. დ-ძის მიერ ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების ფაქტი. ამ კუთხით სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის, საცავის გახსნა-დახურვის ჟურნალები, მხარეთა ახსნა-განმარტებები. აღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს, არსებობს თუ არა ქ. დ-ძისათვის სამუშაო დღეებში ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას ნამუშევარი საათების ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე, 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

სს “... ბანკისა” და სს “... ბანკის” ბათუმის ფილიალის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

ქ. დ-ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება სამუშაო დღეებში ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებისას ნამუშევარი საათების ანაზღაურებისა და დაყოვნებისათვის ამ თანხის 0.07%-ის მოთხოვნებზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.