ას-405-378-10 7 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – თ. ა-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარეები – ა. წ-ძე, ვ. ლ-ძე (მოპასუხე)
დავის საგანი – ვალის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული ქონების
რეალიზაცია.
გასაჩივრებული განჩინება – ქუთიაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
2009 წლის 17 აგვისტოს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა თ. ა-ძემ ა. წ-ძისა და ვ. ლ-ძის მიმართ და მოითხოვა ვალის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. ა-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. ა-ძემ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 თებერვლის განჩინებით თ. ა-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2005 წლის 11 მარტს, თ. ა-ძესა და ა. წ-ძეს შორის გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, იპოთეკარი ვალდებულია მესაკუთრეს სესხის თანხა სრულიად გადასცეს ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებისთანავე. თანხის გადაცემის შესახებ მხარეებმა შეადგინეს თანხის მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერენ მხარეები. 2005 წლის 1 მარტის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესაბამისად, გარიგების მხარისათვის, ა. წ-ძისათვის ხელშეკურლებაში დაფიქსირებული თანხა არ გადაცემულა.
იმის გათვალისწინებით, რომ თ. ა-ძეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება, მათ შორის წერილობითი, რაც დაადასტურებდა მოპასუხე ნ. წ-ძეს მიერ მისგან ფულის სესხების ფაქტს, პალატა მიიჩნევს, რომ მხოლოდ მოსარჩელის განმარტება არ არის საკმარისი აღნიშნული ფაქტის დასადასტურებლად, შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა ნ. წ-ძისათვის სესხის ძირითადი თანხის 15 000 აშშ დოლარისა და მისგან წარმოშობილი ზიანის - 5000 აშშ დოლარის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. ა-ძემ. მან განმარტა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში არ მიეცა შეფასება მოპასუხის ნ. წ-ძის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებლის წარუდგენლობას.
ნ. წ-ძემ სააპელაციო შესაგებელში დაურთო წერილობითი პასუხი, რომელიც სასამართლოს არ შეუმოწმებია დასაშვებობის პრინციპით, რითაც დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნა.
სასამართლო სხდომაზე თანხების მიღების შემდეგ მოსამართლეს არ დაუსვამს არანაირი შეკითხვები, კერძოდ, რატომ არ აპროტესტებდა ამდენ ხანს საკუთარი მიწის ნაკვეთით იპოთეკით დატვირთვას ა. წ-ძე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორი ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ა-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას თ. ა-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ. ა-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
თ. ა-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (1700 ლარის) 70% - 1190 ლარი;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.