ას-408-381-2010 23 სექტემბერი, 2010 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – 1. ქ. ბათუმის საზღვაო სასწავლებლისა და სანაოსნოს მუშაკთა მრავალბინიანი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ა.” (მოპასუხე)
ქ. ბათუმის მერია (მოპასუხე)მოწინააღმდეგე მხარეები – 1. ქ.ბათუმის საზღვაო სასწავლებლისა და სანაოსნოს მუშაკთა მრავალბინიანი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ა.”-ს გამგეობის წევრები - ბ. ო-ძე, გ. ა-ძე და ი. შ-შვილი (მოსარჩელეები)
2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახური
მესამე პირები – დ. ბ-ძე, შპს “გ.”, შპს “ჯ. კ.”
დავის საგანი – ბათუმის მერიის 2002 წლის 13 მაისის @¹109 დადგენილების ბათილად ცნობა, ა-ს გამგეობის 2001 წლის 25 აპრილის სხდომის ოქმისა და 2001 წლის 30 აპრილის დებულების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული სასამართლო გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 28 ივნისს მოსარჩელეებმა - ქ. ბათუმის საზღვაო სასწავლებლისა და სანაოსნოს მუშაკთა მრავალბინიანი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ა.”-ს გამგეობის წევრებმა - ბ. ო-ძემ, გ. ა-ძემ და ი. შ-შვილმა სარჩელით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების – ქ. ბათუმის მერიისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ 1993 წლის 19 ივლისს მათ მიმართეს ქ.ბათუმის მერიის კაბინეტს მშენებლობის ნებართვის შესახებ, რომელიც 1993 წლის 6 ივლისის ქ.ბათუმის მერიის კაბინეტის ¹141 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, 1993 წლის 5 ოქტომბრის ¹345 ქ.ბათუმის მერიის კაბინეტის გადაწყვეტილებით დამტკიცდა 1993 წლის 19 ივლისის ინდივიდუალური ბინათმშენებლობა „ა.“-ს წევრთა საერთო კრების სხდომის ¹1 ოქმი, რომლის საფუძველზეც მიიღეს ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის წესდება, აირჩიეს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის გამგეობის წევრები შემდეგი შემადგენლობით: ბ. ო-ძე, გ. ა-ძე და ი. შ-შვილი. მათ გადაწყვიტეს, ინდივიდუალურ ბინათმშენებლობა „ა.“-ს სახელზე აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე აეგოთ საცხოვრებელი სახლი და მიმართეს სხვადასხვა ორგანოებს. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ 2006 წლის 1 ივნისის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის ¹1962 მომართვის თანახმად, ეცნობათ, რომ ქ.ბათუმის მერიის კაბინეტის 2003 წლის 8 მაისის ¹58 დადგენილებით ... ქ.¹121-ში მდებარე უძრავი ქონება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში ბინათმშენებლობა „ა.“-ზე, ფაქტობრივად ამავე დადგენილებითვე იქნა გამოყოფილი 3 300 კვ.მ ფართი, ხოლო 2002 წლის 20 მაისის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგინდა, რომ ქ.ბათუმში ... და ...... ქუჩების მიმდინარე ტერიტორიაზე ინდივიდუალურ ბინათმშენებლობა „ა.“-ს საკუთრების საფუძველია ქ.ბათუმის მერიის 2002 წლის 13 მაისის ¹109 დადგენილება და ქ. ბათუმის 1993 წლის 5 ოქტომბრის დადგენილება ¹345, ამასთანავე 2002 წლის 20 მაისს გაცემული საკადასტრო რუკით მესაკუთრედ აღინიშნა ინდივიდუალური ბინათმშენებლობა „ა.“, ფართით 630 კვ.მ.
მოსარჩელეთა განმარტებით, მათთვის 2006 წლის 7 ივნისის ქ.ბათუმის ადგილობრივი თვითმმართველობის აპარატის მომართვის საფუძველზე, რომლის დროსაც მათ გადაეცათ ქ.ბათუმის მერიის 2002 წლის 13 მაისის ¹109 დადგენილების ქსეროასლი თანდართული მასალებით, ცნობილი გახდა, რომ 1993 წლის 6 ივლისის ¹141 გადაწყვეტილებაში შეტანილ იქნა ცვლილება და 1993 წლის 5 ოქტომბრის ¹345 გადაწყვეტილება ძალადაკარგულად გამოცხადდა, ასევე ცნობილი გახდა, რომ 2001 წლის 25 აპრილის ერთ-ერთი ოქმით დადგინდა, რომ ინდივიდუალური ბინათმშენებლობა „ა.“-ს გამგეობის სხდომა შედგა 2001 წლის 22 აპრილს, რომელსაც ესწრებოდა 36 წევრი. სხდომის დღის წესრიგს წარმოადგენდა საინიციატივო ჯგუფის გაუქმება, ასევე გამგეობის თავმჯდომარისა და ხაზინადარის არჩევა. სხდომაზე მოსმენილ იქნა შემდეგი წინადადებები, კერძოდ, საინიციატივო ჯგუფი უნდა გაუქმებულიყო, ვინაიდან ისინი აღარ იყვნენ ა-ს თანამშრომლები და ინდივიდუალური ბინათმშენებლობის თავმჯდომარედ ჯ. ბ-ძის, ხოლო ხაზინადარად მ.შ-ძის კანდიდატურები დასახელდა, რაც ამავე ოქმით დაკმაყოფილდა, მოსარჩელეები აღნიშნავენ, ხოლო წარმოდგენილი მეორე 2001 წლის 25 აპრილის ¹1 ოქმით დგინდება, რომ ის ჩატარდა იმავე დღეს, ესწრებოდნენ იგივე წევრები, თავმჯდომარე და მდივანი იყვნენ იგივე პირები, მხოლოდ დღის წესრიგში იყო განსხვავება, განიხილეს თავმჯდომარისა და ხაზინადარის კანდიდატურები, საინიციატივო ჯგუფის გაუქმებაზე კი ნათქვამი არაფერი იყო.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს ინდივიდუალური ბინათმშენებლობა “ა.”-ს გამგეობის სახდომის 2001 წლის 25 აპრილის ¹1 ოქმის, ასევე 2002 წლის 13 მაისის ქ.ბათუმის მერიის ¹109 დადგენილების, ქ.ბათუმის მერიის 2003 წის 8 მაისის ¹58 დადგენილების, ქ.ბათუმის მთავრობის 2006 წლის 13 ივნისის ¹173 დადგენილების მეორე ნაწილის ბათილად ცნობა, ხოლო შესაბამისად ქ.ბათუმის მერიის კაბინეტის 1993 წლის 6 ივნისის ¹141 და 1993 წლის 5 ოქტომბრის ¹345 დადგენილებების ძალაში დატოვება, ამასთანავე საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულება, გაეტარებინა ინდივიდუალური ბანთმშენებლობა ა-ს საკუთრება ქ.ბათუმის მერის კაბინეტის 1993 წლის 6 ივნისის ¹141 და 1993 წლის 5 ოქტომბრის ¹345 დადგენილებების შესაბამისად.
2006 წლის 25 ივლისს მოსარჩელეებმა წარადგინეს დამატებითი სასარჩელო განცხადება, თანამოპასუხედ მიუთითეს ასევე ინდივიდუალური ბინათმშენებლობა „ა.”-ს თავმჯდომარე ჯ. ბ-ძე და დამატებით მოითხოვეს 2001 წლის 30 აპრილის საინიციატივო ჯგუფის მიერ დამტკიცებული ერთობლივი საქმიანობის დებულების ბათილად ცნობა, ხოლო იმავე წლის 1 დეკემბერს შეტანილი დამატებით სასარჩელო განცხადებით მოითხოვეს, ბათილად ეცნოთ ქ.ბათუმის 2006 წლის 18 ივლისის ¹203 დადგენილება თანმდევი შედეგებით.
ქ.ბათუმის მთავრობის 2006 წლის 11 სექტემბრის ¹262 დადგენილებით ქ.ბათუმში, ... ქუჩაზე მდებარე 1300 კვ. მ მიწის ნაკვეთის საკუთრებაში განკარგვაზე გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს “გ.”, რომელმაც 2006 წლის 6 ოქტომბრის ¹1-9706 ნასყიდობის ხელშეკრულებით მოიპოვა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება, ხოლო ამჟამად ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი შპს “გ.-სა” და შპს “ჯ. კ.-ს” შორის 2006 წლის 134 ოქტომბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენდა შპს “ჯ. კ.-ს” საკუთრებას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 აგვისტოს საოქმო განჩინებით მოსარჩელეების შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის თაობაზე დაკმაყოფილდა, ინდივიდუალური ბინათმშენებლობა „ა.”-ს გამგეობის წევრების - გ. ა-ძის, ბ. ო-ძისა და ი. შ-შვილის სარჩელი 2006 წლის 6 ოქტომბრისა და 2006 წლის 13 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში დატოვებულ იქნა განუხილველად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 20 აგვისტოს საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა დაინტერესებული პირის - დ. ბ-ძის შუამდგომლობა და იგი ჩართულ იქნა მოცემულ საქმეში მესამე პირად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით მოსარჩელეების მხარეზე, ასევე სასამართლოს 2009 წლის 25 თებერვლის განჩინებით საქმეზე მესამე პირებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით ჩართულ იქნენ შპს „გ.“ და შპს „ჯ. კ.“.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით გ. ა-ძის, ბ. ო-ძისა და ი. შ-შვილის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ა-ძემ, ბ. ო-ძემ და ი. შ-შვილმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ივლისის განჩინებით, გ. ა-ძის, ბ. ო-ძისა და ი. შ-შვილის სარჩელისა გამო, ქ.ბათუმის მერიის, ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურისა და ბინათმშენებლობა “ა.”-ს თავმჯდომარის - ჯ. ბ-ძის მიმართ, ცალკე წარმოებად გამოიყო სასარჩელო მოთხოვნა ინდივიდუალური ბინათმშენებლობა „ა.”-ს გამგეობის სხდომის 2001 წლის 21 აპრილით დათარიღებული ორი ოქმის, 2001 წლის 30 აპრილის საინიციატივო ჯგუფის მიერ დამტკიცებული ერთობლივი საქმიანობის დებულებისა და ქ.ბათუმის მერიის 2002 წლის 13 მაისის ¹109 დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში და იგი განსჯადობით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის საზღვაო სასწავლებლისა და სანაოსნოს მუშაკთა მრავალბინიანი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ა.”-ს წევრების “გ. ა-ძის, ბ. ი-ძისა და ი. შ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება ნაწილობრივ; კერძოდ, ქ. ბათუმის საზღვაო სასწავლებლისა და სანაოსნოს მუშაკთა მრავალბინიანი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ა.”-ს გამგეობის სხდომის 2001 წლის 25 აპრილით დათარიღებული ორი ¹1 ოქმის, 2001 წლის 30 აპრილის საინიციატივო ჯგუფის მიერ დამტკიცებული ერთობლივი საქმიანობის დებულებისა და ქ. ბათუმის მერიის 2002 წლის 13 მაისის ¹109 დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ბათუმის უმაღლესი საზღვაო სასწავლებლის სანაოსნოს მუშაკთა მრავალბინიანი ინდივიდუალური მშენებლობის, ამხანაგობა “ა.”-ს წევრების – გ. ა-ძის, ბ. ო-ძისა და ი. შ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ბათუმის მერიის 2002 წლის 13 მაისის ¹109 დადგენილება, ა-ს გამგეობის 2001 წლის 25 აპრილის სხდომის ორი ¹1 ოქმი და 2001 წლის 30 აპრილის დებულება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 1993 წლის 6 ივლისის ¹141 გადაწყვეტილებით, ქ.ბათუმის მერიის კაბინეტის მიერ საინიციატივო ჯგუფს, რომლის ხელმძღვანელი იყო ბ. ო-ძე გამოეყო ბათუმში, ... და ... ქუჩების მიმდებარე კვარტალში მდებარე 630 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ამხანაგური ერთსადარბაზოიანი, შვიდსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის. 1993 წელის 19 ივლისს ჩატარდა ბინათმშენებლობის წევრთა საერთო კრება და მიღებულ იქნა წესდება; არჩეულ იქნა გამგეობა ბ. ო-ძის თავმჯდომარეობით. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა კრების ოქმი ¹1, რაც დამტკიცებულ იქნა ბათუმის მერიის 1993 წლის 5 ოქტომბრის ¹345 გადაწყვეტილებით.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, საქმის მასალებიდან გამომდინარე, არ დგინდება, რომ ზემოაღნიშნულმა ამხანაგობამ უფლებამოსილება შეწყვიტა წესდების 33-ე პუნქტის რომელიმე ქვეპუნქტის თანახმად, ანუ არ არსებობდა ,,ა-ს” საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები.
პალატამ განმარტა, რომ 1993 წლის წესდების მე-6 პუნქტის თანახმად, შექმნილი ამხანაგობა რეგისტრაციის მომენტიდან წარმოადგენდა იურიდიულ პირს, ამავე წესდების 33-ე პუნქტის თანახმად, გათვალისწინებული იყო ეს ამხანაგობა, თუ რა შემთხვევაში შეიძლებოდა გაუქმებულიყო.
პალატამ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული ამხანაგობამ უფლებამოსილება შეწყვიტა წესდების 33-ე პუნქტის რომელიმე ქვეპუნქტის თანახმად ანუ არ არსებობს „ა-ს“ საქმიანობის შეწყვეტის საფუძვლები.
პალატამ ასევე განმარტა, რომ 1993 წლის 19 ივლისს ბათუმის უმაღლესი საზღვაო სასწავლებლისა და სანაოსნოს მუშაკთა მრავალბინიანი ინდივიდუალური ბინათმშენებლობა „ა.“-ს წესდება შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკაში ინდიდვიდუალური საბინაო მშენებლობის განვითარების დაჩქარების ღონისძიებათა შესახებ „საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1988 წლის 26 აპრილის ¹220 დადგენილების საფუძველზე. ამხანაგობაში გაერთიანების უფლება ჰქონდათ სახელმწიფო, კოოპერატიულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებში მომუშავე მუშა-მოსამსახურეებს, ასევე სამშენებლო ორგანიზაციის, ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების მიერ რეკომენდებულ სხვა პირებს. ამ წესდებით დგინდება, რომ საერთოდ არ იყო სავალდებულო ბათუმის საზღვაო ა-ს თანამშრომლობა.
პალატამ მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ როდესაც ბათუმში ამხანაგობა „ა.”-ს ყალიბდებოდა 1993 წელს, მაშინ გადაკეთდა ბათუმის საზღვაო სასწავლებელი „ბათუმის უმაღლეს საზღვაო სასწავლებლად“. საინიციატივო ჯგუფმა სიმბოლურად უწოდა „ა.“ ბინათმშენებლობას, რომელსაც არავითარი ფინანსური ან მატერიალური კავშირი „ბათუმის უმაღლეს საზღვაო სასწავლებელ ა.-სთან“ არ ჰქონიათ, ანუ როცა უკვე შეიქმნა „ბათუმის უმაღლესი საზღვაო სასწავლებელი“ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ა.“ უკვე არსებობდა.
პალატამ არ გაიზიარა 2001 წლის 25 აპრილის ¹1 სხდომის ოქმში მითითებული გარემოება იმის თაობაზე, რომ ძველი ამხანაგობა გაუქმებულია, „ვინაიდან ისინი აღარ არიან ა-ს“ წევრები.
პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2001 წლის 25 აპრილის ორი ¹1 ოქმი ხელმოწერილია იმ პირების მიერ, რომელთა ამხანაგობის „ა.“-ს@ (რომელიც დაფუძნდა 1993 წელს) წევრობა არ დგინდება საქმის მასალებით. 2001 წლის 25 აპრილის სხდომის ოქმებზე ¹1 დასმულია სულ სხვა ბეჭედი, ვიდრე ეს 1993 წელს შექმნილ „ა.“-ს გააჩნდა მისი წესდების თანახმად, როგორც იურიდიულ პირს.
პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა “ა.”-ს, რომელიც დაფუძნდა 2001 წლის 25 აპრილს, ბათუმის მერიის მიერ სულ სხვა ქუჩაზე გამოეყო ფართი საცხოვრებელი ბინის მშენებლობისათვის, კერძოდ, ... ქ. ¹21-ში.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ არ დგინდება, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა, რომელიც 1993 წელს დაფუძნდა, მისი სამართალმემკვიდრეა 2001 წელს დაარსებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ა.”-ს ჯ. ბ-ძის თავმჯდომარეობით. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ გაუქმდა ძველი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ა.” და შექმნა ახალი 2001 წელს, რომელიც 1993 წელს შექმნილი ამხანაგობის სამართალმემკვიდრეა.
სააპელაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნია, რომ 2001 წლის 30 აპრილის საინიციატივო ჯგუფის მიერ დამტკიცებული ერთობლივი საქმიანობის დებულება ვერ იქნება სამართალმემკვიდრე 1993 წლის 5 ოქტომბერს დამტკიცებული ,,ა.-ს” წესდებისა, რადგან 1993 წლის 5 ოქტომბერს ა. შედგებოდა სულ სხვა პირებისაგან, რომელთაც არანაირი კავშირი და საერთო არ აქვთ 2001 წლის 25 აპრილის ¹1 სხდომის ოქმით შექმნილ ახალ ბინათმშენებლობა ,,ა.”-სთან
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ არ დგინდება ის გარემოება, რომ ... და ...... ქუჩების კვეთა – ... ქუჩად გადაკეთდა ან ... ქუჩად. აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა არსებობდეს კონპეტენტური ორგანოს დადგენილება, კერძოდ, ბათუმის მერიის დადგენილება, მაგრამ ასეთი დადგენილება საქმეში არ მოიპოვება. ესეც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მხარეები სულ სხვა მიწის ნაკვეთებზე მიუთითებენ.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ქ. ბათუმის მერიამ. კასატორმა მიუთითა, რომ იგი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, თითქოს 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთი ... ქუჩაზე არ მოიცავს ამხანაგობა ,,ა.”-სათვის გადაცემულ 630 კვ.მ მიწის ნაკვეთს. ქალაქ ბათუმის მერიის კაბინეტის 1993 წლის 6 ივლისის ¹141 გადაწყვეტილებით საინიციატივო ჯგუფს გამოეყო ... და ... ქუჩების მიმდებარე კვარტალში არსებული მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ქ. ბათუმის მერიის 2002 წლის 13 მაისის ¹109 დადგენილებით შეტანილ იქნა ცვლილება და ამხანაგობა ,,ა.”-ს გამოეყო მიწის ნაკვეთი ... და ...... ქუჩების კვეთაში. ქ. ბათუმის მერიის 2003 წლის 8 მაისის ¹58 დადგენილებით ნაწილობრივი ცვლილება შევიდა 2002 წლის 13 მაისის დადგენილებაში და ... და ...... ქუჩების კვეთასთან მდებარე მიწის ნაკვეთის ნაცვლად ამხანაგობა ,,ა.”-ს გამოიყო ... ქ. 21-ში მდებარე მიწის ნაკვეთი.
ასევე კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლო გასცდა სააპელაციო საჩივრის ფარგლებს და იმსჯელა იმაზე, რაც სააპელაციო საჩივრით არ გამხდარა სადავო. კერძოდ, გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, რომ 2002 წლის 20 მაისის საჯარო რეესტრის ჩანაწერზე, კერძოდ, 630 კვ.მ მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია ამხანაგობა ,,ა.”-ზე. ასევე დაადგინა, რომ საჯარო რეესტრის სამსახურის მოქმედება უკანონოა, რაც მისი გაბათილების საფუძველია. ფაქტობრივად სააპელაციო სასამართლომ ისე გააკეთა დასკვნები და პირდაპირ მიუთითა ბათილობის საფუძვლებზე, რომ ამ საკითხზე დავა არც ყოფილა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი ასევე შეიტანა ამხანაგობა ,,ა.”-ს თავმჯდომარემ ჯ. ბ-ძემ. მან მიუთითა, რომ საქმეში არსებული 2002 წლის 20 მაისის საჯარო რეესტრის ჩანაწერის მიხედვით 630 კვ.მ მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული აქვს ამხანაგობა ,,ა.”-ს, რომლის რეორგანიზაცია მოხდა 2001 წელს, შესაბამისად, თუკი რაიმე პრეტენზია შეიძლება არსებობდეს ეს უნდა ჰქონდეს 2001 წლის შემდგომ რეორგანიზებულ ,,ა.”-ს და არა 1993 წელს შექმნილ ამხანაგობა ,,ა.”-ს ყოფილ წევრებს.
ასევე კასატორი თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია ხანდაზმულობის საკითხებთან დაკავშირებით. კასატორის აზრით, სარჩელი ხანდაზმულია, ვინაიდან ამხანაგობა ,,ა.” წარმოადგენდა ცალკეულ ფიზიკურ პირთა გაერთიანებას, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებული იყვნენ სახელშეკრულებლო ურთიერთობით. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად კი, სახელშეკრულებლო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, გაეცნო საკასაციო საჩივრებს და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
ბათუმის მერიის საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ 2006 წლის 13 ივნისს ¹173 დადგენილებით ბათილად გამოცხადდა 2002 წლის 13 მაისის ¹109 და 2003 წლის 8 მაისის ¹58 დადგენილებების ის ნაწილები, რომლითაც ,,ა.”-ს გამოეყო მიწის ნაკვეთი.
ამასთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ საქმეში წარმოდგენილია 2006 წლის 11 სექტემბრის სასამართლო განჩინება, რომლითაც დამტკიცდა ბათუმის მერიასა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ა.”-ს შორის მორიგება, რომლის თანახმად ამ უკანასკნელს საკუთრებაში დარჩა ბათუმში, ... ქ. ¹21-ში მდებარე მიწის ნაკვეთი ბათუმის მერიასათვის 64000 ლარის გადახდის სანაცვლოდ.
სააპელაციო სასამართლო არ იკვლევს ამ მტკიცებულებებს. იმ შემთხვევაში, თუ ბათილად არის ცნობილი ბათუმის მერიის 2002 წლის 13 მაისის ¹109 დადგენილება, სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს სასამართლო წესით მისი ბათილად ცნობის რა იურიდიულ ინტერესი გააჩნიათ მოსარჩელეებს (სსსკ-ის 180-ე მუხლი) და არსებობს თუ არა ამ ნაწილში დავის საგანი.
საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ 1993 წელს შექმნილ და 2001 წელს შექმნილ ,,ა.”-სათვის გამოყოფილ მიწის ფართებს არ გააჩნიათ ურთიერთკავშირი. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია განხორციელდა თუ არა 1993 წელს შექმნილ ,,ა.”-სათვის გამოყოფილი 630 კვ.მ მიწის ნაკვეთის უფლებამონაცვლეობა სხვა მიწის ნაკვეთით, რომელიც გამოეყო 2001 წლის 25 აპრილს შექმნილ ,,ა.”-ს.
სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული საჯარო რეესტრის ამონაწერი სხვა მასალებთან ერთობლიობაში მართებულად არ შეაფასა, კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი 2002 წლის 20 მაისის საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ ... და ...... ქუჩების კვეთაში არსებულ მიმდებარე კვარტალში არსებული 630 კვ.მ ფართი დარეგისტრირებულია 1993 წელს შექმნილ ამხანაგობა ,,ა.”-ზე, რომლის საფუძველს წარმოადგენს 1993 წლის 5 ოქტომბრის ¹345 გადაწყვეტილება, ამასთან სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული რეესტრის ჩანაწერები გაუქმებული არ არის და არც რაიმე მტკიცებულება დევს საქმეში.
აღნიშნულთან მიმართებაში საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს საკასაციო საჩივრებში მითითებულ პრეტენზიებს და განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ, რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ამხანაგობის საკუთრების უფლების საფუძვლად 1993 წლის 5 ოქტომბრის ¹345 დადგენილების გარდა მითითებულია ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის ¹109 13.05.2002 წლის დადგენილება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა 1993 წლის 5 ოქტომბრის ¹345 დადგენილება. ამავე დადგენილებით (¹109 13.05.2002წ) ცვლილება იქნა შეტანილი ბათუმის მერიის კაბინეტის 1993 წლის 6 ივლისის ¹141 გადაწყვეტილებაში, რომლის თანახმად ინდივიდუალურ ბინათმშენებლობა ,,ა.”-ს გამოეყო მიწის ნაკვეთი ორსადარბაზოიანი, 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის ... და ...... (...) ქუჩების კვეთაში არსებულ კვარტალში. აღნიშნული დადგენილების პრეამბულაში მითითებულია, რომ ინდივიდუალური ბინათმშენებლობა ,,ა-ს” წევრთა რიგებში 2001 წლის 25 აპრილის ოქმით განხორციელდა ცვლილება. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სრულად არ შეაფასა აღნიშნული მტკიცებულებები და, შესაბამისად, არ დაადგინა, თუ რომელი ,,ა.”-ს სახელზე იყო რეგისტრირებული ... და ...... კვეთასთან არსებული 630 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
ამასთან ერთად საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ბათუმის მერიის 2003 წლის 8 მაისის ¹58 დადგენილება, რომლის თანახმად ცვლილება იქნა შეტანილი ბათუმის მერიის კაბინეტის ¹109 13.05.2002 წლის დადგენილებაში და ,,ა.”-სთვის ... და ...... ქუჩების კვეთასთან არსებული მიწის ნაკვეთის ნაცვლად ,,ა.”-ს გამოეყო ... ქ.¹21-ში მდებარე 3200 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
ამდენად, აღნიშნული გარემოებების გაუთვალისწინებლად არ შეიძლება გაზიარებულ იქნას სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ ბათუმის მერიამ გამოყო სხვადასხვა მიწის ნაკვეთი.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 1993 წლის ,,ა.” დაფუძნებულია საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1988 წლის 26 აპრილის 220 დადგენილების საფუძველზე და წარმოადგენს იურიდიულ პირს, რომელიც დღემდე არ არის გაუქმებული, ხოლო 2001 წელს შექმნილი ,,ა.” არ არის იურიდიული პირი და, ამდენად, ვერ იქნება მისი უფლებამონაცვლე.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1512-ე მუხლის პირველი წინადადება, რომლის თანახმად, საბინაო-სამშენებლო კოოპერატივები, როგორც იურიდიულ პირები, ჩაითვალა გაუქმებულად 1997 წლის 25 ნოემბრიდან. აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით საბინაო-სამშენებლო კოოპერატივები, იურიდიულ პირებად არ ითვლებიან. რაც შეეხება 2001 წლის 25 აპრილის ამხანაგობა ,,ა.”-ს წევრებს შორის ურთიერთობები რეგულირდება სამოქალაქო კოდექსის 930-940 მუხლებით.
აქედან გამომდინარე, არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ 1993 წელს დაარსებული ამხანაგობა, როგორც იურიდიული პირი, დღესაც მოქმედია.
ის გარემოება, რომ 2001 წლის 25 აპრილის ¹1 ოქმს ხელს აწერენ არაუფლებამოსილი პირები, რომელთა ამხანაგობის წევრობა არ დასტურდება, შეიძლება გახდეს მისი ბათილად ცნობის ერთ-ერთი წინაპირობა, მაგრამ გასათვალისწინებელია რიგი გარემოებები, რომლებიც არ იქნა შეფასებული სააპელაციო სასამართლოს მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 934-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. შესაძლებელია ამხანაგობაში შეყვანილი იყვნენ ასევე სხვა პირები, მაგრამ მათი ამხანაგობაში შეყვანის საფუძველი (კრების ოქმი, რომელიც წარმოადგენს მრავალმხრივ ხელშეკრულებას), უნდა შემოწმდეს კონკრეტულ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 934-ე მუხლის მიხედვით, რაც არ იქნა გამოყენებული სააპელაციო სასამართლოს მიერ, ასევე სააპელაციო სასამართლო არ იკვლევს, თუ რაში გამოიხატება 2001 წლის 25 აპრილის ¹1 ოქმს ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი, რა სამართლებრივ შედეგს უკავშირებენ მოსარჩელეები მისი ბათილად ცნობას და რამდენად გამომდინარეობს ეს შედეგი აღნიშნული ოქმის ბათილობიდან (სსსკ-ის 180-ე მუხლი).
ზემოაღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად ჩატარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 934-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით 2001 წლის 25 აპრილის ¹1 ამხანაგობის კრება (ოქმი ¹2). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, რა იურიდიული ინტერესი გააჩნია მოსარჩელეს აღნიშნული ოქმის ბათილად ცნობისათვის. საქმეში არსებული მტკიცებულებებთან ერთობლიობაში უნდა შეფასდეს საქმეში არსებული რეესტრის ამონაწერი და მასში მითითებული საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძვლები და სწორად განსაზღვროს, თუ რომელი ,,ა.” არის მითითებული რეესტრის ამონაწერში.
სააპელაციო სასამართლომ შეფასება უნდა მისცეს ბათუმის მერიის 2006 წლის 13 ივნისს ¹173 დადგენილებას და 2006 წლის 11 სექტემბრის მხარეთა მორიგების შესახებ სასამართლო განჩინებას და გამოიკვლიოს, თუ იქნა ბათილად ცნობილი 2006 წლის 13 ივნისს ¹173 დადგენილებით 2002 წლის 13 მაისის ¹109 და 2003 წლის 8 მაისის ¹58 დადგენილებების ის ნაწილები, რომლითაც ,,ა.”-ს გამოეყო მიწის ნაკვეთი, რომლის შემდეგ მხარეები მორიგდნენ და სადავო მიწის ნაკვეთზე მერიას აღარ გააჩნდა პრეტენზია, 2002 წლის 13 მაისის ¹109 ბათილად ცნობის რა იურიდიული ინტერესი (სსსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად) გააჩნია მოსარჩელეს და ამ ნაწილში რამდენად არსებობს დავის საგანი.
რაც შეეხება ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ა.”-ს თავმჯდომარე ჯ. ბ-ძის საკასაციო საჩივარში აღნიშნულ პრეტენზიაზე მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებებზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ კასატორი არც ერთ სასამართლო ინსტანციაში არ უთითებდა მოსარჩელის მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხზე, მხოლოდ საკასაციო სასამართლოში ამ გარემოებებზე მითითება არ შეიძლება გახდეს მსჯელობის საგანი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის საზღვაო სასწავლებლისა და სანაოსნოს მუშაკთა მრავალბინიანი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ა.”-ს და ქ. ბათუმის მერიის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას;
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.