ას-409-382-2010 7 მაისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. ს-შვილი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ც-ი 2005” (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. ს-შვილმა სარჩელი აღძრა სასამართლოში ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ც-ი 2005-ის” მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების _ ქ.თბილისში, ... ქ¹17-ში მდებარე მოპასუხე ამხანაგობის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე 275.98 კვ.მ არასაცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლების გადაცემის მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. ს-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ც-ის 2005-ს” დაევალა 2006 წლის 5 დეკემბრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და ქ.თბილისში, ... ქ¹17-ში მდებარე მოპასუხის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში პირველ სართულზე 275.98 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართის ნ.ს-შვილის საკუთრებაში აღრიცხვა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ც-ი 2005”-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 14 იანვრის განჩინებით ბინათმშენებლობის ამხანაგობა “ც-ი 2005”-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
ნ. ს-შვილმა განცადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და იშუამდგომლა აღნიშნულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვლებლივ აღსასრულებლად გადაცემა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინებით ნ. ს-შვილის განცხადება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ს-შვილმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ს-შვილის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის შემოტანიდან 10 დღეში იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს, რა დროსაც სხვა გარემოებებთან ერთად ამოწმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) დაიშვება თუ არა კერძო საჩივრის შეტანა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების გასაჩივრებისათვის აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს, კერძოდ, დასახელებული კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარეს საპროცესო კანონმდებლობა უფლებას ანიჭებს კერძო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივროს მხოლოდ ის განჩინებები, რომელთა მიმართაც კანონმდებელი პირდაპირ ითვალისწინებს კერძო საჩივრის შეტანას.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 31 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ნ. ს-შვილის განცხადება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლი ადგენს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხის თაობაზე მიღებული განჩინების გასაჩივრების წესს და მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია. ამდენად, მხარეს უფლება აქვს კერძო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივროს მხოლოდ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ განჩინება და არა დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება, განსახილველ შემთხვევაში კი ნ. ს-შვილმა კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინებაზე, რომლითაც მას უარი ეთქვა საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 401-ე, 419-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ს-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.