ას-410-383-2010 28 სექტემბერი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე
სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე
კასატორები (მოსარჩელეები) _ ს. თ-შვილი (თარჯიმანი თ. ც-ძე), ე., ნ. თ-შვილები (წარმომადგენელი ა. ლ-ია)
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ დ. თ-შვილი (წარმომადგენელი ლ. ჩ-შვილი); ნოტარიუსი ც. კ-შვილი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, საჯარო რეესტრის ჩანაწერებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 22 აგვისტოს თელავის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს ს., ე. და ნ. თ-შვილებმა მოპასუხეების _ დ. თ-შვილისა და ნოტარიუს ც. კ-შვილის მიმართ. მოსარჩელეების საბოლოო მოთხოვნას წარმოადგენდა: ა. ი. თ-შვილის დანაშთ ქონებაზე, თელავში, ... ქ. ¹15-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 2/6 წილზე 2006 წლის 25 დეკემბერს დ. თ-შვილის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის გაუქმება; ბ. საჯარო რეესტრის მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელება (ტომი I, ს.ფ. 2-16, ტომი II, ს.ფ. 6-15).
თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით ს., ე. და ნ. თ-შვილების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ი. თ-შვილის დანაშთ ქონებაზე _ თელავში, ... ქ. ¹15-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 2/6 ნაწილზე 2006 წლის 25 დეკემბერს დ. თ-შვილის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა ბათილად იქნა ცნობილი დანაშთი ქონების 2/3 ნაწილზე; საჯარო რეესტრის ჩანაწერში: სარეგისტრაციო ზონა _ თელავი, კოდი ..., სექტორი ქ. თელავი, კოდი ..., კვარტალი ¹..., ნაკვეთი ¹..., ფართობი კვ.მ დაზუსტებული 1250, ნაკვეთის მისამართი _ თელავი, ... ქ. ¹..., საერთო საკუთრება, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი, შევიდა შესაბამისი ცვლილება და რეგისტრაცია გაუქმდა დ. თ-შვილზე აღრიცხული საერთო ფართის 2/6 ნაწილის 2/3 ნაწილზე (ტომი II, ს.ფ. 41-44).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
დ. თ-შვილმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც ბათილად იქნებოდა ცნობილი მის სახელზე 2006 წლის 25 დეკემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობა ი. თ-შვილის დანაშთი ქონების 1/3 ნაწილში (ტომი II, ს.ფ. 54-63).
ს., ე. და ნ. თ-შვილებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. გარდა ამისა, ააპელანტებმა მოითხოვეს თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 20 იანვრის საოქმო განჩინების გაუქმება, რომლითაც სასამართლომ მათი შუამდგომლობა დ. თ-შვილის 1985 წლის 17 ოქტომბრით დათარიღებული განცხადების საქმიდან ამორიცხვის შესახებ არ დააკმაყოფილა (ტომი II, ს.ფ. 65-80).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით დ. თ-შვილის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ს., ე. და ნ. თ-შვილების სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თელავის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ს., ე. და ნ. თ-შვილების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ი. თ-შვილის დანაშთ ქონებაზე _ თელავში, ... ქ. ¹15-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 2/6 ნაწილზე 2006 წლის 25 დეკემბერს დ. თ-შვილის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა ბათილად იქნა ცნობილი დანაშთი ქონების 1/2 ნაწილზე; საჯარო რეესტრის ჩანაწერში: სარეგისტრაციო ზონა _ თელავი, კოდი ..., სექტორი ..... ქ. თელავი, კოდი ..., კვარტალი ¹..., ნაკვეთი ¹..., ფართობი 1250კვ.მ დაზუსტებული, ნაკვეთის მისამართი _ თელავი, ... ქ. ¹..., საერთო საკუთრება, სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი, შევიდა შესაბამისი ცვლილება და რეგისტრაცია გაუქმდა დ. თ-შვილზე აღრიცხული საერთო ფართის 2/6 ნაწილის 1/2 ნაწილზე.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
თელავში, ... ქ. ¹...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი წარმოადგენდა ი. თ-შვილის (4/6 წილი) და ე. ჯ-შვილის (2/6 წილი) საკუთრებას;
1971 წლის 9 მარტის ჩუქების ხელშეკრულებით ი. თ-შვილმა კუთვნილი საცხოვრებელი სახლის ნახევარი (პირველი სართული) საკუთრების უფლებით უსასყიდლოდ გადასცა დედას _ ს. თ-შვილს, რაც აღირიცხა თელავის ტექინვენტარიზაციის ბიუროში;
1972 წელს გარდაიცვალა ს. თ-შვილი. ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის გზით დაეუფლა მისი შვილი ი. თ-შვილი;
1980 წლის 18 ივლისის ჩუქების ხელშეკრულებით ი. თ-შვილმა მისი კუთვნილი საცხოვრებელი სახლის მეორე ნახევარი (მეორე სართული) საკუთრების უფლებით, უსასყიდლოდ გადასცა თავის შვილს _ სა. თ-შვილს;
ი. თ-შვილი გარდაიცვალა 1985 წლის 14 ივნისს. სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის მისი პირველი რიგირს მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ: მეუღლე _ ნ. თ-შვილი; შვილები _ სა. და დ. თ-შვილები.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ დავაში სასამართლოს უნდა ემსჯელა როგორც ი. თ-შვილის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდროს გახსნასა და განაწილებაზე, ასევე ნ. თ-შვილის (ი. თ-შვილის მეუღლე) გარდაცვალების შემდეგ სამკვიდროს გახსნასა და განაწილებაზე.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა, რომ ი. თ-შვილის სამკვიდრო ქონება ფაქტობრივი ფლობით მიღებული ჰქონდათ მისი პირველი რიგის მემკვიდრეებს: ნ. თ-შვილს 1/3 ნაწილი, სა. თ-შვილს 1/3 ნაწილი და დ. თ-შვილს 1/3 ნაწილი. 1989 წელს გარდაიცვალა ნ. თ-შვილი. ამ უკანასკნელის სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის მამკვიდრებლის I რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ სა. თ-შვილი და დ. თ-შვილი. სამკვიდრო არც ერთ მათგანს სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანის გზით არ მიუღიათ. რაც შეეხება ფაქტობრივი ფლობის გზით ნ. თ-შვილის სამკვიდროს მიღებას, სა. თ-შვილი სრულად დაეუფლა ნ. თ-შვილის სამკვიდრო ქონებას, რამაც ი. თ-შვილის დანაშთ ქონებასთან ერთად შეადგინა 2/3 ნაწილი (1/3+1/3=2/3).
სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ ნ. თ-შვილის გარდაცვალების დროისათვის სა. თ-შვილი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა თელავში, ... ქუჩაზე მამისეულ სახლში. შესაბამისად, სა. თ-შვილი ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა დედის _ ნ. თ-შვილის სამკვიდროს.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა დ. თ-შვილის მოსაზრება, რომ ნ. თ-შვილის სამკვიდრო უნდა განაწილებულიყო მისი პირველი რიგის მემკვიდრეებს შორის. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ის გარემოება, რომ სა. თ-შვილი ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა დედის _ ნ. თ-შვილის სამკვიდრო ქონებას, მხარეთა შორის სადავო არ გამხდარა. რაც შეეხებოდა დ. თ-შვილის მიერ სამკვიდროს დაუფლების ფაქტს, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დედის გარდაცვალების შემდეგ დ. თ-შვილი აგრძელებდა მშობლების სახლში სიარულს, სადავო საცხოვრებელ სახლში ამ დროისთვისაც ეწყო მისი ნივთები და ავეჯი, რითაც დასტურდებოდა დედის სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობის ფაქტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დედის _ ნ. თ-შვილის დანაშთი ქონება 2/6-ის 1/3-ის ნაწილში უნდა განაწილებულიყო მის I რიგის მემკვიდრეებზე _ დ. თ-შვილზე 1/6 და სა. თ-შვილზე 1/6. მთლიანობაში სა. თ-შვილის სამკვიდრო ქონება (ი. თ-შვილის და ნ. თ-შვილის სამკვიდრო ერთად) შეადგენდა 1/2-ს (1/3+1/6=3/6=1/2), ხოლო დ. თ-შვილის სამკვიდრო ქონება _ ასევე 1/2-ს (1/3+1/6=3/6=1/2) (ტომი III, ს.ფ. 120-136).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ს., ე. და ნ. თ-შვილებმა (წარმომადგენელი ა. ლ-ია), რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორები არ იზიარებენ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დ. თ-შვილი ფაქტობრივი ფლობის გზით დაეუფლა ნ. თ-შვილის სამკვიდროს. მათი მითითებით, სასამართლოს აღნიშნული დასკვნა დაუფუძნა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ დ. თ-შვილის კუთვნილი ნივთები ამჟამადაც არის განთავსებული სადავო ბინაში, რაც არასწორია. 1989 წელს გარდაიცვალა ნ. თ-შვილი. ნ. თ-შვილის სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენდნენ სა. თ-შვილი და დ. თ-შვილი. სამკვიდრო არც ერთ მათგანს განცხადების შეტანის გზით არ მიუღია. რაც შეეხება ფაქტობრივი დაუფლებით ნ. თ-შვილის სამკვიდროს მიღების ფაქტს, მამკვიდრებლის კუთვნილ წილს _ 1/6 ნაწილს ფაქტობრივი ფლობის გზით დაეუფლა მისი ერთ-ერთი მემკვიდრე _ სა. თ-შვილი (ტომი III, ს.ფ. 143-152).
საკასაციო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე მხარეთა მიერ წარმოდგენილ იქნა მორიგების აქტი, რომლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:
1. კასატორები: ს. თ-შვილი, ნ. თ-შვილი და ე. თ-შვილი (წარმომადგენელი ა. ლ-ია) თანხმობას აცხადებენ, მოწინააღმდეგე მხარეს დ. თ-შვილს (წარმომადგენელი ლ. ჩ-შვილი) სადავო ფართის (ქ. თელავში, ... ¹...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 2/6 ნაწილი) სანაცვლოდ გადაუხადონ მთლიანობაში 12 000 აშშ დოლარი. ამ თანხიდან 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარს მხარეები (კასატორები) გადაუხდიან დ. თ-შვილს არაუგვიანეს 2010 წლის 31 დეკემბრისა, ხოლო დანარჩენ თანხას _ 7 000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარს კასატორები მოწინააღმდეგე მხარეს გადაუხდიან არაუგვიანეს 2013 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით;
2. მოწინააღმდეგე მხარე დ. თ-შვილი წინამდებარე მორიგების აქტის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემთხვევაში უარს ამბობს სადავო ქონებაზე და ადასტურებს ხელმოწერით, რომ პრეტენზია აღარ ექნება კასატორებთან ქ. თელავში, ... ¹...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 2/6 ნაწილზე;
3. მას შემდეგ, რაც კასატორები სრულად გადაუხდიან დ. თ-შვილს პირველ პუნქტში მითითებულ თანხას (12 000 აშშ დოლარი), სადავო ქონება, მდებარე ქ. თელავში, ... ¹...ში, 2/6 ნაწილი, მთლიანად გადავა კასატორების _ ს., ე. და ნ. თ-შვილების სახელზე და აღირიცხება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, როგორც მათი საკუთრება. აღნიშნული ვალდებულების შესრულებამდე სადავო ქონებაზე არსებული ყადაღა რჩება ძალაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. ამავე კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს, თუ მხარეები მორიგდებიან.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი არ შეიცავს კანონსაწინააღმდეგო დებულებებს, რის გამოც შესაძლებელია მისი დამტკიცება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
I. დამტკიცდეს მორიგება მხარეთა შორის შემდეგი პირობებით:
1. კასატორები: ს. თ-შვილი, ნ. თ-შვილი და ე. თ-შვილი (წარმომადგენელი ა. ლ-ია) თანხმობას აცხადებენ, მოწინააღმდეგე მხარე დ. თ-შვილს (წარმომადგენელი ლ. ჩ-შვილი) სადავო ფართის (ქ. თელავში, ... ¹...ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 2/6 ნაწილი) სანაცვლოდ გადაუხადონ მთლიანობაში 12 000 აშშ დოლარი. ამ თანხიდან 5 000 (ხუთი ათასი) აშშ დოლარს მხარეები (კასატორები) გადაუხდიან დ. თ-შვილს არაუგვიანეს 2010 წლის 31 დეკემბრისა, ხოლო დანარჩენ თანხას _ 7 000 (შვიდი ათასი) აშშ დოლარს კასატორები მოწინააღმდეგე მხარეს გადაუხდიან არაუგვიანეს 2013 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით;
2. მოწინააღმდეგე მხარე დ. თ-შვილი მორიგების პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემთხვევაში უარს ამბობს სადავო ქონებაზე და ადასტურებს ხელმოწერით, რომ პრეტენზია აღარ ექნება კასატორებთან ქ. თელავში, ... ¹...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 2/6 ნაწილზე;
3. მას შემდეგ, რაც კასატორები სრულად გადაუხდიან დ. თ-შვილს პირველ პუნქტში მითითებულ თანხას (12 000 აშშ დოლარი), სადავო ქონება, მდებარე ქ. თელავში, ... ¹...-ში, 2/6 ნაწილი, მთლიანად გადავა კასატორების _ ს., ე. და ნ. თ-შვილების სახელზე და აღირიცხება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, როგორც მათი საკუთრება. აღნიშნული ვალდებულების შესრულებამდე სადავო ქონებაზე არსებული ყადაღა რჩება ძალაში.
II. მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების გამო, გაუქმდეს ამ საქმეზე მიღებული ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებები და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, შეწყდეს საქმის წარმოება.
III. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს განემარტოთ, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოხდება გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება.
IV. ს., ე., ნ. თ-შვილებს დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე მ. დ-ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 ლარი.
V. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.