¹ას-410-390-2011 14 ივნისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე – ბ. ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ბ. ალავიძემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ი. დ-შვილის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 იანვრის განჩინებაზე, საქმეზე _ სს «ბ-ის» სარჩელის გამო, მოპასუხე – ი. დ-შვილის მიმართ საკრედიტო ხელშეკრულებების შეწყვეტილად აღიარებისა და დავალიანების ანაზღაურების შესახებ.
პალატამ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსახილველად გადმოეცა ი. დ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 იანვრის განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მარტის განჩინებით მოცემულ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის _ 6 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2011 წლის 14 აპრილს კასატორმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას, წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის გადახდის ქვითარი და მოითხოვა ხარვეზის შევსებულად ჩათვლა, საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 აპრილის განჩინებით მხარეს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 7 (შვიდი) დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა უკვე გადახდილი 100 (ასი) ლარის გათვალისწინებით.
2011 წლის 13 მაისს ი. დ-შვილის წარმომადგენელმა ე. პ-ძემ განცხადებით მომართა სასამართლოს და კვლავ იშუამდგომლა ხარვეზის შევსებულად მიჩნევის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 მაისის განჩინებით კასატორ ი. დ-შვილს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 5 (ხუთი) დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 6000 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა, უკვე გადახდილი 100 ლარის გათვალისწინებით.
საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა კასატორს საქმეში მითითებულ მისამართზე, მაგრამ ვერ ჩაბარდა მითითებული მისამართის არარსებობის გამო (აქტი, ტ.II, ს.ფ.97).
საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
მოცემულ შემთხვევაში, ი. დ-შვილს განმეორებით გაეგზავნა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება პირადობის მოწმობაში მითითებულ მისამართზე.
საქმეში წარმოდგენილია სასამართლო კურიერის მიერ შედგენილი აქტი, რომლითაც დასტურდება, რომ არც მეორე მისამართზე არ ჩაბარდა კასატორს განჩინება. მითითებულ მისამართზე მცხოვრები ქალბატონის განმარტებით, ი. დ-შვილი 5 წელია აღარ ცხოვრობს ამ მისამართზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ი. დ-შვილისათვის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება ჩაბარებულად უნდა ჩაითვალოს 2011 წლის 30 მაისს (ტ.II, ს.ფ.100).
საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამდენად, ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი 5 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 31 მაისს და დამთავრდა 2011 წლის 4 ივნისს, მაგრამ, ვინაიდან 4 ივნისი დაემთხვა უქმე დღეს, ვადა დამთავრებულად უნდა მივიჩნიოთ 2011 წლის 6 ივნისს. აღნიშნულ ვადაში, კასატორს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. დ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
დასახელებული ნორმა წარმოადგენს ერთგვარ სამოქალაქოსამართლებრივ სანქციას იმ მხარის მიმართ, რომელმაც სასამართლო განჩინებით დადგენილი საპროცესო ვადის განმავლობაში არ განახორციელა მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ი. დ-შვილს უნდა დაუბრუნდეს მისი წარმომადგენლის _ ე.პ-ძის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2011 წლის 14 აპრილის ¹... საგადასახადო დავალებით გადახდილი 100 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელის (საკასაციო საჩივრის) განუხილველად დატოვების შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟი ექვემდებარება მთლიანად დაბრუნებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი. დ-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 26 იანვრის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. ი. დ-შვილს (პირადი ¹...) დაუბრუნდეს მისი წარმომადგენლის _ ე. პ-ძის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2011 წლის 14 აპრილის ¹...საგადასახადო დავალებით გადახდილი 100 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹..., სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹... საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹..., დანიშნულება _ სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.