Facebook Twitter

ას-412-385-2010 7 ივნისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ თ. ხ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. ე-ავი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრების გამო თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ე-ავმა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ხ-ძის მიმართ უსაფუძვლო გამდიდრების გამო ნივთის შესაძენად გადაცემული თანხის, მის გაუმჯობესებაზე გაწეული ხარჯებისა და ზიანის _ სულ 32800 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ _ 1850 აშშ დოლარისა და 820 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში ცნო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნ.ე-ავის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თ. ხ-ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 1850 აშშ დოლარისა და 12740 ლარის ანაზღაურება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ხ-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით თ.ხ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება თანხის დაკისრების ნაწილში გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი, რომლითაც თ.ხ-ძეს ნ.ე-ავის სასარგებლოდ დაეკისრა 1850 აშშ დოლარისა და 12185 ლარის ანაზღაურება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება 12165 ლარის დაკისრების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ხ-ძემ. ამასთან, კასატორმა მიუთითა, რომ იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონითაა გათავისუფლებული.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 მაისის განჩინებით თ. ხ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, ხოლო საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების კანონით გათვალისწინებული მტკიცებულების წარმოდგენა ან სახელმწიფო ბაჟის _ 608.25 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

საკასაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა და პირადად ჩაბარდა ადრესატს 2010 წლის 18 მაისს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში თ.ხ-ძეს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ხ-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, თ. ხ-ძის შუამდგომლობა, რომ იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია კანონის საფუძველზე არ იქნა გაზიარებული საკასაციო სასამართლოს მიერ დაუსაბუთებლობის გამო, ხოლო საკასაციო საჩივარს 2010 წლის 7 მაისის განჩინებით დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებისათვის კანონით გათვალისწინებული მტკიცებულების ან სახელმწიფო ბაჟის _ 608.25 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა. საკასაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა კასატორს მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე და 2010 წლის 18 მაისს ჩაბარდა ადრესატს (იხ. ს.ფ.207).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ მხარისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. დასახელებული ნორმის თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2010 წლის 19 მაისს და ვინაიდან ვადის უკანასკნელი დღე _ 23 მაისი ემთხვეოდა დასვენების დღეს _ კვირას, ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა ამოიწურა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს _ 24 მაისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის, რაც თ. ხ-ძის საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. ხ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.