ას-413-393-2011 2 ივნისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვ.როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს ,,ე. ჯ-ა”
მოწინააღმდეგე მხარე _ ო. მ-შვილი
წარმომადგენელი _ გ. გ-ძე (მზრუნველი)
ე. ს-ძე
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ო. მ-შვილის წარმომადგენელმა ე. ს-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “ე. ჯ-ას” მიმართ და მოითხოვა მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 4905 ლარის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:
სარჩელის თანახმად, 2009 წლის 2 ივლისს მოსარჩელე ო. მ-შვილის მეგობრებთან ერთად თამაშობდა თავის საცხოვრებელ სახლთან განთავსებულ ელეტრო ჯიხურთან (შP--), რომელსაც დაზიანებული ჰქონდა ჩრდილოეთით მდებარე კედელი, კერძოდ, აღნიშნული კედლის ქვედა ნაწილი წარმოადგენდა ღია სივრცეს, რომელსაც გარედან დამაგრებული ჰქონდა რკინის მავთულისაგან დამზადებული ცხაური, სადაც თავისუფლად შეიძლებოდა შესვლა. არასრულწლოვანმა (9 წლის) ო. მ-შვილმა შეაღწია რა ჯიხურში, ხელით შეეხო ერთ-ერთ ელექტროსადენს, რის შედეგადაც მარჯვენა მტევნისა და მარცხენა იდაყვის სახსრის არეში მიიღო მაღალი ძაბვით გამოწვეული ელექტროდამწვრობა. ოჯახმა ო. მ-შვილის მკურნალობისათვის სხვადასხვა საავადმყოფოებში გახარჯა სულ 4905 ლარი, რაც მისი სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს.
მოპასუხე მხარემ სს “ე. ჯ-ას” წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხოლოდ ზიანის არსებობა ვერ გახდებოდა საკმარისი საფუძველი, მის ასანაზღაურებლად, ვინაიდან ზიანი შეიძლება დადგეს სახელშეკრულებო და დელიქტური ვალდებულებებიდან გამომდინარე. აღნიშნული შემთხვევა კი, არ მიეკუთვნება არც სახელშეკრულებო ვალდებულებებიდან გამომდინარე ზიანს, ვინაიდან მხარეები ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ იმყოფებოდნენ და არც დელიქტიდან გამომდინარე ზიანს, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში, მისი ანაზრაურების ვალდებულება დგება თუ იგი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით, რასაც მოპასუხის განმარტებით, მითითებულ დავაში სისხლის სამართლის საქმის მასალებიდან გამომდინარე, ადგილი არ ჰქონია. ამდენად, მოპასუხემ მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით ო. მ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, სს “ე. ჯ-ას” ო. მ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 4905 ლარისა და საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული თანხის 250 ლარის გადახდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.ქუთაისში, .. ¹32-ე საცხოვრებელი ბინის წინამდებარე ტერიტორიაზე არსებული ელექტროჯიხური_შP-- ეკუთვნოდა სს “ე. ჯ-ას”, რომელიც პასუხისმგებელი იყო მის ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში ყოფნასა და უსაფრთხოებაზე.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2009 წლის 02 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, - წლის - დეკემბერს დაბადებული ო. მ-შვილი რკინის კონსტრუქციის გისოსებს შორის არსებული სივრცის გავლით შევიდა ქ.ქუთაისში, ... თავის საცხოვრებელ სახლთან მდებარე ელექტროჯიხურში_შP--, სადაც ხელით შეეხო ერთ-ერთ ელექტროსადენს და მარჯვენა მტევნისა და მარცხენა იდაყვის სახსრის არეში მიიღო მაღალი ძაბვით გამოწვეული ელექტროდამწვრობა, რის გამოც იგი მოათავსეს ქ. ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში საიდანაც გადაიყვანეს ქ. თბილისში დიაგნოზით ელექტროტრამვა (ელექტროდამწვრობა მაღალი ძაბვით მარჯვენა მტევნის, მარცხენა იდაყვის სახსრის არეში მე-4 ხარისხის), სადაც სტაციონალურად მკურნალობდა 2009 წლის 03 ივლისიდან 03 აგვისტოს ჩათვლით დიაგნოზით ელექტროკონტაქტური დამწვრობა 3% მე-3ბ მე-4 ხარ. მწვავე ტოქსემია. ასევე სტაციონალურად მკურნალობდაა 2009 წლის 07 აგვისტოდან – 25 აგვისტოს ჩათვლით, აღნიშნული დაზიანებები განვითარებული იყო მაღალი ტემპერატურის ელდენის მოქმედების შედეგად და მიეკუთვნებოდა სხეულის დაზიანებათა ნაკლებად მძიმე ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.ქუთაისში, ... ¹32-ე საცხოვრებელი ბინის წინამდებარე ტერიტორიაზე არსებული სს “ე. ჯ-ას” კუთვნილი ელექტროჯიხური_შP-- არ წარმოადგენდა სათანადოდ დაცულ შენობას, კერძოდ, მისი საჰაერო განყოფილება დაცული იყო არასტანდარტულად დამზადებული რკინის კონსტრუქციისაგან, რის გამოც შენობაში შესვლა შესაძლებელი იყო წინააღმდეგობის გადალახვის გარეშე და, შესაბამისად, ზემოაღნიშნული შენობა არ აკმაყოფილებდა ელექტროდანადგართა ტექნიკური უსაფრთხოების წესების მოთხოვნებს.
სასამართლომ ასევე დადგენილად ჩათვალა, რომ სს “ე. ჯ-ას” კუთვნილი ელექტროჯიხურიდან, როგორც მომეტებულ საფრთხისშემცველ ნაგებობაში მოთავსებული ენერგიის გამო, ო. მ-შვილის მიერ მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების მკურნალობის ღირებულებამ საერთო ჯამში შეადგინა 4 905 ლარი, რომლის ანაზღაურების ვალდებულებაც გააჩნია სს “ე. ჯ-ას”, ზემოაღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად მოპასუხის მხრიდან წარმოდგენილი არ ყოფილა, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა დასახელებული თანხის სს “ე. ჯ-ასათვის” დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შემცირების საფუძველი, რადგან მოსარჩელის ასაკობრივი ზღვარიდან (შემთხვევის დროისთვის იყო – 9 წლის) გამომდინარე შეუძლებელი იქნებოდა მისგან ნაგებობიდან მომდინარე საფრთხის განსაზღვრა და წინდახედულობის ნორმების დაცვა, რაც გამორიცხავდა ზიანის მისი ბრალეულობით გამოწვევას.
სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1000.1-ე, 992-ე, 408-ე და 409-ე მუხლები და ამასთან, აღნიშნა, რომ მოპასუხეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უნდა დაკისრებოდა მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურეობისათვის გაწეული თანხის 250 ლარის ანაზღაურება.
ზემოაღნიშნული ფატობრივი და სამართლებრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ სარჩელი საფუძვლიანად მიიჩნია და დააკმაყოფილა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს ,,ე. ჯ-იამ”, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა დაუსაბუთებლობის გამო.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის პირველი თებერვლის გადაწყვეტილებით სს ,,ე. ჯ-იას” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული თანხის 250 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, სს ,,ე. ჯ-ას” ო. მ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული თანხის 196 ლარისა და 20 თეთრის გადახდა, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატამ საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე მიიჩნია, რომ ადვოკატის მომსახურების ხარჯების სახით 250 ლარის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება უნდა შეცვლილიყო, ზიანის ანაზღაურების ნაწილში უცვლელად დარჩენილიყო შემდეგ გარემოებათა გამო:
სალაროს შემოსავლის ორდერით პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ ო. მ-შვილის მიერ ადვოკატის (ე. ს-ძისათვის) მომსახურებისათვის გაღებული ხარჯები შეადგენს 250 ლარს.
იმ დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა შუამდგომლობა ადვოკატის ხარჯების აპელანტზე დაკისრების თაობაზე, დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 4905 ლარს, საქმე მნიშვნელოვანი იყო და საქმის განხილვაში ადვოკატის მონაწილეობა მიზანშეწონილი, ასევე ის გარემოება, რომ ო. მ-შვილი ზიანის მიყენების დროს იყო არასრულწლოვანი და მას (11 წლის) ადვოკატის ხარჯების გადახდის საშუალება არ აქვს, სააპელაციო სასამართლომ სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კდოექსის 47.2-ე მუხლის შესაბამისად, მიიჩნია, რომ სს ,,ე. ჯ-ას” ო. მ-შვილის ადვოკატის ე. ს-ძის სასარგებლოდ უნდა დაეკისრებოდა გადასახდელად დავის საგნის ღირებულების 4%-ი, (დავის საგანია 4905 ლარი), რაც მოცემულ შემთხვევაში შეადგენდა 196,20 ლარს,- ნაცვლად 250 ლარისა, რაც არასწორად იყო მითითებული გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, რადგან იგი არ გამომდინარეობდა კანონით დადგენილი თანხის ოდენობიდან.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებობდა სს ,,ე. ჯ-ას” სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, კერძოდ აპელანტისთვის საადვოკატო მომსახურების თანხის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილება უნდა შეიცვლილიყო იმგვარად, რომ აპელანტს დაეკისრებოდა 196,20 ლარი, (მოსარჩელის მიერ საადვოკატო მომსახურების თანხა), ნაცვლად 250 ლარისა.
ზიანის ანაზღაურების ნაწილში სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებების მიმართ მის მიერ გაკეთებული დასკვნები და სამართლელბრივი შეფასებები და დამატებით განმარტა, რომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით უდავოდ დგინდებოდა ის გარემოება, რომ ქ.ქუთაისში, ... ¹32-ე საცხოვრებელი ბინის წინამდებარე ტერიტორიაზე არსებული სს “ე. ჯ-ას” კუთვნილი ელექტროჯიხური_შP-- არ წარმოადგენდა სათანადოდ დაცულ შენობას, კერძოდ, მისი საჰაერო განყოფილება დაცული იყო არასტანდარტულად დამზადებული რკინის კონსტრუქციისაგან, რის გამოც შენობაში შესვლა შესაძლებელი იყო წინააღმდეგობის გადალახვის გარეშე და, შესაბამისად, ზემოაღნიშნული შენობა არ აკმაყოფილებდა ელექტროდანადგართა ტექნიკური უსაფრთხოების წესების მოთხოვნებს.
საქმეში არსებული ფოტომასალით სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ ე.წ. ცხაური, კუსტარულად იყო დამზადებული და ჯიხურში შესვლა დიდ ძალისხმევას არ საჭიროებდა. ელ. ჯიხურს ჩრდილოეთით მდებარე კედელი ისე ქონდა დაზიანებული, რომ მასში გავლას ნებისმიერი ადამიანი მოახერხებდა, არათუ ბავშვი.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ პასუხისმგებლობა ნაგებობიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხით გამოწვეული ზიანისათვის ყოველთვის დგება ბრალის მიუხედავად. ამდენად, აპელანტის მითითება, რომ სახეზე არ იყო ზიანის ანაზღაურებისათვის აუცილებელი სამი პირობა, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ გაიზიარა.
იმ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეზე მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად გაწეული მკურნალობის ღირებულებამ შეადგინა 4 905 ლარი, რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტს არ წარმოუდგენია, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ არსებობდა დასახელებული თანხის სს “ე. ჯ-ასათვის” დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ამას გარდა სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების შემცირების საფუძველი, რადგან მოსარჩელის ასაკობრივი ზღვარიდან (შემთხვევის დროისთვის იყო – 9 წლის) გამომდინარე შეუძლებელი იქნებოდა მისგან ნაგებობიდან მომდინარე საფრთხის განსაზღვრა და წინდახედულობის ნორმების დაცვა, რაც გამორიცხავდა ზიანის მისი ბრალეულობით გამოწვევას.
აპელანტის მითითება მასზე, რომ ზიანი გამოწვეული იყო ო. მ-შვილის ბრალეული ქმედებით, რომ მან ელექტრო ჯიხურში წინააღმდეგობის გადალახვის შედეგად შეაღწია სადენების მოპარვის მიზნით და ეს საკითხი უნდა გამოეკვლია სასამართლოს, სასამართლომ ყოველგავრ საფუძველს მოკლებულად და აბსურდულ მოსაზრებად მიიჩნია.
ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება აპელანტზე საადვოკატო მომსახურების თანხის 250 ლარის დაკისრების ნაწილში უნდა გაუქმებულიყო, ხოლო დანარჩენ ნაწილში არ არსებობდა მისი გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “ე. ჯ-ამ”, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ფაქტობრივი გარემოება მასზე, რომ სს “ე. ჯ-ას” ბრალი მიუძღვოდა ო. მ-შვილისათვის ზიანის მიყენებაში, ვინაიდან მოსარჩელეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1-ე მუხლის შესაბამისად, არ წარმოუდგენია რაიმე დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა ენერგოკომპანიის ბრალს მისთვის ზიანის მიყენებაში და არც საქმეში არსებობს რაიმე უშუალო მტკიცებულება, რომ მოსარჩელის სხეულის დაზიანება გამოიწვია სს “ე. ჯ-ას” მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ. კასატორი აღნიშნავს, რომ არცერთმა ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა და არ გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის სხეულის დაზიანების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე არ დადგენილა მათი მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რაც თავისთავად გამორიცხავს მიზეობრივი კავშირის არსებობას დამდგარ ზიანსა და ენერგოკომპანიის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას შორის და შესაბამისად, ენერგოკომპანიის პასუხისმგებლობას დამდგარ შედეგში.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ სს “ე. ჯ-ას” ელექტრო ჯიხური არ წარმოადგენდა სათანადოდ დაცულ შენობას. აღნიშნულთან მიმართებაში სააპელაციო სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი მსჯელობის გარეშე უგულებელყო ქუთაისის რაიონული პროკურატურის დადგენილებით დამტკიცებული გარემოება სხვა პირი მართლსაწინააღმდეგო ქმედების არარსებობის თაობაზე და დაეყრდნო მხოლოდ მოსარჩელის პრეტენზიასა და წარმოდგენილ ფოტომასალას და მივიდა არასწორ დასკვნამდე, რომ “ცხაური ისე იყო დამზადებული, რომ არავითრი ძალისხმევა არ იყო საჭირო ჯიხურში შესასვლელად და ჩრდილოეთით მდებარე კედელი ისე იყო დაზიანებული, რომ მასში გავლას არათუ ბავშვი, არამედ ნებისმიერი ადამიანი მოახერხებდა, მაშინ, როდესაც ასეთი დასკვნა ფოტომასალის საფუძველზე, თვით ექსპერტიზამაც კი ვერ დაადგინა და ელექტრო ჯიხურის იმდროინდელ მდგომარეობაზე დასკვნის დადება შეუძლებლად მიიჩნია.
კასატორის აზრით, სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ არ გაიზიარა მათი მოსაზრება დამდგარ შედეგში მოსარჩელის ბრალეულობასთან დაკავშირებით და აღნიშნულთან მიმართებაში მხოლოდ დაზარალებულის ასაკზე აპელაირებს, რაც დაუსაბუთებელი და Aარამართებულია. სასამართლოს სამოქალაქო კოდექსის 415-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაედგინა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და ამ ანაზღაურების მოცულობა დაზარალებულის ბრალის გათვალისწინებით.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივად არასწორად დააფუძნა სამოქალაქო კოდექსის 992-ე და მე-1000 მუხლებზე, რაც არასწორად დადგენილ ფაქტობრვი გარემოებებთან ერთობლიობაში გახდა საქმეზე უაკნონო გადაწყვეტილების საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 აპრილის განჩინებით სს “ენერგო-პრო ჯორჯიას” საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს “ე. ჯ-ას” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს “ე. ჯ-ას” საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს “ე. ჯ-ას” საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% _ 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.