Facebook Twitter

ას-41-40-2010 7 მაისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

სხდომის მდივანი _ ლ.სანიკიძე

კასატორები _ დ. დ-ძე (მოპასუხე)

წარმომადგენელი _ ბ.ხ-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ ე. ქ-ძე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ გ.ც-ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ მამობის დადგენა, ბავშვისათვის მამის გვარის მინიჭება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ქ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. დ-ძის მიმართ მამობის დადგენის, არასრულწლოვანი ელ. ქ-ძის დაბადების მოწმობაში ცვლილების შეტანის _ ბავშვის მამად დ. დ-ძის, ხოლო გვარად _ დ-ძის მითითების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მხარეებს ჰქონდათ ახლო ინტიმური ურთიერთობა, რის შედეგადაც მოსარჩელე დაორსულდა და შეეძინა შვილი _ ელ. ქ-ძე. მოპასუხემ ბავშვი თავის შვილად არ აღიარა და მის აღზრდაში მონაწილეობას არ იღებს.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: მხარეებს ხანმოკლე ურთიერთობა ჰქონდათ. მართალია, მათ შორის დამყარდა ინტიმური კავშირი, მაგრამ ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება არ მიუღიათ. მათ ერთად არ უცხოვრიათ და საერთო მეურნეობა არ უწარმოებიათ, რის გამოც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 20 მაისის გადაწყვეტილებით ე. ქ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. ქ-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ე.ქ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, დ. დ-ძე აღიარებულ იქნა 2007 წლის 17 მარტს დაბადებული ელ. ქ-ძის მამად, ელ. ქ-ძის დაბადების მოწმობაში ბავშვის მამის გრაფაში მიეთითა დ. დ-ძე, ელ. ქ-ძისათვის მამის გვარის _ დ-ძის მინიჭების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ე.ქ-ძესა და დ.დ-ძეს ჰქონდათ ახლო, მათ შორის, ინტიმური ურთიერთობა, მაგრამ მათ ერთად არ უცხოვრიათ და არც საერთო მეურნეობა არ ჰქონიათ. 2007 წლის 17 მარტს ე. ქ-ძეს შეეძინა შვილი _ ელ. ქ-ძე, რომლის მამობა მოპასუხემ იმთავითვე უარყო და არც ბავშვის აღზრდასა და რჩენაში მონაწილეობა არ მიუღია. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 იანვრის განჩინებით, მოცემულ საქმეზე დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო (გენეტიკური) ექსპერტიზა, რომლის ჩატარებაც ვერ მოხერხდა ექსპერტიზის ბიუროში მოპასუხე დ. დ-ძის გამოუცხადებლობის გამო.

სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ მამობის დადგენისათვის აუცილებელია მშობლების ერთ საცხოვრებელ ბინაში ცხოვრება, ერთად კვება, ურთიერთზრუნვა, ნივთების შეძენა საერთო სარგებლობისათვის და სხვა ისეთი მოქმედების განხორციელება, რაც უკავშირდება ოჯახის შექმნის მიზანს და არა მეგობრული კეთილგანწყობის ფაქტს, ხოლო ქალისა და მამაკაცის ერთად ცხოვრება, თუ იგი ბავშვის ჩასახვამდე შეწყდა, ასეთ დროს მხედველობაში არ მიიღება. მამობის დადგენისათვის მშობლები ერთად უნდა ცხოვრობდნენ ბავშვის ჩასახვის მომენტიდან გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ასევე ბავშვის დაბადების შემდეგ, სისტემატურად მონაწილეობდნენ ბავშვის ერთად აღზრდასა და რჩენაში. მამობის დადგენისას არ შეიძლება მხედველობაში იქნას მიღებული სასამართლო სამედიცინო გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნა – „დნმ-ის“ ანალიზი, მხარეთა შორის არსებული წერილები, განცხადებები და ა.შ, რამდენადაც ისინი არ გამომდინარეობენ 1190-ე მუხლის შინაარსიდან. პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული ნორმა მამობის დადგენისათვის სამ პირობას ითვალისწინებს, რომელთაგან ერთ-ერთის არსებობაც საკმარისია, ამასთან, ზემოხსენებული კანონის დანაწესით მითითებულ დამამტკიცებელ საბუთად შეიძლება ჩაითვალოს გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნა (დნმ-ის ანალიზი), თუკი ასეთი დასკვენა ადასტურებს მამობას, შეიძლება საფუძვლად დაედოს მამობის აღიარებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლი არასწორად განმარტა. პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიიჩნია, რომ მოპასუხე დ. დ-ძემ სასამართლოს წინაშე წერილობით უარი განაცხადა რა გენეტიკური ექსპერტიზის ბიუროში გამოცხადებაზე და ექსპერტიზის ჩატარებაზე, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე დ. დ-ძე არის 2007 წლის 17 მარტს დაბადებული ელ. ქ-ძის მამა. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმის განხილვისას მხარეთა მიერ იმ ფაქტობრივი გარემოების აღიარებაზე, რომ დ. დ-ძე გარკვეული დროის განმავლობაში ხვდებოდა ე. ქ-ძეს, ჰქონდა მასთან ინტიმური, სქესობრივი კავშირი. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მეოთხე ნაწილისა და 105-ე მუხლის თანახმად, პალატა მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები სავსებით ადასტურებენ მოპასუხის მამობას. სამოქალაქო კოდექსის 1192-ე მუხლის პირველი ნაწილის, 1195-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პალატამ ჩათვალა, რომ 2007 წლის 17 მარტს დაბადებული ელ. ქ-ძის მამას წარმოადგენს რა დ. დ-ძე, სასარჩელო მოთხოვნა ელ. ქ-ძის დაბადების მოწმობაში ბავშვის მამად დ. დ-ძის მითითების თაობაზე საფუძვლიანია. პალატამ აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1195-ე მუხლით შესაძლებელია, შვილს მიეკუთვნოს როგორც დედის, ისე მამის გვარი, რადგან განსახილველ შემთხვევაში არასრულწოვან ელ. ქ-ძეს მიკუთვნებული აქვს დედის გვარი, დაუსაბუთებელია აპელანტის მოთხოვნა ბავშვისათვის მამის გვარის – დ-ძის მინიჭების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დ. დ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით: პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს ჰქონდათ ახლო ურთიერთობა და ინტიმური კავშირი, რაც მათ აღიარეს სასამართლო პროცესზე. მართალია, მხარემ სასამართლოს წინაშე აღიარა, რომ შემთხვევით გაიცნო მოსარჩელე და ერთჯერადი ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა მასთან, რასაც სხვა სახის ახლო ურთიერთობა არ მოჰყოლია, მაგრამ პალატამ არასწორად განმარტა მითითებული გარემოება.

სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მესამე ნაწილში ჩამოთვლილი საფუძვლებიდან სასამართლომ სადავო მამობის დადგენა დააფუძნა ბავშვის დედისა და მოპასუხის ერთად ცხოვრების ფაქტს. მხარეთა ერთად ცხოვრებად კი ჩათვალა ერთჯერადი სქესობრივი კავშირი მოსარჩელესთან, რითაც არასწორად განმარტა კანონის ზემოხსენებული დანაწესი. პალატამ არ გაითვალისწინა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მესამე ნაწილის უპირობო მოთხოვნაა, რომ მამობის დადგენისას დადასტურდეს მშობლების ერთად ცხოვრებისა და საერთო მეურნეობის წარმოების ფაქტი. შემთხვევით გაცნობილ ქალთან შემთხვევითი ერთჯერადი კავშირი პალატამ ჩათვალა ერთად ცხოვრების ფაქტად და არ იმსჯელა მხარეთა მიერ საერთო მეურნეობის წარმოების შესახებ. მოსარჩელეს ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. სასამართლოს არ უმსჯელია მხარეებს შემთხვევითი სქესობრივი კავშირის დროს ჰქონდათ თუ არა შვილის ჩასახვის ან დაბადების სურვილი. მოპასუხე არ გეგმავდა ე.ქ-ძესთან ოჯახის შექმნასა და შვილების ყოლას. ბავშვის არსებობა მან შეიტყო მოსარჩელესთან შემთხვევითი ურთიერთობიდან დაახლოებით 10-12 თვის გასვლის და სხვა პირთან ოჯახის შექმნის შემდეგ, როდესაც მოსარჩელე დაემუქრა საყოფაცხოვრებო საშუალებებით უზრუნველყოფაზე უარის შემთხვევაში ეცნობებინა აღნიშნული კასატორის მეუღლისა და ახლობლებისათვის. მანამდე მოსარჩელეს ბავშვის წარმომავლობის შესახებ მისთვის არ უცნობებია, რის გამოც, მოპასუხე სასამართლოს მიერ დანიშნული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ექსპერტიზის ბიუროში არ გამოცხადდა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მესამე ნაწილში ჩამოთვლილი საფუძვლების არარსებობის პირობებში ექსპერტიზის ჩატარებას არ-რი მტკიცებულების ძალა არ გააჩნია. პალატის მიერ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის ასეთი გაგება და ასეთი განმარტება ეწინააღმდეგება ამ ნორმის შინაარსს. საკითხისადმი ასეთი მიდგომით, ყველა შემთხვევაში ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის მამად ესა თუ ის პიროვნება უნდა იქნეს აღიარებული, მიუხედავად იმისა, ამის სურვილი ჰქონდა თუ არა მამას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. დ-ძის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული საფუძვლები მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სამართლებრივად სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ 2007 წლის 17 მარტს ე. ქ-ძეს შეეძინა შვილი _ ელ. ქ-ძე, რომლის მამობა მოპასუხემ უარყო და ბავშვის აღზრდასა და რჩენაში მონაწილეობა არ მიუღია. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 21 იანვრის განჩინებით, მოცემულ საქმეზე დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო (გენეტიკური) ექსპერტიზა, რომლის ჩატარებაც ვერ მოხერხდა ექსპერტიზის ბიუროში მოპასუხე დ. დ-ძის გამოუცხადებლობის გამო. სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხე დ. დ-ძემ სასამართლოს წინაშე წერილობით უარი განაცხადა რა გენეტიკური ექსპერტიზის ბიუროში გამოცხადებაზე და ექსპერტიზის ჩატარებაზე, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ მოპასუხე დ. დ-ძე არის 2007 წლის 17 მარტს დაბადებული ელ. ქ-ძის მამა, რაც დ.დ-ძის ბავშვის მამად ცნობის საფუძველია.

ამ დასკვნის საწინააღმდეგოდ კასატორის საკასაციო საჩივრით წარმოდგენილი არგუმენტებს საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მათი დაუსაბუთებლობის გამო, კერძოდ:

საკასაციო სასამართლო უპირველესად აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატამ სავსებით სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებულ საპროცესო მოქმედების მხარის მიერ შეუსრულებლობის შედეგს. აღნიშნული ნორმით, თუ მხარე არასაპატიო მიზეზით არ ასრულებს ექსპერტის მითითებებს ან სხვაგვარად ხელს უშლის ექსპერტიზის ჩატარებას, მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია ჩაითვლება დადასტურებულად.

მითითებული ნორმა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მხარეს არ აიძულებს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებას და, შესაბამისად, არ ადგენს მის ვალდებულებებს, მაგრამ ამავდროულად, იმპერატიულად ადგენს საპროცესო მოქმედებათა მხარის ინტერესებისათვისვე შესრულების აუცილებლობას, რისი განუხორციელობლობა ადეკვატურად იწვევს ამავე მხარისთვის უარყოფით შედეგს. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში კასატორის გენეტიკური ექსპერტიზის ჩასატარებლად გამოუცხადებლობა პროცესუალურად საკმარის საფუძველს წარმოადგენს ფაქტის დასადგენად, რომ მხარე ბავშვის ბიოლოგიური მამაა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფაქტის მიმართ კასატორს საკასაციო საჩივრით დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია და ეს გარემოება სადავოდ არ გაუხდია.

დაუსაბუთებულია კასატორის მოსაზრება, რომ სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მესამე ნაწილის უპირობო მოთხოვნაა, რომ მამობის დადგენისას დადასტურდეს მშობლების ერთად ცხოვრებისა და საერთო მეურნეობის წარმოების ფაქტი და მათი არარსებობის პირობებში ექსპერტიზის დასკვნას არ-რი ძალა არ გააჩნია.

სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მამობის დადგენისას სასამართლო მხედველობაში იღებს ბავშვის დედისა და მოპასუხის ერთად ცხოვრებასა და საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე, ან ბავშვის ერთად აღზრდას ან რჩენას, ანდა დამამტკიცებელ საბუთს, რომელიც სავსებით ადასტურებს მოპასუხის მიერ მამობის აღიარებას. აღნიშნული ნორმა დისპოზიციურია და შეიცავს ბავშვის მამობის დადგენის რამოდენიმე საფუძველს და არა _ სრულ ჩამონათვალს. ამასთან, ამ ნორმით დასახელებული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა სავალდებულო არ არის და სასარჩელო მოთხოვნის კანონიერება დამოკიდებულია არა ყველა მითითებული გარემოებების არსებობაზე, არამედ გადაწყვეტილების მიმღები სასამართლოს ჩამოყალიბებულ შინაგან რწმენაზე, რომელიც ემყარება მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრული განხილვით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც სარწმუნოდ ადგენენ ბავშვის მამის ვინაობას.

ნორმაში მითითებული დათქმა “მხედველობაში იღებს” არსობრივადაც ნიშნავს, რომ სასამართლოს შეუძლია გაითვალისწინოს ისეთი გარემოებებიც (ბავშვის დედისა და მოპასუხის ერთად ცხოვრება, საერთო მეურნეობის წარმოებას ბავშვის დაბადებამდე, ბავშვის ერთად აღზრდა ან რჩენა), რომლებიც პირდაპირ ან ირიბად მიანიშნებენ მოთხოვნის საფუძვლიანობას. ამდენად, ნორმაში მოცემული სიტყვათა წყობა “მხედველობაში იღებს” არ უნდა განიმარტოს მისი ვიწრო გაგებით, არამედ იგი გულისხმობს, რომ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, სასამართლოს შეუძლია მამობის დადგენისას გაითვალისწინოს ამავე ნორმაში მოცემული მამობის არაცალსახად დამდგენი ფაქტობრივი გარემოებებიც.

ყველა სამოქალაქო ურთიერთობა დაკავშირებულია გარკვეულ შედეგებთან და ასეთი ურთიერთობების დამყარება როგორც წესი მხარეთა თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული. ამავდროულად, მხარეებმა უნდა გაითვალისწინონ ამ ურთიერთობათა მოსალოდნელი თანამდევი ფაქტობრივი და, შესაბამისად, იურიდიული შედეგებიც. ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის შედეგად დაბადებული ბავშვის უფლებები იმავე ზომით უნდა იქნეს დაცული, როგორც კანონიერ ქორწინებაში მყოფი მშობლების ბავშვების უფლებებია დაცული. სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მესამე ნაწილით უპირველესად დაცულია დაუქორწინებელი მშობლებისაგან დაბადებული ბავშვები, და არა მშობლები. შესაბამისად, ამ ნორმის იმგვარად შეფასება, რომ პირის ბავშვის მამად დადგენა დამოკიდებულია მხოლოდ ამავე ნორმით ჩამოთვლილ გარემოებების არსებობაზე (რომლებიც უფრო მეტად უთითებენ დედისა და მოპასუხის ურთიერთდამოკიდებულებაზე), დასაბუთებას მოკლებულია. მით უფრო დაუსაბუთებელია კასატორის პოზიცია, რომ ბავშვის მამობისათვის განმსაზღვრელია, მისი დამოკიდებულება ბავშვის დედასთან, სურვილი ბავშვის ჩასახვა-დაბადებისა და ფაქტი, დედასთან ერთ ოჯახად ცხოვრებისა. ასეთ შემთხვევებში მამობის დადგენის საკითხი მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლითაც ბავშვის წარმოშობა დგინდება ნებაყოფლობით (მამის “სურვილით”) დაუქორწინებელი მშობლების ერთობლივი განცხადებით.

ბავშვების ჯანსაღი განვითარება გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონეა საზოგადოების მომავლისათვის. ბავშვები არსებულ პირობებში უფრო მეტად დაუცველნი არიან, ვიდრე მოზრდილები. სწორედ ეს გარემოებები უდევს საფუძვლად ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით შემუშავებულ და შეთანხმებულ საერთაშორისო აქტებს, რომლითაც ერთმნიშვნელოვნად აღიარებულია საზოგადოების ამ ნაწილის უფლებათა დაცვის პრიორიტეტი და აქტუალობა. კანონით აღიარებულ უფლებებს შორის ყველა ბავშვს აქვს უფლება: უზრუნველყოფილი იყოს მზრუნველი ოჯახური გარემოთი, იცხოვროს მშობლებთან ან ჰქონდეს კავშირი მათთან, თუ ისინი ერთმანეთს დაცილებულნი არიან.

ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-2 მუხლით დადგენილია თითოეული ბავშვისათვის კონვენციით გათვალისწინებული ყველა სამოქალაქო უფლების ხელმისაწვდომობას და მათ დაცვას დისკრიმინაციისაგან ნებისმიერი საფუძვლით. ამავე კონვენციის მე-7 მუხლით კი ბავშვი რეგისტრაციას გადის დაბადებისთანავე და მას დაბადებიდანვე გააჩნია უფლება, ჰქონდეს სახელი და შეიძინოს მოქალაქეობა, აგრეთვე, რამდენადაც ეს შესაძლებელია, უფლებამოსილია იცნობდეს თავის მშობლებს და გარემოსილი იყოს მათი მზრუნველობით. კონვენციის დანაწესებიდან გამომდინარე უდავოდ გამოკვეთილია კონვენციის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი: ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესები პირველ რიგში უნდა იყოს გათვალისწინებული ყველა იმ გადაწყვეტილების მიღებისას და განხორციელებისას, რომლებიც ეხებათ ბავშვებს, მიუხედავად იმისა, ვინ მიიღო ეს გადაწყვეტილება _ მთავრობამ, ადმინისტრაციული თუ საკანომდებლო ორგანოების ხელმძღვანელობამ თუ თვით ოჯახმა.

ამდენად, კანონმდებელი 1190-ე მუხლით პოტენციურ მამას კი არ იცავს ე.წ. “შემთხვევითი” სქესობრივი ურთიერთობების შედეგად გაჩენილ ბავშვზე პასუხისმგებლობისაგან, არამედ იმ პირს, რომელიც არ წარმოადგენს ბავშვის მამას. პირის ბავშვის მამად ცნობა არ შეიძლება მხოლოდ მამად საცნობი პირის ნებაზე და ასევე ბავშვის დედისა და მოპასუხის ერთად ცხოვრებასა და ბავშვის დაბადებამდე საერთო მეურნეობის წარმოებაზე ან ბავშვის ერთად აღზრდასა ან რჩენაზე იყოს დამოკიდებული, ვინაიდან ბავშვის წარმოშობის დადგენისას გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს იმ პირების დადგენას, ვინც პირდაპირ ბიოლოგიურ კავშირშია ბავშვთან და, შესაბამისად, არიან ბავშვის მშობლები.

ბავშვის დედისა და მოპასუხის ერთად ცხოვრება, საერთო მეურნეობის წარმოება ბავშვის დაბადებამდე ან ბავშვის ერთად აღზრდა, ან რჩენა ან თუნდაც ნორმით გათვალისწინებული ამ ყველა წინაპირობის ერთდროულად ან ერთი მათგანის არსებობა უპირობოდ არ არის დასტური იმისა, რომ დედასთან ერთად მცხოვრები მამაკაცი, რომელიც თუნდაც ზრუნავს ბავშვზე და არჩენს მას, უალტერნატივოდ ბავშვის მამაა. ამ მხრივ საგულისხმოა ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ ევროპული კონვენციის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 03/01/2002 წლის ¹1321 დადგენილებით) მე-4 მუხლი, რომლის ძალითაც მამობის ნებყოფლობითი აღიარება არ შეიძლება იყოს გასაჩივრებული ან ეჭვქვეშ დაყენებული, თუ შიდა კანონმდებლობა ითვალისწინებს აღნიშნულ პროცედურებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პიროვნება, რომელსაც სურს აღიაროს ან უკვე აღიარა ბავშვი, არ არის ბიოლოგიური მამა. ამდენად, ბიოლოგიური კავშირი გადამწყვეტი ფაქტორია ბავშვის მამის დადგენისათვის და პირის მიერ ბავშვის მამობის პირად აღიარებასაც კი ვერ მიენიჭება უფრო მეტი იურიდიული ძალა, ვიდრე ბიოლოგიური მამობის დამდგენ დოკუმენტს. სწორედ ამიტომაც გაითვალისწინა კანონმდებელმა სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლით მამობის დადგენისათვის საკმარისად ისეთი დამამტკიცებელი საბუთი, რომელიც სავსებით ადასტურებს მოპასუხის მიერ მამობის აღიარებას. ასეთ დამამტკიცებელ საბუთად კი უნდა ჩაითვალოს გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მეცნიერული კვლევის შედეგად სარწმუნოდ მაღალი ალბათობით ადგენს ბავშვის წარმომავლობას და აღიარებს მოპასუხის ბიოლოგიურ მამობას (საგულისხმოა, რომ ბიოლოგიური მამობა მოცემულ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენს). ამ მტკიცებულების იურიდიულ ძალაზე მეტყველებს ქორწინების გარეშე დაბადებულ ბავშვთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლი, რომლითაც მამობის დადგენასთან დაკავშირებულ მოქმედებაში მეცნიერული მტკიცებულებანი, რომლებსაც ძალუძთ ხელი შეუწყონ მამობის დადგენას ან უარყოფას, იქნება დაშვებული.

ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მე-3 ნაწილით უდავოდ დაცულია ბავშვის სამოქალაქო უფლება, იცოდეს თავისი წარმომავლობის, მშობლების შესახებ და იგი თანხმობაშია საქართველოს კონსტიტუციასა და საერთაშორისო კანონმდებლობასთან. ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის შემთხვევაში სრულად გამოიყენება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი, რომლითაც ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეში (Mიკულიć ვ. ჩროატია, ნო. 53176/99 ჯუდგმენტ ოფ 07.02.2002), მიიჩნია, რომ, ვინაიდან სადავო იყო მამობის საკითხი და ეს ნაწილი არ იყო დადგენილი, შესაბამისად, ოჯახური ცხოვრება არ იყო სახეზე. ეს შემთხვევა სასამართლომ განიხილა პირადი ცხოვრების ჭრილში, რომელიც, სასამართლოს აზრით, გულისხმობს ინდივიდის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ინტეგრაციას, რაც ასევე მოიცავს უფლებას, სოციალურ იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ქორწინების გარეშე დაბადებული ბავშვის შემთხვევაში სრულად გამოიყენება კონვენციის მე-8 მუხლი. სასამართლომ ამ საქმეზე მოიშველია მის მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილება(Gასკინ ვ. ტჰე Uნიტედ Kინგდომ) და განაცხადა, რომ პირს აქვს იმის უფლება, მოახდინოს იდენტიფიკაცია და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია მისი პიროვნების, მათ შორის ბიოლოგიური მშობლების შესახებ.

დასახელებულ საქმეზე სასამართლომ განაცხადი დასაშვებად ცნო და განაცხადა, რომ პირადი ცხოვრება არ გულისხმობს მხოლოდ ნეგატიური ჩარევის აკრძალვას სახელმწიფოს მხრიდან, არამედ, ასევე გულისხმობს პოზიტიურ ვალდებულებასაც, რამაც ჯამში სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული რეგულაციების დადგენის სახით ეფექტიანად უნდა დაიცვას ინდივიდთა პირადი ცხოვრება. ნეგატიური ვალდებულებისგან განსხვავებით, რომელიც მკაფიოდ არის განსაზღვრული, პოზიტიური ვალდებულების განსაზღვრა უნდა მოხდეს სახელმწიფოს ფართო დისკრეციის ფარგლებში და უნდა დადგინდეს გონიერი ბალანსი ზოგად და ინდივიდუალურ ინტერესს შორის.

რეალური პრობლემა, რომელიც წარმოეშვათ სასამართლოებს ამ საქმეზე იყო ის, რომ არ არსებობდა კანონით მოწესრიგებული ურთიერთობა შემდეგი მიმართებით: განმცხადებელს არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ მოეხდინა მამობის შესაძლო კანდიდატის იძულება, რათა ამ უკანასკნელს ჩაეტარებინა ტესტი და, შესაბამისი წესით, გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნით, თავისი წარმომავლობა დაედგინა. ამ შემთხვევაში მოპასუხის “დასჯის” რამდენიმე გზა არსებობდა სხვადასხვა ქვეყანაში, მაგალითად, დაჯარიმება, პრეზუმფციის დადგენა, რომ ეს უკანასკნელი არის მამა (ანუ მტკიცების ტვირთის გადატანა მასზე). მოცემულ დავაზე მოპასუხე ხორვატიის სახელმწიფოს კანონმდებლობა ამ მიმართებით იყო უძლური და, შესაბამისად, არაფერს არ ადგენდა.

აღნიშნულ საქმეში ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ყველაზე მთავარია პროპორციულობის პრინციპის დაცვა. ამ შემთხვევაში, სასამართლოს აზრით, უნდა მომხდარიყო პროპორციულობის გათვალისწინებით დაცული ორი სიკეთიდან ერთის არჩევა (ანუ, ერთი მხრივ, მამის უფლება, არ ჩაიტაროს ტესტი და, მეორე მხრივ, ბავშვის უფლება _ იცოდეს ნამდვილი მამის შესახებ). სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებელი (ბავშვი) რამდენიმე წლის განმავლობაში სოციალური იდენტიფიცირების გარეშე იყო დატოვებული, ანუ მან არ იცოდა, თუ ვინ იყო მისი მამა. ამ შემთხვევაში ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი და ამ კონფლიქტში ხორვატიის ეროვნულ სასამართლოებს პრიორიტეტი უნდა მიენიჭებინათ ბავშვის უფლებისათვის, სცოდნოდა მამის წარმომავლობის შესახებ, ვიდრე პირის უფლებისათვის _ არ ჩაეტარებინა სამედიცინო ტესტი. ყოველივე აქედან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო სახელმწიფოს მიერ კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევა პოზიტიური ვალდებულების განუხორციელებლობის გამო. ანუ საბოლოო ჯამში დარღვევის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ხორვატიის სახელმწიფოს არ ჰქონდა ეფექტური ზომა მოპასუხის საწინააღმდეგოდ და სამოქმედოდ, რაც იყო პოზიტიური ვალდებულების აშკარა დარღვევა.

საგულისხმოა ევროპული სასამართლოს დასკვნა ოჯახური თანაცხოვრების ფაქტთან მიმართებით: სასამართლო ქალისა და მამაკაცის ერთობლივ თანაცხოვრებას არ განიხილავს, მშობლებსა და მცირეწლოვან შვილებს შორის ოჯახური ცხოვრების აუცილებელ პირობად. (BEღღEHAB ვ. თHE NEთHEღLANDშ, 1988. 10730/84 §21).

მსგავსი დასაბუთებაა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებში გასკინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Gასკინ ვ. ტჰე Uნიტედ Kინგდომ (ჯუდგმენტ ოფ 7 ჟულყ 1989, შერიეს A ნო. 160) და ოდიევრე საფრანგეთის წინაღმდეეგ (ODIEVღE ვ. Fრანცე Aპპლიცატიონ N42326/98 ჯუდგმენტ ოფ 13.02.2003).

ამდენად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის გასაჩირებული გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებას და თვლის, რომ მისი გაუქმების კანონიერი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

დ. დ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.