Facebook Twitter

ას-414-387-10 30 სექტემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ს. ს-აია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ბ. ა-ძე (მოპასუხე)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2009 წლის 28 ივლისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ს. ს-აიამ მოპასუხე ბ. ა-ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისაგან თანხის დაკისრება 37 500 ოდენობით.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ს. ს-აიას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ს. ს-აიამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 17 თებერვლის განჩინებით ს. ს-აიას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლომ მიუთითა, რომ 2007 წლის 24 დეკემბერს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის საკუთრების უფლების ¹3144 მოწმობით დადგენილია, რომ რ. ა-ძემ საკუთრების აღიარების გზით საკუთრებაში მიიღო დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე მდებარე სასოფლო სამეურნეო მიწა 0.37 ჰა-ს ოდენობით.

აუდიტის დასკვნით ირკვევა, რომ დაბა ჩაქვში, ... ქ. ¹72ა_ში მდებარე რ. ა-ძის მიწასა და მასზე აღმართული საცხოვრებელი სახლის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 75 000 (სამოცდათხუთმეტ ათასს) ლარს, რომლის ნახევარიც არის 37 500 (ოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი) ლარი.

დადგენილია, რომ რ. ა-ძე გარდაიცვალა 2009 წლის 5 იანვარს, ბ. ა-ძე არის რ. ა-ძის შვილი. რ. ა-ძის გარდაცვალების შემდეგ, მისმა შვილმა ბ. ა-ძემ, როგორც კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრემ, ნოტარიუს ნ. ტ-ძესთან განცხადების შეტანის გზით მიიღო რ. ა-ძის სამკვიდრო ქონება მდებარე ქ. ქობულეთში, დაბა ჩაქვში, ... ქ. ¹27ა-ში, ავტომანქანა და შემნახველი სალარო წიგნაკი, რაზედაც 2009 წლის 17 ივლისს გაიცა სამკვიდრო მოწმობა. ს. ს-აია და რ. ა-ძე 1993 წლიდან არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ.

დადგენილია, რომ რ. ა-ძის საკუთრებაში რეგისტრირებული სადავო საცხოვრებელი სახლი აშენებულ იქნა ს. ს-აიასა და რ. ა-ძის ერთობლივი თანხებით, ასევე გაშენდა და კეთილმოეწყო ეზო და ბაღი. რ. ა-ძის გარდაცვალების დროისათვის, 2009 წლის 5 იანვარს მასთან ერთად იმყოფებოდა ს. ს-აია და ბ. ა-ძის მოთხოვნით სადავო საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლებულ იქნა 2009 წლის 17 მაისს.

აღნიშნული საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ს. ს-აიამ. მან განმარტა, რომ ის რ. ა-ძესთან ერთად ეწეოდა ერთობლივ სამეურნეო საქმიანობას და ამ ხნის მანძილზე მათ მიერ აშენებულ იქნა ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, დამხმარე ნაგებობასთან ერთად, კეთილმოწყობილ იქნა საკარმიდამო ნაკვეთი. ბ. ა-ძეს მემკვიდრეობით მიღებული ჰქონდა მხოლოდ 3700 კვ.მ მიწა საცხოვრებელ სახლთან ერთად, მაგრამ მას ამ სამკვიდრო მოწმობით არ მიუღია ამ მიწის ნაკვეთზე განთავსებული სრულმოსავლიანი მრავალწლიანი ხეხილის ნარგავი, ასევე მას არ მიუღია დამხმარე შენობა-ნაგებობები, ინვენტარ-მოწყობილობები, საოჯახო ნივთები, მსხვილფეხა პირუტყვი, ფრინველი და სხვა, ყოველივე ამ ქონებას, როგორც მესაკუთრე, კასატორი ფლობდა, სარგებლობდა და განკარგავდა.

კასატორი ასევე განმარტავს, რომ, მართალია, მისი ქმარი გარდაიცვალა 2009 წლის 5 იანვარს, მაგრამ კასატორისათვის ცნობილი არ იყო, რომ მას ჰყავდა მემკვიდრე და ისიც პირველი რიგის და ეს ფაქტი კასატორისათვის ცნობილი გახდა, მხოლოდ 2009 წლის 17 მაისს, როცა მოპასუხე ბ. ა-ძემ აღნიშნული სახლიდან გამოასალხა.

სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, ვინაიდან რ. ა-ძის გარდაცვალება კასატორისათვის ცნობილი გახდა 2009 წლის 5 იანვარს რ. ა-ძის საკუთრებაში რეგისტრირებულ ქონებაზე პრეტენზიის წარდგენის ბოლო ვადა იყო 2009 წლის 5 მაისი. მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს 130-ე და 131-ე მუხლების მოთხოვნები, რომელთა მიხედვით იმპერატიულად არის განმარტებული, რომ კასატორს მოთხოვნის უფლება წარმოეშობა იმ დროიდან, როცა მისთვის ცნობილი გახდება მისი უფლების დარღვევის შესახებ. ეს თარიღი კი, არის 2009 წლის 17 მაისი, როცა მოპასუხემ კასატორი იძულებით გამოაძევა სახლიდან. სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, თუ კრედიტორს შეეძლო შეესრულებინა მოქმედება, რომელზედაც დამყარებულია მოთხოვნის უფლების წარმოშობა, მაგრამ არ შეასრულა, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 1320-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის მომენტიდან ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე და ვინაიდან მამკვიდრებელ რ. ა-ძის გარდაცვალება კასატორისათვის ცნობილი გახდა 2009 წლის 5 იანვარს, რ. ა-ძის საკუთრებაში რეგისტრირებულ ქონებაზე მისი მემკვიდრისათვის პრეტენზიის წარდგენის ბოლო ვადას წარმოადგენდა 2009 წლის 5 მაისი, ამასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ რადგანაც სარჩელი რ. ა-ძის მემკვიდრის _ ბ. ა-ძის მიმართ სასამართლოში წარდგენილ იქნა 2009 წლის 28 ივლისს, ანუ სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის გასვლის შემდეგ _ სასამართლოს მსჯელობას, რომლითაც გაზიარებულ იქნა მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება, კასატორს არასწორად მიაჩნია, ვინაიდან არ იცოდა, რომ მის საკუთრებას ვინმე შეეცილებოდა.

საქმეში წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობით დადგენილია, რომ მოპასუხე ბ. ა-ძემ მიიღო მხოლოდ 3700კვ.მ მიწა ფართობი და ამ მოწმობაში არ არის მითითებული მიწის ნაკვეთზე განთავსებული დამხმარე და სხვა ნაგებობები, რაც ფაქტობრივად სამკვიდროს გარეთ არის დარჩენილი და წარმოადგენს კასატორის საკუთრებას. სწორედ ამიტომ მოითხოვს კასატორი კომპენსაციის სახით ანაზღაურებას, რაც არც ერთმა სასამართლომ არ გაიზიარა. ამრიგად, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ს-აიას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ს. ს-აიას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს. ს-აიას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

ს. ს-აიას დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (1000 ლარის) 70% - 700 ლარი;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.