ას-414-394-2011 23 მაისი, 2011 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ სს «... ... ...»
მოწინააღმდეგე მხარე _ ბ. ხ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ფოთის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ბ. ხ-მ მოპასუხე სს «... ... ...ს» მიმართ და მოითხოვა:
ა. მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 2008 წლის თებერვლიდან 2009 წლის დეკემბრის ჩათვლით, სახელფასო დავალიანების, 20802 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება;
ბ. მოპასუხისაგან ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ანაზღაურება, რაც 2008 წლის თებერვლიდან 2010 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენდა 9212.86 აშშ დოლარს (ს.ფ. 3-11, 37-39).
მოპასუხე სს «... ... ...მა» სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ, მართალია, მას მოსარჩელის მიმართ გააჩნდა სახელფასო დავალიანება 20802 აშშ დოლარის ოდენობით, მაგრამ მითითებული დავალიანების დაგროვება გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ საწარმო იმ პერიოდში იმყოფებოდა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, არ აწარმოებდა პროდუქციას და, შესაბამისად, ვერ შეძლო სახელფასო დავალიანების დაფარვა. ამასთან, მოსარჩელე დასახელებულ პერიოდში მუშაობდა საწარმოს ტექნიკურ დირექტორად და შესაბამისად, საწარმოს მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მასაც ეკისრებოდა (ს.ფ. 21-29).
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბ. ხ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე სს «... ... ...ს» მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 30014.86 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
სასამართლომ მიუთითა შემდეგ უდავო ფაქტობრივ გარემოებებზე:
ბ. ხ- მუშაობს სს «... ... ...ს» ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი შეადგენს 1200 აშშ დოლარს;
სს «... ... ...ს» ბ. ხ-ს მიმართ, 2008 წლის თებერვლიდან 2009 წლის დეკემბრის ჩათვლით გააჩნია სახელფასო დავალიანება 20802 აშშ დოლარის ოდენობით;
დაყოვნებული ხელფასის 0.07%, 2008 წლის თებერვლიდან 2010 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენს 9212.86 აშშ დოლარს.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოპასუხემ ვერ წარადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ბ. ხ-ს სს «... ... ...ს» ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში საწარმო იმყოფებოდა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში და, რომ, საწარმოს მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობა მოსარჩელეს ეკისრებოდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1 და 103.1 მუხლებიდან გამომდინარე, აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი სწორედ მოპასუხეს ეკისრებოდა.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ შრომის კოდექსის 31-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ, სამუშაო ადგილზე. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, დამსაქმებელი ვალდებულია გადაუხადოს დასაქმებულს ყოველთვიური ხელფასი. შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07%.
სასამართლომ, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს გააჩნდა მოსარჩელის მიმართ სახელფასო დავალიანება, სარჩელი მოცემული დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, დააკმაყოფილა. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა ასევე მოსარჩელის სასარგებლოდ დაყოვნებული თანხის 0.07%-ის გადახდა, რაც 2008 წლის თებერვლიდან 2010 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით შეადგენდა 9212.86 აშშ დოლარს (ს.ფ. 42-46).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს «... ... ...მა», რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება (ს.ფ. 50-59).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინებით სს «... ... ...ს» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა უნდა მოწესრიგებულიყო შრომის კოდექსითა და სამოქალაქო კოდექსის ვალდებულებითი სამართლის ზოგადი ნორმებით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომის უფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის ძირითადი უფლებაა. შრომის კონსტიტუციური უფლება შრომის კოდექსით წესრიგდება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს დამსაქმებლის ვალდებულებას ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დასაქმებულისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის გადახდის თაობაზე. სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე მუხლების შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დორსა და ადგილას.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, ხოლო საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერი იყო. სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რაც საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება და ამ უკანასკნელის მიერ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლზე მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ ბ. ხ-მ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რამდენადაც აპელანტის ეს მოსაზრება არ იყო გამყარებული მტკიცებულებებით. კერძოდ, აპელანტი ვერ მიუთითებდა ბ. ხ-ს მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი რომელი ვალდებულება არ შესრულდა (ს.ფ. 101-106).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს «... ... ...მა» საკასაციო წესით გაასაჩივრა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
კასატორი უთითებს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს წერილობით არასდროს მიუმართავს საწარმოსათვის ხელფასის მოთხოვნით, ასევე არ წამოუყენებია რაიმე წერილობითი გართხილება, რასაც იგი თავადაც არ უარყოფს.
საკასაციო საჩივრის თანახმად, სადავო პერიოდში მოსარჩელე მუშაობდა საწარმოს ტექნიკურ დირექტორად. შესაბამისად, თავისი წილი პასუხისმგებლობა საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაში ყოფნასთან დაკავშირებით, მასაც ეკისრება (ს.ფ. 111-118).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 აპრილის განჩინებით სს «... ... ...ს» საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს «... ... ...ს» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მთლიანობაში 2606.44 ლარის, მათ შორის, კასატორის მიერ 2011 წლის 28 თებერვალს გადახდილი 1593.79 ლარის, აგრეთვე, მის მიერვე 2011 წლის 29 მარტს გადახდილი 1012.66 ლარის) 70% _ 1824.508 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს «... ... ...ს» საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. სს «... ... ...ს» დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (მთლიანობაში 2606.44 ლარის, მათ შორის, კასატორის მიერ 2011 წლის 28 თებერვალს გადახდილი 1593.79 ლარის, აგრეთვე 2011 წლის 29 მარტს გადახდილი 1012.66 ლარის) 70% _ 1824.508 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.