ას-415-395-2011 28 აპრილი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ «ბინათმესაკუთრეთა ა...»
წარმომადგენელი _ Hშ. ჯ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ლ. ჩ-ძე, ა., დ. და ა. კ-ლიები
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი _ ამხანაგობის წევრად აღიარება, წილის მიკუთვნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ჩ-ძემ, ა., დ. და ა. კ-ლიებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა «ა..-ს» (ყოფილი ¹42 კოოპერატივის) მიმართ და მოითხოვეს «ა..-ს» წევრად აღიარება, ქ.ბათუმში, ...ს ქ¹8-ში მდებარე, ამხანაგობის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან _ 70 კვ.მ ფართის მთლიანი ნაგებობის 1/53-ის მიკუთვნება და მოპასუხის დავალდებულება მოსარჩელეთათვის წილობრივი მონაცემების შესაბამისად ქონების გამოყოფა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეები აღიარებნულ იქნენ «ა..-ს» წევრებად და შესაბამისი ცვლილებები შევიდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა «ა..-ს» საწესდებო დოკუმნეტაციაში, ხოლო ქ.ბათუმში, ...ს ქ¹8-ში მდებარე «ა..-ს» საკუთრებად რეგისტრირებული ფართიდან 70-კვ.მ ფართის (სახლის 1/53) მიკუთვნებისა და ამ წილის მოსარჩელეთათვის რეალურად გამოყოფის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება წილის მიკუთვნებისა და მისი ქონების რეალურად გამოყოფის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. ჩ-ძის, ა., დ. და ა. კვირკვრლიების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეებს მიეკუთვნათ ქ.ბათუმში, ...ს ქ¹8-ში მდებარე «ა..-ს» საკუთრებად რეგისტრირებული სახლის 35 კვ.მ ფართის შესაბამისი წილი და ამხანაგობას დაევალა მოსარჩელეთათვის წილობრივ საკუთრებაში არსებული ქონების რეალურად გამოყოფა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა «ა..-ს» წარმომადგენელმა შ. ჯ-ძემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 მარტის განჩინებით მოცემულ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი საკასაციო საჩივრისა და შ. ჯ-ძის ადვოკატის მოწმობის ასლის წარმოდგენა.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელ შ. ჯ-ძეს მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე და 2011 წლის 7 აპრილს ჩაბარდა პირადად.
2011 წლის 14 აპრილს შ. ჯ-ძემ განცხადებით მომართა სასამართლოს, წარმოადგინა ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემული ცნობა ი.ბ-ძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ასევე ულტრაბგერითი გამოკვლების წერილობით პასუხი და განმარტა, რომ მან სასამართლო შეტყობინების ჩაბარების თაობაზე დროულად აცნობა ამხანაგობის თავმჯდომარეს, თუმცა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ამხანაგობა არ არის სტრუქტურა და მისი თავმჯდომარე თანხებს საკუთარი შეხედულებით არ განკარგავს, საჭირო იყო ამავე ამხანაგობის წევრებისაგან სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის საჭირო თანხის შეგროვება, ამასთან, ამხანაგობის თავმჯდომარის ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო, ამ უკანასკნელმა დადგენილ ვადაში ვერ მოახერხა ხარვეზის გამოსწორება რის თაობაზეც შ.ჯ-ძეს ეცნობა 2011 წლის 13 აპრილს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შ.ჯ-ძემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა საპროცესო ვადის დარღვევის საპატიოდ მიჩნევისა და ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა «ა..-ს» წარმომადგენელ შ. ჯ-ძის განცხადება საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროცესო ვადის დარღვევით შესრულებულ საპროცესო მოქმედებას იურიდიული შედეგი არ მოჰყვება და განუხილველად დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 მარტის განჩინებით მოცემულ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის «ბ» ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი საკასაციო საჩივრისა და შ. ჯ-ძის ადვოკატის მოწმობის ასლის წარმოდგენა.
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელ შ. ჯ-ძეს მის მიერ საქმეში მითითებულ მისამართზე და 2011 წლის 7 აპრილს ჩაბარდა პირადად (იხ. ტ.II, ს.ფ.322).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. დასახელებული ნორმა სასამართლოს უდგენს ალტერნატიულ ვალდებულებას სასამართლო შეტყობინება საპროცესო მოქმედების შესრულების დროის შესახებ (ხარვეზის დადგენის შესახებ) აცნობოს ნორმაში მითითებულ სუბიექტთაგან ერთ-ერთს _ მხარეს ან მის წარმომადგენელს და მითითებულთაგან ერთ-ერთისათვის ჩაბარება საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველია.
მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება ჩაბარდა რა კასატორის წარმომადგენელს 2011 წლის 7 აპრილს, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება საპროცესო ვადის დენის დაწყებისათვის საკმარისი საფუძველია.
რაც შეეხება თავად განცხადების შემოტანის ფაქტს, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სასამართლო შეტყობინება, როგორც უკვე აღინიშნა, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ჩაბარდა კასატორის წარმომადგენელ შ.ჯ-ძეს 2011 წლის 7 აპრილს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ სათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
დასახელებული ნორმების თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 8 აპრილს და ამოიწურა ამავე წლის 12 აპრილს, შ. ჯ-ძემ კი საფოსტო განყოფილებას მიმართა 2011 წლის 14 აპრილს (იხ. ტ.II, ს.ფ.326), კანონით დადგენილი საპროცესო ვადის დარღვევით, რაც წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების უტყუარი საფუძველია.
რაც შეეხება შ.ჯ-ძის განცხადებას, რომლითაც მხარე მოითხოვს დარღვეული საპროცესო ვადის აღდგენას და ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელებას, პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება უსაფუძვლოა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების წესს. დასახელებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე წარმოდგენილი განცხადებისა და მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, პალატა მიიჩნევს, რომ მხარემ საპროცესო ვადის დარღვევის საპატიოობა სათანადოდ ვერ დაასაბუთა, კერძოდ, მხარეს ხარვეზის გამოსწორების თაობაზე განცხადებით სასამართლოსათვის უნდა მოემართა 2011 წლის 12 აპრილს, ხოლო პოლიკლინიკაში წარსადგენად სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ გაცემული ცნობა გაცემულია 2011 წლის 13 აპრილს _ ხარვეზის გამოსწორების ვადის უკანასკნელი დღის მომდევნო დღეს, ულტრაბგერითი გამოკვლევის პასუხი კი დათარიღებულია 2010 წლის 27 ოქტომბერს. აღნიშნული გარემოებები შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა «ა..-ს» საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.
2. კასატორის წარმომადგენელ შ. ჯ-ძის განცხადება დარღვეული საპროცესო ვადის საპატიოდ მიჩნევისა და ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.