ას-419-392-2010 27 სექტემბერი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ მ. გ-იხი
მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ 1. ს. ჩ-ძე; 2. შპს “ა. ს. ც.”; 3. იმერეთის სააღსრულებო ბიურო
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის განჩინება
სარჩელის დავის საგანი _ დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2007 წლის 8 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. გ-იხმა მოპასუხეების _ ს. ჩ-ძის, შპს “ა. ს. ც.-სა” და იმერეთის სააღსრულებო ბიუროს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:
ა. შპს “ა. ს. ც.-ს” 2003 წლის 25 დეკემბრის ¹01/90 აუდიტორული დასკვნის უკანონოდ აღიარება;
ბ. კრედიტორ ს. ჩ-ძის რწმუნებულ ი. გ-ძეს, აღმასრულებელ მ. გ-ძესა და შპს შპს “ა. ს. ც.-ს” შორის შემდგარი გარიგების კანონსაწინააღმდეგოდ აღიარება;
გ. აუდიტორული დასკვნისა და მის შესაბამისად აუქციონის შედეგების ბათილად ცნობა;
დ. კრედიტორ ს. ჩ-ძის რწმუნებულ ი. გ-ძეს, აუდიტ ვ. ბ-ძეს და აღმასრულებელ მ. გ-ძეს შორის შემდგარი გარიგების კანონსაწინააღმდეგოდ აღიარებით მათი ქმედების, როგორც უსაფუძვლო გამდიდრების ხელშეწყობის აღიარება;
ე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურისათვის რეესტრში შესაბამისი ცვლილების განხორციელების დავალება და 27კვ.მ სადავო დამხმარე ფართის (რომელიც იპოთეკით არ იყო დატვირთული) მ. გ-იხის საკუთრებაში აღრიცხვა (ტომი 1, ს.ფ. 2-4, ტომი 2, ს.ფ. 122-132).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. გ-იხის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი 2, ს.ფ. 142-144).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-იხმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება (ტომი 2, ს.ფ. 156-165).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მ. გ-იხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოძახებული პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მ. გ-იხს გაეგზავნა და ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, 2009 წლის 30 დეკემბერს უწყება ჩაბარდა აპელანტის რძალს _ მ. ს-ძეს.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2010 წლის 15 იანვრის მთავარ სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარეებმა _ ს. ჩ-ძემ და იმერეთის სააღსრულებო ბიურომ იშუამდგომლეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. კონკრეტულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი სამედიცინო ცნობიდან ირკვეოდა, რომ მ. გ-იხს 2010 წლის 15 იანვარს ჰქონდა ჰიპერტონული კრიზი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი საპატიო მიზეზად განიხილავს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობას, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მ. გ-იხზე გაცემულ სამედიცინო ცნობაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად არ იყო მითითებული აპელანტის სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ. გარდა ამისა, მ. გ-იხს 2010 წლის 15 იანვრის სასამართლო პროცესის შესახებ სასამართლო უწყება ჩაჰბარდა 2009 წლის 30 დეკემბერს. აქედან გამომდინარე, მას საკმაო დრო ჰქონდა თავისი უფლებების დაცვა მიენდო წარმომადგენლისათვის.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილებას ექვემდებარებოდა (ტომი 3, ს.ფ. 40-47).
დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მ. გ-იხმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.
საჩივრის ავტორის მოსაზრებით, 2010 წლის 15 იანვრის სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზს საკმარისად ასაბუთებს საქმეზე წარდგენილი შპს სასწრაფო სამედიცინო სამსახური _ 03-ის ხელმძღვანელის ცნობა. რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერილი დოკუმენტით სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე პირდაპირ მითითებას, მის მიერ პროცესზე წარმოდგენილი დოკუმენტის გარდა სასწრაფო დახმარების სამსახური კერძო პირზე სხვა შინაარსის დოკუმენტს არ გასცემს. აღნიშნული სამსახურის განმარტებით, შეეძლო თუ არა ბარათში მითითებული დაავადებით ავადმყოფს სასამართლოში გამოცხადება, ამ შეკითხვას ისინი არა კერძო პირის, არამედ _ სასამართლოს მიერ ოფიციალურად გაგზავნილი შეკითხვის შესაბამისად გასცემენ. ამიტომ საჩივრის ავტორმა იშუამდგომლა სასწრაფო სამედიცინო დაწესებულებისადმი შეკითხვით მიმართვა ან განმარტებისათვის ექიმის პროცესზე მოწვევა (ტომი 3, ს.ფ. 55).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის განჩინებით მ. გ-იხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 იანვრის დაუწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის 15 იანვრის სხდომაზე აპელანტი მ. გ-იხი მიწვეული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; აპელანტი სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულა, ხოლო მის მიერ სხდომის დღეს სასამართლოში წარდგენილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბარათში ასახული ინფორმაცია სააპელაციო სასამართლომ არ ჩათვალა სხდომის გადადების საფუძვლად; სხვა მტკიცებულებები, რომლებითაც დადასტურდებოდა, რომ 2010 წლის 15 იანვარს მ. გ-იხს არ შეეძლო სასამართლო სხდომაზე გამოცხადება, საჩივრის ავტორს არ წარუდგენია.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საჩივრის ავტორის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ არ შეეძლო მოეპოვებინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი მტკიცებულებები. აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ მიუთითა “საექიმო საქმიანობის შესახებ” კანონის 39-ე მუხლის 1-ლი პუნქტის “ა” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია პაციენტს მისთვის მისაღები ფორმით მიაწოდოს სრული, ობიექტური, დროული და გასაგები ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მ. გ-იხს შეეძლო მოეპოვებინა და სასამართლოში წარედგინა ცნობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნას სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. რამდენადაც საჩივრის ავტორს არ წარუდგენია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა მ. გ-იხის სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლებით დადგენილი საფუძვლები. შესაბამისად, გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დატოვებას ექვემდებარებოდა (ტომი 3, ს.ფ. 70-73).
სააპელაციო სასამართლოს დასახელებული განჩინება მ. გ-იხმა გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორი ითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 26 თებერვლის განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა იმ ვითარებაში, როდესაც აპელანტს წარდგენილი ჰქონდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის 2010 წლის 15 იანვრის ცნობა მ. გ-იხის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ცნობაში ასახული დიაგნოზი _ ჰიპერტონული კრიზი, აშკარად გამორიცხავდა 2010 წლის 15 იანვრის სხდომაზე მ. გ-იხის გამოცხადებას. ამიტომ, კასატორისათვის გაუგებარია, თუ რატომ არ გაითვალისწინა სააპელაციო სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას დასახელებული მტკიცებულება (ტომი 3, ს.ფ. 79, 99-107).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ-იხის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლი ამომწურავად განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებ მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. მითითებული 233-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებები ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 15 იანვრის სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის საპატიობას, რის გამოც არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საპროცესო საფუძველი.
საქმეზე დასტურდება, რომ 2010 წლის 15 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იყო შპს სასწრაფო სამედიცინო სამსახური 03-ის ცნობა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მ. გ-იხს 2010 წლის 15 იანვარს ჰქონდა ჰიპერტონული კრიზი (ტომი 3, ს.ფ. 29). დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ გასაჩივრებული განჩინების გამოტანის დროისათვის მ. გ-იხმა სასამართლოს განუმარტა, რომ, რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერილი დოკუმენტით სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე პირდაპირ მითითებას, მის მიერ პროცესზე წარდგენილი დოკუმენტის გარდა სასწრაფო დახმარების სამსახური კერძო პირზე სხვა შინაარსის დოკუმენტს არ გასცემს, შეკითხვაზე პასუხს _ შეეძლო თუ არა ბარათში მითითებული დაავადებით ავადმყოფს სასამართლოში გამოცხადება, ისინი არა კერძო პირის, არამედ _ სასამართლოს მიერ ოფიციალურად გაგზავნილი შეკითხვის შესაბამისად გასცემენ (ტომი 3, ს.ფ. 55). მ. გ-იხის მითითებული განმარტების სარწმუნოობას ადასტურებს საქმეზე წარდგენილი შპს “ქ-ი _ 03-ის” დირექტორის 1.06.2010წ. ¹70 წერილი. მასში აღნიშნულია, რომ შეკითხვაზე _ შეეძლო თუ არა არსებული ავადმყოფობის პირობებში მ. გ-იხს პროცესზე გამოცხადება, ცნობის გაცემა სცილდება მათი კომპეტენციის ფარგლებს (ტომი 3, ს.ფ. 120).
საქმის მასალების ერთობლიობაში შეფასება ასევე საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ ავადმყოფობის ცნობაში ასახული დიაგნოზით (ჰიპერტონული კრიზი), ალბათობის მაღალი ხარისხით, მ. გ-იხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 2010 წლის 15 იანვარს დანიშნულ სხდომაზე ვერ გამოცხადდებოდა. ამასთან დაკავშირებით მხედველობაშია მისაღები, რომ ავადმყოფი, რომელსაც მითითებული დიაგნოზი დაესვა _ მ. გ-იხი _ იყო 82 წლის (ტომი 2, ს.ფ. 52), ასევე რომ, საქმის მასალების თანახმად, აპელანტი ხშირად ავადმყოფობდა (ტომი 2, ს.ფ. 17, 70-71).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. გ-იხთან მიმართებით არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საპროცესო საფუძველი.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება 2010 წლის 15 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, ისევე როგორც 2010 წლის 15 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს, ხოლო საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს, მ. გ-იხის სარჩელის კონკრეტული მოთხოვნები არის თუ არა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსჯადი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. გ-იხის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის განჩინება, 2010 წლის 15 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.