Facebook Twitter

ბს-1163-738(კ-05) 15 თებერვალი, 2006 წ.,

ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლ. ლაზარაშვილი,

ნ. სხირტლაძე

დავის საგანი: მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2002წ. 30 ოქტომბერს შპს “თ...ის” დირექტორმა ს. კ-მა სარჩელით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე ქუთაისის დაცვის პოლიციის სამმართველოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისგან მატერიალური და მორალური ზიანის სახით 199354 ლარისა და 150 000 აშშ დოლარის ანაზღაურება.

შპს “თ...ი” სასარჩელო მოთხოვნებს ამყარებდა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

2001წ. 1 ივლისს ქუთაისის დაცვის პოლიციის სამმართველოსა და შპს “თ...ს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, დაცვის პოლიციის თანამშრომლებს დაევალათ შპს “თ...ის” შენობაში ობიექტის უსაფრთხოება და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ყოველდღიურად, დილის 9 სთ. 30 წუთიდან საღამოს 17 სთ. 30 წუთამდე, ასევე, გამოყენებული უნდა ყოფილიყო ცენტრალური დაკვირვების პულტის სამი გასაღები და საგანგაშო ღილაკი ჩართული ცდპ-ზე.

2001წ. 6 დეკემბერს, 15.45 საათზე, შპს “თ...ზე” ყაჩაღური თავდასხმის შედეგად გატაცებულ იქნა მატერიალური ფასეულობა _ საიუველირო ნაწარმი.

ყაჩაღური თავდასხმა განხორციელდა ობიექტის დაცვის მომენტში, ხოლო მოსარჩელემ შეტყობინება მაშინვე გაგზავნა საგანგაშო ღილაკის მეშვეობით. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის მიერ დაცულ იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ობიექტის დაცვა ყაჩაღური თავდასხმის მომენტში, რის გამოც შპს “თ...ში” დასაქმებულ ინდივიდუალურ მეწარმეებს მიადგათ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. კერძოდ: 1) მეწარმე თ. მ-მ განიცადა დანაკლისი _ შესასყიდ ფასში 34055 ლარი, ხოლო გასაყიდ ფასში 42263 ლარი; 2) ი/მეწარმე რ. კ-მა შესასყიდ ფასში _ 15187 ლარი, გასაყიდ ფასში _ 19019 ლარი; 3) ი/მეწარმე ნ. ჭ-მა შესასყიდ ფასში _ 1770 ლარი, გასაყიდ ფასში _ 2 240 ლარი; 4) ი/მეწარმე ს. კ-მა შესასყიდ ფასში _ 43 395 ლარი, გასაყიდ ფასში _ 54242 ლარი; 5) ი/მეწარმე მ. ს-მ შესასყიდ ფასში _ 20681 ლარი, გასაყიდ ფასში 25715 ლარი; 6) ი/მეწარმე ნ. მ-მ შესასყიდ ფასში _ 8725 ლარი, გასაყიდ ფასში 10 912 ლარი; 7) ი/მეწარმე ზ. მ-მა შესასყიდ ფასში _ 10004 ლარი, გასაყიდ ფასში _ 10004 ლარი; 8) ი/მეწარმე მ. ნ-მ შესასყიდ ფასში _ 18961 ლარი, გასაყიდ ფასში _ 23695 ლარი; 9) ი/მეწარმე ხ. ტ-მ შესასყიდ ფასში _ 4677 ლარი, გასაყიდ ფასში _ 5859 ლარი; 10) ი/მეწარმე ო. უ-მ შესასყიდ ფასში 2833 ლარი, გასაყიდ ფასში _ 3405 ლარი, სულ დანაკლისმა შესასყიდ ფასში შეადგინა 160 288 ლარი, ხოლო გასაყიდ ფასში _ 197 354 ლარი.

სარჩელის სამართლებრივი საფუძველი:

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.1 პუნქტის შესაბამისად, მოპასუხე არ თავისუფლდება მატერიალური პასუხისმგებლობისაგან, ვინაიდან ყაჩაღობა განხორციელდა ობიექტის დაცვის დროს და ყაჩაღობის ფაქტის შესახებ მოსარჩელემ შეტყობინა მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად..

მოსარჩელემ ჩათვალა, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობამ მორალური ზიანი მიაყენა შპს “თ...ში” მყოფ მეწარმეებს, რომლებსაც შეერყათ ჯანმრთელობა და განიცადეს ნერვული სტრესი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოპასუხეს მიაჩნია, რომ 2001წ. 1 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე და არა შპს “თ...ის” ინდმეწარმეების ძვირფასეულობასა და ოქროს ნაკეთობების დაცვაზე, უფრო მეტიც, აღნიშნულის თაობაზე ინდ. მეწარმეებთან ინდივიდუალური ხელშეკრულებები მოპასუხეს არ გაუფორმებია.

ქუთაისის დაცვის პოლიციის სამმართველომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე უსაფუძვლოა, ვინაიდან 2001წ. 6 დეკემბრის ყაჩაღური თავდასხმის დროს დაზარალდა დაცვა და მისი თანამშრომლები, რომლებმაც ხელშეკრულებით მათზე დაკისრებული მოვალეობა ღირსეულად შეასრულეს და გაიღეს ყველაზე ღირსეული სიკეთე _ ერთმა პოლიციელმა სიცოცხლე, ხოლო ორმა პოლიციელმა _ ჯანმრთელობა.

მოპასუხემ ჩათვალა, რომ შპს “თ...ის” სასარჩელო მოთხოვნაზე ის არ წარმოადგენდა სათანადო მოპასუხეს, ვინაიდან დელიქტისაგან _ ზიანის მიყენებისგან ვალდებულების წარმოშობაზე სარჩელი მოსარჩელეს უნდა აღეძრა ყაჩაღური თავდასხმის მონაწილე პირთა მიმართ, რომლებიც გამოძიების მიერ დადგენილი არიან.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 6 დეკემბრის განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაება დაცვის პოლიციის დეპარტამენტი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 24 იანვრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაებნენ მესამე პირები: ტ. მ-ე, რ. კ-ი, ნ. ჭ-ი, მ. ს-ე, ნ. მ-ე, ხ. ტ-ე, მ. ნ-ე, ო. უ-ა, ზ. მ-ი, ს. კ-ი. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 6 მარტის განჩინებით საქმის წარმოება შეჩერდა ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით აღძრულ სისხლის სამართლის საქმის გადაწყვეტამდე, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “თ...ის” დირექტორმა ს. კ-მა.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 10 აპრილის განჩინებით შპს “თ...ის” დირექტორისა და საქმეში მესამე პირად ჩაბმული ი/მეწარმეების წარმომადგენლის _ ს. კ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 6 მარტის განჩინება საქმის წარმოების შეჩერების შესახებ.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 27 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “თ...ის” დირექტორის _ ს. კ-ის, მესამე პირების ­_ ინდმეწარმეთა სასარჩელო მოთხოვნა შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის და შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ქუთაისის დაცვის პოლიციის სამმართველოს მიმართ მატერიალური ზიანის _ 199354 ლარისა და მორალური ზიანის _ 150000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი შპს “თ...ისა” და შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ქუთაისის დაცვის პოლიციის სამმართველოს შორის 2001წ. 01 ივლისს დადებული ხელშეკრულება მოპასუხისათვის მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრების ნაწილში.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “თ...ისა” და მესამე პირთა წარმომადგენელმა ს. კ-მა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2004წ. 7 აპრილის განჩინებით შპს “თ...ი” დირექტორის და მესამე პირების _ ინდივიდუალური მეწარმეების წარმომადგენლის _ ს. კ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

მოგვიანებით, მესამე პირმა ს. კ-მა სარჩელით მიმართა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოპასუხეების _ შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის სამმართველოსა და შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მატერიალური ზიანის სახით 54.244 ლარისა და მორალური ზიანის ანაზღაურება, შემდეგი საფუძვლით:

ს. კ-ი თვლის, რომ დაცვის პოლიციის სამმართველოსა და შპს “თ...ს” შორის დადებული ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, დაცვა ვალდებულია, აანაზღაუროს მისთვის მიყენებული ზიანი, რაც დადასტურებულია ქუთაისის საქალაქო პროკურატურის დავალებით ჩატარებული 2002წ. 20 მარტის ექსპერტიზის დასკვნით, ვინაიდან ხელშეკრულების მითითებული პუნქტის საფუძველზე დაცვის პოლიციის თანამშრომლებს ევალებათ შპს “თ...ის” შენობაში ობიექტის უსაფრთხო და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, ამასთან, დაცვა პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდება მხოლოდ ობიექტიდან მატერიალური ფასეულობების ქურდობისას და ყაჩაღობისას არა დაცვის დროს და დაცვისათვის შეუტყობინებლობის მიზეზით.

ს. კ-ი თვლის, რომ შპს “თ...ზე” ყაჩაღური თავდასხმისას დაცვის პოლიციამ ვერ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად და კეთლსინდისიერად, ვინაიდან ოპერატიულად ვერ იმოქმედა და შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მივიდა არა ოპერატიული ჯგუფი, არამედ მხოლოდ ერთი თანამშრომელი, რის გამოც შეუძლებელი გახდა თავდამსხმელებისათვის წინააღმდეგობის გაწევა.

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მას მიადგა მატერიალური ზიანის გარდა მორალური ზიანი, რაც გამოიხატა მისთვის მიყენებულ განცდებსა და საქმიანი რეპუტაციის შელახვაში, რის გამოც ს. კ-მა ჩათვალა, რომ სკ-ის 394-ე, 408-ე, 409-ე, 413-ე მუხლების შესაბამისად, შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს და შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის სამმართველოს უნდა დაეკისროთ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

მესამე პირებმა: ტ. მ-მ, რ. კ-მა, ნ. ჭ-მა, მ. ს-მ, ნ. მ-მ, ხ. ტ-მ, მ. ნ-მ, ო. უ-მ სარჩელით მიმართეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოპასუხეების _ შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის, შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის სამმართველოს და შპს “თ...ის” მიმართ, რომლითაც შპს “თ...სა” და დაცვის პოლიციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.1. პუნქტის, სკ-ის 319-ე, 408-409-ე მუხლების საფუძველზე მოითხოვეს მოპასუხეთაგან ზიანის ანაზღაურება თ. მ-ის სასარგებლოდ 42 263 ლარის, რ.კ-ის სასარგებლოდ 19019 ლარის, ნ. ჭ-ის სასარგებლოდ 2240 ლარის, მ. ს-ის სასარგებლოდ 25 715 ლარის, ნ. მ-ის სასარგებლოდ 19 919 ლარის, ზ. მ-ის სასარგებლოდ 10004 ლარის, ხ. ტ-ის სასარგებლოდ 5 859 ლარის, მ. ნ-ის სასარგებლოდ 23 695 ლარის, ო. უ-ს სასარგებლოდ 3405 ლარის.

ქუთაისის საოლქო სასამართლოში 2004წ. 4 აგვისტოს გამართულ მთავარ სხდომაზე მოპასუხეთა წარმომადგენელმა შპს “თ...ისა” და მესამე პირთა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

შპს “თ...მა” მესამე პირთა სარჩელი არ ცნო მის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში იმ მოტივით, რომ შპს “თ...ს” ინდივიდუალურ მეწარმეებთან გაფორმებული აქვს მხოლოდ საიჯარო ხელშეკრულება, რომელიც ეხება მხოლოდ სავაჭრო-მატერიალურ ხელშეკრულებას, ხოლო მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული დაცვის ხელშეკრულება წარმოადგენს მესამე პირთა, ე.ი ინდ. მეწარმეთა სასარგებლოდ დადებულ ხელშეკრულებას, რის გამოც მესამე პირთა ქონების დაკარგვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება არა შპს “თ...ს”, არამედ ქუთაისის დაცვის პოლიციის სამმართველოს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 04 აგვისტოს გადაწყვეტილებით შპს “თ...ის” დირექტორის ს. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქუთაისის დაცვის პოლიციის სამმართველოს შპს “თ...ის” სასარგებლოდ დაეკისრა 2000 ლარი, ხოლო ინდმეწარმე კ-ის სასარგებლოდ-54 242 ლარი; ინდ. მეწარმეების _ თ. მ-ისა და სხვათა სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქუთაისის დაცვის პოლიციის სამმართველოს თინათინ მ-ის სასარგებლოდ -42 263 ლარი, რ.კ-ის სასარგებლოდ 19 019 ლარი, ნ. ჭ-ის სასარგებლოდ _ 2 240 ლარი, მ. ს-ის სასარგებლოდ 25 715 ლარი, ნ. მ-ის სასარგებლოდ _ 10 912 ლარი, ზ. მ-ის სასარგებლოდ 10 004 ლარი, ხ. ტაბეშიძის სასარგებლოდ _ 5 859 ლარი, მ. ნ-ის სასარგებლოდ _ 23695 ლარი; ო. უ-ს სასარგებლოდ _ 3 405 ლარი ლარი; სულ მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა _ 143 112 ლარი, ქუთაისის დაცვის პოლიციის სამმართველოს მესამე პირების წარმომადგენელი ნ. ა-ის სასარგებლოდ 143 112 ლარის 4%, ანუ 5724 ლარი.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს მითითებული 2004წ. 04 აგვისტოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შსს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა დაცვის პოლიციამ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ქუთაისის საოლქო სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005წ. 24 თებერვლის განჩინებით სსიპ “დაცვის პოლიციის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 4 აგვისტოს გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 20 ივნისის გადაწყვეტილებით შპს “თ...ის” დირექტორის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქუთაისის დაცვის პოლიციის სამმართველოს შპს “თ...ის” სასარგებლოდ დაეკისრა 2000 ლარის ანაზღაურება; ინდ. მეწარმეების: ნ. ჭ-ის, ო. უ-ს, მ. ნ-ის, ნ. მ-ის, მ. ს-ის, ხ. ტ-ის, რ. კ-ის, თ. მ-ის, ზ. მ-ის, ს. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ქუთაისის დაცვის პოლიციის სამმართველოს თინათინ მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 42 263 ლარი, რევაზ კ-ის სასარგებლოდ-19 019 ლარი, ნ. ჭ-ის სასარგებლოდ-2 240 ლარი, ს. კ-ის სასარგებლოდ-54 242 ლარი, მ. ს-ის სასარგებლოდ-25 715 ლარი, ნ. მ-ის სასარგებლოდ-10 912 ლარი, ზ. მ-ის სასარგებლოდ-10 004 ლარი, ხ. ტ-ის სასარგებლოდ-5 859 ლარი, ო. უ-ს სასარგებლოდ-3 405 ლარი, მ. ნ-ის სასარგებლოდ-23 695 ლარი, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მესამე პირთა წარმომადგენელ ნ. ა-ის მოთხოვნა დაცვის ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს, ქუთაისის დაცვის პოლიციის სამმართველოს, ნ. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 50 ლარის გადახდა; ქუთაისის დაცვის პოლიციის სამმართველოს დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ _ 4 965 ლარი, რაც სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები, კერძოდ, 2001წ. 01 ივლისს ქუთაისის დაცვის პოლიციის სამმართველოსა და შპს “თ...ს” შორის დაიდო დაცვის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, დაცვის პოლიციას ევალებოდა შპს “თ...ის” შენობაში ობიექტის უსაფრთხო და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა ყოველდღიურად დილის 9:30 საათიდან 17.30 საათამდე. ხელშეკრულების მე-3 თავის 3.2. პუნქტის თანახმად, დაცვა ვალდებული იყო, ემოქმედა დადგენილი ინსტრუქციის შესაბამისად და მიეღო ანაზღაურება ყოველთვიური ხელფასის სახით. ამავე ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, დაცვა თავისუფლდებოდა მატერიალური პასუხისმგებლობისაგან ობიექტიდან მატერიალური ფასეულობების ქურდობისას და ყაჩაღობისას არდაცვის დროს და დაცვისათვის შეუტყობინებლობის მიზეზით.

სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ 2001წ. 6 დეკემბერს, 15 საათსა და 45 წუთზე, შპს “თ...ზე” მოხდა ყაჩაღური თავდასხმა, რა დროსაც გატაცებულ იქნა მატერიალური ფასეულობა-საიუველირო ნაწარმი.

სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმის მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ შპს “თ...სა” და ინდ. მეწარმეებს შორის არსებობდა იჯარის ხელშეკრულება.

სასამართლომ შპს “თ...სა” და დაცვის პოლიციას შორის 2001წ. 1 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულების 3.1., 3.2. და 4.1. მუხლების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ დაცვა თავისუფლდებოდა მატერიალური პასუხისმგებლობისაგან მხოლოდ ობიექტიდან მატერიალური ფასეულობების ქურდობისას და ყაჩაღობისას დაცვის დროს და დაცვისათვის შეუტყობინებლობის მიზეზით. შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა არგუმენტი იმის შესახებ, რომ დაცვის ერთადერთი ვალდებულება შპს “თ...ის” შენობაში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა იყო, ვინაიდან სასამართლომ ჩათვალა, რომ მხოლოდ საზოგადოებრივი წერიგის დაცვით (ანუ ზედმეტი ხმაურისა და აყალმაყალის აღკვეთით და ა.შ.) არ შემოიფარგლებოდა დაცვის სახელშეკრულებო ვალდებულება, რასაც ადასტურებს ხელშეკრულების 3.2. პუნქტი, რომლის თანახმად, დაცვა ვალდებულია, იმოქმედოს ინსტრუქციის შესაბამისად, რომლის მიხედვით, დაცვის პოლიციის მთავარი ამოცანაა დადგენილი წესით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონების საიმედო დაცვა.

სასამართლომ დაასკვნა, რომ სამართლებრივად 2001წ. 1 ივლისის ხელშეკრულება მესამე პირთა სასარგებლოდ დადებული ხელშეკრულებაა, ვინაიდან კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ინდ. მეწარმეები საქმიანობას სწორედ შპს “თ...ის” შენობაში ახორციელებდნენ და შპს “თ...ის” ქონება ამოიწურებოდა იმ ე.წ. დახლებით, რომლებსაც იქ მომუშავე ინდ. მეწარმეები თავიანთი საქმიანობისათვის იყენებდნენ. სკ-ის 350-ე მუხლით დადგენილია, რომ სპეციალური დათქმის არარსებობისას საქმის გარემოებებიდან, კერძოდ, ხელშეკრულების მიზნებიდან უნდა დადგინდეს, უფლება მესამე პირმა უნდა შეიძინოს თუ არა. ეს უფლება მას მაშინვე წარმოეშობა თუ განსაზღვრული პირობების არსებობისას და ა. შ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია ხელშეკრულებაში არც იყოს ნახსენები პირი, ვის სასარგებლოდაც იქნა დადებული ხელშეკრულება, მაგრამ ხელშეკრულების მიზნიდან გამომდინარე უნდა დადგინდეს, უფლება უნდა შეიძინოს თუ არა მესამე პირმა. ეს უფლება მას მაშინვე წარმოეშობა თუ განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას და ა. შ.

გარდა აღნიშნულისა, მესამე პირთა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად სასამართლომ მიიჩნია სკ-ის 395-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოება, კერძოდ, მითითებული მუხლით დადგენილია, რომ მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისათვის თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული და ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ამასთან, სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ ყაჩაღობის შემთხვევა (რასაც კონკრეტულ შემთხვევაში მოხდა) მხარეებმა პირდაპირ გაითვალისწინეს და გამომდინარე ხელშეკრულების არსიდან და მიზნებიდან, ხელშეკრულებაში გააკეთეს დათქმა, რომ პასუხისმგებლობისგან დაცვის პოლიცია გათავისუფლდებოდა, თუ ყაჩაღობა მოხდებოდა არადაცვის დროს (ანუ არასამუშაო საათებში) და დაცვისათვის შეუტყობინებლობის მიზეზით. სხვა ყველა შემთხვევაში დაცვა მატერიალურ პასუხისმგებლობას არ იხსნიდა. დადგენილია და მხარეთა დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ყაჩაღობა დაცვის სამუშაო საათებში მოხდა, ანუ იმ დროს, როცა პასუხისმგებლობა გამოწვეული ზიანისთვის ხელშეკრულებით განისაზღვრა. ზემოაღნიშნული დათქმით მხარეები ბრალის გარეშე პასუხისმგებლობაზე შეთანხმდნენ (ანუ თუ ყაჩაღობა მოხდეოდა დაცვის სამუშაო საათებში და დაცვა, მიუხედავად მცდელობისა, ვერ აიცდენდა თავიდან მატერიალურ ზიანს, გამოწვეულს ყაჩაღობით, იგი მატერიალურ პასუხისმგებლობას კისრულობდა). კოლეგიამ მიიჩია, რომ მხარეთა ზემოაღნიშნული შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდა კანონს, ვინაიდან ბრალის გარეშე პასუხისმგებლობა ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპიდან გამონაკლისს წარმოადგენს და სახელშეკრულებო ურთიერთობაში მისი დადგენა მხარეთა შეთანხმებით შეიძლება. აღნიშნულის საფუძველია სკ-ის 395-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, “თუ სხვა რამ არ არის დადგენილი და ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს”. ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის დროს მხარე შეუძლებელი რისკის მატარებელი არ უნდა იყოს და შეთანხმება, რომლისთვისაც ამგვარი პასუხისმგებლობა დააწესეს მხარეებმა, არ უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ამორალური. აღნიშნულიდან გამომდინარე, დადებული ხელშეკრულება არ წარმოადგენს ამორალურსა და მართლსაწინააღმდეგოს, ვინაიდან სამოქალაქო კანონმდებლობა ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპს აღიარებს.

დანაკლისი, რომელიც მოსარჩელემ და მესამე პირებმა განიცადეს, შეფასებულია ექსპერტის დასკვნაში. სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა დაცვის პოლიციის წარმომადგენელთა პოზიცია იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება ზიანის ოდენობის თაობაზე, ვინაიდან დადგენილია, რომ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე განისაზღვრა ასეთი ზიანის ოდენობა თითოეული ინდმეწარმისათვის. საპირისპირო და გამაბათილებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა. ამდენად, სასამართლო კოლეგიამ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა სამართლებრივად სანდო დოკუმენტად მიიჩნია, გაიზიარა და დაეთანხმა მას.

კოლეგიამ არ გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა მესამე პირებისთვის მიყენებული ზიანის მისთვის ანაზღაურების ნაწილში, ვინაიდან მესამე პირების მიერ წარმოდგენილ იქნა სარჩელი მითითებული ზიანის მათთვის ანაზღაურების შესახებ, სკ-ის 351-ე მუხლით კი დადგენილია, რომ კრედიტორს ანაზღაურების მოთხოვნა წარმოეშობა მხოლოდ მაშინ, თუ მესამე პირი უარს აცხადებს ხელშეკრულებით შეძენილ უფლებაზე, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

რაც შეეხება მესამე პირთა მოთხოვნას შპს “თ...ის” მიმართ, სარჩელი ამ ნაწილში უსაფუძვლოა, რამდენადაც საიჯარო ხელშეკრულებებით ინდ მეწარმეებსა და შპს თ...ს შორის არანაირი პასუხისმგებლობა აღებული არ ყოფილა.

ასევე უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული მოსარჩელეთა მოთხოვნა შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ დაცვის პოლიციის სამმართველოსთან ერთად სოლიდარულად პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში, ვინაიდან დაცვის პოლიციას არც ინდ. მეწარმეებთან და არც შპს “თ...თან” ხელშეკრულება გაფორმებული არ ჰქონია. სამოქალქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად კი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.

კოლეგიამ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია, შპს “თ...ის” მოთხოვნა მორალური ზიანის – 150000 აშშ დოლარის მოპასუხეებზე დაკისრების ნაწილში, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსი ზუსტად განსაზღვრავს იმ შემთხვევებს, როცა პირმა შესაძლებელია არაქონებრივი ზიანისთვის უნდა აგოს პასუხი. კანონით გათვალისწინებული არცერთი ასეთი შემთხვევა მოცემულ შემთხვევაში არ გვაქვს.

მითითებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გაასაჩივრა შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის დაცვის პოლიციის სამმართველოს წარმომადგენელმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შპს “თ...ისა” და მესამე პირების სარჩელების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებათა გამო:

აღნიშნული გადაწყვეტილება არაკანონიერი და იურიდიულად დაუსაბუთებელია. ქუთაისის საოლქო სასამართლოს კოლეგიამ დაარღვია სსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნები. კოლეგიამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად არ შეაფასა მტკიცებულებები. სასამართლომ არ გამოიკვლია მოსარჩელეთა მიერ სარჩელში მითითებული ინსტრუქცია, ვინაიდან ეს უკანასკნელი დამტკიცებული იყო 2002 წელს, მაშინ, როცა ხელშეკრულება, რომელზეც მოსარჩელე აპელირებდა, დადებულ იქნა 2001წ. 01 ივლისს.

ქუთაისის საოლქო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სკ-ის 350-ე მუხლი. რომელითაც ქუთაისის დაცვის პოლიციის სამმართველოსა და შპს “თ...ს” შორის დადებული ხელშეკრულება მესამე პირთა ე. ი. ინდ. მეწარმეთა სასარგებლოდ დადებულ ხელშეკრულებად მიიჩნია. კასატორი მიიჩნევს, რომ მითითებული ხელშეკრულება არ წარმოადგენს მესამე პირთა სასარგებლოდ დადებულ ხელშეკრულებას. აღნიშნული გარემოების დადგენისას კი კოლეგიას უნდა ესარგებლა 349-ე მუხლით და არა 350-ე მუხლით, ვინაიდან სწორედ 349-ე მუხლი განსაზღვრავს მითითებული ხელშეკრულების სახეს, ხოლო ის გარემოება, რომ მესამე პირები სარჩელით სოლიდარულად ითხოვენ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, როგორც დაცვის პოლიციისგან, ისე შპს “თ...ისაგან”, ადასტურებს, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულება არ წარმოადგენს მათ სასარგებლოდ დადებულ ხელშეკრულებას, ვინადან შეუძლებელია ანაზღაურება მოითხოვოს პირმა, ვინც მათ სასარგებლოდ დადო ხელშეკრულება.

კასატორი ასევე მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ს. კ-ის სარჩელი ისე იქნა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული, რომ ასეთი სარჩელი საქმეში საერთოდ არ არის..

ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ ასევე დარღვეულ იქნა სსკ-ის 105.1 მუხლი, რომლის შესაბამისად, არცერთ მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ აქვს სასამართლოსთვის, მაშინ, როცა სასამართლო კოლეგიამ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნა სამართლებრივად სანდო დოკუმენტად მიიჩნია, გაიზიარა და დაეთანხმა მას. დასკვნაში კი აღნიშნულია, რომ რა რაოდენობის და წონის საიუველირო ნაწარმი არის მიღებული და რეალიზებული, ასევე არ დგინდება, თუ რა დასახელების, რაოდენობის ანდა წონის საიუველირო ნაწარმი ერიცხებოდა თითოეულ პიროვნებას 2001წ. 06 დეკემბერს. ასევე, ექსპერტის წინაშე დასმული არაერთი საკითხი პასუხგაუცემელი დარჩა.

სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალქო კოდექსის 395-ე და 408-ე მუხლები, ვინადან ზემოაღნიშნული გარემოებები ადასტურებს, რომ დაცვას საკუთარ თავზე არ აუღია მატერიალური პასუხისმგებლობა შპს “თ...ის” მიმართ და მითუმეტეს ინდ. მეწარმეების მიმართ. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 3.1. პუნქტის შესაბამისად, დაცვის პოლიციას შპს “თ...ის” მიმართ ჰქონდა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის პასუხისმგებლობა, ხოლო სხვა პასუხისმგებლობა მატერიალური ზიანისთვის, მას არ უკისრია, მით უფრო ინდ მეწარმეების მიმართ.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობის და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 20 ივნისის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი. კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლო კოლეგიის მიერ დავის განხილვისა და გადაწყვეტისას დარღვეული არ არის საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმები, საქმის მასალები გამოკვლეულია ყოველმხრივ და არსებითად, დავა გადაწყვეტილია სწორად, ხოლო საკასაციო საჩივრის მოტივები დაუსაბუთებელია, კერძოდ:

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ქუთაისის დაცვის პოლიციასა და შპს “თ...ს” შორის დადებული ხელშეკრულების 3.1 პუნქტის შესაბამისად, დაცვის ვალდებულებაში შედიოდა მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და არანაირი მატერიალური პასუხისმგებლობა მას ქურდობით ან ყაჩაღობით გამოწვეული ზიანისათვის არ ეკისრებოდა, ვინაიდან ხელშეკრულების 1 .”ბ” პუნქტით გათვალისწინებული _ “ობიექტის უსაფრთხო დაცვა”, შინაარსობრივად უფრო ფართო ცნებაა, ვიდრე “საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა”, რაც ნებისმიერ შემთხვევაში დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულებით (შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება ¹50, 1999წ. 3 თებერვალი, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დებულების და სტრუქტურის დამტკიცების შესახებ) გათვალისწინებული ძირითადი ამოცანებისა და მოვალეობების შესრულებასაც მოიაზრებს, რამდენადაც სწორედ აღნიშნული დებულებაა ის ძირითადი აქტი, რომლის შესაბამისად დაცვის პოლიცია დებს ხელშეკრულებებს კონკრეტულ ფიზიკურ პირებთან და ახორციელებს მესაკუთრის ქონების, ფიზიკურ და იურიდიულ პირთა შეიარაღებულ დაცვას დანაშაულებრივი ხელყოფისაგან, მათ შორის, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას, დაცულ ობიექტზე ატარებს სხვადასხვა სახის პროფილაქტიკურ ღონისძიებებს მოსალოდნელი დანაშაულის აღკვეთის მიზნით და ა. შ. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაცვის პოლიცია ვალდებული იყო, ემოქმედა როგორც დაცვის პოლიციის დებულების, ისე ამავე დებულებით განსაზღვრული წესით შპს “თ...თან” გაფორმებული ხელშეკრულებით, ობიექტის უსაფრთხო, მათ შორის საზოგადოებრივი წესრიგის, დაცვის მიზნით. მით უფრო, რომ თავად ხელშეკრულების 1.”ბ” პუნქტი ითვალისწინებდა, რომ “...დაცვის პოლიციის თანამშრომლებს დაევალათ შპს “თ...ის” შენობაში ობიექტის უსაფრთხო და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა...”, ანუ ხელშეკრულებიდანაც გამომდინარეობდა, რომ დაცვის პოლიციის მოვალეობას მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა არ წარმოადგენდა.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ობიექტის უსაფრთხოების დაცვა დაცვის პოლიციის სახელშეკრულებო ვალდებულებას წარმოადგენდა, რაც სკ-ის 361-ე მუხლის თანახმად მის ჯეროვნად და კეთლსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულებას მოიაზრებდა, ხოლო მისი არაჯეროვანი შესრულება _ სამოქალქო კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. კერძოდ, სკ-ის 394-ე მუხლით დადგენილია, რომ მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, ამასათან, ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში შპს “თ...სა” და დაცვის პოლიციას შორის დადებული ხელშეკრულების მე-4 პუნქტიც ითვალისწინებდა, კერძოდ, მითითებული პუნქტით დადგენილი იყო, რომ დაცვის პოლიცია მატერიალური პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებოდა: ობიექტიდან მატერიალური ფასეულობების ქურდობისას და ყაჩაღობისას არდაცვის დროს და დაცვისათვის შეუტყობინებლობის მიზეზით; კლიენტის მიერ დაცვის ქვეშ მყოფი ობიექტის ორმხრივი მოკვლევისა და ტექნიკური შემოწმების აქტში მითითებული მოთხოვნების დადგენილ დროში შეუსრულებლობის მიზეზით მომხდარი ქურდობისას, ობიექტის ცდპ-ზე ჩაუბარებლობის შემთხვევაში და დაცვის პოლიციის თანამშრომლების გარეშე ობიექტის გაღებისას. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებით ამომწურავად განისაზღვრა დაცვის პოლიციის მატერიალური პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოებები, როცა დაცვის პოლიციას ეხსნებოდა მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, თუმცა, ამავე პუნქტიდან გამომდინარეობს ისიც, რომ ყველა სხვა შემთხვევაში დაცვის პოლიცია ვალდებული იყო, აენაზღაურებინა დანაშაულებრივი ქმედებით მხარისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი. ამასთან, დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ყაჩაღობა კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ დაცვის სამუშაო საათებში მოხდა, რის გამოც სახეზე არ არსებობდა ხელშეკრულებით გათვალიწინებული პასუხისმგებლობის გამომრიცხავი გარემოება, რაც თავის მხრივ, დაცვის პოლიციის პასუხსიმგებლობის საფუძველი იყო. ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის პოლიციის ქმედებები არ იყო ადეკვატური და საკმარისი ხელშეკრელებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად და უზრუნველსაყოფად, ვინაიდან დაცვის პოლიციას უნდა შეემუშავებინა სავარაუდო საფრთხის თავიდან აცილების მაქსიმალურად სრულყოფილი მექანიზმი და განეხორციელებინა ობიექტის საიმედო დაცვა, რაც მოცემულ შემთხვევაში მიუხედავად მსხვერპლისა მის მიერ სათანადოდ განხორციელებული არ ყოფილა და საფრთხე თავიდან აცილებულ ვერ იქნა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების ჯეროვნად შესრულება იარსებებდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დანაშაულებრივი ქმედებით გამოწვეული ზიანი თავიდან იქნებოდა აცილებული.

აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოტივაციას და დამატებით განმარტავს, რომ გარდა ხელშეკრულების მე-4 პუნქტში მითითებული პირობებისა, მხარეები ბრალის გარეშე პასუხისმგებლობაზე შეთანხმდნენ, რამდენადაც ბრალის გარეშე პასუხისმგებლობა ბრალეული პასუხისმგებლობისგან გამონაკლისს წარმოადგენს და მას სკ-ის 395-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ითვალისწინებს. კერძოდ, მითითებული ნორმით დადგენილია, რომ მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისრება მხოლოდ განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისთვის, თუ სხვა რამ გათვალისწინებული არ არის ან ვალდებულების არსიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში შპს “თ...სა” და დაცვის პოლიციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების არსიდან გამომდინარეობდა, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ ბრალის გარეშე პასუხისმგებლობაზე შეთანხმდნენ, ხოლო პასუხისმგებლობის ამ წესიდან გამონაკლისი ხელშეკრულების მე-4 პუნქტით დაადგინეს.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მოტივაცია დაცვის პოლიციის მატერიალური პასუხისმგებლობის არარსებობის თაობაზე სრულიად უსაფუძვლოა, რამდენადაც დაცვის პოლიციის ასეთი პასუხისმგებლობა თავად ხელშეკრულების არსიდან გამომდინარეობს, რაც მას სახელშეკრულებო ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობისათვის უნდა დაეკისროს.

ასევე უსაფუძვლოა კასატორის მოტივაცია იმის თაობაზე, რომ მესამე პირის ინდ. მეწარმე ს. კ-ის სარჩელი საქმეში წარმოდგენილი არ არის, რამდენადაც საქმეში (ტომი 1) წარმოდგენილია სასარჩელო განცხადება, რომელიც 2004წ. 9 აპრილს ქუთაისის საოლქო სასამართლოში მესამე პირის ს. კ-ის მიერ იქნა აღძრული მოპასუხეების: შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის სამმართველოსა და შსს დავცის პოლიციის დეპარტამენტის მიმართ, რომლის თაობაზე სასამართლომ იმსჯელა როგორც 2004წ. 4 აგვისტოს, ისე 2005წ. 20 ივნისის (გასაჩივრებულ) გადაწყვეტილებაში. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ არსებობს მითითებული სარჩელის წარმოებაში მიღების განჩინება, ის წარმოებაში მიღებულად ითვლება სსკ-ისი 183-ე მუხლის შესაბამისად, რამდენადაც მითითებული ნორმით დადგენილია, რომ სარჩელი მიღებულად მიიჩნევა მისი მიღების შესახებ განჩინების გამოტანის დღიდან, ხოლო თუ აღნიშნულ ვადაში განჩინება გამოტანილი არ იქნება, მაშინ ამ ვადის გასვლის შემდეგ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირის ინდმეწარმე ს. კ-ის სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული, ვინაიდან გაშვებულ იქნა მისი წარმოებაში მიღების კანონით დადგენილი ვადა, რა ვადაშიც ასეთი განჩინება მიღებული არ ყოფილა.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეულ იქნა სსკ-ის 105.1 მუხლის მოთხოვნა, ვინაიდან სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი ექსპერტის დასკვნა სამართლებრივად სანდო დოკუმენტად მიიჩნია, გაიზიარა და დაეთანხმა მას, რამდენადაც საქმეში წარმოდგენილი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ქუთაისის ექსპერტიზისა და სერთიფიკაციის შპს “ქ...ის” მიერ გაცემული დასკვნა წარმოადგენდა იმ ერთადერთ დოკუმენტს, რომელიც ინდმეწარმეების მიერ მიღებული და რეალიზებული საიუველირო ნაწარმის თანხობრივ აღრიცხვას ასახავდა, ამასთან, სხვა მტკიცებულება ზემოაღნიშნულის თაობაზე სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. მაშინ, როცა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ მოპასუხე (მოსარჩელის მსგავსად) ვალდებულია დაასაბუთოს თავისი შესაგებელი და წარადგინოს შესაბამის მტკიცებულებები, რაც დაცვის პოლიციის მიერ საქმის განხილვის არცერთ სტადიაზე განხორციელებული არ ყოფილა, კერძოდ, დაცვის პოლიციას არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მოტივაციას და გააქარწყლებდა ექსპერტის დასკვნაში მითითებულ გარემეობებს. ამასთან, სსკ-ის 105-ე მუხლით დადგენილია, რომ სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის საფუძველზეც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის თაობაზე. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების _ მიყენებული ზიანის ოდენობის, დადგენის მიზნით სრულიად კანონიერად და სრულყოფილად გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი ერთადერთი მტკიცებულება _ ექსპერტის დასკვნა და შინაგანი რწმენით, ასევე, იმის გამო, რომ საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა სხვა საპირისპირო ან გამაბათილებელი მტკიცებულება, მიიჩნია ის ასეთი გარემოების არსებობის დამადასტურებელ სამართლებრივად სანდო დოკუმენტად, რასაც დააფუძნა თავისი ზემოაღნიშნული მოტივაცია.

ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეებს შორის სადავო სამართალურთიერთობა სახელშეკრულებო-ვალდებულებითი ურთიერთობიდან წარმოიშვა, ხოლო დაცვის პოლიციისათვის შპს “თ...ში” ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება დელიქტით მიყენებულ ზიანს წარმოადგენს, რის თაობაზეც შსს-ს, თავის მხრივ, გააჩნია უფლებამოსილება დამნაშავე პირების მიმართ ბრალდების წარდგენის პირობებში, მოითხოვოს დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება სამოქალაქო სარჩელის წარდგენის გზით.

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულიად დასაბუთებულია, ამასთან მისი მიღებისას სასამართლოს მიერ დარღვეული არ ყოფილა საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმები, მტკიცებულებები გამოკვლეულ იქნა სრულყოფილად და ობიექტურად, ხოლო დავა გადაწყვეტილ იქნა არსებითად სწორად, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შსს საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის დაცვის პოლიციის სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2005წ. 20 ივნისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;

3. საკასაციო სასამართლოს წინამდებარე განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.