¹ას-42-36-2011 18 თებერვალი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ნ. ხ-ია (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ ხ. ქ-ია
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. კ-ელია (მოსარჩელე)
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი :
ხობის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილებით ნ. კ-ელიას სარჩელი მოპასუხე ნ. ხ-იას მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, უარი ეთქვა ნ. კ-ელიას სარჩელს ზიანის _ 4000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში, ასევე უარი ეთქვა ნ. კ-ელიას მოთხოვნილი 600 აშშ დოლარიდან 200 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში. მოპასუხე ნ. ხ-იას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა წაბლის ხის ფანჯრების ღირებულების _ 1000 აშშ დოლარის ანაზღაურება, ასევე მოსარჩელისაგან ბინის საფასურად მიღებული 400 აშშ დოლარის ანაზღაურება.
აღნიშნული სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ხ-იას წარმომადგენელმა ხ. ქ-იამ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 2 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ხ-იას წარმომადგენელმა ხ. ქ-იამ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 იანვრის განჩინებით კასატორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ნ. ხ-იას წარმომადგენელ ხ. ქ-იას ფოსტის მეშვეობით ჩაბარდა 2011 წლის 2 თებერვალს, მაგრამ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ხ-იას წარმომადგენელ ხ. ქ-იას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 23 იანვრის განჩინებით კასატორს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინების ასლი ნ. ხ-იას წარმომადგენელ ხ. ქ-იას ფოსტის მეშვეობით ჩაბარდა 2011 წლის 2 თებერვალს (ს.ფ.160). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2011 წლის 3 თებევრლას და ამოიწურა ამავე წლის 7 თებერვალს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან საკასაციო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ხ-იას წარმომადგენელ ხ. ქ-იას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.