ას-426-399-2010 7 ივნისი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი, ვ. როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ მ. ა-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ რ. ხ-აში
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ მორალური ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 26 თებერვალს მ. ა-ძემ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს რ. ხ-აშის წინააღმდეგ. მოსარჩელემ მოითხოვა მისი პატივისა და ღირსების შემლახველი ინფორმაციის საჯაროდ უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება 10 000 ლარის ოდენობით (ს.ფ.1-11).
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით მარიამ ა-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხე რ. ხ-აშს დაევალა მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფა მ. ა-ძის არაქალწულობის შესახებ. მ. ა-ძის მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 138-144).
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-ძემ, მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და მოპასუხისთვის მორალური ზიანის სახით 10 000 ლარის დაკისრება (ს.ფ. 151-159)
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებით მ. ა-ძის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, კერძოდ, მ. ა-ძის სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რ. ხ-აშს დაეკისრა მორალური ზიანის _ 500 ლარის ანაზღაურება მ. ა-ძის სასარაგებლოდ.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი და ღირსება. მოცემული ნორმა პირს პატივისა და ღირსების დაცვის მოთხოვნის უფლებას ანიჭებს იმ პირის მიმართ, რომელმაც უშუალოდ გაავრცელა ასეთი ინფორმაცია. არაქონებრივი უფლებები წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის იმ ობიექტს, რომელსაც გააჩნია მისთვის დამახასიათებელი თავისებურებანი. არაქონებრივი ზიანის მოთხოვნის წარმოშობისათვის სავალდებულოა არაქონებრივი უფლების ხელყოფის ფაქტი, რისი კონპენსირებაც სასამართლოს მიერ განსაზღვრული გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით ხდება, რაც მხოლოდ არამატერიალური სიკეთის ხელყოფით გამოწვეული ფიზიკური და მორალური ტანჯვის შემსუბუქებას, ნეგატიური განცდების სიმძიმისა და ინტენსიობის შემცირებას ემსახურება. მორალური ზიანი არის ის განცდა თუ ფიზიკური ტკივილი, რომელსაც უშუალოდ დაზარალებული განიცდის პიროვნული ღირებულებების ხელყოფისათვის. ამასთან, განცდა უნდა იყოს სიღრმისეული, ნეგატიური, დაზარალებულში უნდა გამოიწვიოს მორალური ტანჯვა, უარყოფითი ემოციები, ხელყოს მისი სულიერი სამყარო, რაც თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალურია და დამოკიდებულია, როგორც დაზარალებულის აღქმაზე, ისე მის ინტენსიობაზე, საჯაროობაზე, ინფორმაციის რეალობასთან შეუსაბამობაზე, დაზარალებულის დისკრედიტაციასა თუ საზოგადოების თვალში მის დამცირებასა და აბუჩად აგდებაზე.
ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით დადგენილი იყო, რომ რ. ხ-აშის მიერ ბრალეული მოქმედებით, კერძოდ, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით მოხდა მ. ა-ძის პატივისა და ღირსების შელახვა, რის გამოც რ. ხ-აში დავალდებულდა კიდეც უარყოს გავრცელებული ინფორმაცია მ. ა-ძის არაქალწულობის შესახებ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანი იყო.
იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი არ ყოფილა რ. ხ-აშის მატერიალური მდგომარეობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, ხოლო მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით კი ირკვეოდა, რომ რ. ხ-აში არის უმუშევარი, ცხოვრობს მშობლებთან და რაიმე სახის დამოუკიდებელი შემოსავალი ან ქონება არ გააჩნია, სააპელაციო სასამართლომ გონივრულად და სამართლიანად მიიჩნია მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრა 500 ლარით და რ. ხ-აშს მ. ა-ძის სასარაგებლოდ დააკისრა 500 ლარის ანაზღაურება (ს.ფ. 200-210).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 10 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ა-ძემ, მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოთხოვნის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნება.
კასატორი მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილი. მ. ა-ძეს მიაჩნია, რომ 500 ლარი არაგონივრული თანხაა, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს არ აქვს ყოველთვიური შემოსავალი. სასამართლომ არ გაითვალისწინა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა კასატორს და მოპასუხეს დააკისრა სიმბოლური თანხა 500 ლარის ოდენობით, რაც არ შეესაბამება მ. ა-ძის მიერ მიღებულ მორალურ ზიანს (ს.ფ. 215-222).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ. გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, მ. ა-ძის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება განსახილველად დაშვებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ა-ძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მარტის გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.