Facebook Twitter

ას-427-400-10 7 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თ. მ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ა. ბ-ია (მოპასუხეები)

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

2009 წლის 10 ივნისს ფოთის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა თ. მ-ძემ მოპასუხე ა. ბ-იას მიმართ და მოითხოვა 2007 წლის 12 თებერვალს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლა და რეესტრში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილებით თ. მ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 12 თებერვალს თ. მ-ძესა და ა. ბ-იას შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ა. ბ-იამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოწინააღმდეგე მხარის თ. ბ-იას და მისი წარმომადგენლის ს. შ-იას შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდა, ა. ბ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება.

აღნიშნული საჩივრით გაასაჩივრა ა. ბ-იამ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განხილვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 25 თებერვლის განჩინებით ა. ბ-იას საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 11 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით ა. ბ-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, თ. მ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2007 წლის 12 თებერვალს თ. მ-ძესა და ა. ბ-იას შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ა. ბ-ია აღირიცხა სადავო ბინის მესაკუთრედ. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, თანახმად გამყიდველ თ. მ-ძესა და მყიდველ ა. ბ-იას შორის დაიდო და ნოტარიულად გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომელსაც ორივე მხარე აწერს ხელს. ნასყიდობის საგანი გაიყიდა 1000 ლარად. ხელშეკრულებაში წერია, რომ ნასყიდობის თანხა მყიდველის მიერ წინასწარ იქნა გადახდილი, რასაც ადასტურებს გამყიდველი.

პალატა დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას და ამას არც მოსარჩელე მხარე უარყოფს, რომ ა. ბ-იას მიერ მოხდა 2007 წლის 2 თებერვალს თ. მ-ძისათვის 2000 აშშ დოლარის გადახდა, ეს ხელშეკრულებაშიც არის მითითებული, რომ თანხის გადახდა მოხდა წინასწარ ხელშეკრულების დადებამდე.

მოსარჩელეც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ 1000 ლარი, რაც ხელშეკრულებაში ნასყიდობის საგნის ფასად იყო ჩაწერილი, სინამდვილეში იმაზე მეტი მიიღო აპელანტ ა. ბ-იასაგან.

პალატა ასევე განმარტავს, იმასაც, რომ სამოქალაქო კანონდმებლობით სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება იდება იმ შემთხვევაში, როცა სარჩენი არის შრომისუუნარო, ანდა განიცდის მძიმე მატერიალურ გაჭირვებას, საჭიროებს მოვლას ჯამრთელობის მდგომარეობის გამო.

კონკრეტულ შემთხვევაში თ. მ-ძე აპელირებს იმაზე, რომ ის არის მარტოხელა და არის ავადმყოფი. რასაც პალატა დადასტურებულად არ მიიჩნევს. ვინაიდან მხარემ ვერ წარმოადგნინა ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნულ გარემოებას.

სასამართლო საქმეში წარმოდგენილი უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად მიჩნევს, რომ ადგილი არ ჰქონია სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების დადებას და გამორიცხულია რომ ეს ყოფილიყო თვალთმაქცური გარიგენის დადება.

სააპელაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ადგილი არ ჰქონია მოტყუების ფაქტს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულება მხარეებს წაეკითხათ ხმამაღლა, და მხარეებმა ზუსტად გამოხატეს ნება, რომ მათ დადეს ის გარიგება, რომელიც სურდათ.

ასევე პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარისათვის ანუ თ. მ-ძისათვის 2007 წლის 12 თებერვლას ცნობილი იყო, რომ დებდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშკერულებას, შესაბამისად მას წაეკითხა ხელშეკრულება, და გამოიხატა მისი ნება ხელის მოწერით, ხოლო მხარემ სარჩელი სასამართლოში შეიტანა 2009 წლის 29 ივნისს, ანუ 2 წლის მერე ხელშეკრულების დადებიდან, შესაბამისად თუკი, მხარე თვლიდა, რომ მოტყუვდა, შეცილების კანონით გათვალისწინებული 1 წლიანი ვადა უკვე გასული იყო.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა თ. მ-ძემ. მან განმარტა, რომ თ. მ-ძეს არასდროს განუმარტავს და დაუდასტურებია, რომ ნასყიდობის საგნის ფასი _ 1000 ლარი საგნის რეალური ფასია, პირიქით მოსარჩელე მხარე ორივე ინსტანციის სასამართლოში მიმდინარე სხდომებზე განმარტავდა, რომ დავის საგნისათვის 1000 ლარი აშკარად შეუსაბამო ფასია მის მიერ რეალურ საბაზრო ღირებულებასთან შედარებით, ხოლო 2006 წლის განმავლობაში თ. მ-ძეს თანხა არ მიუღია ა. ბ-იასაგან.

სასამართლო არასწორად განმარტავს, რომ მხარეებმა დადეს უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება და არა სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულება, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ფაქტიურად დასტურდება, რომ მხარეთა შორის სამოქალაქო სახელშეკრულებო ურთიერთობა დაფუძნებულია სამისდღეშიო რჩენის ვალდებულებებზე. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს მოწმეების ჩვენებები, რომლებიც არიან თ. მ-ძის მეზობლები და ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ თ. მ-ძე არის მარტოხელა, შრომისუუნარო პენსიონერი, რომელიც არის სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში აღრიცხული და რომ მეზობლებს არაერთგზის უნახავთ ა. ბ-ია სხავდასხვა პროდუქტით დატვირთული თ. მ-ძესთან მისული. შესაბამისად, ამგვარი მზრუნველობა ერთ-ერთი შემადგენელი და დამახასიათებელი ნიშანია სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებისათვის.

საასმართლომ ყურადღება არ მიაქცია წარმოდგენილ მტკიცებულებებს და მოწინაარმდეგე მხარის არგუმენტაცია საკმარისად მიიჩნია, რათა გამოეტანა დასკვნა, რომ მხარეთა შორის დადებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულება და არა სამისდღეშიო რჩენის ხელშკერულება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. მ-ძის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას თ. მ-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თ. მ-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

თ. მ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (755 ლარის) 70% - 528.5 ლარი;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.