Facebook Twitter

ას-431-403-2010 18 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ფ. ჭ-ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ გაზეთი “ლ. პ.”, გაზეთი “ლ. მ.”, ჟურნალისტი ლ. ლ-ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ გავრცელებული ინფორმაციის ცილისწამებად მიჩნევა, მისი უარყოფა, მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ფ. ჭ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში გაზეთების _ “ლ. პ.”-სა და “ლ. მ.”-ს, ასევე ჟურნალისტ ლ. ლ-ძის მიმართ მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გავრცელებული ცნობების საჯაროდ უარყოფის, საგაზეთო გამონათქვამების ცილისწამებად მიჩნევისა და ფულადი კომპენსაციის _ 1000 ლარის ანაზღაურების დაკისრების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: შინაგან საქმეთა ლანჩხუთის რაიონულ განყოფილებაში გამომძიებლის თანამდებობაზე მუშაობისას მოსარჩელეს სამსახურებრივი სარგებლობის უფლებით გამოეყო საბინაო ფონდში რიცხული ბინა. მოგვიანებით ფ.ჭ-ია სამუშაოდ გადავიდა ოზურგეთის რაიონულ პროკურატურაში, რის შემდეგ შეიტყო, რომ მისთვის გამოყოფილი ბინა სარგებლობის უფლებით მიეკუთვნა პოლიციის გამომძიებელ ა.კ-ძეს. მოცემულ საკითხზე ფ.ჭ-იას სარჩელის გამო გამგეობის მიმართ სასამართლო განჩინებით დამტკიცდა მორიგება, რომლითაც დადგინდა, რომ ბინა პრივატიზაციის წესით უნდა გადასცემოდა მოსარჩელეს. ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაკთა უკანონო ქმედებების გამო, აღნიშნული განჩინება ვერ აღსრულდა.

მითითებული საკითხი გააშუქა ჟურნალისტმა ლ. ლ-ძემ გაზეთ “ლ. პ.”-ში, შემდგომ კი გაზეთ “ლ.ს მ.”-ში გამოქვეყნებულ სტატიებში, სადაც მან სადავო ურთიერთობა წარმოაჩინა მოსარჩელის მიმართ ცილისმწამებლური და მისი პირადი ღირსების შემლახველი საშუალებით.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელის მიერ სადავოდ და ცილისმწამებლურად მიჩნეული სტატიების გამოქვეყნების შემდეგ გასულია “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული ხანდამუზლობის ვადა. ამასთან, ინფორმაცია შეურაცხმყოფელი არ არის.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ფ. ჭ-იას სარჩელი საგაზეთო მასალებში “ლ. პ.-სა” და “ლ. მ.-ში” გავრცელებული გამონათქვამების ცილისწამებად მიჩნევის, გავრცელებული ცნობების უარყოფისა და ფულადი კომპენსაციის _ 1000 ლარის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ფ. ჭ-იამ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 მარტის განჩინებით ფ. ჭ-იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მხარეთა განმარტებებით ირკვევა, რომ ქ.ლანჩხუთის გამგეობის 1995 წლის 4 ივნისის ¹36 გადაწყვეტილებით ქ.ლანჩხუთში, ... ქ.¹110-ში მდებარე, საბინაო ფონდზე რიცხული ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინა სამსახურებრივი სარგებლობის უფლებით გამოეყო შსს ლანჩხუთის რაიონული განყოფილების გამომძიებელ ფ. ჭ-იას. 1996 წლის იანვარში ფ. ჭ-ია სამსახურებრივად გადაყვანილ იქნა ოზურგეთის რაიონულ პროკურატურაში. იმ დროისათვის დასახელებულ ბინაში, დროებითი სარგებლობის მიზნით, ცხოვრობდა რაიონული პროკურატურის კანცელარიის გამგე გ.ტ-ძე. ლანჩხუთის მერიის 1996 წლის 31 ივლისის ¹37 გადაწყვეტილებით, ფ. ჭ-იასთვის სამსახურებრივი სარგებლობისათვის გამოყოფილი ბინა, ასევე სამსახურებრივი სარგებლობისათვის გადაეცა პოლიციის მუშაკს ა.კ-ძეს. ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 27 აპრილის განჩინებითა და მხარეთა განმარტებებით ირკვევა, რომ ფ. ჭ-იამ აღნიშნული აქტის გამოცემით ჩათვალა, რომ დაირღვა მისი უფლება და სარჩელით მიმართა სასამართლოს. ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 3 დეკემბრის განჩინებით დამტკიცდა მოსარჩელე ფ. ჭ-იასა და მოპასუხე ლანჩხუთის რაიონულ გამგეობას შორის მიღწეული მორიგება ბინის პრივატიზაციის შესახებ, ხოლო ამავე სასამართლოს 2006 წლის 27 აპრილის განჩინებით ფ. ჭ-იას განცხადების საფუძველზე განმარტებულ იქნა ამავე სასამართლოს 2004 წლის 3 დეკემბრის განჩინება, რომლის სარეზოლუციო ნაწილში აღინიშნა, რომ სადავო ბინის პრივატიზაციაში იგულისხმებოდა მისი პრივატიზება უსასყიდლოდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 2007 წლის 2 ნოემბერს ფ. ჭ-იას სახელზე გაიცა სადავო ბინის საკუთრების უფლების მოწმობა ¹24. სასამართლომ საქმეზე წარმოდგენილი გაზეთებით დაადგინა, რომ აღნიშნულ ბინაზე დავის პროცესში, გაზეთ „ლ. პ.-ში“ და გაზეთ “ლ.ს მ.-ში“ ჟურნალისტ ლ. ლ-ძის მიერ ქვეყნდებოდა საგაზეთო სტატიები. მითითებულ სტატიებში გამოთქმულ მოსაზრებას და ცალკეულ გამონათქვამებს მოსარჩელე ფ.ჭ-ია მიიჩნევს და აფასებს როგორც ცილისმწამებლურ, პატივისა და ღირსების შემლახველ ქმედებას, კერძოდ:

ა)გაზეთ „ლ. პ.-ს“ 1997 წლის 18 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნდა ჟურნალისტ ლ. ლ-ძის სტატია „ვისია-ვისია?“. ფ. ჭ-იას (მოსარჩელის) მოსაზრებით, მისთვის როგორც იმ დროისათვის პროკურატურის მუშაკისათვის შეურაცხმყოფელი და სამსახურებრივად საზიანო იყო ჟურნალისტის ინფორმაცია, რომ „ბატონმა ესემ (საბინაო კომისიის თავმჯდომარე) ისიც აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძახებულია ოზურგეთის სამხარეო პროკურატურაში, სხვათა შორის ბატონი ფ. ჭ-ია ამჟამად სწორედ იქ მუშაობს“; ბ)იმავე გაზეთის 1998 წლის 20 აპრილის ნომერში გამოქვეყნდა ლ. ლ-ძის წერილი სათაურით: „მორცხვი პოლიცია“ და „ნაგლი პროკურატურა“. ფ.ჭ-იას მოსაზრებით, ამ სტატიაში ცილისმწამებლური და სამსახურებრივად ღირსების შემლახველი იყო მისი სახელისა და გვარის ფონზე გამონათქვამი: „პროკურატურამ პოლიციას ბინა დააწერა“, „პოლიცია მორცხვობს, პროკურატურა ნაგლობს“; გ)გაზეთ „ლ. პ.-ს“ 2008 წლის 13 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნდა ჟურნალისტ ლ. ლ-ძის წერილი სათაურით „ერთი ბინის ისტორია“. მოსარჩელის მოსაზრებით, ამ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება _ „ბატონი ფ. ბინაში გარკვეულ დღეებში პარასკევიდან კვირის ჩათვლით ცხოვრობს ქალბატონთან ერთად, რომლის სტატუსი გაურკვეველია“ სრულად მოიცავს ცილისწამებისათვის დამახასიათებელ სახელის გამტეხ განზრახ ქმედებას, რასაც რედაქცია უკომენტაროდ ეთანხმება. იმავე სტატიაში ჟურნალისტი ავრცელებს ყალბ ინფორმაციას სადაც წერს, რომ „ყველაზე საინტერესო და დამაფიქრებელი ბინის ისტორიაში მისი დაკანონების მექანიზმია, რომელიც არც მეტი არც ნაკლები უკანონობაზეა აგებული“; დ)იმავე გაზეთში 2008 წლის 17 ნოემბერს გამოქვეყნდა ჟურნალისტ ლ. ლ-ძის სტატია სათაურით „კოლეგების კოლეგიალობა“, სადაც წერს, რომ „კოლეგების აზრის გათვალისწინება მეც მომიხდა მით უფრო, რომ ზემდგომი უკანონობის დაკანონებით იყო დაინტერესებული“. ამდენად, მოსარჩელე თვლის, რომ ჟურნალისტი ბრალს სდებს სხვისი ქონების მითვისებაში; ე)იმავე გაზეთის 2008 წლის 15 დეკემბრის გამოცემაში ჟურნალისტი წერს: „ჩვენი ინტერესების სფეროში, თქვენს მიერ უკანონოდ მითვისებული ბინაა“, რითაც ჟურნალისტი მოსარჩელეს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში სდებს ბრალს; ვ)გაზეთ „ლ. მ.-ს“ 2008 წლის 24 ნოემბრის გამოცემაში იგივე ჟურნალისტი აქვეყნებს სტატიას სათაურით: „ვინ უფეშქაშა ბინა ჭ-იას“. მოსარჩელის აზრით, ჟურნალისტი საზოგადოებას ახსენებს: „მოქალაქე ფ. ჭ-იასთვის ბინის უკანონოდ გადაცემის ფაქტობრივ უტყუარ მტკიცებულებებს“ და სვამს კითხვას: „თუ ბატონი ფ. კანონს არ ემორჩილებოდა, ასეთ შემთხვევაში რატომ არ განხორციელდა მის მიმართ შესატყვისი ღონისძიება. რა ფ. ჭ-იას ბეჭები „კამერაში“ არ შეეტეოდა?” ჟურნალისტი გულისტკივილს გამოთქვამს, რომ კოლეგებმა „პოდნოსით მირთმეულ დანაშაულზე რეაგირება არ მოახდინეს“. ჟურნალისტი იმავე სტატიაში საჯაროდ გამოხატავს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებისადმი უარყოფით დამოკიდებულებას და არ ერიდება განცხადებას, რომ „ახლად აღმოჩენილი გარემოებების გათვალისწინებით, მიეცემათ საშუალება მოითხოვონ უკანონოდ პრივატიზებული ბინის სახელმწიფოსათვის გადაცემის შესაძლებლობა“. აღნიშნული გამონათქვამები შეიცავს ცილისწამების ნიშნებს; ზ)იმავე გაზეთის 2009 წლის 12 თებერვლის ნომერში ჟურნალისტი წერს: „გაზეთმა ჟურნალისტური კვლევის შედეგად მოიპოვა უტყუარი მტკიცებულება ქალაქის ცენტრში, ოთხსართულიან სახლში, ერთოთახიანი ბინის უკანონო გაჩუქების თაობაზე“. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ასეთი ფორმით, გაზეთის რედაქციის სახელით გაკეთებული ყალბი ცილისმწამებლური განცხადებით იგი აგრძელებს შეუმოწმებელი, ფალსიფიცირებული მასალის გამოქვეყნებას; თ)გაზეთ „ლ. პ.-ს“ 2009 წლის 9 მარტის ნომერში აქვეყნებს მის მიმართ რ.ბ-ძის ქუჩურ გამონათქვამებს და უაზრო კომენტარებს, თუ კონკრეტულად რას, მოსარჩელე არ უთითებს; ი)გაზეთ „ლ. მ.-ს“ 2009 წლის 12 მარტის ნომერში ჟურნალისტმა ლ. ლ-ძემ გააკეთა მოწოდება-განცხადება, რომელიც მიზნად ისახავდა რ.ბ-ძის მიერ გარკვეული ქმედების განხორციელებას „ისეთ სერიოზულ შეურაცხყოფაზე, სადაც საუბარი იყო გამგეობასა და სასამართლოს შორის არსებულ კორუფციულ გარიგებაზე“, რითაც ჟურნალისტი ხელოვნურად ქმნის მისთვის შეურაცხმყოფელ, ზიანის მიმყენებელ გარემოებას, რაც ცილისწამებაა.

საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა და მე-13 მუხლის შესაბამისად პალატამ მიიჩნია, რომ ცილისწამებისათვის პირს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გაავრცელებს არსებითად მცდარ ფაქტებს, რითაც ამ პირს მიადგა ზიანი, ანუ გავრცელებული ფაქტი უნდა იყოს მცდარი, მოგონილი, ყალბი და მან ზიანი უნდა მიაყენოს მოსარჩელეს. პალატის მოსაზრებით, სწორია და სადავოს არ წარმოადგენს გაზეთ „ლ. პ.-ში“ და გაზეთ „ლ. მ.-ში“ ჟურნალისტ ლ. ლ-ძის მიერ გამოქვეყნებულ სტატიებში მოყვანილი შემდეგი ფაქტები: 1995 წლის 4 ივნისის ¹36 გადაწყვეტილებით სამსახურებრივი სარგებლობისათვის ფ. ჭ-იას გადაეცა ქ.ლანჩხუთში, ... ქ.¹110-ში მდებარე სადავო ბინა. სამსახურებრივად მისი ოზურგეთში გადასვლის შემდეგ, ლანჩხუთის მერიის 1996 წლის 31 ივნისის ¹37 გადაწყვეტილებით, ბინა მიეკუთვნა პოლიციის მუშაკ ა.კ-ძეს. ფ. ჭ-იამ აღნიშნულ ბინაზე დაიწყო დავა. ლანჩხუთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 3 დეკემბრის განჩინებით, ამავე რაიონის გამგეობასთან მორიგების მეშვეობით ფ.ჭ-იამ მიიღო ბინის პრივატიზაციის უფლება, ხოლო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2007 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით გადაეცა ამ ბინაზე საკუთრების უფლება. ამდენად, სასამართლომ დაადგინა, რომ საგაზეთო სტატიებში მოყვანილი ფაქტები მცდარი და მოგონილი არ არის და გაზეთის რედაქციას მცდარი ფაქტების შემცველი განცხადებები არ გაუვრცელებია.

პალატამ თავისი განჩინება დააფუძნა როგორც „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-7 მუხლებს, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლს, რომელიც, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, გამოიყენება ფიზიკური, თუ იურიდიული პირების მიმართ. სასამართლოს მითითებით, აზრის გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს ისეთი განმარტებებისა და გამოთქმის უფლებასაც, რომელიც „შეურაცხმყოფელია, აღმაშფოთებელია და შემაწუხებელია“. სასამართლომ დაუშვებლად ჩათვალა, რომ ჟურნალისტს ან გაზეთის რედაქციას ჩამოერთვას უფლება, გამოხატოს კრიტიკული შეფასებითი მსჯელობები, თუნდაც ვერ შესძლოს მათი ჭეშმარიტების დამტკიცება.

პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხეები საგაზეთო გამოცემებში პერიოდულად აქვეყნებდნენ ჟურნალისტ ლ. ლ-ძის სტატიებს ქ.ლანჩხუთში, ... ქ.¹110-ში მდებარე ბინის პრივატიზაციის კანონიერებასთან დაკავშირებით და მიუხედავად იმისა, რომ ლანჩხუთის რაიონულ სასამართლოს 2004 წლის 3 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დადგინდა სადავო ბინის პრივატიზაციის წესით ფ.ჭ-იასათვის გადაცემის ფაქტი, ჟურნალისტის მოსაზრება აღნიშნული ბინის პრივატიზებისას „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის“ შესახებ 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების დარღვევის თაობაზე წარმოადგენს ჟურნალისტის შეფასებით მსჯელობას, თვალსაზრისს, კომენტარს კონკრეტული ფაქტის მიმართ და ვერ ჩაითვლება „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ცილისწამებად.

პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ პრესის მეშვეობით ჟურნალისტი ლ.ლ-ძე გამოთქვამდა თავის კრიტიკულ მოსაზრებებს არა მხოლოდ ფ. ჭ-იას, როგორც ამ ბინის პრივატიზაციაში ერთ-ერთი მონაწილის, არამედ ადგილობრივი მმართველობის ორგანოების – ლანჩხუთის გამგეობის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სასამართლოსა და პროკურატურის ორგანოების მიმართაც, ანუ მოცემულ შემთხვევაში ყველა საგაზეთო სტატია, რომელიც დავის საგანს წარმოადგენდა, არ შეიცავდა მხოლოდ ფ. ჭ-იას მიმართ კრიტიკას, მათში მოსარჩელე არ იყო ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული და ეს სტატიები ეხებოდა პირთა განუსაზღვრელ ჯგუფს (ფიზიკურ და იურიდიულ პირებს). შესაბამისად, კონკრეტული პირის მიმართ გამოხატული ცილისწამება არ დადასტურდა, რაც გამორიცხავს მოპასუხეთა სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას როგორც მორალური, ასევე მატერიალური სახით (საქართველოს კანონის „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ 6-ე მუხლის მე-3 ნაწილი). გაზეთ „ლ. პ.-ს“ 2008 წლის 13 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებული სტატია _ „ერთი ბინის ისტორია“ არ შეიცავდა ცილისწამების შემადგენლობას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პირადი საიდუმლოების დაცვის მოტივით, რადგან დადგენილია და არც ფ. ჭ-ია უარყოფს იმ ფაქტს, რომ მის საკუთრებაში არსებულ ბინაში ნამდვილად ცხოვრობდა გ.ტ-ძე. სასამართლომ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის მითითება, რომ გაზეთ „ლ. პ.-ში“ 2008 წლის 13 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში _ „ერთი ბინის ისტორია“ მოსაზრება გამოთქმულია არა იმგვარად, როგორც მოსარჩელე მიუთითებს, არამედ გამონათქვამი _ „გაურკვეველია თუ რა სტატუსით ცხოვრობს ეს ქალბატონი ამ ბინაში“, მოპასუხის განმარტებისა და თავად სტატიის შინაარსის მიხედვით, გულისხმობს უძრავ ნივთთან მიმართებაში გ.ტ-ძეს სამართლებრივ უფლებამოსილებას და არა ფ.ჭ-იას მიმართ დამოკიდებულებას. ამდენად, ასეთი გამონათქვამი არ შეიცავს ცილისწამების ნიშანს და არ არღვევს ფ.ჭ-იას, როგორც ადამიანის პირადი ცხოვრებისა და საიდუმლოების ხელშეუხებლობის პრინციპს. პალატამ იხელმძღვანელა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით და მიუთითა, რომ ფ. ჭ-იამ სარჩელი სასამართლოში შეიტანა 2009 წლის 4 ივლისს, ანუ გაზეთ „ლ. მ.-ში“ 2008 წლის 24 ნოემბერს და 2009 წლის 12 თებერვალს გამოქვეყნებული სტატიების: „ვინ უფეშქაშა ბინა ჭ-იას“ და „რატომ დატოვა გუბერნატორთან შეხვედრამ ნანახი ფილმის შთაბეჭდილება“ გამოქვეყნებიდან 100 დღის შემდეგ, აღნიშნულ სტატიებთან მიმართებაში სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლობასთან ერთად ხანდაზმულიცაა.

პალატამ დამატებით განმარტა, რომ განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 1997 წლის 18 აგვისტოდან, 2009 წლის 12 მარტის შუალედში, „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი კი მიღებულია 2004 წლის 24 ივნისს. რადგან „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონს უკუქცევითი ძალა არ მინიჭებია, განსახილველი სამართალურთიერთობა უნდა გადაწყდეს, როგორც სამოქალაქო კოდექსის 2004 წლის 24 ივნისამდე მოქმედი რედაქციით, ისე „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე.

პალატამ მიიჩნია, რომ გაზეთ „ლ. პ.-ს“ 1997 წლის 18 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებული სტატიით „ვისია-ვისია?“, ასევე, 1998 წლის 20 აპრილის ნომერში გამოქვეყნებული სტატიით „მორცხვი პოლიცია” და “ნაგლი პროკურატურა“ ცნობების გავრცელების პერიოდისათვის მოქმედი რედაქციის სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შესაბამისობის მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა ცნობების გამავრცელებელს, ანუ გაზეთის რედაქციამ უნდა დაადასტუროს, რომ მის მიერ გავრცელებული ცნობები სინამდვილეს შეესაბამება. მოსარჩელეს განმარტების საფუძველზე პალატამ მიიჩნია, რომ გაზეთ „ლ. პ.-ს“ 1997 წლის 18 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში გავრცელებული ცნობა, რომ 1997 წლისათვის ფ. ჭ-ია ოზურგეთის პროკურატურაში მუშაობდა სიმართლეს შეესაბამება. გარდა ამისა, ლანჩხუთის მერიის 1996 წლის 31 ივლისის ¹37 გადაწყვეტილებით, ფ. ჭ-იასთვის სამსახურებრივი სარგებლობისათვის გამოყოფილი ბინა, სამსახურებრივი სარგებლობისათვის გადაეცა პოლიციის მუშაკ ა.კ-ძეს. სასამართლომ ჩათვალა, რომ აღნიშნული ბინის გადაცემასთან დაკავშირებით გაზეთ „ლ. პ.ს“ 1998 წლის 20 აპრილის ნომერში გამოქვეყნებული ლ. ლ-ძის წერილი სათაურით: „მორცხვი პოლიცია” და “ნაგლი პროკურატურა“, სადაც მითითებულია, რომ „პროკურატურამ პოლიციას ბინა დააწერა“, „პოლიცია მორცხვობს, პროკურატურა ნაგლობს“ არ შეიძლება მიჩნეულ იქნას ფ. ჭ-იას პატივისა და ღირსების შეურაცხმყოფელ გამონათქვამად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ფ. ჭ-იამ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: პალატამ არასწორად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები. ფაქტობრივად, 1996 წლის 15 იანვრიდან, როდესაც კასატორი გადაყვანილ იქნა ოზურგეთის რაიონულ პროკურატურაში, ბინაში იმყოფებოდა ლანჩხუთის შინაგან საქმეთა რაიგანყოფილების საგამოძიებო სამსახურის უფროსი ვ.ვ-ძე, რომელმაც კასატორის გადასვლის შემდეგ გარკვეული პერიოდი გააგრძელა საქმიანობა და ბინით სარგებლობდა. ამდენად, სრულიად უსაფუძვლოა მითითება, რომ მოქალაქე გ.ტ-ძე ბინაში გადავიდა მას შემდეგ, რაც იგი გამოთავისუფლდა. სადავო ბინა ირიცხებოდა ფ.ჭ-იას სახელზე გაცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რაც მხარეს ბინის შენარჩუნების უფლებას აძლევდა. საფუძველს მოკლებულია სასამართლოს მიერ ლანჩხუთის მერიის 1996 წლის 31 ივლისის ¹37 გადაწყვეტილების განმარტება, რომ “ფ.ჭ-იასათვის სამსახურებრივი სარგებლობისათვის გამოყოფილი ბინა, ასევე სამსახურებრივი სარგებლობისათვის გადაეცა პოლიციის მუშაკ ა.კ-ძეს”. აღნიშნული გადაწყვეტილებით ა.კ-ძეს ბინა გამოეყო საკუთრების უფლებით, რაზედაც, იმ დროისათვის მოქმედი საბინაო კოდექსის შესაბამისად, უნდა გაცემულიყო ბინის ორდერი. ორდერი გაიცემოდა მხოლოდ თავისუფალ, იზოლირებულ საცხოვრებელ ფართზე, ამდენად, საგაზეთო ინფორმაცია იმთავითვე უკანონო იყო და პოლიციას არ შეიძლებოდა სადავო ბინასთან კავშირი ჰქონოდა, რადგან იგი წარმოადგენდა ქალაქის საბინაო ფონდზე რიცხულ სახელმწიფო საკუთრებას. საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების განმარტებისას სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებათა შეზღუდვა ხორციელდება დემოკრატიულ საზოგადოებაში სხვათა უფლებებისა და ღირსებების დასაცავად, რაც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საერთაშორისო დებულებების ანალოგიურია. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს ფაქტებსა და მოსაზრებებს. მოცემულ შემთხვევაში მედიასაშუალებით ჟურნალისტის მიერ გავრცელებული განცხადებები ერთმნიშვნელოვნად შეიცავს მხოლოდ დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს და იგი წარმოდგენილია მხოლოდ მტკიცებითი ფორმით. “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსაბუთებელი მსჯელობა, რომ განსახილველ შემთხვევაში ჟურნალისტ ლ.ლ-ძის მიერ მედიასაშუალებით გამოქვეყნებულ მასალებში მოყვანილი ფაქტები ნამდვილია, შესაბამისად გაზეთის რედაქციას მცდარი ფაქტის შემცველი განცხადება არ გაუვრცელებია. განსახილველ სარჩელსა და სააპელაციო საჩივარში აღნიშნულია და დადასტურებული, რომ სადავო ბინის ფ.ჭ-იას საკუთრებაში გადაცემა მოხდა კანონმდებლობის სრული დაცვით. არსებითად მცდარი ფაქტის შემცველია ამ მონაცემების შემდგომ გამოხატვის საგნის მიმართ მტკიცებითი ფორმით, მედიასაშუალებით გავრცელებული განცხადებები – „ჩვენი ინტერესების სფეროში თქვენს მიერ უკანონოდ მითვისებული ბინაა”, “თქვენ იგნორირება გაუკეთეთ ქალაქის მერიის გადაწყვეტილებას და ფართი კოლეგას არ დაუთმეთ”, “მოქალაქე ფ. ჭ-იას ბინის უკანონოდ გადაცემის ფაქტობრივი უტყუარი მასალები”, “რატომ არ დადგა ჭ-იას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, მისი ბეჭები კამერაში არ შეეტეოდა?!”, “კორუფციული გარიგება” და სხვა, რაც კასატორისათვის უაღრესად შეურაცხმყოფელი, ცილისწამებლური, ღირსების და პატივის შემლახველია. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ აღნიშნულით ზიანი მიადგა მის რეპუტაციას, ღირსებასა და ჯანმრთელობას. სამართლებრივად დაუსაბუთებელია პალატის შეფასება, რომ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, ჟურნალისტის მიერ საგაზეთო მასალებში გაშვებული გამონათქვამი „საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის შესახებ“ 1992 წლის 1 თებერვლის ¹107 დადგენილების მიხედვით სამსახურებრივი დანიშნულების ბინების უსასყიდლოდ პრივატიზების აკრძალვასთან დაკავშირებით წარმოადგენს ჟურნალისტის მოსაზრებას, შეფასებით მსჯელობას, რის გამოც იგი ვერ ჩაითვლება კერძო პირის ცილისწამებად. სადავო ბინა არ იყო სამსახურებრივი დანიშნულების. იგი წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას. ამდენად, ჟურნალისტის მტკიცებითი ფორმით კანონის დარღვევაზე ბრალდება მართლსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელია. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია პალატის მსჯელობა, რომ ჟურნალისტი პრესის მეშვეობით გამოთქვამს თავის მოსაზრებებს არა მხოლოდ ფ.ჭ-იას, როგორც ამ ბინის პრივატიზაციის ერთ-ერთი მონაწილის, არამედ ადგილობრივი მმართველობის ორგანოების მიმართაც. უდავო ფაქტია, რომ ხსენებული ბინა კასატორს საკუთრებაში გადაეცა კანონის შესაბამისობით, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, ამდენად, მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია სათაურით – „ერთი ბინის ისტორია, ან განცხადება კორუფციული გარიგებით ბინის დაკანონებაზე“ არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და მოგონილი. ჟურნალისტის მიერ მედიასაშუალებით გამოქვეყნებული ყველა საგაზეთო მასალა გამოხატვის საგნის მიმართ შეიცავს კასატორისადმი ბრალდებას და მისი პიროვნება ცალსახად იდენტიფიცირებულია.

სასამართლომ არასწორად გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია გაზეთ „ლ. პ.-ს“ 2008 წლის 13 ნოემბრის გამოცემაში გამოქვეყნებულ სტატია „ერთი ბინის ისტორიასთან“ დაკავშირებით, რომელიც მასში მითითებული ცილისმწამებლურია, ლახავს კასატორის პატივსა და ღირსებას და მისი ოჯახისათვის საზიანოა. მცდარია პალატის დასკვნა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, რადგან განსახილველი სარჩელი სასამართლოს წარედგინა არა 2009 წლის 4 ივლისს, არამედ 4 ივნისს, კანონით დადგენილ 100 დღის ვადაში. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ვადა და საქმე სასამართლოში განხილულ იქნა სამ თვეზე მეტი ვადის დაგვიანებით. ასევე დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლთან დაკავშირებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძველბის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ფ. ჭ-იას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” და “ბ” ქვეპუნქტების თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული საფუძვლები მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.

უპირველესად, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინებით არასწორად იქნა დადგენილი გარემოება განსახილველ საქმეზე სარჩელის სასამართლოში 2009 წლის 4 ივლისს წარდგენის თაობაზე, ვინაიდან ფ. ჭ-იას სარჩელი სასამართლოში შეტანილი აქვს 2009 წლის 4 ივნისს, თუმცა განჩინებაში ასახული ეს უსწორობა არ ქმნის მისი გაუქმების იურიდიულ საფუძველს, კერძოდ:

სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით დაადგინა, რომ, ვინაიდან ფ. ჭ-იამ სარჩელი სასამართლოში შეიტანა 2009 წლის 4 ივლისს, ანუ გაზეთ „ლ. მ.-ში“ 2008 წლის 24 ნოემბერს და 2009 წლის 12 თებერვალს გამოქვეყნებული სტატიების: „ვინ უფეშქაშა ბინა ჭ-იას“ და „რატომ დატოვა გუბერნატორთან შეხვედრამ ნანახი ფილმის შთაბეჭდილება“ გამოქვეყნებიდან 100 დღის შემდეგ, აღნიშნულ სტატიებთან მიმართებაში სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლობასთან ერთად ხანდაზმულიცაა. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლით, ცილისწამების შესახებ სარჩელი სასამართლოში წარდგენილი უნდა იქნეს 100 დღის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირი გაეცნო ან შეეძლო, რომ გასცნობოდა განცხადებას.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, კანონის დროში მოქმედებასთან მიმართებით და თვლის, რომ “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის ძალაში შესვლიდან მოდავე მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს მითითებული ნორმატიული აქტით, კერძოდ, გაზეთ “ლ. პ.-სა” და გაზეთ “ლ. მ.-ში” 2008 წლის 13 ნოემბერს გამოქვეყნებული სტატიის _ “ერთი ბინის ისტორია”, 2008 წლის 17 ნოემბერს გამოქვეყნებული სტატიის _ “კოლეგების კოლეგიალობა”, 2008 წლის 15 დეკემბრის სტატიის _ “ახალი ტალღის იმედი მაქვს და კარგა ხანია ამ ტალღაზე ვარ ჩართული”, 2008 წლის 24 ნოემბრის სტატიის “ვინ უფეშქაშა ბინა ჭ-იას”, 2009 წლის 12 თებერვლის სტატიის _ “რატომ დატოვა გუბერნატორთან შეხვედრამ ნანახი ფილმის შთაბეჭდილება” მიმართ მოქმედებს კანონით დადგენილი ხანდაზმულობის სპეციალური ვადა, რომელის დარღვევაც განსახილველ სტატიებთან მიმართებით სახეზეა. გამოცემაში სადავო სტატიების გამოქვეყნებიდან 2009 წლის 4 ივნისამდე _ სარჩელის შეტანამდე კანონით გათვალისწინებული ასდღიანი გასაჩივრების ვადა გასულია, ამდენად, კასატორის მითითება, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ხანდაზმულობის საკითხი უსაფუძვლოა.

რაც შეეხება 2009 წლის 9 მარტის სტატიას _ “ჩახუთული გამგეობა და თვალებნაბია საკრებულო”, ასევე 2009 წლის 12 მარტის სტატიას _ “შეშინებულზე პრესკონფერენციის მოწვევას გამოლოცვა სჯობს”, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუხედავად მოცემულ სტატიებთან მიმართებით მოსარჩელის მიერ კანონით დადგენილი 100-დღიანი ხანდაზმულობის ვადის დაცვით სარჩელის შეტანისა, აღნიშნული მაინც არ წარმოადგენს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველს.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე ფ.ჭ-ია 2009 წლის 9 მარტის საგაზეთო სტატიიდან სადავოდ ხდის “რ.ბ-ძის ქუჩურ გამონათქვამებსა და უაზრო კომენტარებს”. ამასთან მოსარჩელე არ აკონკრეტებს მისი მოთხოვნის საფუძვლებს, კერძოდ, არ აზუსტებს, მოცემული საგაზეთო სტატიით რა სახით ირღვევა მოსარჩელის პირადი არაქონებრივი უფლებები, რაც “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მეორე ნაწილისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სწორედ მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს, სასამართლო კი ყოველი კონკრეტული შემთხვევისას არკვევს მოდავე მხარის პრეტენზიის მართებულობასა და მის კანონთან შესაბამისობას.

რაც შეეხება 2009 წლის 12 მარტის სტატიას, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არც მოცემულ ნაწილში წარმოუდგენია ფ.ჭ-იას დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი), რადგანაც 12 მარტის სადავო სტატიაში მოხსენიებულია ასევე გამგეობა და სასამართლო. “სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ” საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ცილისწამების თაობაზე სასამართლო დავის საგანი არ შეიძლება იყოს ისეთი განცხადება, რომელიც ეხება პირთა განსაზღვრულ ჯგუფს ან/და რომელშიც მოსარჩელე არ არის ერთმნიშვნელოვნად იდენტიფიცირებული. მოცემულ შემთხვევაში ფ.ჭ-ია სადავოდ მიიჩნევს რა 2009 წლის 12 მარტის სტატიას _ “შეშინებულზე პრესკონფერენციის მოწვევას გამოლოცვა სჯობს” და მოითხოვს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას, იგი მოცემულ სტატიაში არ არის იდენტიფიცირებული და არც უშუალოდ მის წინააღმდეგაა მიმართული აღნიშნული სტატია, რის გამოც საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სტატიით ფ.ჭ-იას უფლების დარღვევის საკითხი არ წარმოადგენს სასამართლოს განსჯად დავის საგანს.

დაუსაბუთებელია კასატორის მოსაზრება, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ სადავო საგაზეთო სტატიებში მოყვანილი ფაქტები არ არის მცდარი და მოგონილი, რაც გამორიცხავს ცილისწამების ფაქტს. კასატორი მიიჩნევს, რომ ამ ფაქტების მიმართ მედიასაშუალებით მტკიცებითი ფორმით გავრცელებული განცხადებები ცილისმწამებლურია, კერძოდ, “ჩვენი ინტერესების სფეროში თქვენს მიერ უკანონოდ მითვისებული ბინაა”; “თქვენ იგნორირება გაუკეთეთ ქალაქის მერიის გადაწყვეტილებას და ფართი კოლეგას არ დაუთმეთ”; “მოქალაქე ფ. ჭ-იასთვის ბინის უკანონოდ გადაცემის ფატობრივი მასალები”; “რატომ არ დადგა ჭ-იას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, მისი ბეჭები კამერაში არ შეეტეოდა”. აღნიშნულ გამონათქვამებთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ჟურნალისტის მიერ გამოთქმული ეს მოსაზრებები არის მისივე შეფასებითი მსჯელობა და იგი ცილისწამებად ვერ ჩაითვლება. აღნიშნული გამონათქვამები აშკარად გამოხატავს ჟურნალისტის თვალსაზრისს, შეხედულებას და მის დამოკიდებულებას კონკრეტული გარემოებისა და პიროვნებისადმი.

„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის “ე” ქვეპუნქტის თანახმად, ცილისწამება ეს არის არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება, ხოლო ამავე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, აზრი არის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს.

ამ კანონის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაცულია აზრის თავისუფლება და აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით.

აღნიშნული კანონი კონკრეტულად განსაზღვრავს რა მტკიცებულებათა სტანდარტსა და ტვირთს, მე-7 მუხლის მეხუთე პუნქტის შესაბამისად იმპერატიულად ადგენს, რომ აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ კასატორის მიერ სადავოდ მიჩნეული ჟურნალისტის გამონათქვამები არის ჟურნალისტის შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი მომხდარის მიმართ და ასახავს მოპასუხეთა დამოკიდებულებას კონკრეტული ფაქტის მიმართ. კასატორმა ვერ შესძლო, დაედასტურებინა სასამართლოს ზემოაღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგო, ხოლო სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება რა შეზღუდვის ინიციატორს და კანონით დადგენილი წესით დაუდასტურებელი ეჭვი კი უნდა გადაწყდეს სიტყვის თავსუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ („სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მეექვსე ნაწილი).

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას 1997 წლის 18 აგვისტოსა და 1998 წლის 20 აპრილის საგაზეთო სტატიებთან მიმართებით, და თვლის, რომ პალატამ სწორად გამოიყენა კანონი _ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი, ასევე სწორად განმარტა კანონი, რომლს თანახმადაც სტატიებში “ვისია-ვისია?” და “მორცხვი პროკურატურა” და “ნაგლი პოლიცია” სწორად გაანაწილა მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი. პალატამ დაადგინა, რომ სწორედ მოსარჩელის განმარტების საფუძველზე დასტურდებოდა 1997 წლის 18 აგვისტოს ნომერში მითითებული ცნობა იმის შესახებ, რომ 1997 წლისათვის ფ.ჭ-ია ოზურგეთის პროკურატურაში მუშაობდა, ასევე არსებითად სწორია გასაჩივრებული განჩინების დასკვნა, რომ 1998 წლის 20 აპრილს საგაზეთო ნომერში მითითებული ფრაზა “პროკურატურამ პოლიციას ბინა დააწერა”, “პოლიცია მორცხვობს, პროკურატურა ნაგლობს” არ შეიძლება მოცემული ფრაზების ანალიზის საფუძველზე მიჩნეულ იქნას მოსარჩელის შეურაცხმყოფელ გამონათქვამად. თავად სტატიაში გამოთქმული მოსაზრება არ არის მიმართული უშუალოდ ფ.ჭ-იას მიმართ, რაც თავისმხრივ მის ცილისწამებად მიჩნევის შესაძლებლობას გამორიცხავს.

საკასაციო სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს ფ.ჭ-იას საკასაციო პრეტენზიას სასამართლოს მიერ საქმის განხილის ვადის დარღვევასთან მიმართებით, რადგანაც აღნიშნული საკითხი, დადასტურების შემთხვევაშიც კი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის არც ერთი დანაწესი სასამართლოში საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოტანისათვის დადგენილი ვადის დარღვევას გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად არ მიიჩნევს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, ფ. ჭ-იას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ ხანდაზმულია, ასევე არ არის დასაბუთებული, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ფ. ჭ-იას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.