¹ას-4-3-2010 22 მარტი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ თ. ო-შვილი (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებულ სარჩელში)
მოწინააღმდეგე მხარეები _ ვ. და ვა. ბ-ძეები (მოპასუხეები, შეგებებული სარჩელის ავტორები); მ. ხ-ოვი, თ. ბ-ძე, ნოტარიუსი თ. კ-ძე (მოპასუხეები თ. ო-შვილის სარჩელში)
მესამე პირი _ გ. ო-შვილი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ნოემბრის განჩინება
დავის საგანი _ სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა (ძირითად სარჩელში), სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2005 წლის 19 ივლისს მცხეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა თ. ო-შვილმა მოპასუხე ნოტარიუს თ. კ-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:
ა. პირთა ნათესაური კავშირის დადგენა მას _ თ. გ.-ს ძე ო-შვილს, თავის ძმას _ დ. გ.-ს ძე ო-ოვს, მამას _ გ. ო-ოვსა და დედას _ თ. ო-ოვს შორის;
ბ. მოსარჩელის მიერ ზემოთ დასახელებული პირების დანაშთი სამკვიდრო ქონების მიღების ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევა და ამ ვადის გაგრძელება;
გ. ნოტარიუს თ. კ-ძის 2005 წლის 18 ივნისის ¹2-98 და ¹2-99 დადგენილებების ბათილად ცნობა, რომლებითაც თ. ო-შვილს უარი ეთქვა გარდაცვლილი გ. და დ. ო-ოვების დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობების გაცემაზე.
რაიონულ სასამართლოში საქმის მოსამზადებელ სხდომაზე განხილვისას მოსარჩელემ (წარმომადგენელი ნ. ო-შვილი) შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა დედის, თ. ო-ოვის ნაწილში (ტომი I, ს.ფ. 2-6, 47).
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით თ. ო-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს თ. კ-ძის 2005 წლის 18 ივნისის ¹2-98 და ¹2-99 დადგენილებები, საპატიოდ იქნა მიჩნეული სამკვიდროს მიღების გაშვებული ვადა და იგი გაგრძელდა 6 თვით.
რაიონულმა სასამართლომ მიუთითა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 21 ოქტომბრის კანონიერ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დადგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი იმის შესახებ, რომ თ. გ.ს ძე ო-შვილი და გ. ო-ოვი არიან მამა-შვილი, ხოლო თ. გ.ს ძე ო-შვილი და დ. გ.ს ძე ო-ოვი _ ძმები. გარდა ამისა, რაიონულმა სასამართლომ მიუთითა მოწმეების ჩვენებებზე, საიდანაც ირკვეოდა, რომ თ. ო-შვილს მეუღლე სისტემატურად დაჰყავდა მოსკოვში, სადაც ეს უკანასკნელი ავადმყოფობის გამო გადიოდა მკურნალობის კურსს. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მოპასუხე თ. კ-ძის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობას, კერძოდ, გასაჩივრებული დადგენილებების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, რაც სასამართლოს მიერ საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანისას ასევე მხედველობაში იქნა მიღებული (ტომი I, ს.ფ. 63-66).
2008 წლის 28 იანვარს მცხეთის რაიონულ სასამართლოში ახალი სარჩელი წარადგინა თ. ო-შვილმა მოპასუხეების _ ვ. ბ-ძის, ვა. ბ-ძის, მ. ხ-ოვისა და თ. ბ-ძის (კანონიერი წარმომადგენელი მ. ხ-ოვი) მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მის საკუთრებაში არსებული, მცხეთის რაიონის სოფელ ... მდებარე 0.03ჰა მიწის ნაკვეთიდან და მასზე მდებარე საცხოვრებელი სახლიდან ვ. ბ-ძის, ვა. ბ-ძის, მ. ხ-ოვისა და არასრულწლოვან თ. ბ-ძის გამოსახლება. (აღნიშნული უძრავი ქონების მახასიათებელებია: სარეგისტრაციო ზონა მცხეთა 72, სექტორი ..., კოდი 09, კვარტლის ¹19, ნაკვეთის ¹110. ნაკვეთზე მდებარე ორსართულიან საცხოვრებელი სახლიდან მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი ოთახების რაოდენობა არის 3, საცხოვრებელი ფართი 111.27კვ.მ, დამხმარე ფართობი 188.25(7)).
სარჩელის თანახმად, მოპასუხეები თვითნებურად შევიდნენ თ. ო-შვილის საცხოვრებელ სახლში და ნებაყოფლობით არ ათავისუფლებდნენ მას, რითაც მოსარჩელეს ხელი ეშლებოდა საკუთრებით სარგებლობაში (ტომი III, ს.ფ. 3-4).
2008 წლის 5 მარტს იმავე სასამართლოში შეგებებული სარჩელი შეიტანეს ვა. ბ-ძემ, ვ. ბ-ძემ და მ. ხ-ოვმა მოპასუხე თ. ო-შვილის მიმართ. შეგებებულმა მოსარჩელეებმა მოითხოვეს:
ა. ნოტარიუს თ. კ-ძის მიერ თ. ო-შვილის სახელზე 2006 წლის 5 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, რომლითაც თ. ო-შვილმა მიიღო ძმის _ დ. ო-ოვის სამკვიდრო ქონება, კერძოდ, მცხეთის რაიონის სოფელ ... მდებარე 0.30ჰა მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა.
ბ. საჯარო რეესტრში თ. ო-შვილის სახელზე სადავო ბინის რეგისტრაციის შესახებ ჩანაწერის ბათილად ცნობა.
შეგებებულ სარჩელში აღნიშნულია, რომ სადავოდ გამხდარი უძრავი ქონება ეკუთვნოდა ვა. ბ-ძის ბიძას _ დ. ო-ოვს, რომელიც გარდაიცვალა 2002 წლის 18 ივნისს. დ. ო-ოვის გარდაცვალების შემდეგ ბინაში ცხოვრობდნენ მისი მშობლები _ თ. და გ. ო-ოვები. მოპასუხეს მითითებულ ბინაში არასდროს უცხოვრია. თ. და გ. ო-ოვებმა ანდერძით მთელი უძრავ-მოძრავი ქონება დაუტოვეს ვა. ბ-ძეს. 2005 წელს თ. ო-შვილმა სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენის, მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობის შესახებ სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, რომელმაც მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მოგვიანებით სააპელაციო სასამართლომ საქმეზე წარმოება შეწყვიტა თ. ო-შვილის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.
შეგებებული სარჩელის ავტორთა მითითებით, მოცემული საქმის მსვლელობისას მათ შეიტყვეს, რომ მცხეთის რაიონულ სასამართლოს 2006 წლის 31 იანვარს მიუღია გადაწყვეტილება თ. ო-შვილისათვის სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენის თაობაზე. სწორედ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე ნოტარიუსმა თ. კ-ძემ გასცა სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც მოსარჩელემ მიიღო დ. ო-ოვის სამკვიდრო ქონება (ტომი III, ს.ფ. 100-109).
ამის შემდგომ, 2008 წლის 18 მარტს მცხეთის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართეს ვა. ბ-ძემ, ვ. ბ-ძემ და მ. ხ-ოვმა, რომლებმაც მოითხოვეს ამავე სასამართლოს 2006 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
განმცხადებელთა განმარტებით, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების თაობაზე, რომლითაც თ. ო-შვილს საპატიოდ ჩაეთვალა გ. ო-ოვისა (მამის) და დ. ო-ოვის (ძმის) სამკვიდროს მიღების გაშვებული ვადა, მათ შეიტყვეს მხოლოდ თ. ო-შვილის მიერ ბინიდან მათი გამოსახლების შესახებ სარჩელის აღძვრის შემდეგ. დასახელებული გადაწყვეტილებით დაირღვა მათი, როგორც მემკვიდრეების უფლებები, ისე რომ ისინი საქმეში ჩაბმულნი არ ყოფილან. ამასთან, მითითებული გადაწყვეტილების მიღებამდე, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ო-შვილის ანალოგიური მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, კერძოდ, მოსარჩელეს სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებაზე უარი უთხრა.
განმცხადებლები მიიჩნევდნენ, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოს უფლება არ ჰქონდა კვლავ განეხილა საქმე იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლით და იმავე საგანზე (ტომი II, ს.ფ. 2-3).
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 9 ივლისის განჩინებით თ. ო-შვილის სარჩელით, ასევე მ. ხ-ოვის, ვ. და ვა. ბ-ძეების შეგებებული სარჩელით აღძრულ საქმეზე წარმოება შეჩერდა ამავე სასამართლოს 2006 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ ვ. ბ-ძის, ვა. ბ-ძისა და მ. ხ-ოვის განცხადების განხილვის დასრულებამდე (ტომი III, ს.ფ. 212-214).
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 დეკემბრის განჩინებით ბათილად იქნა ცნობილი მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება და განახლდა საქმის განხილვა თ. ო-შვილის სარჩელზე ნოტარიუს თ. კ-ძის მიმართ ნოტარიუსის მიერ მიღებული დადგენილებების ბათილად ცნობის, აგრეთვე დ. და გ. ო-ოვების სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების შესახებ (ტომი II, ს.ფ. 184-190).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 თებერვლის განჩინებით, თ. ო-შვილის კერძო საჩივრის განხილვის შედეგად, მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 დეკემბრის განჩინება დარჩა უცვლელი (ტომი II, ს.ფ. 224-229).
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ივნისის განჩინებით თ. ო-შვილის მიერ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის გამო, საქმის წარმოება შეწყდა დ. ო-ოვის სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების შესახებ მოთხოვნის ნაწილში (ტომი IV, ს.ფ. 106-112).
მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 აპრილის განჩინებით სამოქალაქო საქმე თ. ო-შვილის სარჩელისა გამო მოპასუხეების _ ნოტარიუს თ. კ-ძის, ვა. და ვ. ბ-ძეების მიმართ სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის დადგენილებების ბათილად ცნობისა და სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების შესახებ, აგრეთვე სამოქალაქო საქმე თ. ო-შვილის სარჩელისა გამო ვ. და ვა. ბ-ძეების, მ. ხ-ოვის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახე, ვარსენინ და ვა. ბ-ძეების, მ. ხ-ოვის შეგებებული სარჩელისა გამო სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ, გაერთიანდა ერთ წარმოებად (ტომი IV, ს.ფ. 24-25).
საბოლოოდ მოსარჩელის მოთხოვნები ამგვარად ჩამოყალიბდა:
ა. გ. ო-ოვის სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება და მცხეთის რაიონის სოფელ ... მდებარე შემდეგი მიწის ნაკვეთების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობა: 0.36ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 720909212, 0.300ჰა მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდთი 720900870 და 0.30ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 720919111, რომელზეც განლაგებულია საცხოვრებელი სახლი საერთო ფართით 91.68კვ.მ (ტომი IV, ს.ფ. 96-105);
ბ. მცხეთის რაიონის სოფელ ... მდებარე 0.03ჰა მიწის ნაკვეთიდან და მასზე მდებარე საცხოვრებელი სახლიდან ვ. ბ-ძის, ვა. ბ-ძის, მ. ხ-ოვისა და არასრულწლოვან თ. ბ-ძის გამოსახლება (ტომი I, ს.ფ. 3-4).
ვ. და ვა. ბ-ძეების შეგებებული სარჩელის მოთხოვნები საბოლოოდ შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
ა. 2006 წლის 29 მარტს ნოტარიუს თ. კ-ძის მიერ დ. ო-ოვის სამკვიდრო ქონებაზე თ. ო-შვილის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა;
ბ. საჯარო რეესტრში თ. ო-შვილის სახელზე დ. ო-ოვის სამკვიდროზე განხორციელებული ჩანაწერის გაუქმება;
გ. თ. კ-ძისათვის სამკვიდრო მოწმობის გაცემის დავალება დ. ო-ოვის ქონებაზე ვა. და ვ. ბ-ძეების სახელზე (ტომი IV, 64).
მცხეთის რაიონული სასამართლოს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 14 მაისის საოქმო განჩინებით საქმეში დამოუკიდებელი მოთხოვნის არმქონე მესამე პირის სტატუსით ჩაება გ. ო-შვილი (ტომი IV, ს.ფ. 41-44).
მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით თ. ო-შვილის მოთხოვნები სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდა, ვა. ბ-ძის, ვ. ბ-ძისა და მ. ხ-ოვის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ვ. ბ-ძის მოთხოვნის საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუს თ. კ-ძის მიერ 2006 წლის 29 მარტს გაცემული სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც თ. ო-შვილმა მემკვიდრეობით მიიღო დ. ო-ოვის სამკვიდრო ქონება, კერძოდ, მცხეთის რაიონის სოფელ ... მდებარე 0.03ჰა მიწის ნაკვეთი და ლიტ “ა” 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლი, ოთახების რაოდენობა 3, საცხოვრებელი ფართი 111.27კვ.მ, დამხმარე ფართი 188.25კვ.მ (ტომი IV, ს.ფ. 148-159).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ო-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება (ტომი IV, ს.ფ. 176-185).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ნოემბრის განჩინებით თ. ო-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელე თ. ო-შვილი, მოპასუხე ვ. ბ-ძე და მესამე პირი გ. ო-შვილი არიან და-ძმანი, მათ ჰყავდათ კიდევ ერთი ძმა _ დ. ო-ოვი, რომელიც გარდაიცვალა 2002 წლის 18 ივნისს;
მხარეებს ჰყავდათ საერთო მამა _ გ. ო-ოვი. იგი გარდაიცვალა 2003 წლის 2 ოქტომბერს. თ. და გ. ო-შვილები (ო-ოვები) გ. ო-ოვის შვილები არიან პირველი ქორწინებიდან, ხოლო ვ. ბ-ძე (ქალიშვილობის გვარი _ ო-ოვი) და დ. ო-ოვი მას შეეძინა მეორე მეუღლესთან _ თ. ო-ოვთან, რომელიც გარდაიცვალა 2003 წლის 13 დეკემბერს;
გ. და თ. ო-ოვების კომლის სახელზე საჯარო რეესტრში აღრიცხულია მცხეთის რაიონის სოფელ ... მდებარე 0.36ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 720909212; 0.3ჰა მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 720601827 და 0.30ჰა მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე საცხოვრებელი სახლი ფართით 94.68კვ.მ, საკადასტრო კოდით 720919111;
დ. ო-ოვის სახელზე საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო და, აქედან გამომდინარე, მის სამკვიდრო ქონებას შეადგენდა მცხეთის რაიონის სოფელ ... მდებარე 0.03ჰა მიწის ნაკვეთი და ლიტ “ა” ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ფართით 11.27კვ.მ, დამხმარე ფართით 188.25კვ.მ. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი აშენებულია 1966 წელს;
დ. ო-ოვს დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე: მამა _ გ. ო-ოვი და დედა _ თ. ო-ოვი;
დ. ო-ოვის სამკვიდროში შემავალ საცხოვრებელ სახლში მისი გარდაცვალების შემდეგ ცხოვრება განაგრძეს მისმა მშობლებმა (პირველი რიგის მემკვიდრეებმა) გ. და თ. ო-ოვებმა. დ. ო-ოვს პირველი რიგის სხვა მემკვიდრე არ დარჩენია. გ. და თ. ო-ოვების გარდაცვალების შემდეგ ამ ქონების ფლობა განაგრძო ვ. ბ-ძემ.
ამდენად, 2006 წლის 29 მარტს, როდესაც ნოტარიუსმა თ. კ-ძემ თ. ო-შვილზე გასცა სამემკვიდრეო მოწმობა დ. ო-ოვის სამკვიდრო ქონებაზე, ეს ქონება აღარ არსებობდა, რადგან ის წარმოადგენდა გ. და თ. ო-ოვების საკუთრებას (სამკვიდრო ქონებას). სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დასახელებული გარემოება წარმოადგენდა სადავოდ გამხდარი სამემკვიდრეო მოწმობის ბათილობის ერთ-ერთ საფუძველს.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ დ. ო-ოვის და მისი მშობლების საცხოვრებელი სახლები მდებარეობს ერთმანეთის გვერდით, მათ აქვთ საერთო ჭერი, ერთი აივანი და შესასვლელი; დ. ო-ოვი და მისი მშობლები _ გ. და თ. ო-ოვები რეგისტრირებული იყვნენ ცალ-ცალკე კომლებად; ვ. ბ-ძე და მისი ვაჟიშვილი ვა. ბ-ძე დ. ო-ოვის გარდაცვალებამდე გარკვეული დროის მანძილზე ცხოვრობდნენ ამ უკანასკნელის საცხოვრებელ ბინაში, ხოლო დ. ო-ოვის გარდაცვალების შემდეგ მათ გაყიდეს საცხოვრებელი ბინა სოფელ ქსოვრისში, საოჯახო ნივთები გადაიტანეს დ. ო-ოვის საცხოვრებელ ბინაში (რომელიც, როგორც უკვე აღინიშნა, ფაქტობრივი ფლობით მიღებული ჰქონდათ გ. და თ. ო-ოვებს და, აქედან გამომდინარე, იყო მათი საკუთრება) და მუდმივად ცხოვრობენ იქ. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოცემული ფაქტობრივი გარემოება გარდა საქმეში არსებული არაერთი წერილობითი მტკიცებულებისა, მოპასუხეთა ახსნა-განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენებებისა, დასტურდებოდა თავად მოსარჩელე თ. ო-შვილის აღიარებებითაც.
გარდა ამისა, საქმეზე დგინდებოდა, რომ გ. ო-ოვის პირველი რიგის სხვა მემკვიდრეებს _ თ. ო-შვილსა და გ. ო-შვილს გარდაცვლილი მამის სამკვიდრო არ მიუღიათ, მათ კანონით დადგენილ ექვსთვიან ვადაში არც ნოტარიუსისთვის მიუმართავთ და არც ამ ქონების ფაქტობრივ ფლობას შესდგომიან. ეს გარემოება გ. ო-შვილს სადავოდ არ გაუხდია. რაც შეეხებოდა თ. ო-შვილს, მან 2004 წლის 26 ოქტომბერს სარჩელით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს, სადაც მოპასუხეებად დაასახელა გ. ო-შვილი და ვ. ბ-ძე და მოითხოვა გარდაცვლილი ძმის _ დ. ო-ოვის სამკვიდროს მიღების გაშვებული ვადის საპატიოდ ცნობა და გაგრძელება. ვადის გადაცილების საპატიო მიზეზად მან ავადმყოფობა დაასახელა. რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით თ. ო-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ო-შვილმა.
ამ საქმის პარალელურად 2005 წლის 19 ივლისს თ. ო-შვილმა მცხეთის რაიონულ სასამართლოში ახალი სარჩელი აღძრა მოპასუხე ნოტარიუს თ. კ-ძის მიმართ და მოითხოვა ნოტარიუსის მიერ 2005 წლის 18 ივნისს მიღებული ¹2-98 და ¹2-99 დადგენილებების ბათილად ცნობა და ძმის _ დ. დ. ო-ოვისა და მამის _ გ. ო-ოვის სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით თ. ო-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი თ. კ-ძის მიერ 2005 წლის 18 ივნისს მიღებული ¹2-98 და ¹2-99 დადგენილებები, საპატიოდ ჩაითვალა სამკვიდროს მიღების გაშვებული ვადა და იგი გაუგრძელდა 6 თვით.
მცხეთის რაიონული სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილების საფუძველზე 2006 წლის 29 მარტს ნოტარიუსმა თ. კ-ძემ დ. ო-ოვის სამკვიდრო ქონებაზე (ამ დროისათვის, როგორც ზემოთ აღინიშნა, დ. ო-ოვის სამკვიდრო აღარ არსებობდა, რადგან ის წარმოადგენდა გ. და თ. ო-ოვების საკუთრებას) თ. ო-შვილის სახელზე გასცა სამემკვიდრეო მოწმობა. აღნიშნული მოწმობის საფუძველზე თ. ო-შვილი იმავე დღეს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა სოფელ ... მდებარე, გარდაცვლილი დ. ო-ოვის სახელზე რიცხული სახლთმფლობელობის მესაკუთრედ, რის შემდეგ მან თბილისის სააპელაციო სასამართლოში, რომელიც იხილავდა მის საჩივარს მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებაზე (მოსარჩელე თ. ო-შვილი, მოპასუხეები _ გ. ო-შვილი და ვ. ბ-ძე, დავის საგანი _ გარდაცვლილი ძმის დ. ო-ოვის სამკვიდროს მიღების გაშვებული ვადის საპატიოდ ცნობა და ვადის გაგრძელება) უარი განაცხადა სარჩელზე. სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 ოქტომბრის საოქმო განჩინებით ამ საფუძვლით გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე შეწყდა წარმოება.
2008 წლის 28 იანვარს თ. ო-შვილმა სარჩელი აღძრა მცხეთის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების _ ვ. ბ-ძის, ვა. ბ-ძის, მ. ხ-ოვის (ვა. ბ-ძის მეუღლე) და თ. ბ-ძის (ვა. ბ-ძისა და მ. ხ-ოვის შვილი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეების გამოსახლება მის სახელზე რეგისტრირებული ზემოაღნიშნული სახლთმფლობელობიდან.
2008 წლის 8 მარტს ვ. ბ-ძემ, ვა. ბ-ძემ და მ. ხ-ოვმა, თავის მხრივ, განცხადებით მიმართეს მცხეთის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვეს ამავე სასამართლოს 2006 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების (რომელიც საფუძვლად დაედო თ. ო-შვილზე სამკვიდრო მოწმობის გაცემას) ბათილად ცნობა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 11 დეკემბრის განჩინებით ვ. და ვა. ბ-ძეების განცხადება დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი 2006 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება თ. ო-შვილის სარჩელზე ნოტარიუს თ. კ-ძის მიმართ ნოტარიუსის მიერ 2005 წლის 18 ივნისს მიღებული დადგენილებების ბათილად ცნობისა და დ. და გ. ო-ოვების სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების შესახებ, ამ საქმეში ვ. ბ-ძისა და ვა. ბ-ძის სავალდებულო მონაწილეობით. ამავე საქმეზე ვ. ბ-ძემ, ვა. ბ-ძემ და მ. ხ-ოვმა შეგებებული სარჩელი აღძრეს თ. ო-შვილის მიმართ და მოითხოვეს 2006 წლის 29 მარტს ნოტარიუს თ. კ-ძის მიერ დ. ო-ოვის სამკვიდრო ქონებაზე თ. ო-შვილის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა. მოგვიანებით, ამ საქმეს გაუერთიანდა 2008 წლის 28 იანვარს თ. ო-შვილის მიერ იმავე სასამართლოში შეტანილი ვინდიკაციური სარჩელი მოპასუხეების _ ვ. ბ-ძის, მ. ხ-ოვის და თ. ბ-ძის მიმართ.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 ივნისის განჩინებით, თ. ო-შვილის მიერ სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის გამო, საქმის წარმოება შეწყდა დ. ო-ოვის სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. აღნიშნული განჩინება მხარეებს არ გაუსაჩივრებიათ.
ამდენად, მოცემულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენდა თ. ო-შვილის მოთხოვნები (ძირითადი სარჩელი) _ გარდაცვლილი მამის გ. ო-ოვის სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხოლო შეგებებულ სარჩელში _ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ ზემომითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა, რის გამოც არ არსებობდა საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმების რაიმე საფუძველი. კერძოდ, რაიონულმა სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ იმ ქონებაზე, რომელიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო გ. და თ. ო-ოვების კომლის საკუთრებად, სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლის საფუძველზე, სამკვიდრო გაიხსნა კომლის უკანასკნელი წევრის _ თ. ო-ოვის გარდაცვალებით, ხოლო თ. ო-შვილი არ იყო თ. ო-ოვის არც კანონისმიერი და არც ანდერძისმიერი მემკვიდრე. შესაბამისად, მოთხოვნა სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების შესახებ, უსაფუძვლო იყო.
თ. ო-შვილი გარდაცვლილი მამის _ გ. ო-ოვის სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიო მიზეზად თავდაპირველ სარჩელში მიუთითებდა თავის ავადმყოფობას, ხოლო შემდეგ მან მოთხოვნა დააფუძნა მეუღლის ავადმყოფობის გამო საზღვარგარეთ^ ყოფნაზე, თუმცა მოსარჩელემ ვერ წარადგინა ვერც ერთი დასახელებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ სათანადოდ დაასაბუთა თ. ო-შვილის მეორე მოთხოვნის უსაფუძვლობა და სწორად მიუთითა, რომ სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
რამდენადაც საქმეზე უდავოდ დგინდებოდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ დ. ო-ოვის სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღეს მისმა მშობლებმა, ხოლო მათი გარდაცვალების შემდეგ ამ ქონების ფლობა განაგრძო ვ. ბ-ძემ, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვერც ვ. ბ-ძე და ვერც მეორე რიგის სხვა მემკვიდრეები (მათ შორის აპელანტი თ. ო-შვილი) ვერ მიიღებდნენ დ. ო-ოვის სამკვიდროს, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 1337-ე მუხლის თანახმად, წინა რიგის თუნდაც ერთი მემკვიდრის არსებობა გამორიცხავს შემდგომი რიგის მემკვიდრეობას.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აპელანტის იმ არგუმენტის გაზიარების შემთხვევაშიც, რომ გ. ო-ოვის ქონება არ წარმოადგენდა კომლის საკუთრებას, მაინც არ იარსებებდა თ. ო-შვილის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან მან სასამართლოს ვერ წარუდგინა სამკვიდროს მიღების კანონით განსაზღვრული ვადის საპატიოდ გაშვების დამადასტურებელი მტკიცებულებები (ტომი VI, ს.ფ. 65-83).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ო-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება, შემდეგი საფუძვლებით:
საქმის მასალები ცხადყოფს, რომ თ. ო-შვილის ძმა დ. ო-ოვი, რომელიც გარდაიცვალა 2002 წლის 18 ივნისს, აღრიცხული იყო ცალკე კომლად. საჯარო რეესტრის მონაცემებით მას მცხეთის რაიონის სოფელ ... საკუთრების უფლებით ერიცხებოდა 0.03ჰა მიწის ნაკვეთი და ლიტ “ა” ორსართულიანი სახლი ფართით 111.27კვ.მ, ხოლო დამხმარე ფართით 188.25კვ.მ. დ. ო-ოვს დარჩა პირველი რიგის მემკვიდრეები, კერძოდ, მშობლები, რომლებიც აღრიცხული იყვნენ ცალკე კომლად. გ. ო-ოვი გარდაიცვალა 2003 წლის 2 ოქტომბერს, ხოლო თ. ო-ოვი _ იმავე წლის 13 დეკემბერს. გ. და თ. ო-ოვებს გარდაცვალებამდე დ. ო-ოვის დანაშთი ქონება არ მიუღიათ. საჯარო რეესტრის მონაცემებით მცხეთის რაიონის სოფელ ... მათ ერიცხებოდათ 0.36ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ასევე 0.3ჰა მიწის ნაკვეთი და 0.30ჰა მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე საცხოვრებელი სახლითურთ ფართით 94.68კვ.მ. გარდაცვლილი გ. და თ. ო-ოვების პირველი რიგის მემკვიდრეები არიან თ. ო-შვილი, გ. ო-შვილი და ვ. ბ-ძე.
კასატორი მის მიერ სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი ვადის გაშვების მიზეზად მიუთითებს მეუღლის მძიმე ავადმყოფობაზე. იგი მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უკანონოდ უთხრეს უარი გარდაცვლილი მამის _ გ. ო-ოვის დანაშთი ქონების მიკუთვნებაზე იმ მოტივით, თითქოს ეს უკანასკნელი კომლის ბოლო წევრის _ თ. ო-ოვის არც კანონისმიერ და არც ანდერძისმიერ მემკვიდრეს არ წარმოადგენდა. ამ შემთხვევაში სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის ¹949 დადგენილებისა და საქართველოს სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის 29 დეკრეტის საფუძველზე დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებით საკოლმეურნეო კომლის არსებობას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა და მან არსებობა შეწყვიტა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ არის კომლის ქონება და მასზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების რეჟიმი.
კასატორი აღნიშნავს, რომ გ. ო-ოვი და თ. ო-ოვი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურში რეგისტრირებულნი არიან სადავო ქონებაზე თანაბარ წილში. შესაბამისად, თ. ო-შვილს, როგორც აწ გარდაცვლილი გ. ო-ოვის პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს ეკუთვნის სადავო ქონების ნახევარი, რაზეც სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი (ტომი VI, ს.ფ. 102-110)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ო-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი განჩინებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, თ. ო-შვილის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება განსახილველად დაშვებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ო-შვილის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 18 ნოემბრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.