ას-432-404-2010 28 ივნისი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ ე. მ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ს. მ-შვილი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის განჩინება
დავის საგანი _ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 5 ივნისს საჩხერის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ს. მ-შვილმა მოპასუხე ე. მ-შვილის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთისა და საცხოვრებელი სახლის გამოთხოვა, აგრეთვე ე. მ-შვილის თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლება (ს.ფ. 2-12).
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ს. მ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა, კანონიერ მესაკუთრე ს. მ-შვილს (მის ოჯახს) მფლობელობაში დაუბრუნდა ე. მ-შვილის უკანონო მფლობელობაში არსებული საჩხერის მუნიციპალიტეტის კორბოულის თემში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული ე.წ. ხის სახლი. ამავე განჩინებით დადგინდა ე. მ-შვილისა და მასთან ერთად მყოფი პირების გამოსახლება ს. მ-შვილის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი (ხის) სახლიდან.
რაიონულის სასამართლოს მითითებით, 2009 წლის 14 აგვისტოს მოპასუხე სასამართლო უწყებით პირადად იქნა გაფრთხილებული, რომ მონაწილეობა მიეღო 2009 წლის 24 აგვისტოს 14.00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე. ამდენად, ადგილი ჰქონდა სასამართლო სხდომაზე მხარის მიწვევას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მიუხედავად ამისა, ე. მ-შვილი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და სასამართლოსათვის არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებია. ასეთ ვითარებაში მოსარჩელემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, რაიონულმა სასამართლომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნია. მოცემული გარემოებები შემდეგში მდგომარეობდა: საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულში არსებული მიწის ნაკვეთი აღრიცხულია მოსარჩელის სახელზე. სწორედ ამ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს ე.წ. ხის სახლი. ტექინვენტარიზაციის ბიუროს არქივში ს. მ-შვილის სახელზეა აღრიცხული მითითებულ მიწის ნაკვეთებზე არსებული სახლები, ასევე დადასტურებულია, რომ ს. მ-შვილის კომლი შედგება სამი წევრისაგან. ე. მ-შვილს სოფელ კორბოულის ტერიტორიაზე საჯარო რეესტრში არანაირი ქონება არ აქვს აღრიცხული.
რაიონულმა სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე სარჩელში მითითებული გარემოებები სამართლებრივად შეაფასა და დაასკვნა, რომ ისინი იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას. აღნიშნული დასკვნის გამოტანისას რაიონულმა სასამართლომ მხედველობაში მიიღო სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 311-ე მუხლები (ს.ფ. 84-85).
დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა ე. მ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვა (ს.ფ. 101-102).
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით ე. მ-შვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ამავე სასამართლოს 2009 წლის 24 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა (ს.ფ. 111-112).
დასახელებული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. მ-შვილმა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის არსებითად განხილვა (ს.ფ. 116-118, 139-148).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის განჩინებით ე. მ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 აგვისტოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2009 წლის 19 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოპასუხე სასამართლოში არ გამოცხადდა საპატიო მიზეზით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 170-ე, 172-ე, 312-ე მუხლების საფუძველზე სარჩელი იურიდიულად გამართლებული იყო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230.2 მუხლის თანახმად სწორად მიიღო საქმეზე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ს.ფ. 103-105-ზე განთავსებულ სამედიცინო ცნობებზე, რომლებითაც დგინდება, რომ ე. მ-შვილი მართლაც იყო ავად 2009 წლის 24 აგვისტოს და იმყოფებოდა საავადმყოფოში, მწვავე გასტროენტერიით. მოპასუხესთან სახლში 2009 წლის 21 აგვისტოს დაფიქსირდა გამოძახება, ხოლო ამავე წლის 30 აგვისტოს ავადმყოფი გადაიყვანეს ქალაქის საავადმყოფოში. ე. მ-შვილი სტაციონარში იმყოფებოდა 2009 წლის 30 აგვისტოდან 2009 წლის 14 სექტემბრამდე.
სააპელაციო სასამართლომ ზემოთ დასახელებული დოკუმენტების საფუძველზე დადასტურებულად არ მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ე. მ-შვილს 2009 წლის 24 აგვისტოს არ შეეძლო გადაადგილება. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი პირდაპირ მოითხოვდა, რომ ავადმყოფობის ცნობას ხელს აწერდეს საავადმყოფო დაწესებულების ხელმძღვანელი და არა უბნის ექიმი, რაც ასევე არ იყო დაცული წარდგენილი ცნობებით.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ განჩინების გამოტანისას მხედველობაში მიიღო ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ე. მ-შვილი არასაპატიო მიზეზით არც საჩივრის განხილვაზე გამოცხადებულა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე, რომლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის წარმოება განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებ მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ასეთი საფუძვლები კონკრეტულ საქმეზე არ ყოფილა, რის გამოც დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა გაუქმებულიყო (ს.ფ. 186-192).
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 25 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. მ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განნჩინების გაუქმება, სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის საპატიოდ მიჩნევა და არსებითად განხილვის მიზნით საქმის საჩხერის რაიონულ სასამართლოში დაბრუნება.
კასატორის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ მის წინააღმდეგ უკანონოდ გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რამდენადაც მოპასუხემ სასამართლოს წარუდგინა შესაბამისი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ეს ცნობა გაცემულია სამედიცინო სამსახური 03-ისა და შპს ჭიათურის ქალაქის პოლიკლინიკის მიერ. მათში ასახული მდგომარეობა ასაბუთებს სასამართლოს 2009 წლის 24 აგვისტოს სხდომაზე ე. მ-შვილის გამოცხადების შეუძლებლობას.
კასატორი უთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის. იგი მიიჩნევს, რომ ამგვარ შეუძლებლობას ნამდვილად ადასტურებს მის მიერ წარდგენილი ცნობა ავადმყოფობის შესახებ. საგულისხმოა, რომ 2009 წლის 19 ოქტომბერს ე. მ-შვილი უკვე გადიოდა სტაციონალური მკურნალობის კურსს საავადმყოფოში, მძიმე დაავადების, კერძოდ, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, ასევე არტერიული ჰიპერტენზიის, გულის იშემიური დაავადების, გულის უკმარისობის, მოტორული აფაზიის გამო, რაც გამორიცხავდა გადაადგილების შესაძლებლობას და შესაბამისად, 2009 წლის 19 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას (ს.ფ. 205-212).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. მ-შვილის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ. გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი განჩინების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, ე. მ-შვილის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება განსახილველად დაშვებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე. მ-შვილის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 თებერვლის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.