ას-432-408-2011 19 მაისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ თ. კ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «...» (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობა, დივიდენდების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. კ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს «...ს» მიმართ და მოითხოვა 2005-2008 წლების დივიდენდის _ 3634 ლარის, 2009 წლის დივიდენდის _ 36227 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება, ასევე შპს «...ს» 2010 წლის 5 მაისის კრების ოქმის ბათილად ცნობა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით თ. კ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შპს «...ს» თ. კ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 3633.38 ლარის გადახდა, ხოლო 2009 წლის დივიდენდის მოპასუხისათვის დაკისრებისა და შპს «...ს» 2010 წლის 5 მაისის კრების ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში თ. კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 თებერვლის განჩინებით თ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მოცემულ საქმეზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
შპს «...» რეგისტრირებულია ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში 1996 წლის 6 მარტის დადგენილებით. მისი დამფუძნებელი პარტნიორები არიან შპს «... 5» _ 37,62%-ს მქონე წილით, ო.ს-შვილი _ 45.72%-იანი წილით და თ.კ-ძე _ 16.66%-იანი წილით.
2008 წლის 18 აპრილის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით 2005 წლიდან 2007 წლის ჩათვლით მიღებული მოგება განაწილდა პარტნიორებს შორის მათი წილის პროპორციულად. 2009 წლის 19 თებერვლის პარტნიორთა კრებაზე მიღებულ იქნა ასეთივე გადაწყვეტილება 2008 წლის მოგებასთან დაკავშირებით.
2010 წლის 26 აპრილს მოწვეულ იქნა შპს «...ს" პარტნიორთა კრება, კრების თარიღისა და კრებაზე განსახილველი დღის წესრიგის შესახებ პარტნიორებს ეცნობათ წერილობით. კრებაზე თ. კ-ძის ნაცვლად გამოცხადდა ჯ. ჯ-ი, რომელსაც არ გააჩნდა შესაბამისი მინდობილობა. თ. კ-ძემ წერილობით მიმართა კრებას და მოითხოვა დღის წესრიგისათვის ერთი საკითხის დამატება, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის რამდენიმე დღით გადადება, ასევე მისი კუთვნილი დივიდენდის, მის პირად ანგარიშზე გადარიცხვა. აღნიშნული პარტნიორთა კრება გადაიდო ამავე წლის 5 მაისისათვის თ. კ-ძის გამოუცხადებლობის გამო. თ.კ-ძეს წერილობით ეცნობა დღის წესრიგით განსახილველი შემდეგი საკითხები: 1. 2009 წლის შედეგების განხილვა; 2. დივიდენდების განაწილება; 3. წესდებაში ცვლილებების შეტანა სამეწარმეო კანონის შესაბამისად; 4. სხვადასხვა მიმდინარე საკითხების განხილვა.
2010 წლის 5 აპრილს შედგა შპს «...ს" პარტნიორთა კრება, რომელშიც პარტნიორთაგან მონაწილებდა შპს «... 5" და ო.ს-შვილი. თ. კ-ძის ნაცვლად გამოცხადდა მისი ნდობით აღჭურვილი პირი _ ჯ. ჯ-ი. კრებაზე განხილულ იქნა 2009 წლის შედეგები, დივიდენდების განაწილების საკითხი, წესდებაში ცვლილებების შეტანის საკითხი. ჯ. ჯ-ს თ. კ-ძის დავალებით არც ერთ მათგანზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
2009 წლის მოგებიდან გასანაწილებელი დივიდენდების რაოდენობა შეადგენდა 217450 ლარს, საიდანაც ო.ს-შვილის წილია 94 447 ლარი, შპს «...ს" წილი _ 81 895 ლარი, ხოლო თ. კ-ძის წილი _ 34 416 ლარი. დირექტორმა განმარტა, რომ შპს «...ს" ბაზარი საჭიროებდა კაპიტალურ რემონტს და მოითხოვა მოგებიდან თანხის გამოყოფას სარემონტო-სანიტარული სამუშაოებისათვის და საჭირო აღჭურვილობის შესაძენად, შესაბამისად, დივიდენდების განაწილების საკითხის განხილვა გადაიდო.
კრების გადაწყვეტილებით საზოგადოების დირექტორს დაევალა წერილობით დეტალური ანგარიშის მომზადება ყველა საჭირო სარემონტო სამუშაოებისა და ინვენტარის შესაძენად. ამ საკითხის მოსამზადებლად მას მიეცა ერთი თვის ვადა, რის შემდეგაც უნდა დანიშნულიყო პარტნიორთა ახალი კრება. დივიდენდების გაცემა გადაიდო იმ ვადით, სანამ არ დადგინდებოდა თანხა, რომელსაც საჭიროებდა შპს «..." ბაზრის ტერიტორიის რემონტისათვის და ინვენტარის შესაძენად.
2005 წლიდან 2008 წლის ჩათვლით დივიდენდის სახით თ. კ-ძეს მიღებული აქვს 99,106 ლარი. თ.კ-ძის დივიდენდის საერთო ოდენობა აღნიშნულ პერიოდში შეადგენდა 102 739,38 ლარს.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება, რომ თ. კ-ძეს 2005 წლიდან 2008 წლის ჩათვლით მისაღები დარჩა 3633, 38 ლარის ოდენობის დივიდენდი და ამ ნაწილში სარჩელი კანონიერად დაკმაყოფილდა.
რაც შეეხება შპს «...ს" 2009 წელს გასაცემ დივიდენდებს, დადგენილია, რომ საწარმოს მოგებიდან დივიდენდის სახით უნდა განაწილებულიყო 217 450 ლარი, საიდანაც თ. კ-ძის კუთვნილი 2009 წლის დივიდენდია 36 227,17 ლარი. შპს «...ს” პარტნიორთა კრებას არ მიუღია გადაწყვეტილება 2009 წლის დივიდენდების განაწილებასთან და გაცემასთან დაკავშირებით, არამედ კრების გადაწყვეტილებით პარტნიორთა მოგება ანუ დივიდენდი უნდა მიმართულიყო სამშენებლო-სარემოენტო სამუშაოების ჩატარებისაკენ.
2010 წლის 1 ივნისს შპს «... 2000-მა» შპს «...ს” დაკვეთით მართლაც შეადგინა «ხორცის პავილიონის და მისი მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა-მოპირკეთების” პროექტი, რომლის თანახმადაც შესასრულებელ სამუშაოთა ღირებულება განისაზღვრა 230 830,7 ლარით.
სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს «...ს" 2009 წლის 5 მაისის პარტნიორთა კრება ჩატარდა «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის 91 მუხლის მოთხოვნათა დაცვით და მისი ბათილად ცნობის საფუძვლები არ არსებობს.
სასამართლომ იხელმძღვანელა «მეწარმეთა შესახებ» საქართველოს კანონის 47-ე მუხლით, 91 მუხლის მეორე, მეხუთე და მეექვსე პუნქტებით, მე-8 მუხლით და მიიჩნია, რომ საწარმოს მოგებიდან წილის მიღება პარტნიორის უფლებაა, მაგრამ ეს უფლება აბსოლუტურად შეუზღუდავი არ არის და მისი რეალიზება მთლიანად დამოკიდებულია პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებაზე.
მოცემულ შემთხვევაში უდავო ფაქტია, რომ პარტნიორთა კრებას არ მიუღია გადაწყვეტილება დივიდენდების პარტნიორთა შორის განაწილების თაობაზე. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მსჯელობა, რომ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით პარტნიორთა მიერ ერთგვარი ნების გამოვლენად, იგივე გარიგებად უნდა იქნეს მიჩნეული და დაუსაბუთებელია აპელანტის მოსაზრება, რომ ეს გარიგება მოჩვენებითი და თვალთმაქცურია. აპელანტს ამ კრების გადაწყვეტილების ოქმის ბათილობის არანაირ კანონშესაბამის საფუძველზე არ მიუთითებია.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ შპს «...ს" კრების მოწვევისა და ჩატარების დროს «მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნები არ დაურღვევია, რადგან შპს-ს ყველა პარტნიორი ინფორმირებული იყო კრების ჩატარებისა და ამ კრებაზე განსახილველი საკითხების ირგვლივ, კრებას დაესწრო ყველა პარტნიორი. მართალია, თავად თ.კ-ძე კრებას არ დასწრებია, მაგრამ იგი წარმოდგენილი იყო ნდობით აღჭურვილი პირით, რომელმაც უარი განაცხადა განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე პალატამ მიიჩნია, რომ თ.კ-ძემ კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმით უარი თქვა კანონით გათვალისწინებული უფლების გამოყენებაზე, თავადაც მიეღო მონაწილეობა და დაეფიქსირებინა თავისი პოზიცია განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება თ. კ-ძემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
2010 წლის 5 მაისის პარტნიორთა კრების ოქმის შესაბამისად, ერთი თვის ვადაში კრებას უნდა დაემტკიცებინა დირექტორის მიერ წარმოდგენილი სარემონტო-საამშენებლო საქმიანობისათვის გასაწევი ხარჯების აღრიცხა, თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ აღნიშნული კრება არ შემდგარა და ვერც ხართაღრიცხვას ვერ დაამტკიცებდა. ამდენად, კასატორი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვერანაირ მტკიცებულებას ვერ წარმოადგენდა.
სააპელაციო პალატას არ შეუფასებია საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათები, რომლებიც ადასტურებს, რომ სადავო სარემონტო სამუშაოები არ ჩატარებულა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 აპრილის განჩინებით თ. კ-ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა თ. კ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხს უკავშირებს გარკვეულ შეზღუდვებს და ადგენს იმ დავათა კატეგორიებს, რომლებზეც შეტანილი საკასაციო საჩივარი საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებად უნდა იქნეს ცნობილი. აღნიშნული დანაწესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები მითითებული ნორმით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
მოცემული დავის საგანია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა კრების ოქმის ბათილად ცნობისა და დივიდენდების ანაზღაურების მართლზომიერება. აღნიშნულ საკითხზე არსებობს სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში.
კასატორი ვერ ასაბუთებს და საქმის მასალებითაც არ დასტურდება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა ისეთი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებს საქმის შედეგზე, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ამ საფუძვლითაც დაუშვებელია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ თ. კ-ძეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2011 წლის 8 აპრილს გადახდილი 1811,35 ლარის 70% _ 1267,94 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. კ-ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
კასატორ თ. კ-ძეს (პირადი ¹...) დაუბრუნდეს შემდეგ ანგარიშზე: თბილისის არასაგადასახადო შემოსულობების ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ ¹220101222, საბიუჯეტო შემოსულობების სახაზინო კოდი _ ¹300773150, დანიშნულება _ «სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველ საქმეებზე» გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 1267,94 ლარი.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.