Facebook Twitter

ას-433-405-10 23 სექტემბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ს. მ-ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები – ე. ქ-ია (მოპასუხეები)

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

წალენჯიხის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ს. მ-იამ მოპასუხის ე. ქ-იას მიმართ და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება და საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით ს. მ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ს. მ-იამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 25 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ს. მ-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება, ე. ქ-იას ს. მ-იას სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 1698 ლარის ოდენობით, ე. ქ-იას დაევალა, საერთო სარგებლობის გზაზე დაკიდებული რკინის კარის ჩამოხსნა, ასევე დაევალა, რომ არ შეეშალა ხელი ს. მ-იასათვის უძრავი ნივთით სარგებლობაში.

აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ე. ქ-იამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 თებერვლის განჩინებით ე. ქ-იას საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაცი სასამართლოს 2009 წლის 25 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. მ-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება, ე. ქ-იას დაევალა საერთო სარგებლობის გზაზე დადგმული რკინის კარის ჩამოხსნა, მასვე დაევალა, რომ არ შეეშალა ხელი ს. მ-იასათვის გზით სარგებლობაში, ე. ქ-იას დაევალა ს.მ-იას სასარგებლოდ 150 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საერთო სარგებლობის სადავო გზა გადაკეტა ე. ქ-იამ და სწორედ ის უშლიდა ხელს მას ამ გზით სარგებლობაში.

აღნიშნული ფაქტი სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაადასტურა თავად ე. ქ-იამ, რომელმაც განმარტა, რომ სადავო გზაზე მას აქვს დამონტაჟებული კარი, რომელიც ჩაკეტილია ბოქლომით.

წალენჯიხის რაიონულ სამმართველოს ჯგალის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლისათვის 2008 წლის 18 მაისს მიცემულ ჩვენებაში ე. ქ-იამ განაცხადა, რომ სადავო გზით 1992-2007 წლებში სარგებლობდა ს. მ-ია, მაგრამ გზა იყო მისი საკუთრება და ის არ მისცემდა აპელანტს ამ გზით სარგებლობის უფლებას.

წალენჯიხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 8 ოქტომბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი არის, რომ სადავო მიწის ნაკვეთი არ არის ე. ქ-იას საკუთრება.

საერთო ნაკვეთი არის საერთო სარგებლობის გზა, რომლითაც აპელანტი უკავშირდება კუთვნილ მიწის ნაკვეთს, პალატის აზრით, საჯარო კომუნიკაციით სარგებლობის უფლება აქვს ყველა პირს საჯარო კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, არსებობს საჯარო ნივთით სარგებლობის საერთო და სპეციალური წესი.

საჯარო ნივთით საერთო სარგებლობაში იგულისხმება მისი გამოყენება ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო დანიშნულებით, სპეციალურ სარგებლობაში კი, ძირითადად, იგულისხმება ამ ნივთიდან ნაყოფისა და შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.

თვითნებურად საჯარო გზით სარგებლობის უფლების შეზღუდვა, დაუშვებელია. ამდენად, ე. ქ-ია არ არის უფლებამოსილი შეუზღუდოს აპელანტს საჯარო გზით სარგებლობის უფლება.

დადგენილია, რომ აპელანტის საკუთრების ხელყოფას იწვევს მოწინააღმდეგე მხარის მიერ გზაზე დამონტაჟებული კარი, შესაბამისად, აპელანტის მოთხოვნა კარის დემონტაჟის თაობაზე, ასევე საფუძვლიანია.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ს. მ-იამ.

კასატორმა განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად არის ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მიუხედავად ე. ქ-იას მიერ გზის გადაკეტვისა კასატორმა კუთვნილი ნაკვეთი მაინც დაამუშავა და მოსავალიც მიიღო, არასწორია. ე. ქ-იას მოქმედების მოტივის უშუალო მიზანს წარმოადგენდა, კასატორისათვის საკურების წართმევა. მიზნის მისაღწევად მან ჩაიდანია პირდაპირი განზრახვით მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინაამდეგო, განზრახი ან უხეში გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. მ-იას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით არსებობს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, რომ დაუშვას ს. მ-იას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს. მ-იას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

ს. მ-იას დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – (300 ლარის) 70% - 210 ლარი;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.