ბს-1164-739(კ-05) 31 მაისი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: განთავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმება და სამსახურში აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
14.04.05წ. დ. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა სასამართლოს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს მიმართ და შემდეგი მოტივებით მოითხოვა განთავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმება და სამუშაოზე აღდგენა:
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1992 წლიდან მუშაობს შს ორგანოებში. 2004წლის 29 დეკემბრიდან შტატების შემცირების გამო დათხოვნილ იქნა ქუთაისის შს მთავარი სამმართველოს ¹...... განყოფილების უფროსი მორიგე-ინსპექტორის თანამდებობიდან და 2005წ. 10 მარტამდე იმყოფებოდა კადრების განკარგულებაში. 07.04.05წ. დ. მ-თვის გახდა ცნობილი, რომ იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 14.03.05წ. ¹174-ე ბრძანების საფუძველზე გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან, შტატების შემცირების მოტივით.
მოსარჩელის განმარტებით, დღეისათვის არსებობს მისი საშტატო ერთეული და იგი დაკავებული აქვს სხვა პირს. ქუთაისის შს მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელობას, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელესთვის არ შეუთავაზებია სხვა თანამდებობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელემ მოითხოვა მისი სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ 14.03.05წ. ¹174 ბრძანების გაუქმება და სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 18.05.05წ. გადაწყვეტილებით უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა დ. მ-ის სარჩელი, რაც სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელის მიერ.
საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 27.06.05წ. გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა დ. მ-ის სააპელაციო საჩივარი, ქუთაისის საქალაქო სასმართლოს 18.05.05წ. გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივი დაკმაყოფილების შესახებ, კერძოდ, გაუქმდა იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს 14.03.05წ. ¹174 ბრძანება, ხოლო სამუშაოზე აღდგენის ნაწილში დ. მ-ს ეთქვა უარი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 17.03.97წ. ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული «საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების» მე-12 მუხლის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, დ. მ-ი კადრების განკარგულებაში უნდა ყოფილიყო არა ორი თვის, არამედ, ოთხი თვის განმავლობაში, რადგან პირველი ორი თვის განმავლობაში მას უნდა მისცემოდა მთლიანი ხელფასი, ხოლო დარჩენილ ორ თვეში _ წოდების, ნამსახურობის პროცენტული დანამატის და სასურსათო ულუფის კომპენსაცია. ამასთან, ამ ოთხი თვის მანძილზე მოსარჩელესათვის უნდა შეეთავაზებინათ გარკვეული სამუშაო შს ორგანოებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს სადავო 14.03.05წ. ¹174 ბრძანება და დარჩენილ ორ თვეს დ. მ-ი აყვანილ უნდა იქნეს კადრების განკარგულებაში.
რაც შეეხება სამუშაოზე აღდგენას, სააპელაციო პალატამ ამ ნაწილში სარჩელი არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო, რადგან შს მინისტრის 29.12.04წ., ¹671 ბრძანების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეორგანიზაციასთან დაკავშირებით იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოსა და მისდამი დაქვემდებარებული სტრუქტურული დანაყოფების ყველა თანამშრომელი აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში, დ. მ-მა კადრების განკარგულებაში აყვანის თაობაზე პატაკით მიმართა ადმინისტრაციას.
«შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების» მე-12 მუხლის «ბ» ქვეპუნქტის მიხედვით, მოხდა თანამდებობიდან გადაადგილება, ხოლო «პოლიციის შესახებ» კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის «ზ» ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციის თანამშრომელს სამსახურიდან დაითხოვენ შტატების შემცირების გამო, რასაც შს მინისტრის 29.12.04წ. ¹671 ბრძანებით ქუთაისის შს მთავარ სამმართველოში მოხდა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 27.06.05წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. მ-მა და შემდეგი მოტივებით მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება:
კასატორი თვლის, რომ ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ უკანონოდ იქნა მიჩნეული და გაუქმდა იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს უფროსის 14.03.05წ. ¹174 ბრძანება, უნდა დაკმაყოფილებულიყო მისი მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის ნაწილში. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები, არასწორად განმარტა შს მინისტრის 29.12.04წ. ბრძანება, ვინაიდან აღნიშნული ბრძანება ამტკიცებს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს და მისდამი დაქვემდებარებული რაიონული სამმართველოებისა და განყოფილებების სტრუქტურასა და საშტატო განრიგს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანას, ქუთაისის შსს სამმართველოს პოლიციის ¹........ განყოფილებაში უფროსი მორიგე ინსპექტორის თანამდებობაზე აღდგენას.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 27.06.05წ. გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
სსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო ამავე კოდექსის 409-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, შეცვალოს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ. განსახილველ შემთხვევაში კასატორი სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების იმ ნაწილს ასაჩივრებს, რომლითაც მას უარი ეთქვა სამსახურში აღდგენაზე, განთავისუფლების შესახებ ბრძანების გაუქმების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ გასაჩივრებული არ ყოფილა და უკვე შესულია კანონიერ ძალაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ იმსჯელებს იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს 14.03.05წ. ¹174 ბრძანების გაუქმების კანონიერებაზე.
უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო სასამართლომ უგულებელყო «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის II პუნქტის მოთხოვნები, სადავო ბრძანების ბათილად ცნობა იწვევს თანამდებობაზე აღდგენას (127-ე მუხ.). «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-11 მუხლის თანახმად, ხსენებული კანონის მოქმედება პოლიციის თანამშრომლებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური ნორმები არ ეწინააღმდეგება კანონს. სადავო ბრძანების გამოცემის დროს მოქმედი «პოლიციის შესახებ» კანონის 22-ე მუხლის I-ლი პუნქტის «ზ» ქვეპუნქტის რედაქცია პოლიციის თანამშრომლის სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლად ითვალისწინებდა შტატების შემცირებას. ამავე კანონის 21-ე მუხლის I-ლი პუნქტის თანახმად პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნორმატიული აქტებით. სააპელაციო პალატის მიერ საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ შტატები შემცირდა შს მინისტრის 29.12.04წ. ბრძანებით, აღნიშნულის მიმართ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია კასატორს, სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ წარმოუდგენია. ამდენად, ხსენებული ნორმის თანახმად, სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის. სააპელაციო პალატის 27.06.05წ. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით დ. მ-ი აღდგენილია კადრების განკარგულებაში, ბათილად არის ცნობილი იმერეთის სამხარეო შს მთავარი სამმართველოს 14.03.05წ. ¹174 ბრძანება, რომლითაც კადრების განკარგულებაში მყოფი დ. მ-ი დათხოვნილ იქნა შს ორგანოებიდან. ხსენებული ბრძანების ბათილად ცნობა შედეგად იწვევს არა რეორგანიზაციამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენას, არამედ დადგენილი ვადით კადრების განკარგულებაში აღდგენას. შინაგან საქმეთა ორგანოების სისტემაში რიგით და ოფიცერთა შემადგენლობის მიერ სამსახურის გავლის წესს, მათ უფლებებს და მოვალეობებს განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტის 17.03.97წ. ბრძანებით დამტკიცებული «საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ» დებულება, რომლის 67-ე მუხლის «ვ» ქვეპუნქტის მიხედვით ოფიცერთა შემადგენლობის პირები შს ორგანოებიდან შეიძლება დაითხოვონ სამხედრო ძალების თადარიგში შტატების შემცირებით. ამავე დებულების მე-12 მუხლის თანახმად, შს ორგანოებში ორგანიზაციულ, საშტატო ღონისძიებათა განხორციელებისას, შს მინისტრის ბრძანებით შტატგარეშე დარჩენილი თანამშრომელი ირიცხება კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვით, 2 თვის მთლიანი ხელფასის შენარჩუნებით, ხოლო მომდევნო 2 თვის განმავლობაში მას მიეცემა სპეციალური წოდების, ნამსახურობის პროცენტული დანამატი და სასურსათო ულუფის კომპენსაცია. აღნიშნული ვადის გასვლამდე უნდა გადაწყდეს თანამშრომლის შრომითი მოწყობის საკითხი. აღნიშნულ ნორმაში კანონმდებელი გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს შესაძლო მოქმედების ორ ალტერნატიულ ვარიანტს: პოზიტიურს და ნეგატიურს. კერძოდ, მოხელის სხვა თანამდებობაზე გადაყვანას ან სამსახურიდან განთავისუფლებას. საქმეში დაცულია იმერეთის სამხარეო შს მთ. სამმართველოს უფროსის სახელზე შედგენილი პოლიციის უფროსი ლეიტენანტის დ. მ-ის 12.12.04წ. პატაკი, რომლითაც იგი ითხოვს კადრების განკარგულებაში გადაყვანას და თანხმობას აცხადებს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებაზე და შს ორგანოებიდან დათხოვნაზე, უკეთუ ოთხი თვის განმავლობაში ვერ იქნება დანიშნული.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, კასატორს სსკ-ის 410-ე მუხლის საფუძველზე უარი უნდა ეთქვას საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 27.06.05წ. გადაწყვეტილება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.