Facebook Twitter

¹ას-434-410-2011 20 ივნისი, 2011 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მ. სულხანიშვილი, ვ. როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები _ 1. ლ. მ-ვა (მოსარჩელე)

2. საქართველოს . . . სამინისტრო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 თებერვლის განჩინება

პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

მეორე კასატორის მოთხოვნა _ თანხის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. მ-ვამ სარჩელი აღძრა სასამართლოში საქართველოს . . . სამინისტროს მიმართ და მოითხოვა ნაწარმოებზე «...» ლ. მ-ვას საავტორო უფლებების აღიარება, საავტორო უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა, იმ მოქმედებათა განხორციელების აღკვეთა, რომლებიც არღვევენ ლ. მ-ვას საავტორო უფლებებს ან ქმნიან მისი დარღვევის საფრთხეს, ასევე მოითხოვა ლ. მ-ვას რეპუტაციის პატივისცემის უფლების დაცვა, მიუღებელი შემოსავლის _ 60 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარისა და მორალური ზიანის _ 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრება შემდეგი გარემოებების გამო:

ლ. მ-ვას განმარტებით, ის 2000 წლიდან მოყოლებული ყოველწლიურად ტრადიციულად ატარებდა ღვინისა და ვაზის ფესტივალს. ფესტივალი ტარდებოდა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს, «სამტრესტისა» და ქ.თბილისის მერიის დახმარებით. ფესტივალთან დაკავშირებული პროექტები დაპატენტებულ იქნა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ «საქპატენტში». ფესტივალი უნდა გამართულიყო მეოთხედაც 2004 წლის თებერვალში. მარტის თვეში მოსარჩელემ მიმართა საქართველოს ... სამინისტროს ფინანსური დახმარებისა და პარტნიორობისათვის, მაგრამ, ნაცვლად დახმარებისა, სამინისტრომ ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი მდგომარეობა, მიითვისა პროექტები, რითაც დაარღვია მოსარჩელის საავტორო უფლებები. დაირღვა მორალური და ეთიკური ნორმები, მითვისებულია ინტელექტუალური საკუთრება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

საქართველოს ... სამინისტრომ ფესტივალი ჩაატარა სულ სხვა პროგრამით და არ დაურღვევია ლ. მ-ვას საავტორო უფლებები, რის გამოც მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობის მოთხოვნა დაუსაბუთებელია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ლ. მ-ვას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, საქართველოს ... სამინისტროს დაევალა, აღედგინა ლ. მ-ვას საავტორო უფლებების დარღვევამდე არსებული მდგომარეობა და აღეკვეთა იმ მოქმედებების განხორციელება, რომლებიც არღვევენ ლ. მ-ვას საავტორო უფლებებს ან ქმნიან მისი დარღვევის საფრთხეს, საქართველოს ... სამინისტროს დაევალა ლ. მ-ვას რეპუტაციის პატივისცემის უფლების დაცვა, ასევე მორალური ზიანის _ 2000 ლარის ანაზღაურება, ამავე გადაწყვეტილებით ლ. მ-ვას უარი ეთქვა საქართველოს ... სამინისტროსთვის მიუღებელი შემოსავლის სახით 60 000 აშშ დოლარის დაკისრებასა და ადვოკატის მომსახურების გაწეული ხარჯის _ 1000 აშშ დოლარის ანაზღაურებაზე.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. მ-ვამ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

ამავე გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს ... სამინისტრომაც.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 3 თებერვლის განჩინებით საქართველოს ... სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ლ. მ-ვას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ ლ. მ-ვას სახელზე, როგორც ავტორზე, «საქპატენტის» მიერ 2002 წლის 3 ივლისს გაცემულია ¹... სერთიფიკატი ნაწარმოებზე: ღვინის საერთაშორისო ფესტივალი «...» და «...’’ _ კონკურსის პროექტი. ლ. მ-ვას სახელზე 2002 წლის 21 ოქტომბერს «საქპატენტმა» გასცა ¹... სერთიფიკატი ნაწარმოებზე «...» _ პროექტი და პროგრამა. 2004 წლის 2 თებერვალს ლ. მ-ვას სახელზე საქპატენტის მიერ გაცემულ იქნა ¹663 სერთიფიკატი ორ ნაწარმოებზე: რესტორნებისა და სასტუმროების ლიცენზირებისა და სერთიფიკაციის კომპლექსური სამსახურის შექმნა ოთხ ნომინაციაში: კულინარია, სერვისი, მუსიკალური გაფორმება და დიზაინი დევიზით: ,,...» (ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს ტურიზმის დეპარტამენტის ერთობლივი შეთანხმებით; რესტორნების, მინერალური წყლების, უალკოჰოლო სასმელებისა და ლუდის დეგუსტაცია _ კონკურსი. 2004 წლის 2 თებერვალს «საქპატენტმა» ლ. მ-ვას სახელზე გასცა ¹... სერთიფიკატი ნაწარმოებზე «... « ფესტივალის დროს გაზაფხულზე, «...» ფესტივალის დროს შემოდგომაზე.

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს .... სამინისტროს მხრიდან დარღვეულია ლ. მ-ვას საავტორო უფლებები. საქმეში წარმოდგენილი თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 29 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სასამართლომ დადგენილად ჩათვალა რა, რომ სარჩელის გარემოებები მოსარჩელის ნაწარმოების ავტორობის შესახებ და მოპასუხის მიერ მოსარჩელის საავტორო უფლების დარღვევის შესახებ იურიდიულად ამართლებენ სარჩელის მოთხოვნას მოსარჩელის ნაწარმოების ავტორად აღიარების შესახებ, რის გამოც სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საქართველოს ... . სამინისტროს დააკისრა ლ. მ-ვას საავტორო უფლების აღიარება ნაწარმოებზე «...». აღნიშნულ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში, შესაბამისად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოპასუხის მხრიდან ლ. მ-ვას საავტორო უფლების დარღვევის ფაქტი.

სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად, მიუთითა, რომ საოლქო სასამართლოს 2004 წლის 29 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ლ. მ-ვას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და საქართველოს ... სამინისტროს დააკისრა ლ. მ-ვას საავტორო უფლების აღიარება ნაწარმოებზე «...». აღნიშნულ ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში. ამდენად, სადავო არ არის საქართველოს ... . სამინისტროს მხრიდან ნაწარმოებ «. ...» ლ. მ-ვას საავტორო უფლების აღიარებისა და, შესაბამისად, მოპასუხის მხრიდან ლ. მ-ვას საავტორო უფლების დარღვევის ფაქტი.

სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს ... სამინისტროს მოსაზრება, რომ ლ. მ-ვას მიერ წარმოდგენილ პროექტზე არ შეიძლებოდა გავრცელებულიყო საავტორო უფლება, შესაბამისად, არ არსებობდა «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის 58-ე და 59-ე მუხლების გამოყენების საფუძველი. რადგანაც ამავე კანონის 58-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვინაიდან, თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 29 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დადგენილია მოპასუხის მხრიდან ლ. მ-ვას საავტორო უფლების დარღვევის ფაქტი, პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა ,,საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონი და სამართლებრივი გარემოებების შეფასებისას აღნიშნული კანონის 58-59-ე მუხლები. სასამართლომ ასევე არ გაიაზარა საქართველოს ... სამინისტროს მოსაზრება, რომ უსაფუძვლოა სასამართლოს გადაწყვეტილება მორალური ზიანის სახით ლ. მ-ვას სასარგებლოდ 2000 ლარის დაკისრების ნაწილში, რადგანაც, თვით ის ფაქტი, რომ მოპასუხემ დაარღვია მოსარჩელის საავტორო უფლება, უკვე წარმოშობს მისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველს «საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ» საქართველოს კანონის 59-ე მუხლის შესაბამისად. მართალია, მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობა განსაზღვრა მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძველზე, მაგრამ ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა უნდა გადაწყდეს სასამართლოს შეხედულებით გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლის მუხლებით და აპელანტ ლ. მ-ვას მიერ საქმეში წარმოდგენილი საგაზეთო სტატიები და ცნობები, რომელშიც ფირმები გამოთქვამდნენ მზადყოფნას გაეწიათ სპონსორობა ფესტივალისა ,,... 2004», არ მიიჩნია ლ. მ-ვასთვის მიუღებელი შემოსავლის სახით 60 000 აშშ დოლარის ზიანის მიყენების ფაქტის დამადასტურებელ მტკიცებულებად. ამასთან, ლ. მ-ვამ აღნიშნული გარემოება ასევე ვერ დაადასტურა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას. პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საავტორო უფლების დარღვევის არსის გათვალისწინებით, სწორად მიიჩნია, რომ მორალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხეს ლ. მ-ვას სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 2000 ლარი, ამასთან, არ გაიზიარა ლ. მ-ვას სააპელაციო საჩივრის მითითება ადვოკატის ხარჯების მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ იმ საფუძვლით, რომ ლ.მ-ვას ასეთი ხარჯების გაწევის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. მ-ვამ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

«საქპატენტის» მიერ კასატორ ლ. მ-ვას სახელზე გაცემული ¹..., ¹... ¹... და ¹... სერთიფიკატებით დადგენილია კასატორის საავტორო უფლებები ნაწარმოებებზე: «...», «...», «...» _ პროექტი და პროგრამა, ნომიმაციებზე: კულინარია, სერვისი, მუსიკალური გაფორმება და დიზაინი დევიზით «...», «...», «...».

თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 29 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, რომლიც კანონიერ ძალაშია შესული, დაკმაყოფილდა ლ.მ-ვას სარჩელი ნაწილობრივ და მოწინააღმდეგე მხარეს დაეკისრა ლ.მ-ვას საავტორო უფლების აღიარება ნაწარმოებზე «...». ამ ნაწილში დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ გასაჩივრებული და კანონიერ ძალაშია შესული.

საქართველოს ... სამინისტრომ დაარღვია ლ.მ-ვას საავტორო უფლება.

სასამართლომ ზიანის ოდენობის დადგენისას არასწორად არ გაითვალისწინა ლ.მ-ვას მიერ წარდგენილი მტკიცებულებები: საგაზეთო სტატიები და ცნობები, ამასთან საკასაციო სასამართლოს 2005 წლის 5 მაისის განჩინებით დადგენილია, რომ ლ.მ-ვას ეკუთვნის მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის კომპენსაცია.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით და «საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ» საქართველოს კანონის 58-ე და 59-ე მუხლებით, თუმცა არასწორად განმატა ამავე კანონის 59-ე მუხლის «ე» ქვეპუნქტის დანაწესი. სასამართლოს მოსაზრება, რომ ლ.მ-ვას მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ზიანის ოდენობა არასწორია და ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნებს.

სასამართლოს მსჯელობა მორალური ზიანის 2000 ლარით ანაზღაურებასთან მიმართებით დაუსაბუთებელია, რადგანაც, მიუხედავად სასამართლოს აკრძალვისა, რომ მოწინააღმდეგე მხარემ არ დაარღვიოს ლ.მ-ვას საავტორო უფლება, საქართველოს ... სამინისტროს აღნიშნული უფლება არ დაუცვია, ამასთან, მორალური ზიანის კომპენსაციის შეუსაბამობას ადასტურებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ლ.მ-ვა თავისი უფლების დაცვას ცდილობს 2004 წლიდან მოყოლებული.

ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად არ გაიზიარეს ლ.მ-ვას შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის თაობაზე, რომლებიც დაადასტურებდნენ სარჩელში მითითებულ გარემოებებს.

ჯერ კიდევ 2004 წლის გადაწყვეტილებით დაევალა საქართველოს ... სამინისტროს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, რაც თავის მხრივ ნიშნავს ლ.მ-ვასათვის დაგეგმილი ღონისძიების ჩატარებაში ხელშეწყობას. სამინისტროსათვის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვის თანახმად, ფესტივალის ჩატარებას სწორედ 60000 აშშ დოლარი სჭირდება.

კასატორის განმარტებით, ის ასევე მოითხოვს გადაწყვეტილების აღსრულებას, რომლის საფუძველზეც გაცემულია სააღსრულებო ფურცელი და, სააპელაციო სასამართლოს არასწორი განჩინების გამო, გაუქმდა გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა პირველი ინსტანციის სასამართლოს, მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა გასულია, რადგანაც საქართველოს კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის დაცვით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2000 ლარის დაკისრების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ...სამინისტრომ და მოითხოვა ამ ნაწილში სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

მოსარჩელე ლ.მ-ვას სასამართლოსათვის არ წარუდგენია სამინისტროს მხრიდან მისი საავტორო უფლების დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები გარდა საგაზეთო სტატიებისა, კასატორს ლ.მ-ვასათვის დაგეგმილი ღონისძიების ჩატარებაში ხელი არ შეუშლია, რის გამოც დაუსაბუთებელია საქართველოს ... სამინისტროსათვის მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 2000 ლარის დაკისრება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 მარტის განჩინებით ლ. მ-ვას საკასაციო საჩივარი, ხოლო ამავე პალატის 2011 წლის 8 აპრილს განჩინებით საქართველოს ... სამინისტრო საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის «ბ» და «უ» ქვეპუნქტების საფუძველზე კასატორები სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდნენ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ლ. მ-ვასა და საქართველოს ... სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ლ. მ-ვასა და საქართველოს ... სამინისტროს საკასაციო საჩივრები, რის გამოც უარი უნდა ეთქვათ განხილვაზე.

კასატორ ლ. მ-ვას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ შესაგებელზე დართული მტკიცებულებები 11 ფურცლად, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულებები ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი. აღნიშნული გარემოება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორ ლ. მ-ვას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. მ-ვას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. საქართველოს ... სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო. ლ. მ-ვას დაუბრუნდეს შესაგებელზე დართული მტკიცებულებები 11 ფურცლად. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.