¹ას-436-412-2011 16 ივნისი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი _ ღია სააქციო საზოგადოება «ფ-ი» (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს «ჯ-ი» (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სასაქონლო ნიშნის გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს «ჯ-იმ» სარჩელი აღძრა სასამართლოში «ვ. ფ-ის» მიმართ და მოითხოვა სასაქონლო ნიშნების: «корвалол» «კორვალოლისა» და «VALIDOL» «ვალიდოლის» რეგისტრაციის გაუქმება. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულმა პრეპარატებმა დაკარგეს სასაქონლო ნიშნების ძირითადი ფუნქცია და წარმოადგენენ გვარეობით ცნებებს, ვინაიდან აღნიშნულ პრეპერატებს საქართველოში რეგისტრაციამდე სხვადასხვა საწარმო აწარმოებდა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ პრეპარატი «ვალიდოლი» «валидол» არ წარმოადგენს საქონლის გვარეობით ცნებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს «ჯ-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სასაქონლო ნიშნების: «корвалол» «კორვალოლისა» და «VALIDOL» «ვალიდოლის», «корвалол», «ჩოვრალოლუმ-ის», «Валидол», «Vალიდოლიუმ-ის» რეგისტრაცია და დაცვა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 დეკემბრის განჩინებით ღია სააქციო საზოგადოება «ფ-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და მიიჩნია, რომ მომხმარებელში არ ხდებოდა პროდუქციის ინდივიდუალიზაცია, რაც თავის მხრივ გულისხმობდა, რომ სასაქონლო ნიშნები იქცნენ გვარეობით ცნებად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის, 102-ე, 105-ე მუხლების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად მართებულად არ მიიჩნია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დემოგრაფიისა და სოციალური ინსტიტუტის მიერ 2008 წლის 10 ივნისს ჩატარებული სოციალური კვლევა იმაზე მითითებით, რომ აღნიშნული კვლევით ნათლად არ გამომდინარეობდა, თუ რა შინაარსის კითხვებზე გასცეს პასუხი რესპოდენტებმა, კერძოდ, არ ირკვეოდა, გამოკითხვის შედეგად დგინდებოდა თუ არა ,,კორვალოლისა» და ,,ვალიდოლის» მწარმოებელთა კუთვნილების ფაქტი, თუ კონკრეტულად იმ მწარმოებლის იდენტურობა, რომელიც აწარმოებდა და საქართველოს ბაზარზე შემოჰქონდა აღნიშნული პრეპარატები. ამასთან, ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტის, დისტრიბუციის და რეალიზაციის სფეროში მოღვაწე პირების გამოკითხვის შედეგებით არ შეიძლება მიჩნეულიყო «ვ. ფ-ის», როგორც ,,რჯჰდფკჯკ‘‘ «კორვალოლისა» და ,,VALIDOL‘‘ «ვალიდოლის» მწარმოებლის კუთვნილების ფაქტი.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად მართებულად მიიჩნია «IPM-ის» მიერ განხორციელებული სამედიცინო პრეპარატების «კორვალოლის» და «ვალიდოლის» შესახებ სატელეფონო გამოკითხვისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დემოგრაფიისა და სოციალური ინსტიტუტის მიერ 2008 წლის 10 ივნისს არაპროფესიონალ რესპოდენტებთან ჩატარებული სოციალური კვლევის შედეგები, სადაც მომხმარებლის უმეტესმა ნაწილმა ვერ დაასახელა «ვ. ფ-ი»,,რჯჰდფკჯკ‘‘ «კორვალოლისა» და ,,VALIDOL‘‘ «ვალიდოლის» მწარმოებლად. ამასთან, «IPM-ის» მიერ განხორციელებული სამედიცინო პრეპარატების «კორვალოლის» და «ვალიდოლის» შესახებ სატელეფონო გამოკითხვის მიხედვით, რესპოდენტების 90%-მა საერთოდ ვერ დაასახელა «კორვალოლისა» და «ვალიდოლის» მწარმოებელი, ხოლო დანარჩენმა რესპოდენტებმა მწარმოებლად დაასახელეს სხვადასხვა იურიდიული პირები.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ, ვინაიდან 2004 წლისათვის სასაქონლო ნიშანი ,,ვალიდოლი’’ არ იყო გარდაქმნილი გვარეობით ცნებად, სასამართლო ვალდებული იყო, 2004 წლიდან დღემდე შეესწავლა ფარმაცევტული ბაზრის მდგომარეობა და გამოევლინა მტკიცებულება, რომ სადავო სავაჭრო ნიშნები სწორედ ამ პერიოდში იქცა გვარეობით ცნებებად.
აღნიშნულთან მიმართებაში, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას და თვლის, რომ სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ ნიშნები სადავო სასაქონლო გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის იქცნენ გვარეობით ცნებად.
,,სასაქონლო ნიშნების შესახებ» საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტზე მითითებით სასამართლომ სწორად განმარტა, რომ, მართალია, კონკრეტული სიმბოლოს ან სიმბოლოთა ერთობრლიობით ხორციელდებოდა პროდუქციის ინდივიდუალიზაცია და მისი დაკავშირება კონკრეტულ მწარმოებელთან, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ გარკვეული პერიოდისა და ფაქტობრივი გარემოებების დადგომის შემდეგ მან დაკარგა აღნიშნული თვისება და იქცა გვარეობით ცნებად.
ამდენად, ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ 2004 წელს გადაწყვეტილების მიღებისას შესაძლოა «ვალიდოლი» არ იყო ქცეული გვარეობით ცნებად.
სააპელაციო პალატა ასევე არ დაეთანხმა აპელანტის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ სავაჭრო დასახელების გვარეობით ცნებად გადაქცევის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს პროდუქტის განმარტებით ლექსიკონში ერთგვაროვანი საქონლის დასახელებად შეტანა. მოცემულ შემთხვევაში კი აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.
სასამართლოს მოსაზრებით, ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-8 მუხლი ავალდებულებს გამომცემელს, არ დაარღვიოს ნიშნის მფლობელის უფლებები და თუ გამოცემაში ნიშანი შეიტანა ისე, რომ არ მიუთითა მისი რეგისტრაციის შესახებ, აღნიშნული ამ უკანასკნელის თხოვნით უნდა გამოასწოროს. ამდენად, ხსენებული ნორმა არ ეხება აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ შემთხვევას, რაც არ უნდა იქნეს გაზიარებული სასამართლოს მიერ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ღია სააქციო საზოგადოება «ფ-მა» გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა ,,სასაქონლო ნიშნების შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლი და 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის «ბ» ქვეპუნქტი, როდესაც მიიჩნია, რომ სავაჭრო ნიშნები «კორვალოლი» და «ვალიდოლი» გვარეობით ცნებებად გადაიქცა.
სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ სასაქონლო ნიშანი წარმოადგენს პროდუქციის ინდივიდუალიზაციის საშუალებას, თუმცა დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ გადამწყვეტია პროდუქციის ინდივიდუალიზაცია, კერძოდ, უკავშირებს თუ არა მომხმარებელი წარმოებულ პროდუქციას კონკრეტულ საწარმოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ღია სააქციო საზოგადოება «ფ-ის» საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ განსახილველი საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები სრულად და ყოველმხრივ არ გამოიკვლია, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია, კერძოდ:
მოცემულ შემთხვევაში შპს «ჯ-ის» სასარჩელო მოთხოვნაა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ «საქპატენტის» მიერ კომპანია «ფ-ის» სახელზე სასაქონლო ნიშანების _ «კორვალოლისა» და «ვალიდოლის» რეგისტრაციის გაუქმება. ფაქტობრივად, მოსარჩელე სადავოდ ხდის საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ «საქპატენტის» მიერ ზემოხსენებული სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის შესახებ აქტის კანონიერებას, ანუ სადავოა «საქპატენტის» მოქმედების მართლზომიერება.
სააპელაციო პალატამ ისე გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ზემოთ დასახელებული აქტების უკანონოდ მიჩნევის თაობაზე, რომ თავად ამ აქტების გამცემი ორგანო _ «საქპატენტი» დავაში მხარედ არ ჩაუბამს და არც მისი პოზიცია არ გამოურკვევია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია, შეფასდეს ის გარემოება, რომ საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი «საქპატენტი» ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს. მან სადავო სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია განახორციელა ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული აქტებით. ამდენად, მხარეები დავობენ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ» ქვეპუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონშესაბამოსობაზე.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლი ადგენს სასამართლოს განსჯად ადმინისტრაციულ საქმეთა რიგს. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.
დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ადმინისტრაციული აქტის კანონშესაბამისობის თაობაზე დავები განხილულ უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა იმსჯელოს: მართლზომიერია თუ არა «საქპატენტის» მიერ გამოცემული აქტის კანონშესაბამისობის შეფასება თავად ამ აქტის გამცემი ორგანოს პოზიციის გაუთვალისწინებლად და განხილულ უნდა იქნეს თუ არა «საქპატენტის» სადავო ადმინისტრაციული აქტის კანონიერების საკითხი ადმინისტრაციული სამართალწარმოების საფუძველზე.
მხოლოდ აღნიშნული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, არსებობდა თუ არა სადავო სასაქონლო ნიშნების რეგისტრაციის გაუქმებისათვის «სასაქონლო ნიშნების შესახებ» საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მეორე პუნქტის «ბ» ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები და გარდაიქმნა თუ არა სადავო სასაქონლო ნიშნები გვარეობით ცნებად იმ საქონლისათვის, რომლის მიმართაც ის არის რეგისტრირებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ღია სააქციო საზოგადოება «ფ-ის» საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 3 დეკემბრის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.