Facebook Twitter

ას-443-415-2010 26 ოქტომბერი, 2010 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ლ. ლაზარაშვილი, პ. ქათამაძე

სხდომის მდივანი _ ლ. სანიკიძე

კასატორი _ ლ. მ-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ კ. გ-ძე (მოსარჩელე)

წარმომადგენელი _ გ.კ-ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. გ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. მ-შვილის მიმართ, სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის საფუძველზე, სათანადო კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ, საცხოვრებელ სახლთან მისასვლელი აუცილებელი საავტომობილო გზით სარგებლობის უფლების დადგენის მოთხოვნით შემდეგ გარემოებათა გამო: მოსარჩელემ 2006 წლის პირველ აგვისტოს ქ.თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ დანიშნულ აუქციონზე შეიძინა 73.44 კვ.მ საცხოვრებელი სახლი და 300 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ.თბილისში, ... ¹5-ში და აღნიშნულ ქონებაზე საკუთრების უფლება აღრიცხა საჯარო რეესტრში. კ.გ-ძე არ ცხოვრობს მის მიერ შეძენილ ბინაში, რადგანაც მოპასუხე ლ.მ-შვილმა ბინიდან გამოსახლების შემდგომ ჩაუჭრა წყალი, გაზი, ელექტროგაყვანილობა და დაუხშო ბინამდე მისასვლელი ერთადერთი ჭიშკარი. ბინა მთლიანად იზოლირებულია საჯარო გზებისგან და მასთან მისასვლელი ერთადერთი გზა მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გადის. კ.გ-ძის მიერ უძრავი ქონების შეძენის შემდეგ აღიმართა ორსართულიანი შენობა, რის გამოც მოსარჩელეს მოესპო ერთადერთი გზით სარგებლობის შესაძლებლობა. კ.გ-ძე მოკლებულია მის საკუთრებაში სამშენებლო მასალების შეტანის შესაძლებლობასაც.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით: ლ.მ-შვილი იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა, რომელზეც მოსარჩელე მოითხოვს სამანქანო გზით სარგებლობის უფლების დადგენას. საკადასტრო გეგმის თანახმად, კ.გ-ძის მიერ შეძენილ 300 კვ.მ მიწის ნაკვეთთან არც მოპასუხის და არც მეზობელ ლ.მ-ძის ნაკვეთიდან შესასვლელი სამანქანო ან საცალფეხო გზა არ არის აღნიშნული, რის გამოც გაურკვეველია მოსარჩელის მოთხოვნა ლ.მ-შვილის ნაკვეთზე აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენის შესახებ. მოპასუხის მითითებით, იგი წინააღმდეგი არ არის წყლის, გაზისა და ელექტროგაყვანილობის საკითხი მხარეთა შეთანხმებით გადაწყდეს, ხოლო ნაკვეთზე სარგებლობის უფლების მოთხოვნით ირღვევა ლ.მ-შვილის, როგორც მესაკუთრის უფლებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით კ. გ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. გ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით კ.გ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი, რომლითაც კ. გ-ძის სარჩელი ფეხით სასიარულო აუცილებელი გზით სარგებლობის თაობაზე დაკმაყოფილდა, კ. გ-ძეს მიეცა უფლება, გამოიყენოს ლ. მ-შვილის კუთვნილი მიწის ნაკვეთი ფეხით სასიარულო აუცილებელ გზად შემდეგი გარემოებების გამო: სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.თბილისში, ... ¹5-ში მდებარე 73,44 კვ.მ ფართის მესაკუთრე, თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2006 წლის 1 აგვისტოს აუქციონის შედეგების შესაბამისად, გახდა კ. გ-ძე. ამავე მისამართზე მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრე (თანამესაკუთრე) არის ლ. მ-შვილი. 2009 წლის 27 მარტის ¹147/18 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კ. გ-ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება არ არის დაკავშირებული აუცილებელ საჯარო გზებთან. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ლ. მ-შვილის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამოყენება წარმოადგენს ძირითად საშუალებას კ. გ-ძის კუთვნილი ფართის საჯარო გზებთან აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად, რადგან მოსარჩელის მიწის ნაკვეთს დანარჩენი სამი მხრიდან ესაზღვრება მეტროს ლიანდაგის ტოტი და სამეზობლო ნაკვეთები, რომელთა თავისებური განლაგების გამო შეუძლებელია საჯარო გზებთან კავშირი. პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ექსპერტის დასკვნის სრულად გაუზიარებლობა, რადგანაც ადგილზე დათვალიერებისას სასამართლოს მიერ გამორკვეული გარემოებები იძლეოდა მხოლოდ სამანქანო გზით საჯარო გზებთან მოსარჩელის ნაკვეთის დაკავშირების შესაძლებლობაზე მსჯელობის საშუალებას, რაც შეეხება ფეხით სასიარულო გზას, მის არარსებობაზე მითითება უსაფუძვლოა. ლ. მ-შვილი უარს აცხადებს მისი ნაკვეთით სარგებლობის უფლების გადაცემაზე კომპენსაციის მიღების შემთხვევაშიც. პალატის მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია საკუთრების კანონისმიერი შებოჭვის საფუძვლები. მეზობელი მიწის ნაკვეთის გამოყენების უფლება საჯარო გზასთან აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად დგება იმ შემთხვევაში, თუ მიწის ნაკვეთი იზოლირებულია საჯარო გზების, ელექტრო, ნავთობის, გაზის ან წყალმომარაგების ქსელისაგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული პირობების შემთხვევაში მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს წარმოეშობა თმენის ვალდებულება და შესაბამისი კომპენსაციის მოთხოვნის უფლება. კონკრეტულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ კ. გ-ძის მიწის ნაკვეთს არ აქვს კავშირი საჯარო გზებთან, ხოლო ასეთი კავშირი შესაძლებელია მხოლოდ ლ. მ-შვილის კუთვნილ ნაკვეთზე გავლით, პალატამ მიიჩნია, რომ სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული საკუთრების კანონისმიერი შებოჭვის საფუძვლები, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ფეხით გასასვლელი გზით სარგებლობის თაობაზე დასაბუთებულია. ამასთან, სასამართლოს მითითებით, თმენის ვალდებულებისათვის კომპენსაციის მოსარჩელისათვის დაკისრება, მოპასუხეს არ მოუთხოვია, რის გამოც მითითებული საკითხის გადაწყვეტა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის საფუძველზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. მ-შვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად იქნა დადგენილი მოსარჩელისათვის აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება, რადგანაც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, სპეციალისტის მონაწილეობით ჩატარებული ადგილზე დათვალიერებით დადგინდა, რომ ლ.მ-შვილის მიწის ნაკვეთის გვერდით არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობის შედეგად შესაძლებელია მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთამდე მისასვლელი აუცილებელი გზის მოწყობა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ კონკრეტულად არ მიუთითა თუ რა გზით უნდა ისარგებლოს მოსარჩელემ. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე დაწყებულია სამშენებლო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდგომ გაურკვეველი იქნება მიწის ნაკვეთის რა ნაწილით უნდა ისარგებლოს მოსარჩელემ. ამასთან, კ.მ-შვილის ნაკვეთამდე მისასვლელი ერთადერთი გზა სწორედ სპეციალისტის მიერაა განსაზღვრული. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის გამოყენების საფუძველი, ვინაიდან მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთს საჯარო გზებთან დასაკავშირებელად და ნივთის ჯეროვანი გამოყენებისათვის გააჩნია აუცილებელი გზა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.

მოცემულ საქმეზე გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2006 წლის 1 აგვისტოს აუქციონის შედეგების შესაბამისად, კ. გ-ძე გახდა ქ.თბილისში, ... ¹5-ში მდებარე 73,44 კვ.მ უძრავი ქონების მესაკუთრე. ლ. მ-შვილი არის ამავე მისამართზე მდებარე უძრავი ქონების თანამესაკუთრე. კ. გ-ძის კუთვნილ უძრავ ქონებას არ გააჩნია აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან. ლ. მ-შვილის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამოყენება წარმოადგენს ძირითად საშუალებას კ. გ-ძის კუთვნილი ფართის საჯარო გზებთან აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად, რადგანაც მოსარჩელის მიწის ნაკვეთს დანარჩენი სამი მხრიდან ესაზღვრება მეტროს ლიანდაგის ტოტი და სამეზობლო ნაკვეთები, რომელთა თავისებური განლაგების გამო შეუძლებელია საჯარო გზებთან კავშირი.

სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით დაწესებულია საკუთრების კანონისმიერი შებოჭვა, რაც გამოწვეულია სამეზობლო სამართლით აღიარებული მეზობელთა ურთიერთპატივისცემისა და სამეზობლო თმენის ვალდებულებით. აუცილებელი გზის კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში აუცილებელი გზის თმენის ვალდებულება დამოკიდებულია არა მიწის ნაკვეთის მესაკუთრის სუბიექტურ ნებაზე, არამედ კანონის ნორმატიულ ნებაზე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლზე, რომელიც ადგენს მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრის თმენის ვალდებულებას და ზღუდავს მესაკუთრის უფლებას მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში. დასახელებული ნორმა ზემოქმედების თმენის ვალდებულებას ადგენს მაშინ, როდესაც მიწის ნაკვეთს არ აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან. ამდენად, მეზობელი მიწის ნაკვეთის აუცილებელი გზით დატვირთვა ობიექტური გარემოებით უნდა იყოს გამოწვეული, რაც მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია _ კ.გ-ძეს საჯარო გზებთან სხვა მისასვლელი არ გააჩნია.

ზემოაღნიშნული ნორმით მკაფიოდ განსაზღვრულია მისი გამოყენების კიდევ ერთი წინაპირობა. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დადგენილია რა, რომ მესაკუთრე კ.გ-ძის მიწის ნაკვეთს არ გააჩნია აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან (სამი მხრიდან ესაზღვრება მეტროს ლიანდაგის ტოტი და სამეზობლო ნაკვეთები) სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი უკვე არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით.

ამდენად, აუცილებელი გზის მოთხოვნა გამართლებული უნდა იყოს წარსულში მისი არარსებობით. მოცემულ შემთხვევაში სხვა საჯარო კავშირის არსებობა დადგენილი არ არის და ამ მიმართებით არც საკასაციო საჩივარი შეიცავს დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლი ადგენს საკასაციო სასამართლოში გადაწყვეტილების კანონიერების გადასინჯვის ფარგლებს. დასახელებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

ლ.მ-შვილი მოითხოვს რა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, კასატორი უთითებს, რომ საქმეში არსებული ადგილზე დათვალიერების ოქმით დასტურდება, ლ.მ-შვილის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გვერდით არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობის შემთხვევაში ტექნიკურად შესაძლებელია კ.გ-ძის სახლამდე მისასვლელი გზის მოწყობა. აუცილებელი გზით მიწის ნაკვეთის დატვირთვისას, მესაკუთრეების უფლების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა გამოირიცხოს აუცილებელი გზით დატვირთული მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ზედმეტად დავალდებულება და ამავდროულად, სხვა მესაკუთრისათვის ნაკლებად ზიანის მომტანი გზის არსებობა.

მოცემულ შემთხვევაში, კასატორი ვერ ასაბუთებს და ვერ უთითებს მტკიცებულებაზე, რომელიც დაადასტურებდა კ.გ-ძის მიწის ნაკვეთის სხვა გზით სარგებლობის რეალურ შესაძლებლობას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ლ. მ-შვილის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.