ას-443-418-2011 29 მარტი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ზ. გ-შვილი (მესამე პირი)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. მ-ოვი (მოპასუხე), შპს «ა.» (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი – საზოგადოების დოკუმენტაციის გაცნობაზე უარის თქმა, მორიგების დამტკიცება, აღსრულების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი :
თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით შპს «ა-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს «ა-სა» და ზ. გ-შვილს შორის დამტკიცდეს მორიგება და აღსრულება შეწყდეს, შპს «ა-ს» დოკუმენტაციის გაცნობაზე უარის თქმისა და აღსრულების პროცესში ი. ნ-იასა და ზ. გ-შვილის უფლებამოსილების განხორციელებაზე უარის თქმის ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. მ-ოვმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე შპს «ა-სა» და საზოგადოების ახალ პარტნიორს ზ. გ-შვილს შორის მორიგების დამტკიცებისა და აღსრულების შეწყვეტის მოთხოვნის ნაწილში დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ზ. გ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს იმ პირთა წრეს, რომელთაც საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე უფლება აქვთ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება (განჩინება) გაასაჩივრონ საკასაციო წესით. დასახელებული ნორმის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო წესით.
მითითებული ნორმის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანა შეუძლიათ მხარეებს (მოსარჩელე, მოპასუხე), აგრეთვე მესამე პირებს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ. გ-შვილი წარმოადგენს მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, შესაბამისად, იგი საკასაციო საჩივრის უფლების სუბიექტს არ წარმოადგენს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ, ვინაიდან ზ. გ-შვილი არ წარმოადგენს საკასაციო საჩივრის უფლების სუბიექტს, მისი საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზ. გ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.